რა (არ) გააკეთა 2008 წლის მოწვევის პარლამენტმა

ალექსანდრა ლალიაშვილი

სექტემბერში წინასაარჩევნო ვნებათაღელვამ საქართველოში პიკს მიაღწია. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, პარტიების ეკონომიკური პროგრამები იყო. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა სოციალურ სფეროს. პარტიებისა და კოალიციების ხედვას, თუ როგორ უნდა დაიძლიოს უმუშევრობა, როგორ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და რა უნდა გაკეთდეს პენსიონერთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულად, ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკური ლიდერები ამომრჩევლებს სამართლიანობასთან ერთად, საყოველთაო კეთილდღეობასაც ჰპირდებიან და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსახლეობას უმუშევრობის დაძლევის, პენსიების გაზრდისა და მაღალი ხარისხის იაფი სამედიცინო დახმარების მიღების გარანტიებს უხვად აძლევენ.

მმართველი პარტია უმუშევრობის დაძლევას საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვითა და სპეციალისტების გადამზადებით აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” პროგრამის თანახმად, 4 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვით მოხერხდება 80 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ტურისტთა ნაკადის 7 მილიონამდე გაზრდა დამატებით 140 ათას ადამიანს დაა-საქმებს, დაახლოებით 60 ათასი ადამიანი კი ჰესებისა და გზების მშენებლობაზე დაკავდება.
უმეშევრობის დაძლევა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული პენსია კოალიცია “ქართული ოცნების” მთავარი სოციალური პრიორიტეტებია. ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვით აპირებს სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარებას “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც”. ახალი მემარჯვენეები კი ყურადღებას ამახვილებენ განათლების ხელმისაწვდომობაზე და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მი-ღებაზე.
მაგრამ მსგავსი დაპირებების მიღება ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისაგან გაცილებით უფრო მარტივია წინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე არჩევნებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. საინტერესოა, რამდენად სასარგებლო იყო 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობა, ქვეყნის ეკონო-მიკის გაძლიერებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, კახა კოხრეიძის შეფასებით, 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითიც. ექსპერტის განცხადებით, დადებითია ის ელექტრონული სერვისები, რაც ქვეყანაში 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში განხორციელდა, მაგალითად, შემოსავლების სამსახურში დანერგილი მომსახურების ელექტრონული სისტემები. “კარგი ინიციატივა იყო ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მთლიანად გათავისუფლდა დღგ-სგან. ეს იყო საკმაოდ კარგი ინიციატივა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას. ამასთანავე, კარგი იყო და რაშიც ჩვენც (მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია) ვიყავით ჩართულნი, ფიქსირებული გადასახადის შემოღება. აქ კარგი ის არის რომ ფიქსირებული გადასახადის გადახდა მეწარმისათვის ნებაყოფლობითია, თუ გინდა გადაიხდი ფიქსირებულს და თავს აარიდებ ყველანაირ დამატებით კითხვას, ან აირჩევ ბრუნვაზე მიბმული გადასახადის გადახდას. კარგია ისიც, რომ დღეს უკვე სალარო აპარატების დაკარგვის გამო ჯარიმა მოხსნილია” – დასძენს კახა კოხრეიძე.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი იმ უარყოფით მომენტებსაც უსვამს ხაზს, რომელიც 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობას ახლდა თან: “ბევრი ისეთი ცვლილებაც შევიდა, რომელიც არ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. გახსოვთ ალბათ ცვლილება, რომელიც უკავშირდებოდა საბანკო სფეროს და შემოსავლების სამსახურის უპირატეს მდგომარეობას აკანონებდა და ნებისმიერი ვალდებულება საგადასახადოს შეეძლო მის სასარგებლოდ გადაეწყვიტა. კარგია რომ ეს ნორმა მალევე შეიცვალა.
უმნიშვნელოვანესი ხარზევია ისიც, რომ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების დაფიქსირების შემმთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მართალია, დეკლარაციაში გადასახადის შემცირების 25 000 მუხლი გაიზრდა 50 000-მდე, თუმცა ეს არ იყო არსებითი. ხელისუფლებაშიც აღიარეს რომ 25 000-ს გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება მეწარმისა და გადამხდელისათვის იყო არადემოკრატიული და რჩება არადემოკრატიულად. ზღვარი გაზარდეს, მაგრამ ამ მუხლის შინაარსი იგივე რჩება. ცვლილება მოხდა მხოლოდ მექანიკური, შეიცვალა ციფრები. ამ მუხლის არსებობით, ისევ რჩება მეწარმეს შიში, რომ თუ დეკლარაციაში გადასახადის შემცირება 50 000 ლარზე მეტი აღმოჩნდება, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ამასთანავე, საგადასახადო, ამ მუხლის დეფინიციის მიხედვით, არ არის ვალდებული გაარკვიოს გადასახადის შემცირება მოხდა უნებლიეთ თუ ეს წინასწარ განზრა-ხული ქმედება იყო. შესაბამისად ძალიან ცუდია რომ კვლავ პროკურატურას რჩება უფლება ბიზნესთან უშუალო კავშირში შესვლის. რაც ბიზნესს უკრავს ხელ-ფეხს და მან შეიძლება არ განახორციელოს ის ინვესტიციები რომელსაც განახორციელებდა ამ მუხლის არ არსებობის შემთხვევაში”.
ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, წინა მოწვევის პარლამეტს განსაკუთრებული დადებითი ან უარყოფითი ხაზის მატარებელი კანონი არ მიუღია: “მე ვფიქრობ, ბოლო მოწვევის პარლამენტი იყო პრაქტიკულად ერთპარტიული, ამიტომ იქ მნიშვნელოვან პოლემიკას, განხილვებს და ოპონირებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, პირადად, ბოლო მოწვევის პარლამენტის მუშაობას დადებითად ვერ შევაფასებ. პარლამენტის ოპოზიციურ სპექტრში არ არსებობს პრფესიონალი ფინანსიტი, ეკონომიკისტი, რომელიც მართველ გუნდს ღირსეულ დისკუსს გაუმართავდა სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების და, რაც მთავარია, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ბიუჯეტის დეტალური განხილვის დროს. ეს მხოლოდ ფორმალიურ და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე”.
განსხვავებულად აფასებს 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობას ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი: “ჩემი აზრით პარლამენტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც როგ-ორც საერთოდ ქვეყნის მოწყობისათვის, ისე კონკრეტულად ბიზნეს გარემოსათვის საკმაოდ მნიშვნე-ლოვანია. ამასთან, პარლამენტმა განახორციელა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომე-ლიც ქვეყნის მოწყობას შეეხება. ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა პარლამენტს ეკონომიკურ ლიბერალიზაციაზე უფრო მეტი ემუშავა. თუმცა, მინიმუმ ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღებით ეკო-ნომიკური ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ბიზნეს გარემოს განვითარების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო “ეკონომიკური თავისუფლების აქტი”, რადგან მიმაჩნია, რომ პარლამენტის მხრიდან ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებისადმი, ზოგადად ბიზნესმენებისადმი, რომ იყვნენ უფრო აქტიურები და ბიზნესი უფრო მეტად სტაბილურ გარემოში განახორციელონ. მთლიანობაში ეკონომიკური თავისუფლების აქტმა ბიზნესს მეტი სტაბილურობა მოუტანა, თუნდაც ის ფაქტი, რომ გადასახადების ცვლილებას რეფერენდუმი ესაჭიროება ბიზნეს კიდევ უფრო მშვიდ გარემოში ყოფნის საშუალებას აძლევს. ამასთან, აღნიშნული ინიციატივის შედეგად ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარმოს საკანონმდებლო სტაბილურობის ნაწილი ბევრად გაუმჯობესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომომიკური თავისუფლების აქტმა მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაუწესა მთავრობას და შესაბამისად, მეტი სტიმული მისცა თავისუფალ ბაზარს სტაბილური და მდგრადი განვითარებისათვის”.
2008 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობის შეფსებისას, ვერც ახალ საგადასახადო კოდექსს ავუვლით გვერდს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე: “2009 წელს პარლამენტმა მიიღო საგადასახადო კოდექსში უამრავი უარყოფითი და არასამართლიანი ცვლილება, რომელიც ამოქმედდა 2009 წლის აგვისტოდან: ამ ცვლილების შემდგომ საგადასახადო კოდექსით სახელმწიფოს შეუძლია გადამხდელს გაუყიდოს ქონება იმ შემთხვევაშიც კი როდესაც დავალიანება არ არის აღიარებული, ანუ მიმდინარეობს დავა. I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საგადასახადო ორგანომ მიიღო მეწარმის ქონების გაყიდვის და ასვე სხვა, გადამხდელის გამაკოტრებელი მოქმედებების უფლება, მაშინ როდესაც დავა არაა დასრულებული. პრაქტიკულად შეიქმნა ვითარება, როდესაც შესაძლოა გაუყიდონ ქონება მეწარმეს, ხოლო დავის შედეგად მის სასარგებლოდ სასამართ-ლოს II ან III ინსტანციის გადაწყვეტილების მიუხედავად პრაქტიკულად ბიზნესს კარგავს.
ამავე ცვლილებებით მიიღეს წარმოუდგენელი, რამ: კერძოდ, საზკვების ობიექტებსა და სასტუმროებს დაუდგინეს, რომ თუ ქრონომეტრაჟით საშუალო დღიური ბრუნვა მეტია წინა წლის საშუალო დღიურ ბრუნვაზე წინა წლის გადასახადებიც გაიანგარიშებოდა ამ ქრონომეტრაჟის მონაცემებით. ანუ პრაქტიკულად მოკლეს განვითარება, ვინაიდან თუ შემოსავალი გაიზრდებოდა შესაბამისად წინა გადასახადიც უნდა გადაგეხადა ამ გაზრდილი შემოსავლის მიხედვით. ამ კანონმა იმოქმედა 01.01.2010 წლამდე, ხოლო შემდეგ შეიცვალა 50-მაგი და შემდეგ 20-მაგი ჯარიმით. ყოველ ჯერზე ამბობდნენ, ხომ ვაუმჯობესებთ გარემოსო. ანუ ჯერ გააფუჭეს და მერე დაიწყო მისი გამოსწორება და ბოლომდე არც მხოლოდ დღეისათვის გასწორდა და მთლად ბოლომდე კიდევ არა.
2011 წლის ახალი კოდექსის დებულებებით განისაზღვრა მრავალი დაფარული თუ დაუფარავი ნაღმები, რომელმაც იმოქმედა მკვეთრად ნეგატიურად. ფაქტიურად მთავრობა ამბობდა გავამარტივეთ და გაუგებარი, ორაზროვანი მუხლები აღარ არისო, მაგრამ რეალურად მოხდა პირიქით. ზოგიერთი საკითხები ისეთი გაუგებარი და განუსაზღვრელი იყო, რომ თვითონაც დაიბნენ და დაიწყო წერილებით ინსტრუქციებითა და ა.შ. მათი დარეგულირება. ისედაც ამ კოდექსში უამრავია ბლანკეტური ნორმები, როდესაც პირობები განსაზღვრება მთავრობის დადგენილებით ან ფინ. მინისტრის ბრძანებით. მაგალითისთვის: ახალმა კოდექსმა მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა გადაზიდვებზე, ანუ “დერეფანის” ფუნქციასაც ვკარგავდით, რასაც მიხვდნენ და კანონები შეცვალეს უკან დააბრუნეს. საერთოდ 2011 წლის საგადასახადო კოდექსის ე.წ. “გაკეთილშობილება დაიწყო ჯაბა ებანოიძის მოსვლის შემდეგ და ბევრი ნორმა უკან დაბრუნდა, როგორც იყო და ბევრი ახალი შე-მამსუბუქებელიც შემოვიდა, მაგრამ თითქმის ყველგან დათქმაა ეს ეხება მათ ვინც “გადარჩაო”, ხოლო ვისაც უკვე დარეიცხა გადასახადები ან დაჯარიმდა მათ არ ეხებაო. ანუ ძველი დაზარალებულები აღარ გაამართლეს”.
ექსპერტთა ნაწილი 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მუშაობიდან ასევე გამოყოფს ახალი კონსტიტუციის მიღებას, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდება და საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. სპეციალისტთა შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის განმტკიცებისკენ.