ვინ “ყლაპავს” მიწებს: ხანძარი, მოიჯარეები თუ ჩინოვნიკები?

ქეთი მიქელაძე
წელს ბუნებამ დაგვაჯილდოვა: კახეთში ბოლო 15 წლის მანძილზე ხორბლის საუკეთესო მოსავალი მოვიდა, დაახლოებით 200 ათასი ტონა. თითქოსდა დროა მიწის მესაკუთრეს სიმდიდრის თუ არა, “პურისა და ზედ მისაყოლებლის” პრობლემა აღარ ჰქონდეს. მაგრამ ამის ნაცვლად უმეტესობა უკან-უკან მიდის, ხოლო “ორი ნაბიჯით” წინ – ერთეულები, რასაც სოციალურ-ეკონომიკურ-მენტალიტეტური მიზეზები აქვს. კახეთის ერთ-ერთი სოფლის მაგალითზე მიწის საკითხის პანორამა მკაფიოდ გამოჩნდება.

ვინ არიან “ახალი მიწათმფლობელები”, მიწათმოქმედები, მიწასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანები, რა მდგომარეობაში არიან და რა პერსპექტივა გააჩნიათ? ქმნიან თუ არა იმ საშუალო ფენას, რომელსაც უნდა დაეყრდნოს სახელმწიფო?

მიწა მოსახლეობას რეალურად 1995-96 წლებში გადაეცა, მაშინ, როცა ის ეკონომიკურ-მორალურად “ლიმონივით გამოწურული” იყო. გარკვეულ დრომდე მათ მიწის რენტის გადასახდელი თანხები გააჩნდათ. მაგ. ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანს სახელმწიფო საკუთრების 1500-მდე ჰექტარი მიწები ჰქონდა. აქედან, შირაქში კერძო საკუთრებაში გადასაცემად 584 ჰა გამოიყო, გარკვეული ნაწილი – სოფელთან მიმდებარე მიწებზე. ზემო ალვანის გამგებლის თქმით, “ძველებისგან” თითო გოჯი მიწის გამოწიწკვნა იყო საჭირო. ძველებში კოლმეურნეობის თავმჯდომარეები იგულისხმება.

მკითხველი ბევრი ანგარიშით რომ არ დავღალო, მიწისმფლობელებმა ხუთწლიანი ანგარიშის, ტვინისჭყლეტის შედეგად ყველა ხარჯი შეაპირისპირეს მთელ მოსავალთან, ანუ მიწიდან შემოსავალთან და “აღმოჩნდა”, რომ მიწათმფლობელობა სარფიანი არ არის. ამ “აღმოჩენას” მიწების საკუთრებაში გადაცემის სიხარული დიდხანს ფარავდა. მარტივად: სუფთა მოგება მიწიდან 100 ლარს არ სცილდება. მაგრამ, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ყოველ წელს ხნავდნენ, თესავდნენ, მკიდნენ, გადასახადს წვალებით იხდიდნენ, პურს აცხობდნენ და… ვერ მდიდრდებოდნენ საშუალო “კულაკის” დონემდე. სოფლებში ლარის კუპიურა ისეთივე ძნელი საპოვნელი გახდა, როგორც თივაში ნემსი. ხორბლის აღების პერიოდში საყოველთაო ეკვივალენტის როლმა ფულიდან ხორბალზე გადაინაცვლა, რაზეც ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ იცვლება. ვინც შეძლებული იყო (თუ როგორ შექმნილ ბაზისზე, ეს არაა სტატიის თემა) და ჰქონდა ტექნიკა, ამ კატეგორიიდან ბევრმა თანასოფლელთა მიწები იჯარით აიღო. მიწის მესაკუთრენი ხელმოკლეობის გამო მთლიანად მათზე დამოკიდებულნი გახდნენ. აქამდე მოიჯარენი მოსავლის 1/3-ს მეპატრონეს აძლევდნენ, რაც 200-300 კგ-ში მერყეობდა. დაბალი მოსავლიანობის წლებში ამ მოცულობის სიზუსტეში ძალიან არ ეძიებოდნენ. მით უფრო, შარშანდელ გვალვაში: მაშინ კომლები მოსავლის მეექვსედზეც თანახმანი იყვნენ. თუმცა, წლევანდელი საუკეთესო მოსავლის პირობებშიც მესაკუთრეებმა თავის წილად კვლავ 300 კგ-ის ფარგლებში მიიღეს, ამას ივლისის ბოლოს შირაქში ხანძარიც დაერთო, მოსახლეობაში ეჭვები და ვერსიები გაჩნდა. ისინი ხან ზოგადია, ხანაც კონკრეტული. გაღიზიანებას 1998 წელს მიწებზე რენტის გაძვირება ამძაფრებს. სავალუტო ფონდმა კი მიწის მართვის დეპარტამენტის ჩინოვნიკები “დაარწმუნა”, თუ მიწებზე გადასახადს არ გაზრდით, საპენსიო ფონდებს ვერ შევავსებთო. იყო აზრთა დაპირისპირება, მაგრამ ბოლოს გადასახადები რეგიონების სპეციფიკის მიხედვით მეტ-ნაკლებად მაინც გაიზარდა. უფულობით უკმაყოფილო ხალხმა თავი მოიჯარეების ქონების “თვლით” დაიკმაყოფილა: ვინც მიწები იჯარით აიღო, სახლები აიშენეს, გააფართოვეს, ჩაიცვეს და დაიხურესო. რამდენადაც ასეთი აზრები მოიჯარის შრომაში დანაშაულად არ ითვლება, მოქმედ პირებთან დიალოგებში იქნებ გამოიკვეთოს რეალური სურათი.

სიტუაციის სიმწვავე გადასახადის აკრეფის მცდელობისას ჩანს, სადაც ჩინოვნიკიც გულწრფელად შეგეცოდება გადახდისუუნარო ხალხის ფონზე. ფულის ამოღება ერთ წელს ასე მოხერხდა: მოიჯარეები გააფრთხილეს, თუ ფულს არ გადაიხდიან, მოსავალი არ გასცეთო. წელს ეს შეუძლებელი შეიქმნა და ძიძგილაობაში გადასახადის ამკრეფს ლამის საწონი გირი ჩაარტყეს თავში. ხელმძღვანელობა დროებით “შეეშვა” ასეთ მეთოდებს. მიწის გადასახადების დავალიანებები ბევრს 2-3 წლის დაუგროვდა და თუ ვერ გადაიხდიან, მალე “ურჩთა” სიები სასამართლოს გადაეცემა, შესაძლოა ავტომატურად ჩამოერთვათ მიწები.

ზემო ალვანში დაახლოებით 12-მდე მოიჯარე მუშაობს. ვესაუბრები ერთ-ერთ მათგანს, ლ. ღირღიშვილს.

მიწების იჯარით აღებას რა პრობლემები ახლავს?
ეს შრომატევადი საქმეა. მოხვნას ერთ ჰა-ზე 20 ლარი სჭირდება, კომბაინერს – 35 ლარი. 190 კომლის მოიჯარე ვიყავი. 95 ჰა-მდე მიწა მაქვს აღებული. ამაზე გაამრავლეთ მიწის დამუშავება-მოსავლის აღების ხარჯები. ჯერ არ დამიანგარიშებია, რა მოგება მაქვს. შირაქში ადრე არსებული დიდი სასწორები განკერძოვდა და ერთი “კამაზის” აწონაში 20 ლარს ითხოვენ…


ვიდრე განკერძოვდებოდა, წონიდით?

ვარაუდით ვიცოდი, მანქანა რამდენს იტევდა. ამის გარდა, შირაქში უნდა იყო, რომ ხორბალი არ მოიპარონ, ან დარაჯი უნდა დაიქირაო.

“ალდაგი” აზღვევდა მარცვლეულს 3%-იანი სარგებლით. თქვენ დააზღვიეთ?
მაგის ფული ვის ჰქონდა?!

როგორი მოსავალი იყო თქვენს ფართობებზე?
ჰექტარზე 3 ტონამდე. მაგრამ 10 ჰა დამეწვა. როგორ დავაჯერო ხალხი? სხვა მოიჯარეს, ბართიშვილს, 40 ჰა-ზე მეტი დაეწვა. სჯობს, ის ნახოთ…

მოსავლის აღებისას კომბაინერი სხვის მიწებზე რომ არ გადავიდეს, ორიენტირად რა აქვს?
ასეთი ნიშნულები იქ არ არის. ერთიანად ვხნავთ, ერთიანად ვიღებთ მოსავალს. მიწები რაღაცნაირად “იყლაპება”. შირაქში არაა კომლთა გამყოფი ნიშნები.

გამოდის, სხვის მიწებზე უნებლიე შეჭრა ადრეც ხდებოდა და მერეც მოხდება?

კარგი მოსავლის ფონზე, 60 ოჯახამდე უხორბლოდ დარჩა. ამბობენ, პირადი პრობლემების გამო ვერ დაუდეს მოიჯარეს ხელშეკრულება (ეს იგივე სიაში ჩაწერაა, რაც დღეს ხელშეკრულების მაგივრობას სწევს. ქ.მ.), თქვენთან შარშან მყოფი ოჯახი იმედოვნებდა, რომ დაპირებისამებრ წელსაც ჩაწერდით.
ახლიდან უნდა ჩაწერილიყვნენ. ეს სიები პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს, თუ დავინახე, რომ ზარალია, ან სხვა მიზეზებით ვეღარ დავაკმაყოფილებ მესაკუთრეებს, ვეუბნები ამოეწერონ და სხვას მიემაგრონ. ვინც მყავს, მათ ისევ მოსავლის მესამედს ვაძლევ.

თუ სხვა მოიჯარემ არ მიიმაგრა, მოსავალი რატომ უნდა დაეკარგოთ, მათი ფართობიც ხომ იხვნება და ხორბალიც აიღება? გამოდის, “ჩაწერილები” ითვისებენ “ჩაუწერლების” ხორბალს? როგორ უნდა მიაკვლიონ უნებლიე ქურდს?

ცნობისათვის: ახმეტის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში, მიწის პროგრამის დამფინანსებელი UშAID-ის ოფისში ახმეტის ზონის კოორდინატორმა, ალბერტ ყაზახაშვილმა განმარტა, რომ მოიჯარეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შირაქში გზების გაკეთებას (თუმცა, ფორმალურად ჩივიან სახნავ მიწებზე უგზოობას), საუბარია 5 მეტრიანი სიგანის კაპიტალურ გზებზე, რომელთაც ვეღარ გადახნავ. ეს გზები ფართობების 6%-ს “ჭამს”. მარტივი ანგარიშით, ეს 35 ჰექტარამდე გამოდის. ასეთ მოცულობაზე, საშუალოდ, 70-75 ტონა ხორბალი მოდის. თუ ამას ხორბლის აღების მომენტისთვის საბაზრო ფასით გამოვხატავთ, 23000 ლარია, ზამთარში თუ გაიყიდა – თითქმის ორჯერ ძვირი. ცხადია, ამ ფულის დაკარგვა ყველას “ეწყინება”.

სხვა მოიჯარე, ბართიშვილი, როგორც ირკვევა, ხანძრის ზარალის ასანაზღაურებლად საქონლის გაყიდვას, იმ ფულით ხორბლის ყიდვას და მიწის მესაკუთრეთა გასტუმრებას აპირებს. ისიც 150-ზე მეტი კომლის ნაკვეთის მოიჯარე იყო. ნაწილს მისცა თავიანთი წილი. მისი არყოფნის გამო ხანძარზე ინფორმაცია ვერ დავაზუსტე.

შირაქში მომხდარი ხანძრის შესასწავლად აგვისტოს დასაწყისში წავიდა 20 კაციანი კომისია. მასში თბილისის, ახმეტის წარმომადგენლები, ალვანელი მოიჯარეებიც იყვნენ. ცნობილია, რომ მათ შეადგინეს აქტი, მაგრამ დოკუმენტი სოფლის გამგეობაში არ დაუტოვებიათ. არადა, “გაცეცხლებული” მოსახლეობის განსამუხტად საჭირო იყო. ასევე წაადგებოდა ის ფორს-მაჟორით დაზარალებულ მოიჯარეებს, რომელთაც ხორბალდამწვარ მესაკუთრეთა წინაშე პასუხისმგებლობის მოხსნის საფუძველი ექნებოდათ. ჩემი დაკვირვებით, უხორბლოდ უფრო ხანდაზმული, ინვალიდი ან მორიდებული კატეგორიაა დარჩენილი, ბრძოლისუნარიანები – შედარებით ნაკლებად. თუმცა, არც ერთს, არც მეორეს არ შეუძლია პროტესტის შემთხვევაში სასამართლოში იჩივლონ და დაამტკიცონ, თუ ვინ აიღო მათი ხორბალი – მოიჯარის მიერ მათთვის მიცემული წილი იყო თუ არა მართლა 1/3 ? მთელი მოსავლიდან. სასამართლო ასეთ სარჩელს არც მიიღებს, რადგან არც ერთი შეთანხმება მიწისმფლობელსა და მიწათმოქმედს შორის ნოტარიუსით არაა გაფორმებული. როგორც ტელეფონით განმარტეს, ახმეტის სურსათის სამმართველოში, ხანძრის შედეგთა აქტები ახმეტის გამგებლის მოადგილეს, ბერძენიშვილს აქვს და დაარიგებს. გაუგებარია, რატომ არ დარიგდა აქტი ხანძრიდან ორი თვის განმავლობაში. არადა, დამწვარი ფართობები საიდუმლო არ ყოფილა: კომისიის წევრმა თბილისიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მემცენარეობის სამმართველოს წარმომადგენელმა, კვეზერელმა თქვა, რომ ზემო და ქვემო ალვანს ჯამში 286 ჰა დაეწვათ. მანვე აღნიშნა, რომ შირაქში იყო დავა მიწების კუთვნილების გამო. ვინაიდან დოკუმენტების გარეშე მიწებზე დავას ბოლო არ ექნება, გარკვევა ვცადე. ახმეტის მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა, რ. ალადაშვილმა აღნიშნა, რომ უწყებაში ხანძრის შედეგად ბევრი დოკუმენტი განადგურდა, ზოგიც – მიმოიფანტა(?). საერთოდ, UშAID-ის მიერ სოფლების კუთვნილი შირაქის მიწების რუკებია შედგენილი, ქაღალდზე მიწებს საზღვრები, ნომრები და გზები ამშვენებს, მაგრამ ადგილზე ძნელი დასადგენია, სად ვისი მიწაა (ძირითადი საზღვრების ცოდნა: გზის პირი, სოფლის კიდე და ა.შ. საკმარისი არ არის. ქ.მ.). ასახელებენ საკამათო 18 ჰექტარამდე მიწას, რომელიც “ერთ დროს” ქვემო ალვანს ეკუთვნოდა, მოგვიანებით ზემო ალვანს ეწერა, შემდგომ კოლმეურნეობის ერთ-ერთ თავმჯდომარეს კვლავ ქვემოსთვის მიუცია(?). ასევეა ასახული თანამედროვე რუკებში, მიწა ქვემო ალვანს ეკუთვნის. 1972 წელს შედგენილი რუკის მიხედვით ყოფილა ეს მიწა ქვემო ალვანის. თუმცა, ეს დოკუმენტიც აღარ არსებობს. ერთი სიტყვით, მიწების სამართალმემკვიდრეობით ქრონოლოგიაზე თვალის გადევნება შეუძლებელია, ამიტომ UშAID-ი 1988 წლის საპროექტო ინსტიტუტის შედგენილ კორექტურას დაყრდნობია.

ზემო ალვანის გამგეობაში უმოსავლოდ დარჩენილ “აუტსაიდერებს” მიწათმომწყობი ამშვიდებს, რომ ქვემო ალვანი იმ მიწების სანაცვლოდ სხვა მიწებს გამოყოფს, ხოლო ვიდრე გამოყოფს, მოსავლიდან ნაწილს ზემო ალვანელებს აჩუქებს. დარჩენილი 60 კომლიდან 30 დაუკმაყოფილებიათ ხორბლით. რამდენად არის დახმარების გარანტია, ძნელი სათქმელია. ზემო ალვანს ქვემო ალვანისთვის 13 ტონა ხორბალი უთხოვნია, მათაც თანხმობა განუცხადებიათ. ეს კი არავინ იცის, როდის განხორციელდება. ვესაუბრები ზემო ალვანის მიწათმომწყობს, გ. უშარაულს.

ერთ მოიჯარეს 40 ჰექტარზე მეტი დაეწვა, მეორეს – 10. ეს დაფიქსირებულია სადმე?
40 ჰა კი არა, 103 ჰა დაეწვა, მეორე მოიჯარეს კარგად არ სცოდნია. და საერთოდ, მეორესაც რომ დაეწვა, ეს არსად ფიგურირებს, კომისიას ვერ გამოყვა… მთავარი ისაა, რომ უხორბლოდ დარჩენილი მოსახლეობა სხვა მისამართით დავობს. ხელშეკრულებას ნოტარიულად ვერ დებენ. რა ვალდებული ვარ მიწათმომწყობი იჯარის კერძო საქმეში ჩავერიო? ხშირად ხალხი რამდენიმე მოიჯარესთან ერთად ეწერებოდა და ცდილობდა ორ-სამ ადგილას მიეღოთ წილი. როცა მეიჯარეების სიები შევადარეთ, ბევრი რამ გამოვლინდა. დარჩენილებს ქვემო ალვანის კუთვნილი დაპირებული 13 ტონით გავისტუმრებთ. ეს მალე მოხდება.

როგორც ამბობთ, იჯარის საქმე თქვენი ფუნქცია არაა, სიები კი თქვენთან მოწმდება, რატომ არა აქვს მოსახლეობას ამ სიის თითო პირი, როგორც ხელშეკრულების დამამტკიცებელი?

ცნობისთვის: ამ საუბრიდან სამი კვირის თავზე უშარაულმა ტელეფონით შემომჩივლა, ქვემო ალვანი დაპირებულ ხორბალს აღარ გვაძლევს, ყოყმანობსო. გაუგებარია, ვინ ვის აძლევს რამეს ინტერესის და სარგებლის გარეშე?

ყოველივე ამის შემდეგ იქმნება წარმოდგენა, თითქოს უქონელი, დაზარალებული ადამიანები ყოველთვის წესიერები არიან, ან ჩინოვნიკზე, “ბობოლებზე” მეტად შესტკივათ გული თანასოფლელებზე. სოფლებში მოიჯარეზე ბევრი არ არის დამოკიდებული, ფინანსების გაერთიანებით დაიქირავეს პირები და თავიანთი მიწებიდან დიდი მოსავალი აიღეს. ჩინოვნიკების გულქვაობას კიცხავენ, საკუთარი 1,5-2 ტონიდან მცირედის გაღება გაჭირვებულთათვის აზრად არ მოსდით.

არ არის აუცილებელი, ხორბლის მაფია “შავმანქანიანი ტიპებით” გამოიხატოს. გაუტანლობა ყველა ფენაშია გამჯდარი, კუნთების და ზნეობის დონით ზომავენ. ვიდრე ასეა, უტოპიად რჩება თომას კარლეილის სიტყვები: “საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია ძალაუფლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორი პირობა: მმართველი ფენები უნდა ზრუნავდნენ ღარიბებზე, ეს უკანასკნელნიც აუცილებლად უნდა ზრუნავდნენ პირველებზე. საჭიროა შემხვედრი ნდობა, შრომა და რწმენა. შრომა აუცილებელია დედამიწაზე არსებობისთვის, იდეალების რწმენა – ცხოვრების სიძნელეების გადატანისთვის”. ასე ცდილობდნენ სოციალური შეგნების გაღვიძებას XVIII საუკუნის უტოპისტები. იქნებ XXI საუკუნეში ამ სიტყვებმა მეტად იმოქმედოს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial