ბანკებს შორის დაბალი კონკურენციაა

თამარ ახვლედიანი

საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსურმა მაჩვენებლებმა 2011 წლის პირველი ივლისისათვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეპოზიტების მოცულობამ 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რაც მშპ-ის 26,2%-ს შეადგენს. საკრედიტო პორტფელმა 7 მილიარდ ლარს მიაღწია (მშპ-ის 33,2%). პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 73%-ია, ხოლო უმოქმედო სესხების წილი – 10,3%. სექტორის მოგებამ 2011 წლის პირველ ნახევარში 119,141 მილიონი ლარი შეადგინა.

შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ომისა და კრიზისის ნეგატიური შედეგები საქართველოში მოქმედმა პრაქტიკულად ყველა ბანკმა დაძლია. გამონაკლისს მხოლოდ ჯგუფ “სოსიეტე ჯენერალის” წევრი “ბანკი რესპუბლიკა” წარმოადგენს. 2008 წლიდან მოყოლებული ბანკი ვერა და ვერ გამოვიდა კრიზისიდან. ბოლო ერთი კვარტალის განმავლობაში მისი ზარალი 3 313 ათასი ლარით გაიზარდა. 2011 წლის 1 აპრილის ბანკის ზარალი 8 551 000 ლარი იყო.
2011 წლის 1 ივლისის მაჩვენებლების მიხედვით, ზარალს თავი აარიდეს ბოლო წლებში განსაკუთრებით ზარალიანმა ბანკებმა. მაგალითად, რუსული “ვითიბი ბანკი ჯორჯია”, რომლის ზარალიც 2010 წლის 1 ოქტომრისთვის 7 734 245 ლარს შეადგენდა, 2011 წლის 1 აპრილისთვის ბანკი უკვე 3 606 927 ლარიან მოგებაზე გავიდა. ყაზახური “ბითიეი ბანკის” ზარალი 2010 წლის 30 სექტემბრისთვის 9 520 170 ლარს შეადგენდა, 2011 წლის 1 ივლისისთვის კი მოგებაზე გავიდა 708 255 ლარით. ზარალიანობა მკვეთრად შეამცირა უკრაინულმა “პრივატბანკმაც”. თუ მისი ზარალი 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის 5 512 051 ლარით განისაზღვრა, 2011 წლის 1 ივლისისთვის “პრივატბანკის” ზარალმა მხოლოდ 140 554 ლარი შეადგინა. საერთო ჯამში, საქართველოს ბაზარზე მოქმედი 19 ბანკიდან 2011 წლის პირველი ნახევარი ზარალით ოთხმა კომერციულმა ბანკმა დაასრულა. ზარალის ჯამური მაჩვენებელი 12,5 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ მაჩვენებელში ლომის წილი ბანკი “რესპუბლიკას”, 11 863 000 ლარიან მაჩვენებელზე მოდის.
სარეინტიგო სააგენტო Fიტცჰ-ი ქართული საბანკო სექტორის ახალ გამოწვევაზე საუბრობს. სააგენტოს ანალიზით, ქართულმა საბანკო სექტორმა კრიზისი წარმატებით დაძლია. თუმცა, ამჟამად მთავარი პრობლემა ბანკებს შორის დაბალი კონკურენციაა. სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, ბანკებს შორის კონკურენციის ზრდა ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
საინტერესოა გადავხედით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებსი ბოლი თვეების საკრედიტო პოლიტიკას. ეჭვგარეშეა, რომ ამ პოლიტიკაზე უდიდესი ზეგავლენა მოხდინა ეროვნული ბანკის ანტიინფლაციურმა პროცესებმა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, კრიზისიდან თავის დაღწევის კვალდაკვალ, სესხების გაცემამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ ინფლაციის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად იქცა. ადექვატურმა პოლიტიკამაც არ დააყოვნა და ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაკრედიტებაზე შეზღუდვები დაუწესა. მიმდინარე წლის თებერვლიდან ბანკები ვალდებულნი არიან, უცხოური ბაზრებიდან მოზიდული კაპიტალის 15% დაარეზერვონ. შეგეხსენებთ, რომ იანვრამდე ეს მოთხოვნა 5% იყო. სებ-მა გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც. რაც უკვე იანვარში აისახა პროცენტებზე.
თუმცა ქართულ საბანკო სექტორს სესხების გამარტივების და საპროცენტო განაკვეთების შემცირების საშუალება ეძლევა. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გრძელვადიანი დაფინანსების წახალისების მიზნით, სარეზერვო განაკვეთები შეუმცირა. ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი და უცხოურ ვალუტაში ორ წელზე მეტი ვადიანობით ნასესხები სახსრები სარეზერვო მოთხოვნებისგან გათავისუფლდა. უცხოური ვალუტაში ერთიდან ორ წლამდე ნასესხები სახსრებისთვის კი სარეზერვო ნორმა 5%-მდე შემცირდა. პარალელურად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსაც ამცირებს. “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში სესხების გაცემის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სე-სხების ჩათვლით), 2011 წლის 1 მაისისთვის, წინა თვესთან შედარებით, 3 მლნ ლარით (0.05%-ით) გაიზარდა და 6,4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 4%-ით (67,1 მლნ. ლარით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 1.4%-ით (64,1 მლნ. ლარით) შემცირდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 649,9 მლნ. ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით, 7 მლნ. ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3 მლრდ. ლარის (შესაბამისად, 0.9%-ით, 27,6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51% ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის მარტთან შედარებით, აპრილში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.5%-ით (29,2 მლნ. ლარით) შემცირდა და 1,9 მლრდ. ლარი შეადგინა. მრე-წველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.2% შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი მაისისათვის 772,8 მლნ. ლარით განისაზღვრა (2.2%-ით, 16,8 მლნ. ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.5% მოდის მშენებლობაზე, რაც 383,5 მლნ. ლარია (1%-ით, 4,1 მლნ. ლარით ნაკლები). იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 82.8% მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.