დასაქმებულთა უფლებები თუ ინვესტორთა კეთილგანწყობა

მაკა ღანიაშვილი

არჩევნებამდე ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის მოსახლეობას დასაქმებას და შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ჰპირდებოდნენ. გამონაკლისი არც ხელისუფლებაში მოსული კოალიცია “ქართული ოცნება” ყოფილა. მისმა ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ მთავრობაში საქმიანობის დაწყებისთანავე გადახედავდნენ შრომის კანონმდებლობას, შემოიღებენ მინიმალური ხელფასის ცნებას და სხვა რეგულირებებს, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა უფლებების დაცვას.

დღეს არსებული შრომის კოდექსი ის საკითხია, რომლის გამოც წინა ხელისუფლებას ყველაზე ხშირად აკრიტიკებდნენ. ექსპერტთა უმრავლესობისა და პროფკავშირების შეფასებით, კოდექსის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია, დასაქმებულს აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობაში აყენებს.
“ყურადღება მისაქცევია ის, რომ პროფესიული კავშირები დღეს რეალურად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს და ის ევროპის კავშირების შესაბამისი უნდა იყოს. იგივე შრომის კოდექსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო. მასში არ არის დაცული დასაქმებულის ინტერესი და მხოლოდ დამსაქმებელზეა აწყობილი” – აღნიშნავენ “ქართული ოცნების” წევრები. ახალი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა შეფასებით, ლიბერალური კანონმდებლობა უნდა არსებობდეს, მაგრამ, პირველ რიგში, მასში ქართული მხარის ინტერესი უნდა იყოს ჩადებული.
ახალი ხელისუფლების შეხედულებებს, ეკონომიკურ წრეებში უკვე ოპონენტები გამოუჩნდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის მოთხოვნები, რომლის ასახვასაც კანონმდებლობაში პროფკავშირები ითხოვენ, დააფრთხობს ინვესტორებს. ეს, თავის მხრივ, შეაფერხებს დამატებითი სამუშაო ადგილებს შექმნას ქვეყანაში.
არსებული შრომის კოდექსის მომხრე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად დიდი კრიტიკისა, სწორედ ლიბერალური შრომითი კანონმდებლობის შედეგად გაუმჯობესდა საქართველოს საერთაშორი-სო რეიტინგები. მათივე შეფასებით, რეიტინგების ცვლილების გარდა, შრომის კოდექსი აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაიზარდა.
საქართველოში ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის შეცვლის მოწინააღმდეგეები, იმ ფაქტსაც უსვამენ ხაზს, რომ საქართველოს უკვე გააჩნია შრომის მკაცრი რეგულაციებით დატვირთული კანონმდებლობის გამოცდილება, რომელიც 2004 წლამდე მოქმედებდა. მაშინ, შრომის კოდექსის წესების გამო, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების დიდი უმრავლესობა ხელშეკრულების გაფო-რმებას, ლეგალიზებას ერიდებოდნენ და სიტყვიერი შეთანხმებით ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაჰქონდათ შრომითი ურთიერთობები. ეს კი არც საინვესტიციო გარემოს აუმჯობესებდა, არც საბიუჯეტო შემოსავლებს და არც დასაქმებულთა ანაზღაურებას თუ შრომის პირობებს. მათი შეფა-სებით, დღევანდელი კანონმდებლობა საკმაოდ ნორმალურია იმისათვის, რომ ნებისმიერი მხარის უფ-ლებები იყოს დაცული. ეს კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ დაიდოს ხელშეკრულება, რომლითაც იქნება განსაზღვრული მხარეთა უფლებები.
ამ მოსაზრების მიუხედავად, დავით სერგეენკო და ახალი მმართველი ძალა მაინც აუცილებლად მიიჩნევს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის რეგლამენტირებას, რაც კანონმდებლობაში უახლოეს ხანებში აისახება.
დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი, “ქართული ოცნების” წევრი: “შრომის კოდექსი გამომხატველი იყო იმ იდეოლოგიისა, რასაც ხელისუფლება ატარებდა. ხელისუფება არ მალავდა, რომ ის აგებდა ე.წ. კორპორაციულ სახელმწიფოს. რომელსაც ჰყავს მფლობელები. სახელმწიფოსაც ჰყავდა თავის მფლობელების ვიწრო წრე, დანარჩენი არავინ არ იყო ამ სახელმწიფოში. დანარჩენი იყო მომხმარებელი: მოდი, გადაიხადე, წადი. საიდან გადაიხდიდი და ფულს საიდან მოიტანდი, არავის აინტერესებდა. სამუშაო ადგილები? რაც კორპორაციას სჭირდებოდა ის იყო, დანარჩენი არავის აინტერესებდა, ეს არ იყო ზრუნვის საგანი. შედეგად, უკვე 1,5 მილიონი ქართველი ემიგრანტია. არსებული შრომის კოდექსი, ფაქტობრივად, უუფლებოს ხდიდა დაქირავებულს. ეს იმდენად დამამცირებელი კანონი იყო, რომ გონიერ ადამიანს თავში ამის გაკეთება არც მოუვიდოდა. ამიტომაც თამამად ვაცხადებ, რომ ეს შრომის კოდექსი აუცილებლად შეიცვლება”. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დავით სერგეენკოც ერთ-ერთ მთავარ პრი-ორიტეტად კოდექსის შეცვლას ასახელებს.
შრომის კოდექსთან დაკავშირებით შექმნილ დისკუსიას კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შესძინა ბოლო პერიოდში გახშირებულმა მუშათა გაფიცვებმა. ოქტომბრის თვეში გაფიცვა ჭიათურის მაღაროს, საქართველოს რკინიგზის, ფოთის პორტის, ბორჯომის პირველი ქარხნის და ჭიათურის მაღაროს თა-ნამშრომლებმა მოაწყვეს. გაფიცულები, ძირითადად, ხელფასების 100%-ით გაზრდას მოითხოვენ.
მაღაროელები უკმაყოფილონი არიან როგორც ხელფასების ოდენობით, ასევე სამუშაო პირობებით. მაგრამ მათი მოთხოვნა, გაორმაგდეს ხელფასები, მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისთვის”, რომელიც მზად არის შრომის ანაზღაურება 25 პროცენტით გაზარდოს და სამუშაო პირობებიც გააუმჯობესოს. ჭიათურის მაღაროების შემდეგ გაფიცვის ტალღამ საქართველოს რკინიგზაშიც შეაღწია. 24 ოქტომბერს, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორი საათით გაიფიცნენ თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები. ეს გადაწყვე-ტილება საქართველოს პროფკავშირებმა და რკინიგზის პროფკავშირმა “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობასთან გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აქციაში მონაწილე 100-მდე ადამიანმა, მემანქანეებმა, მათმა თანაშემწეებმა და ზეინკლებმა რამდენიმე საათით დეპოს სრული პარალიზება მოახდინეს. ხელფასის მომატებასთან ერთად, რკინიგზის თანამშრომლები შრომის პი-რობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მძიმე პირობებში უწევთ შრომა, რეგულარულად არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი.
შექმნილ ვითარებას ბევრი მოქმედ კანონმდებლობას აბრალებს. არსებული მდგომარეობით, დაქირავებულს არანაირი საშუალება საკუთარი უფლებების დასაცავად არ აქვს. საქართველოს შრომის კანონმდებლობა არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი არა მხოლოდ ადგილობრივი პროფკავშირების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ისინი დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანაბარ უფლებებში, რომელიც კანონმდებლობითაა გარანტირებული, დასაქმებულთა დისკრიმინაციას ხედავდნენ. შრომის კოდექსში ცვლილების შეტანა იყო ევროკავშირთან ვაჭრობის პრეფერენციული სისტემის – “ჯი-ეს-პი პლუსის” – გაგრძელების წინაპირობაც.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი პროფკავშირებში. “მოლოდინი საკმაოდ დიდი გვაქვს, იმედიანად ვართ გამომდინარე იქიდან, რომ მისაღებ განცხადებებს აკეთებდნენ და დღემდე აკეთებენ. შრომის კოდექსი დღეს არათუ ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, არამედ ზღუდავს და განვითარების საშუალებას არ აძლევს არც შრომის ბაზარს, არც ინვესტორს ახვედრებს ნორმალურ, განვითარებულ და კვალიფიციურ კადრებს და, რაც მთავარია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს სამუშაო ადგილზე და ფაქტობრივად ექსპლუატაციის პირობებში აიძულებს ადამიანს რომ იმუშაოს”, – აცხადებენ პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, შრომის კოდექსის შეცვლამდე სასწრაფოდ შესაჩერებელია ის მუხლები, რომლებიც დასაქმებულის უუფლებობას იწვევს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მთავრობამ სპეციალური ბრძანება უნდა გამოსცეს კოლექტიური მოლაპარაკებების წახალისებისათვის, რათა დასაქმებული და დამსაქმებელი შეთანხმდეს ისეთ პირობებზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის კოდექსში ცვლილების შეტანამდე კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს, ხოლო პროფკავშირებში რამდენიმე მუხლის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. დამსაქმებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესებს, ჯერჯერობით, მხოლოდ აკვირდებიან. მათი შეფასებით, თავის მოტყუება იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ არსებულ პრობლემებს მხოლოდ კოდექსის შეცვლა მოაგვარებს. დამსაქმებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კოდექსის თითოეულ პუნქტთან მიმართებაში სერიოზული კონსულტაციებია საჭირო, რათა არ იყოს რადიკალიზმი და ისეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, რომ ბიზნესი დაზარალდეს.
გაფიცვების სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში. სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ უფლებებს, თუმცა, მისი შეფასებით, გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმურია და პოლიტიკურად არის მოტივირებული, ნე-გატიურ გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე და ქვეყნის იმიჯზე.
პალატის განცხადებით, ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ მათი პრიორიტეტი “შრომის კოდექსის” გადახედვაა და, აქედან გამომდინარე, გაფიცვები მხოლოდ ასუსტებს ახალი მთავრობის ნდობისუნარიანობას და მის შესაძლებლობას დაიცვას, სოციალური სტაბილურობა. პალატის განცხადებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა უმსხვილესი ბიზნეს-ორგანიზაციაა, წარმო-დგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში და უფლებამოსილია ისაუბროს ბიზნესის სახელით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
მაგრამ ერთია დამსაქმებელთა არგუმენტები და მეორე არსებული რეალობა. შრომის კოდექსის ახლანდელი სახით არსებობის მომხრეების აზრის მიუხედავად, რომ ის თანაბარ პირობებში აყენებს დამსაქმებელსაც და დასაქმებულსაც, ფაქტია, რომ ამ კოდექსით კმაყოფილი მხოლოდ დამსაქმებლები არიან. ფაქტია ისიც, რომ დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, აქამდე დაქირავებულები ხმას ვერ იღებდნენ იმ კაბალური პირობების წინააღმდეგ, რომელშიც უხდებოდათ მუშაობა, სამუშაო ადგილებისა და იმ მიზერული ხელფასების დაკარგვის შიშით, რომელსაც დამქირავებლები მათ უხ-დიდნენ. ფაქტია ისიც, რომ დამსაქმებლებს ზურგს კანონმდებლობა უმაგრებდა. კანონმდებლობის შემოქმედი კი ქვეყანაში ხელისუფლებაა. შედეგად, მუშათა საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში არჩე-ვნების შდეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო.
რა შედეგს მოიტანს აწ უკვე ღიად დაფიქსირებული პროტესტი, ამას რამდენიმე ხანში გავიგებთ. საქართველოს უკვე ჰყავს არსებული შრომის კოდექსის მოწინააღმდეგე მთავრობა. ფაქტია ისიც, რომ მთავრობას არჩევანი აქვს გასაკეთებელი – რას უნდა მიანიჭოს უპირატესი მნიშვნელობა, დასაქ-მებულთა უფლებების დაცვას თუ რაც შეიძლება მეტი ინვესტორის მოზიდვას ქვეყანაში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial