ევროზონას რეცესიამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

სოფიკო სიჭინავა

ევროს მიმოქცევის ზონაში ხელახალი რეცესიის პროგნოზი, რომელზედაც დიდ ხანს და დაჟინებით თითქმის ერთხმად ყველა ანალიტიკოსი ვარაუდობდა, როგორც ჩანს, რეალობად, შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვარტალში იქცეს. ყოველ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია – 2011 წლის IV კვარტალში ევროზონის მშპ შემცირრდა წინა კავრტალთან შედარებით 0,3%-ით. წლიურ გამოხატულებაში ეკონომიკური ზრდა, ჯერჯერობით, ნარჩუნდება, მაგრამ მკვეთრად შენელდა წინა კვარტალთან შედარებით – 1,3%-დან 0,7%-მდე. ეს მონაცემები თებერვლის შუა პერიოდში ევროპულმა სტატისტიკურმა ბიურომ გამოაქვეყნა ლუქსემბურგში.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯერ წინასწარი შეფასებებია და გადახედვის შემდეგ, შესაძლოა, მასში კორექტირებები შევიდეს. მიუხედავად ამისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ გადასინჯულმა მონაცემებმა რეგიონში ეკონომიკური ზრდის გაგრძელება აჩვენოს – ევროზონის უმრავლეს ქვეყანაში 2011 წელი ეკონომიკური ვარდნით დასრულდა. გერმანიამაც კი ზრდის იმპულსი დაკარგა. მოულოდნელი დადებითი სიახლეები საფრანგეთიდან მოვიდა, სადაც მშპ-ის ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ასეთ ერთჯერად მოულოდნელ სიურპრიზებს არ შეუძლიათ საერთო სურათი შეცვალონ და კომპენსირება მოახდინონ იმ დანაკარგებისა, რომელიც დაფიქსირებულია რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში.
კითხვა იმის შესახებ, ხომ არ კარგავს გერმანია ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივის სტატუსს, ლოგიკურად და დროულად ჟღერს. რამდენად დიდ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გერმანული მშპ-ის შემცირება? ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2011 წლის ბოლო კვარტალში დაფიქსირებული ეკონომიკური ვარდნა დროებითი პაუზაა და მიმდინარე წელს რეცესიის ფაქტის დადასტურებას ვერ მივიღებთ. გერმანული ეკონომიკის მხარდაჭერა ჯერჯერობით ისევ მზარდ ექსპორტს და შიდა მოთხოვნის ზრდას შეუძლია, თუმცა, ბევრი გერმანული კომპანია უკვე უჩვის გაყიდვების შემცირებას. მათ შორისაა, MAN SE, რომელიც ავტოგოგანტ Volkswagen-ს აკონტროლებს, რომელიც 2012 წელს საოპერაციო მოგების შემცირებას ელოდება.
მშპ 2011 წლის ბოლო კვარტალში ევროზონის თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა: საბერძნეთის მშპ III კვარტალთან შედარებით 7,0%-ით შემცირდა; ავსტრიაში დაფიქსირდა ეკონომიკური აქტივობის მინიმალური შემცირება – 1%-ით; იმავე პერიოდში შემცირდა ესპანეთის მშპ-ც 0,3%-ით; ნიდერლანდებში რეცესია ფაქტიურად დაიწყო – აქ მშპ-ის კლება ორი კვარტალი ზედიზედ ფიქსირდება – III კვარტალში 0,4%-ით, ხოლო IV კვარტალში – 0,7%-ით. ანალოგიური სიტუაციაა იტალიაში – III კვარტალში 0,2%-იანი კლების შემდეგ 2011 წლის ბოლოს სამ თვეში მშპ შემცირდა 0,7%-ით.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე კვარტალში ანალიტიკოსები ეკონომიკური აქტივობის კლებას არ ელოდებიან. ექსპერტული კვლევები გვიჩვენებს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ევროს მიმოქცევის ზონაში მნიშვნელოვნად უმჯობესდება. მაგალითად, ოთხთვიანი კლების შემდეგ მომსახურების სფეროში აქტივობამ მოიმატა, ეკონომიკური ზრდისადმი რწმენის მაჩვენებელი გასული წლის შემდეგ პირველად გაიზარდა. ბოლო ათი თვის მანძილზე პირველად მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულს ინვესტორების რწმენის ინდექსის თებერვლის მაჩვენებელმა, საერთოდ კი, გერმანიის საქმიან წრეებში ოპტიმიზმი იანვრიდან იმატებს. სწორედ ევროზონის ამ პოზიტიურმა მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა განაწყო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, მარიო დრაგი ოპტიმისტურ ტალღზე და განაცხადა, რომ ევროზონა შეძლებს გაექცეს რეცესიას, პირველ რიგში, LTRO-ს სამწლიანი სესხების პროგრამის წყალობით, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან შემოიღეს. სავალე კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, როგორც ცნობილია, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – ევროპული ბანკები უზრუნველყოს კრედიტებით სამი წლის მანძილზე და თებერვლის ბოლოს გეგმავს ამ პროგრამის კიდევ ერთი რაუნდის ამოქმედებას. სწორედ ამის გამო, ევროზონის პერიფერიული ქვეყნების ბევრი ბანკი იყენებს ამ საიმედო და იაფ ინსტრუმენტს თავიანთი ქვეყნის შედარებით შემოსავლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შესაძენად.
მარიო დრაგის ოპტიმისტურ მოსაზრებებს ბევრი ექსპერტი არ იზიარებს. Commerzbank -ის ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ევროპულ ეკონომიკას რეცესია მაინც ემუქრება, მაგრამ ის ხანგრძლივი არ იქნება და გაზაფხულის მიწურულისთვის რეცესიაც დასრულდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial