დოლარის მომავალი ამინდზეა დამოკიდებული

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ცნობამ, რეკორდული საგარეო სავაჭრო დეფიციტის შესახებ, მთელ მსოფლიოში ამერიკული ვალუტის გაყიდვები გამოიწვია. მსოფლიო წამყვანი ვალუტების მიმართ დოლარის კურსი სწრაფად დაეშვა 1%-ზ მეტი მაჩვენებლით. ამასთან, ოფიციალურ პირთა განცხადებებით, დოლარის ბედი ახლა ჩინეთის ხელშია.

2005 წლის იანვრის პირველ ნახევარში, დოლარის კურსი ევროს მიმართ ვარდნის მნიშვნელოვან ტენდენციას განიცდიდა. მაგალითად, 12 იანვარს კოტირებებმა 1 ევროს მიმართ 1.328 დოლარს მიაღწია. ამავდროულად, დავარდა დოლარის კოტირებები სხვა ვალუტების მიმართ. იაპონური იენის მიმართ კურსი დაეცა 102.2 იენამდე (მაშინ, როცა წინა დღეს 103.4 იენას შეადგენდა). ბრიტანული ვალუტის მიმართ დოლარი დაეცა, 1.893 დოლარი – 1 ფუნტი. რუსეთში სავაჭრო დღის ბოლოს დოლარმა დაკარგა 5 კაპიკი, დაეცა რა 27,82 რუბლამდე.

სავალუტო ბაზარზე ტრეიდერების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია მონაცემებმა აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტის მდგრადი ზრდის შესახებ. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტომ განაცხადა, რომ ნოემბერში მან 60,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც უდავოდ მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდული ციფრია. მანამდე ანალიტიკოსების პროგნოზების მიხედვით, დეფიციტი 54 მლრდ დოლარი უნდა ყოფილიყო, რაც ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ერთი თვის წინანდელი მაჩვენებელი. დეფიციტის შემცირების ოპტიმიზმი ეფუძნებოდა, როგორც დოლარის კურსის ვარდნას, ასევე იმპორტირებული ნავთობის ფასების შემცირებას.

ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბერში იმპორტირებული ნავთობის საშუალო ფასი დაეშვა ბარელზე 41,79 დოლარიდან 1 41,15 დოლარამდე, თუმცა ოქტომბერში რეკორდული ფასების გამო დაგვიანებულმა მოთხოვნილებამ ნოემბერში იმპორტის მოცულობის ზრდა გამოიწვია 3%-ით, ანუ 326,5 მლნ ბარელამდე.

ამასთან, უკვე სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დოლარის სწრაფი დასუსტება ჯერ ვერ უმკლავდება დეფიციტს. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის, ოტომარ ისინგის განცხადება: “ვალუტების კურსების საკითხში ევროს გამყარება დოლარის მიმართ, ძალიან შორს წავიდა. ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები აზიაში უნდა ვეძიოთ, განსაკუთრებით ჩინეთში”.

გასულ წელს, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნილებამ განსაკუთრებით იმატა და ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ 9,5% შეადგინა მოსალოდნელი 8%-ის ნაცვლად. ჩინეთში იუანის კურსი ფიქსირებულად რჩება ათზე მეტი წლის განმავლობაში, ხოლო იაპონია თავისი ინტერვენციებით მყარად ინარჩუნებს იენის კურსს. ამასთან, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ნოემბერში 16,6 მლრდ დოლარი შეადგინა, იაპონიასთან – 7,3 მლრდ დოლარი, მაშინ, როცა ევროკავშირთან ეს ციფრი 10 მლრდ დოლარია. ჩინეთის სავალუტო კურსის კრიტიკით ხშირად გამოდიან ამერიკელი კანონმდებლები. ასე რომ, ევროპის ცენტრალური ბანკის ეკონომისტის განცხადება დიდ მნიშვნელობას იძენს დიდი შვიდეულის შეხვედრის წინ. როგორც ჩანს, ისინგის კომენტარები დაკავშირებული უნდა იყოს აზიის ქვეყნებზე ზეწოლის ზრდასთან, თუ დიდი შვიდეული მოილაპარაკებს დოლარის ძირითადი დასუსტების აზიაში გადატანის შესახებ, მისი ვარდნა მაგალითად რუსეთში, შეიძლება შემცირდეს. დოლარის ვარდნის ტენდენციის მიზეზი, შესაძლოა, საბანკო რეზერვებზე გამოკვლევის პუბლიკაცია. ამ გამოკვლევამ აჩვენა ევროს მოცულობების გადიდება ცენტრალური ევროპული ბანკების რეზერვებში.

ამგვარად, სავალუტო რეზერვებში ევროს წილის თანდათანობითი ზრდის და დოლარის წილის შემცირების ტენდენცია გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ დოლარის მარაგების შემცირება საერთო მარაგების სტრუქტურაში ჯერ პროცენტის მეათედებით ხდება, თუმცა, სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს დოლარის ვარდნის ახალი ეტაპი. გამოკითხვის თანახმად, ბანკების მმართველთა 70%-მა თავის რეზერვებში გაზარდა ევროს წილი და შეამცირა დოლარის წილი. გამოკითხვა ჩატარდა 65 ცენტრალურ ბანკს შორის, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიო რეზერვების 45%-ს.

როგორც ჩანს, მიმდინარე პერიოდში მსხვილი ინვესტორები, ჯერჯერობით, მხოლოდ თვალყურს ადევნებენ სიტუაციას. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები “ძლიერი დოლარის” და ამერიკული ეკონომიკის კარგი პერსპექტივების შესახებ, ხელს უშლის დოლარის აგრესიული გაყიდვის ინტერესებს. თუმცა, ამერიკის ეკონომიკის მთავარი პრობლემები, უზარმაზარი გარესავაჭრო და საბიუჯეტო დეფიციტები, ისევ მწვავე ხასიათს ინარჩუნებს და ამ საკითხებში სიტუაციის გაუმჯობესება ჯერ არ შეინიშნება.

იენა/დოლარის გარშემო შექმნილი სიტუაცია ისევ არაერთმნიშვნელოვანია, რადგან ბაზარი ერთი მხრივ, ოთხი თებერვლის დიდი შვიდეულის სამიტზე აზიური ვალუტების გაძლიერების წინააღმდეგ აზიის ქვეყნებზე ზეწოლის გაზრდას ელოდება, მეორეს მხრივ, იაპონიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარების შემთხვევაში, კვლავ აპირებენ განაგრძონ სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა.

თუმცა, იანვრის მეორე ნახევარში დოლარის კურსი კვლავ ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. მაგალითად რუსეთში, 18 იანვარს გასული წლის 10 დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და 28.125 რუბლი შეადგინა. ვალუტის კურსის ასეთი ცვალებადობა მსოფლიო საბაზრო კონიუნქტურასთან არის დაკავშირებული.

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე სიტუაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის გაყიდვების დინამიკაზე. ტრეიდერები ნებისმიერი სიტუაციისთვის იყვნენ მზად 30 იანვრის მოლოდინში, როდესაც ორ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი -წარმოების პოლიტიკის განსახილველად შეიკრიბნენ OPEC-ის წევრები და ერაყში არჩევნები ჩატარდა. მაშინ, როდესაც წინა თვეში ფასები სწრაფად იზრდებოდა და ბარელზე $50-ის გარშემო მერყეობდა, ოპეკმა გადაწყვიტა წარმოების მოცულობის შენარჩუნება, რის შედეგადაც თებერვლის პირველ რიცხვებში ნავთობის ფასებმა ისევ კლება იწყო და ფიუჩერსების ფასმა შეადგინა ბარელზე, 46,56-46,57 დოლარი. ამის ხელშემწყობი მიზეზი იყო ერაყში არჩევნების დასრულება სანავთობო ობიექტებზე დივერსიების გარეშე.

თუმცა, როგორც ოპეკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, იმ შემთხვევაშიც, თუ ბარელის ფასი 50 დოლარის რაიონში შენარჩუნდება, ეს არც ისე დიდ გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპებზე, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით მას თავისუფლად შეუძლია გაუძლოს 1 ბარელში 60 დოლარს

საწვავის ფასები სწორედ ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც განაპირობა აშშ-ს მხრიდან იმპორტის მოცულობების გაზრდა, ამან საგრძნობლად იმოქმედა აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტზე. აშშ-სა და ჩინეთს შორის მსხვილი სავაჭრო დისბალანსი რჩება. 2004 წლის ბოლოს აშშ-ის ექსპორტმა ჩინეთში საქონლისა და მომსახურების სახით, $2,9 მლრდ შეადგინა, როცა იმპორტი $19,7 მლრდ იყო, ამან $16,7 მლრდ-ის დეფიციტი დატოვა. აშშ-ს სავაჭრო დისბალანსმა ევროკავშირთან $9, 3 მლრდ შეადგინა.

ჩინეთის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის, ერაყის არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობის და იმის გამო, რომ ოპეკი არ ცვლის წარმოების მოცულობას, ნავთობის ფიუჩერსები 40%-ით უფრო მაღალია გასულ წელთან შედარებით.

რაც შეეხება ევროპას, ევროკომისიის განცხადებით, ნავთობის ფასების ზრდამ ინფლაციის დონეზე არ იმოქმედა, იგი 2,3%-იდან 2,2%-მდე შემცირდა (თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2% უნდა ყოფილიყო).

3

გასულ თვეს ქაიროში ჩატარებული შეხვედრისას, ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2005 წლის დასაწყისიდან წარმოების მოცულობას დღეში 1 მილიონი ბარელით შეამცირებდნენ, ოფიციალურ მოცულობასთან, 27 მილიონთან მიახლოების მიზნით.

4

OPEC-ის ხელმძღვანელობის თქმით, იგი კვლავაც მზადაა შეამციროს წარმოება, მოთხოვნის მკვეთრი ზრდის სტიმულაციისათვის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარი მალე დამთავრდება და ნავთობის გაყიდვაც დაიკლებს. ამ ბოლო პერიოდის ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ხომ აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამინდის გაფუჭება იყო, რამაც საწვავზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია. გამოდის, რომ დოლარის დინამიკა ამინდზეც ყოფილა დამოკიდებული.