მძაფრ კონკურენციაში ორიენტირების ოქროს წესები

ლევან ასათიანი

ნიუ-იორკის, ლონდონის, ჰონგ-კონგის და დუბაის შემდეგ საფინანსო ცენტრის გახსნა საქართველოში იგეგმება. ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივით, საფინანსო ცენტრი აჭარაში, კერძოდ, გონიოში ამოქმედდება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, გონიოს საფინანსო ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით აშენდება და მსოფლიოს სხვა საფინანსო ცენტრების ანალოგი იქნება.

სპეციალურ ფინანსურ ზონაში, განსხვავებული იურიდიული კანონები იმოქმედებს და საფინანსო ტრანზაქციები სრულიად თავისუფალი იქნება. “აქ განთავსდება უმსხვილესი კომპანიების ოფისები და 40, 50 და 60 სართულიანი კორპუსები. ჩვენ ახლა ვამუშავებთ კანონპროექტს, რომელიც წლის ბოლომდე ამოქმედდება. მე ვფიქრობ, 10 წელი იქნება საჭირო, რომ საფინანსო ზონა სრული დატვირთვით ამუშავდეს. გაფართოვდება ბათუმის აეროპორტი, დასრულდება ფოთის აეროპორტის მშენებლობა, ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბათუმი იქნება, რომელსაც, თავის მხრივ, უკვე ფოთისა და ლაზიკის ეკონომიკური ზონები მიებმება”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოში საფინანსო ცენტრის შექმნის იდეა ახალი არ არის. პირველად ამის შესახებ 2008 წლის ომამდე გაჟღერდა. “საფინანსო ცენტრის” შექმნის იდეა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს ჰქონდა. არსებობდა ხუთწლიანი განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც 12 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა და 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ “საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის” დოკუმენტიც იქნა მიღებული, თუმცა ომის შემდეგ მან ძალა დაკარგა.
4 წლის წინ მიღებული მიღებული კანონთა პაკეტის მიხედვით, “საფინანსო ცენტრში” დარეგისტრირებული კომპანიის შემოსავალი, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან იქნებოდა მიღებული, არ უნდა ყოფილიყო მისი საერთო შემოსავლების 10%-ზე მეტი. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბებას, საგადასახადო რეფორმას, ეფექტური და გამჭვირვალე საფინანსო ზედამხედველობის ინსტიტუტების შემოღებას. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ საფინანსო ცენტრის შესაქმნელად საქართველოს ძალიან ბევრი უპირატესობა გააჩნდა. უპირატესობები, გეოგრაფიულ მდებარეობას, ღია ეკონომიკას, კორუფციის დაბალ დონეს და ცხოვრების სიიაფეს გულისხმობდა. იდეის მომხრეები მაშინაც და დღესაც, ხაზს უსვამენ, იმ გარემოებას, რომ საფინანსო ცენტრი იქმნება სერიოზული და მაღალშემოსავლიანი საერთაშორისო კომპანიებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საფინანსო ზონა 12 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს. როგორც ვერა ქობალიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორების ზარები არ შეწყვეტილა. ისინი აჭარაში ინვესტიციების ჩადებას ითხოვენ.
ზოგადად, წარმატებული საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ქვეყნაში პოლიტიკური სტაბილურობა, კონფლიქტების არარსებობა, ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემო, საკუთრების ხელშეუხებლობა, დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიის ელემენატრული პრინციპების არსებობა. სხვა შემთხვევაში, საფინანსო ცენტრი აზრს დაკარგავს და არც ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს.
საფინანსო ცენტრის შექმნის იდეა და ექსპერიმენტის დონეზე ჩანაფიქრი უთუოდ მისასალმებელია, თუმცა რა გათვლები უსწრებს წინ ამ წამოწყებას? როგორია ანალოგიური ცენტრების ფორმირების ისტორიული გამოცდილება? რის ხარჯზე მიაღწიეს მათ წარმატებას და რა შანსი აქვს საქართველოს, შექმნას ახალი საფინანსო ცენტრი? რატომ უნდა დარეგისტრირდნენ უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაციები საქართველოში? მაშინ როცა მსოფლიოში ძალიან ბევრი საფინანსო ცენტრია – აზიაში, აშშ-ში, აღმოსავლეთ ევროპაში და ა.შ. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს არ არის დიდი საფინანსო ბაზრები.
რა განსაზღვრავს საფინანსო ცენტრების კონკურენტუნარიანობას
ბრიტანულმა ორგანიზაციამ (Corporation Of London) ჩაატარა გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელმა. კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ პირობებისა და საჭიროებების განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია წარმატებული საფინანსო ცენტრის შესაქმნელად. კვლევაში ჩართულნი იყვნენ ისეთ მსხვილ ფინანსურ ცენტრებში ოპერირებადი ორგანიზაციები, როგორიცაა – ლონდონი, ნიუ-იორკი, ტოკიო, ფრანკფურტი, ჰონ-კონგი და ასე შემდეგ. ამიტომაც კვლევის შედეგების გათვალისწინება და ტენდენციების გაცნობა საინტერესო უნდა იყოს იმ ქვეყნისათვის, სადაც ახლა იწყებენ მსგავსი ცენტრების ფორმირებას. მათ შორის, საქართველოცაა.
მთავარი, რასაც ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, ის გარემოებაა, რომ საფინანსო ცენტრის სიძლიერეს განაპირობებს ქალაქების და არა ქვეყნების სიძლიერე, ვინაიდან ქალაქებში დადიან სავაჭროდ და იქ ცხოვრობს მილიონობით ადამიანი, ქალაქია ცენტრი ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ინდუსტრიული და ბიზნეს აქტივობებისა. არსებობს ე.წ. გლობალური ქალაქების ცნება, რომელთაც გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ თავისი მდებარეობის და განვითარების მიხედვით, მსოფლიოს სხვა ქალაქებთან შედარებით: ბანკოკი, პეკინი, ბრიუსელი, ჩიკაგო, ჰონკონგი, იოჰანესბურგი, ლონდონი, მოსკოვი, დუმბაი, ნიუ-იორკი, პარიზი, სანპაულო, შანჰაი, სინგაპური, სიდნეი, ტოკიო და ტორონტო. ამ ქალაქებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ლონდონია, ნიუ-იორკი, ტოკიო, პარიზი, ჩიკაგო, ფრანკფურტი, კონკონგი, ლოს ანჟელესი, მილანი და სინგაპური. მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ისინი მსხვილი საფინანსო ცენტრების ქალაქებიცაა.
გლობალური საფინანსო ცენტრი არის ადგილი, სადაც თავს იყრის ბევრი საერთაშორისო საფინანსო ბიზნეს ობიექტი და ხორციელდება საერთაშორისო ტრანზაქციები. ერთმანეთისაგან გასხვავდება საერთაშორისო და გლობალური საფინანსო ცენტრები. მაგალითისათვის, სიდნეის საფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო, მაგრამ ის არ არის გლობალური საფინანსო ცენტრი, გლობალურ ცენტრად ყოფნის პოტენციალი მხოლოდ რამდენიმე ქალაქს აქვს. მათ შორის არის ლო-ნდონისა და ნიუ-იორკის.
საერთაშორისო საფინანსო ცენტრები, როგორიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი და ტოკიო – წარმოადგენენ ფართოდ საერთაშორისო ცენტრებს, რომლებიც მომხმარებელს ყველა სახის სერვისს სთავაზობენ. ამ ცენტრების უკან დგას დიდი და კარგად განვითარებული შიდა ეკონომიკა, დიდი და ლიკვიდური ბაზრები, სადაც მრავალი საფინანსო ინსტიტუტი და ფონდი არის წარმოდგენილი და, სადაც მათ პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპერტები საერთაშორისო საფინანსო ცენტრებს რეგიონულისაგან განასხვავებენ, მათ უკან მდგარი შიდა ეკონომიკების განვითარების დონეებს შორის განსხვავებაა. კვლევის ავტორებს რეგიონალური საფინანსო ცენტრების მაგალითებად ჰონ-კონგი, სინგაპური და ლუქსემბურგი მოჰყავთ. გლობალური ცენტრები კი ლონდონი და ნიუ იორკია.
მზარდი კონკურენციის პირობებში ყველაზე აქტუალური კითხვა ისაა, თუ როგორ არჩევენ ინვესტორები საფინანსო ცენტრებს ოპერირებისათვის? როგორც კვლევამ აჩვენა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ინვესტორებისათვის საქმის წამოწყების ან გაგრძელების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის პერსონალი და მათი კვალიფიკაცია, რომელიც ამა თუ იმ საფინანსო ცენტრშია ხელმისაწვდომი. საფინანსო ცენტრების კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში ეს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება დღეს. ვინაიდან მაღალკვალიფიციურ საფინანსო სპეციალიზაციის კადრებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რთულია მათი ხელში ჩაგდება, შენარჩუნება და სწორად მართვა.
ქვემოთ მნიშვნელობის მიხედვით მოცემულია იმ ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვ-რავს საფინანსო ცენტრების მიმზიდველობას, მათი ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ეს რანჟირება თვითონ ინვესტორების აზრს ეყრდნობა.
კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა – კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპოდენტების 90%-მა ეს ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვნად დაასახელა. შედარებისათვის, გამოკითხულ ინვესტორთა 98% ლონდონისა და ნიუ-იორკის საფინანსო ცენტრების კადრების, შესაბამისად 75% და 66%, მაღალკვალიფიციურად შეაფასა. პარიზისა და ფრანკფურტის კი 60%. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლონდონისა და ნიუ-იორკის საფინანსო ცენტრების დომინირებას მსოფლიოში სწორედ კადრების მაღალი კვალიფიკაცია და მათი დიდი რაოდენობა განაპირობებს. ბევრი ევროპული ბანკის წარმომადგენელმა, რომელიც ოპერაციებს ლონდონის საფინანსო ცენტრში ახორეციელებენ, აღნიშნეს, რომ მათ ლონდონი სწორედ ხელმისაწვდომი კვალიფიციური კადრებისა და დიდი ბრიტანეთის მოქნილი სამუშაო ბაზრის გამო აირჩიეს. ვინაიდან საბანკო სისტემა ძალიან მოქნილია და სამუშაო ძალის ხშირ ცვლას საჭიროებს, შრომის ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოქნილობას ინვესტორისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის შემცირებასთან დაკავშირებული პროცედურების სიმარტივე. განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც აღმასვლა-დაღმასვლის პერიოდი ერთმანეთს ენაცვლება და ახალი სამუშაო ძალის დაქირავება, ხან კი მათი გათავისუფლება დროის მოკლე პერიოდშია საჭირო.
საფინანსო ცენტრის მარეგულირებელი ნორმები, ბიზნესის ოპერირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ნორმები – არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმა ინვესტორებისათვის.
მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე წვდომა – საუბარია სხვა ცენტრებთან კონცენტრაციის დონეზე.
ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარების დონე და ხელმისაწვდომობა – ქალაქის ბიზნეს ინფრასტრუქტურაში მოიაზრება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები და Iთ ტექნოლოგიები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამასთანავე, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, დღეს ყველა ცნობილ საფინანსო ცენტრში ეს პრობლემა თითქმის თავიდან ბოლომდე მოხსნილია, ამ პუნქტის გათვალისწინება ისეთ ცენტრებს მართებს, რომელიც საპარეზზე გამოსვლას და დამ-კვიდრებას ახლა ცდილობს.
მომხმარებლების ფაქტორი – მომხმარებლებზე წვდომის დონე.
სასამართლო სისტემა, რომელიც განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთ-ობების მოწესრიგებას ეხება – ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამ გარემოებას იმ შემთხვევაში ანიჭებენ, თუ ნაკლებ განვითარებული ქვეყნის საფინანსო ცენტრში ოპერირების დაწყებაზეა საუბარი.
ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა და დამოკიდებულება საფინანსო ცენტრის განვითარებისადმი – მართალია, ბერი ინვესტორისათვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ზემოთ დასახელებული სხვა ფაქტორები.
კორპორატიული და პერსონალური საგადასახადო რეჟიმი. საოპერაციო დანახარჯები. ეს ის ფაქტორია, სადაც საფინანსო ცენტრებს შეუძლიათ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. მაგალითად, ლონდონში საკომისიო გადასახადები უფრო მეტია, ვიდრე ნიუ-იორკში, ჰონ კონგში, ფრანკფურტისა და პარიზის საფინანსო ცენტრებში.
პროფესიონალური სერვისების მომხმარებლებზე ხელმისაწვდომობა – ამ პუნქტში იგუ-ლისხმება ბუღალტრების, ადვოკატების და კონსულტანტების მომსახურებაზე მოთხოვნის დონე.
ცხოვრების დონე – მართალია, ეს ფაქტორი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც, მაგალითად, სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურა, თუმცა გამოკითხულ რესპოდენტთა დიდმა ნაწილმა მაინც დაასახელა მნიშვნელოვან ფაქტორად.
კულტურა და ენა – კულტურას და განსაკუთრებით ენის ფაქტორს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპერტთა შეფასებით, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი (რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად) ნიუ-იორკისა და ლონდონის საფინანსო ცენტრების წარმატებისა, არის ინგლისური ენა. ვინაიდან ბევრი ქვეყნის ინვესტორისათვის, ინგლისური ენა მშობლიურია (ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, სამხრეთ ამერიკა, ინდოეთი და სხვა). ენის ბარიერის არ არსებობა მათ საქმეს უმარტივებს.
კომერციული ქონების ხარისხი და რაოდენობა – ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისათვის, რომლებიც საფინანსო ცენტრში საცხოვრებლად გადასვლას აპირებენ. ამასთან, თანამედროვე საფინანსო ცენტრებში ეს პრობლემა მოხსნილია, ამაზე უნდა იზრუნონ იმ პოტენციური ცენტრების შემქმნელებმა, რომელიც ახლა იწყებენ ფორმირებას.
ეს არის იმ პარამეტრების ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებლად მართებთ საფინანსო ცენტრის შექმნის მსურველებს. რაც შეეხება დღეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, არავინ დავობს იმაზე, რომ ორი საფინანსო ცენტრი, ნიუ-იორკი და ლონდონი, წამყვან პოზიციებზეა. გარდა ამისა, აზიაში არის რამდენიმე საფინანსო ცენტრი, რომელთაც გლობალურ მა-სშტაბებზე აქვთ პრეტენზია. მათ შორისაა, სინგაპურის, ტოკიოს, ჰონ-კონგის, შანჰაისა და პეკინის ცენტრები. აღსანიშნავია, რომ გარდა იმ წამყვანი ცენტრებისა, რომელთაც დიდი ხნის ისტორია აქვთ (ლონდონი, ნიუ-იორკი, პარიზი და ფრანკფურტი), შედარებით ახალი და წარმატებული საფინანსო ცენტრების უმეტესობა აზიაშია წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრებია, სინგაპური, ჰონკონგი და ტოკიო. ზრდის განსაკუთრებული პოტენციალით კი გამოირჩევა შანჰაისა და პეკინის საფინანსო ცენტრები.
დღეს მსოფლიოში არსებული წამყვანი საფინანსო ცენტრების სიძლიერეს მათი შექმნის დროს არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებდა. მაგალითისათვის, მე-18 საკუნის განმავლობაში ინგლისი იყო დიდი სავაჭრო და კოლონიალური ცენტრი, მე-18 საუკუნის ბოლო პერიოდიდან კი გადაიქცა ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრად. მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის, ინგლისში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში. ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობა 1700-1780 წლებში გაორმაგდა. გაიზარდა სამომხმარებლო ბაზრის მოცულობა. განვითარდა საბანკო და სადაზღვევო ბაზრები. პირველი ლონდონური საერთაშორისო საფინანსო “პროექტი” განხორციელდა 1817 წელს. ეს იყო სესხი, რომელიც გამოიყო ფრანგული ომის რეპარაციის დასაფინანსებლად ფრანგულ ფრანკებში. შემდეგ იყო პირველი საერთაშორისო სესხი გამოყოფილი ფუნტებში, ბენეფიციარი ამჟამად იყო პრუსია. ამას მოჰყვა ლათინური ამერიკის ქვეყნების გააქტურება ლონდონის სესხების ბაზარზე. პირველი იყო კოლუმბია, მას მოჰყვა არგენტინა, ჩილე, მექსიკა და პერუ.
რაც შეეხება ნიუ-იორკის საფინანსო ცენტრის ფორმირების წინაპირობებს, კაპიტალის ექსპორტი და აშშ დოლარებში მზარდმა დანაზოგებმა აქცია აშშ კრედიტორ ქვეყნად და ხელი შეუწყო ქვეყანაში საფინანსო ცენტრის ფორმირებას.
2005 წლის მონაცემებით, ლონდონის საფინანსო ცენტრის საერთო ბრუნვის მოცულობა ნიუ-იორკისაზე 79 მილიარდი აშშ დოლარით მეტი იყო. აქციების ემისიის თანხამ ლონდონში შეადგინა 130 მილიარდი აშშ დოლარი, ნიუ-იორკში 105. ექსპერტთა შეფასებით, ეს იმის ბრალია, რომ საზედა-მხედველო წნეხი გაცილებით უფრო მძიმეა აშშ-ში, ვიდრე ლონდონში. ლონდონის საფინანსო ცენტრის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის დანარჩენი ორი უმსხვილესი საფინანსო რეგიონის, აზიასა და აშშ-ს შორის მდებარეობს. ბევრი ამერიკული კომპანია ლონდონში აგზავნის თავის თანამშრომლებს სამუშაოდ. 2008 წელს ამერიკული კომპანიების თანამშრომელთა რაოდენობა ლონდონის ფინანსურ ცენტრში 224,000 იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ უფრო იმყარებენ პოზიციებს აზიური ბაზრები. 2010 წელს ჰონ-კონგის ბირჟაზე IPO-ს მოცულობა თითქმის 53 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდა. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 42 მილიარდი, ლონდონში კი 16 მილიარდი იყო. ჰონკონგი იყო მსოფლიოს ყველაზე მსხვილი IPO აქციების მიმღები 2006 წელს. 2009 წლის მონაცემებით, ჰონ-კონგის ბირჟა მსოფლიოს სიდიდით მე-7 ბირჟაა, სადაც მსოფლიოს 100 უმხვილესი ბანკისა და საფინანსო ინსტიტუტის 70%-ია წარმოდგენილი.
როგორც ვხედავთ, წარმატებული საფინანსო ცენტრის შესაქმნელად მხოლოდ სურვილი არ კმარა. საქართველოს მთავრობას ინვესტორთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინება უამრავი მიმართულებით მოუწევს.