მოსახლეობის მიგრაცია სოციალურ პრობლემათა ჭრილში

ზურაბ ტაბლიაშვილი, ფილოსოფიის მეცნ. კანდ., ჯამლეტ ჯანჯღავა, აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის პრორექტორი

საზოგადოების განვითარება და ფუნქციონირება ხორციელდება სოციალური პროცესების ფაქტორთა სიმრავლის ერთდროული მიმდინარეობისა და ურთიერთქმედების შედეგად. თითოეული ფაქტორი გამოწვეულია განსაზღვრული მიზეზებით და მამოძრავებელი ძალების მოქმედებით. ცალკეულ პროცესებს გააჩნია სხვადასხვა შინაგანი მექანიზმი და სტრუქტურა, ასრულებენ სხვადასხვა სოციალურ ფუნქციებს, ასტიმულირებენ სოციალური ცვლილებების ერთ ტიპს და ამუხრუჭებენ სხვებს.

მოსახლეობის მიგრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან სოციალურ პროცესს შესაბამისი სოციალური ფუნქციებით და შედეგებით, რომლის ზემოქმედება საზოგადოებაზე ძალზე მრავალმხრივია. იგი ინტეგრაციული წარმონაქმნია, რომელშიც მონაწილეობს მრავალი სოციალური ფაქტორი, რომელთა შეფასება არ შეიძლება ცალსახა იყოს.

მე-20 საუკუნის დასასრული კაცობრიობის ისტორიაში შევა, როგორც ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფებით უკიდურესად გადატვირთული ხანა, იძულებით ადგილნაცვალთა და ლტოლვილთა საგანგაშო ეპოქა, სახელმწიფოთაშორისი შრომითი მიგრაციის მსოფლიო მოვლენად გადაქცევის ეპოქა. ჩვენი ქვეყანა ამ გლობალური პროცესების უშუალო მონაწილეა და, შეიძლება ითქვას, ხშირად იგი ამ მოვლენათა ეპიცენტრადაც იქცა.

მიგრაციის მთავარ მიზეზებს მიეკუთვნება ომები, ეთნოკონფლიქტები, პოლიტიკური და რელიგიური დისკრიმინაცია და შევიწროება, დაძაბული მორალური და ფსიქოლოგიური ვითარება, უმუშევრობა, არასრული დასაქმება, მცირე შემოსავალი და ა.შ. ყველა ამ და მსგავს შემთხვევაში ითრგუნება ადამიანი, ქვეყანაში ასეთი პირობების მოჭარბებისას ადამიანი იძულებული ხდება დროებით ან მუდმივად მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი და ეძებოს საკუთარი რესურსების რეალიზაციის უკეთესი პირობები. ამრიგად, მიგრაცია ყოველთვის ძალმომრეობა, ძალადობაა ადამიანზე. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ ვინ ძალადობს მოქალაქეზე – გარედან მომხვდური თუ შინამტერი. ადამიანები, ასე თუ ისე მეტ-ნაკლები სიმტკიცით “მიბმულნი” არიან თავიანთ ისტორიულ მიწა-წყალზე, მეტ-ნაკლებად ყველას უჭირს მისი მიტოვება და სხვაგან “გადაბარგება”. ცნობილია, რომ სამშობლოსაგან მოწყვეტა ყოველთვის სასტიკ სასჯელად ითვლებოდა. ყველაზე საშიშ დამნაშავეს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში და შემდეგაც სამშობლოდან აძევებდნენ.

წლების მანძილზე მიმდინარე საომარმა კონფლიქტებმა მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოურ სივრცეში განსაკუთრებით ინტენსიური გახადა, ინსპირირებული საომარი კონფლიქტების შედეგად აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მკვიდრი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა ოდინდელი ქართული ტერიტორია და დევნილის სტატუსს ზიარებოდა. დევნილთა ამ დიდ არმიას დაემატა ე. წ. ეკოლოგიურ მიგრანტთა არცთუ მცირე რიცხვი. მიწისძვრებმა ზემო იმერეთსა და რაჭაში, ზვავებმა სვანეთში და მეწყერებმა აჭარაში იძულებული გახადა 32 554 ოჯახი (117925 კაცი) დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 1996 წ. ეკოლოგიურ მიგრანტთა რიცხვი შეადგენდა 28 930 კაცს. ისინი განასახლეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში1 საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველო უკვე მრავალი წელია, რაც გადაიქცა დევნილთა, ლტოლვილთა და მიგრანტთა ქვეყნად, სადაც მუდმივად ხდება კატასტროფები, მიწისძვრები, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რყევები, ადამიანთა გატაცებები და ტერორისტული აქტები, რომლებიც საყოველთაო სახალხო აღშფოთებას იწვევს. ჩვენთან თავისებურია ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალი, დევნილი მოსახლეობის პრობლემაც. თუ დასავლეთის ქვეყნები იღებენ სხვა ეთნიკური ჯგუფებისა და სისტემების ლტოლვილებს, საქართველოს სინამდვილეში პრინციპულად სხვა სურათია – საქართველო იღებს ეთნიკურ ქართველებს და მეორე – იგი ასევე ფართოდ უღებს კარს ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს – დიდად განსხვავებული კულტურის ხალხს, რაც უამრავ თავსატეხს უჩენს არა მარტო პანკისის ხეობის მოსახლეობას, არამედ სრულიად საქართველოს, ძირეულად ცვლის ამ პატარა რეგიონის სოციალურ-კულტურულ ლანდშაფტს. კიდევ უფრო ფართოდ ეღება კარი ნარკობიზნესს და ადამიანთა გატაცების სტერეოტიპულ (ჩვეულებრივ ფულადი გამოსასყიდის მოთხოვნით) ფაქტებს. ყოველივე ამან საერთაშორისო გამოძახილი შეიძინა. მაშასადამე, ლტოლვილთა და დევნილთა პრობლემა ქვეყანაში სოციალური წესრიგის მოშლის სტაბილურ წყაროდ იქცა. ყოველივე ამაში ოფიციალური სტრუქტურებისა და ცალკეული პირების საეჭვო საქმიანობა და წმინდა კომერციული ინტერესებიც ფიგურირებს.

დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ ადამიანთა ნაწილი იოლად მოერგო ახალ საცხოვრებელ ადგილს და ახალ პირობებს. მაგრამ მათი უმეტესობა მოკლებულია მუდმივი შემოსავლის წყაროს და თავს, ძირითადად, წვრილი ვაჭრობითა და არაკვალიფიციური ფიზიკური შრომით ირჩენს. მათ კიდევ უფრო დაამძიმეს მათი განსახლების ქალაქებისა და რაიონების ისედაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები. დაპირებული მილიონი სამუშაო ადგილი ხელისუფლებამ წვრილი მოვაჭრეების ქუჩაში დასაქმებით და მეტროს შესასვლელების ჩახერგვით მართლაც შექმნა. ქალაქი მთლიანად დიდ ბაზარს დაემსგავსა ბაზრული მორალითა და ყოფაქცევით. ამასთანვე, სახელმწიფოს მიერ დევნილებზე დაწესებული შეღავათები დანარჩენ მოსახლეობას გაუხდა გადასახდელი. წვრილ ვაჭრობაში ტრიალებს უმეტესად კონტრაბანდული თუ ფალსიფიცირებული, სუროგატული საქონელი, რომელიც ასევე ძალზე საზიანოა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და, მასაშასადამე, საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.

მიგრაციის პრობლემა ჩვენს მეცნიერებს ხშირად, ერთგვარად გამარტივებულად აქვთ წარმოდგენილი. ისინი ბევრს მსჯელობენ მის ეკონომიკურ თუ დემოგრაფიულ მხარეზე, ხოლო სოციალურ-ზნეობრივ მხარეს ნაკლებად თუ აქცევენ ყურადღებას ან სულაც მის იგნორირებას ახდენენ. აშკარად იგრძნობა შრომების აღწერილობითი ხასიათი, სტატისტიკით გადატვირთვა. აუცილებელი კი პრობლემის კომპლექსური ხედვა და ანალიზია. მიგრაციის პრობლემა მაშინ წარმოდგება როგორც სოციალურ ეკონომიკურ-პოლიტიკურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორთა რთული ერთობლიობა.

მიგრანტი არა უბრალოდ იცვლის საცხოვრებელ ადგილს, არამედ ერთი გარემოდან მეორეში ვარდება. მის წინაშე მთელი სიმწვავით დგება არჩევნის წარმატებულობის, მოლოდინის გამართლების, ახალი საარსებო გარემოს ათვისების მტკივნეული საკითხები. არანაკლებ მნიშვნელოვანია მის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების საკითხი. ეს უკანასკნელი ხშირად მტრულ შინაარსსაც იძენს. მომსვლელი აღიქმება მომხვდურად, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის კულტურულ თვითმყოფადობას (თვით ეთნიკურის ჩათვლით).

“შოკური თერაპიის” სახელით ჩვენს ქვეყანაში დანერგილმა ეკონომიკურმა სისტემამ, რომელმაც, როგორც პროფ. რ. ასათიანი აღნიშნავს, დაკარგა თერაპიის ფუნქცია და შოკში ჩააგდო საზოგადოება, აღაზევა ინდივიდუალიზმი. მომხვეჭელობამ, ერთი მხრივ და თვით გადარჩენის ინსტიქტმა, მეორე მხრივ, ყველა პირობა შექმნა ერის “განთვითეულობისათვის” /ილია/. ჩამოყალიბდა შესაბამისი ზნეობრივი იმპერატივები. ასეთ ვითარებაში ადგილი აღარ რჩება საზოგადოების არსებობისათვის. მისი თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების აზრით, სოციალური მობილობის სტიქიურმა და არაბუნებრივად მაღალმა დონემ სოციალურ ფენათა სრული არეულობა, სრული ზნეობრივი ქაოსი, ერთნაირი პლებეური მორალით აღჭურვილი ადამიანები წარმოშვა, რომელთაც ყველაფერი ნებადართულად მიაჩნიათ, რაც მათთვის სასარგებლოა. “ყველაფერი დასაშვებია, რაც კანონით არ არის აკრძალული” – ზნეობრივი კრიტერიუმების სრული იგნორირების ლოზუნგია, ერთგვარი ვიზაა კრიმინალური მორალის გაბატონებისა. პრაგმატიზმის უზომო მოძალებამ ზნეობრივი ვაკუუმის სივრცეში ღირებულებითი კატეგორიების სრული გადაფასება მოახდინა. ეს კი წარიმართა სრული ნიჰილიზმის ნიშნით. ნიჰილიზმი კი ყველაზე არასასურველი და საშიში სტუმარია – იტყვის ფ. ნიცშე. კულტურულმა გლობალიზაციამ და ინფორმაციულმა ბუმმა დაანახვა ადამიანს, რომ შეიძლება გაცილებით უკეთესად ცხოვრება, რისი შესაძლებლობებიც უმრავლესობისათვის აქ აღკვეთილია მათ მიერ, ვისაც ეს ხელეწიფება. აი, მნიშვნელოვანი მიზეზი იმ მასობრივი უკმაყოფილებისა, რომლის გამოხატვამაც ხშირად ქართული მენტალიტეტისადმი ადრე სრულად მიუღებელი და არაადეკვატური ფორმები მიიღო, როგორიცაა: თვითმკვლელობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, ალკოჰოლიზმი და ა.შ. ქართულმა ეროვნულმა ცხოვრებამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა შინაგანი სტრუქტურულობა, აშკარა საფრთხე შეექმნა ტრადიციულ ქართულ ღირებულებებს, რომელთაც დიდმნიშვნელოვანი როლი ენიჭება თვით სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში /მაგ. ერის სოციალური შემჭიდროებულობა, “კოლექტიური ცნობიერება” /დიურკჰეიმი/ და სხვა.

გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 1995 წლიდან 2001 წ. 3 თვის ჩათვლით სულ აღირიცხა თვითმკვლელობის 2023 ფაქტი. იგივე ტენდენციაა თვითმკვლელობის მცდელობის მხრივაც: 1995წ. იყო 56 მცდელობა, 2000წ. 78, ხოლო 2001წ. 3 თვეში 17.

2000 წ. ბოლოს ლიტვის რევოლუციის 10 წლისთავზე ქვეყნის საზოგადოებას ემცნო ვიტაუტას ლანდსბერგისის პოლიტიკური ანდერძის სახელით ცნობილი მიმართვის შესახებ. იგი დაწერილი იყო 10 წლის წინ და მისი გავრცელება მოხდებოდა დამოუკიდებლობის ჩახშობის შემთხვევაში. რადგან რევოლუციამ გაიმარჯვა, ეს საჭირო არ გახდა. დოკუმენტში ნათქვამია: “…ჩვენ მოგვიწევს წინ აღვუდგეთ უფრო საშიშ იარაღს, ვიდრე ტანკებია, ეცდებიან გაგვანადგურონ უზნეობით, უნიათობით, მაგრამ ნუ წავხდებით, სჯობს ვეწამოთ, ვიდრე სინდისი გავყიდოთ”.

კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩვენი სახელმწიფოებრივ ერად აღიარება, საშიშ ზღვარს მიუახლოვდა სახელმწიფოსა და ინდივიდის ურთიერთობა. დასავლეთში ფანჯრის გაჭრის შემდეგ ჩვენი დასნეულებული სასიცოცხლო ქსოვილისა და მყიფე სახელმწიფოებისა და დემოკრატიის “მონაპოვრებზე” გულაცრუებული ადამიანების დიდი ნაკადები წარიმართა საშოვარზე. მიმდინარე წლის 2001წ. ზაფხულისათვის, სპეციალისტების გათვლით, ემიგრაციაში იმყოფებოდა დაახლოებით 1500 ათასამდე კაცი. ახლა მიგრაციით მთელი საქართველოა მოცული. თუ ადრე, 90-იანი წლების პირველ ნახევარში, მიგრანტები უმეტესად სხვა ეროვნების ხალხი იყო, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოს უბრუნდებოდა, თანდათანობით ამ პროცესმა უფრო მონოქართული ხასიათი შეიძინა. ჯერჯერობით ეს მიგრაცია უმეტესად ცალმხრივ ხასიათს ატარებს – გარემიგრაციულია.

სოციოლოგიური გამოკითხვის მასალებიდან ირკვევა ემიგრანტთა განაწილების სურათი მათი მიმოსვლის მიზნების მიხედვით. მათ შორის ძირითადია: საქმიანი მივლინება, კომერცია, სტუმრად გასვლა და დაბრუნება. გასვლა სამუშაოს საძებნელად საერთოდ გამსვლელთა მიზნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო გამოკვლევის მიხედვით 13%-ია. დასაქმებისათვის გასულთა ძირითადი მასა რუსეთზე (52.5%) და თურქეთზე (32.2%) მოდიოდა. მეტ-ნაკლებად შესამჩნევია ევროპაში, ძირითადად საბერძნეთსა და გერმანიაში გასვლა. ამასთანავე როგორც ტურისტული ფირმების ხელმძღვანელები აცხადებენ, სტუმრად, ტურისტად წამსვლელთა 90-95 პროცენტი იქ დარჩენას აპირებს. მიგრანტთაA უმეტესობა ახალგაზრდა (40 წლამდე) და შრომისუნარიანია2 . ამავე გამოკვლევის მიხედვით ჩამოსვლის მიზნად დასაქმება დაასახელა 1.88%-მა. ეს, ალბათ, ის ხალხია ვინც ემიგრაციაში გარკვეული კაპიტალი დააგროვა და ახლა აქ აპირებს ბიზნესის კეთებას.

გარე შრომითი მიგრაცია ჩვენს მასობრივი უმუშევრობის ქვეყანას ერთგვარ პანაცეად მოევლინა და მაინც უმუშევრობა წლობით მატულობს. სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მიმდინარე წლის მაისში შარშანდელთან შედარებით 4,7 %-ით გაიზარდა და 124 800 ერთეული შეადგინა. მათგან უმეტესობა – 52.6 % ქალია, 22.8-30-წლამდე ასაკისაა, ხოლო 22.7% 30 წელზე უხნესია; განათლების მიხედვით – 29.2 % უმაღლესი განათლებითაა, 26.7 % – პროფტექნიკუმით და 37.7% საშუალო განათლებით; რეგისტრირებულ უმუშევართა 48.%-ზე მეტი ერთი წელია უმუშევარია, 33.7% ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 18.3% – ერთ წლამდე3 . ასეთი ანომალიები ახალგაზრდა შრომისუნარიანი და კვალიფიციური მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციის უპირველესი მიზეზია. ეს ადამიანები ზედმეტნი აღმოჩნდნენ ქვეყნისათვის, მისი სახალხო მეურნეობისათვის, რომლის პერსპექტივები ძალზე ბუნდოვანია და ხვალინდელი დღის რწმენის საშუალებასაც არ იძლევა. ამიტომ ახალგაზრდები ერთგვარი აზარტითაც მიდიან ემიგრაციაში. არ თაკილობენ ისეთ სამუშაოსაც, რომელსაც აქ, ალბათ, ახლოს არ გაეკარებოდნენ, მაგრამ იქ ღირსებაშელახულად სრულიადაც არ გრძნობენ თავს. სამაგიეროდ ისეთ გასამრჯელოს იღებენ, რომელზედაც აქ ვერც იფიქრებდნენ. იქიდან არჩენენ ოჯახს და აგროვებენ კიდეც დანაზოგს. ეს საუკეთესო შემთხვევაში, ხოლო არცთუ იშვიათად ისინი ფიასკოსაც განიცდიან. იძულებითი არალეგარული ცხოვრება მუდმივი დეპორტაციის შიშს იწვევს მათში. გოგონები პატრონობენ იქაური ოჯახის დავრდომილ მოხუცს ან ჩვილ ბავშვს. არიან შინამოსამსახურენი, ხოლო არაიშვიათად თრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. ასეთია ემიგრანტების წინააღმდეგობრივი ცხოვრება. ამიტომ, მიგრაცია არ შეიძლება ცალსახად შეფასდეს. ამ მოვლენაში აუცილებელია, როგორც მისი ზოგიერთი დადებითი მხარის დანახვა, ისე უარყოფითისაც. არ სჭირდება მას არც აპოლოგეტიკა და არც მთლიანად “გაშავება”. ახლა იგი უფრო გაჭირვებისგან თავის დაღწევის მცდელობაა, ხოლო ნაკლებ შემთხვევაში საკუთარი პოტენციალის, რესურსების რეალიზაციის საშუალება.

ყველაზე პასიონარული მოქალაქეების ქვეყნებიდან წასვლით საზოგადოება განიცდის დიდ ენერგეტიკულ დანაკარგებს, მით უმეტეს თუ ამ წასვლას უკან დაბრუნება არ მოჰყვება. ცნობილი იტალიელი მოაზროვნე, იურისტი ჩეზარე ბეკარია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ხაზგასმით მიუთითებდა, რომ ის, ვინც სამუდამოდ ტოვებს სამშობლოს, უფრო მეტ ზიანს აყენებს საზოგადოებას, ვიდრე ის ვინც თავს იკლავს4 . ენერგეტიკულად აქტიური ნაწილის ქვეყნიდან გაქცევა (მით უფრო “ტვინების გადინება”) ან გამიზნულობა გაქცევაზე თანამედროვე ქართული სინამდვილის დრამატული მხარეა. აკრძალვებითა და შეზღუდულობით ამას ვერ მოევლება. ჯერ ერთი, ვერ დაუშლი ადამიანს, იზრუნოს თავისი ნიჭისა და უნარის რეალიზაციასა და განვითარებაზე და მეორეც, როგორც ბეკარია მიუთითებდა, თვით აკრძალვა ქვეყნის დატოვებისა მოქალაქეებში მხოლოდ აძლიერებს მისი დატოვების სურვილს, ხოლო უცხოელებისათვის გაფრთხილებაა, რომ არ ეწვიონ ამ ქვეყანას. მოქალაქეთა მამულში დატოვების ყველაზე ქმედით საშუალებას იგი ხედავდა თითოეული მათგანის კეთილდღეობის ამაღლებაში5 .

ყველაზე მწვავედ ახალგაზრდობა განიცდის თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის ბლოკირებას, საზოგადოებაში არსებული სოციალური ნორმებით, რომლებიც სუბიექტური მიზნების მისაღწევ შესაბამისი საშუალებების არჩევანს ზღუდავენ. ამიტომ ახალგაზრდობის მიერ ქვეყნის დატოვება ამ სოციალური ნორმებისადმი პროტესტის ფორმად უნდა ჩაითვალოს. პროტესტის ამ სახით გამოხატვა კი ღრმა დემოგრაფიულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის, მოსახლეობის დაბერებას. მეცნიერებისა და სპეციალისტების აზრით, “ქართველმა ერმა დემოგრაფიული სიბერის განვითარებულ დონეს მიაღწია”. /ლეო ჩიქავა/6 , “საქართველოს მოსახლეობის დაბერების დღევანდელი დონე საშუალოა” /ანზორ თოთაძე/7 ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის ასეთი მდგომარეობა უდავოდ დამაფიქრებელია და კარგს არაფერს გვიქადის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნიდან მიგრანტების განუწყვეტელ ნაკადს და ამ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილის Hხშირად საეჭვო და უკადრის (მაგ: პროსტიტუცია) საქმიანობას ემიგრაციაში. როგორც სათანადო მასალაზე ანალიზი გვარწმუნებს, მიგრაციის პროცესში უხვად ფიგურირებს კორუფციაც. ელენე თევდორაძის განცხადებით, საზღვარგარეთ ემიგრირებულთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ქვეყნიდან გასვლას (კრიმინალები, საეჭვო რეპუტაციის ხალხი) და ამას დიდძალი ფულის დახმარებით მიაღწიეს. ახლა ბევრი მათგანი არალეგალურად ცხოვრობს იქ და უღირს საქმიანობასაც (ნარკობიზნესი, პროსტიტუცია და ა.შ) ეწევა, ამასთანავე გაურკვეველია, თუ სად ილექება ის უამრავი ფული, რომელსაც ასე მომრავლებული ტურისტული ფირმები მოიხვეჭენ.

იმ მრავალ პრობლემას შორის, რომელსაც მიგრაცია ქმნის, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომლებიც იმიგრაციის ქვეყნებში იჩენს თავს – ჩამოსულთა საბინაო მოწყობის, მათი დასაქმების და სხვა პრობლემები, ხშირად ეს ქვეყნები მიმართავენ იმიგრაციის შემზღუდველ ღონისძიებებს. გერმანიამ /1999წ/ და აშშ-მ /1995წ/ შეამცირეს თავშესაფრის მძებნელთა დაკმაყოფილება. დასავლეთელი მეცნიერები აშკარა შიშს გამოთქვამენ საკუთარი ეთნოსების ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის, მათი ტრადიციული ღირებულებების – თავისუფლების, დემოკრატიის, ოჯახის პერსპექტივის გამო, რაც შეიძლება აზია-აფრიკის მოსახლეობის ექსპანსიის მსხვერპლი გახდეს. ზოგიერთი სახელმწიფოს ხელისუფლებას კი მტკიცედ სჯერა საკუთარი ხალხის კულტურის სიმტკიცისა და სიცოცხლისუნარიანობისა მაგ. აშშ პრეზიდენტის – ჯორჯ ბუშის თქმით, იმიგრაცია ამერიკისთვის რთულ პრობლემას კი არა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული და წარმატებული ერის ნიშანს უნდა წარმოადგენდეს. ა.წ. ივნისში იგი გამოვიდა საიმიგრაციო წესების შემსუბუქების მოთხოვნით. მან მოუწოდა საიმიგრაციო სამსახურს დააჩქაროს აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭების ყველა განცხადების განხილვა. ამასთანავე დასავლეთისათვის იმიგრანტები აუცილებელია მათი ეკონომიკის აღმავლობის გამო. სპეციალისტების გაანგარიშებით, მათთვის უახლოეს ხანში საკმაო რაოდენობის ახალი სამუშაო ძალა აუცილებელი იქნება, იმიგრანტები კი, როგორც იაფი მუშახელი, მათთვის სავსებით მისაღებია.

დაბოლოს, გვინდა მივუთითოთ კიდევ ერთ ფრიად მნიშვნელოვან სპეციფიკურ ფაქტზე, რამაც გაუადვილა ქართველს სამშობლოსაგან მოწყვეტა. ეს არის უახლესი ათწლეულის მოვლენები. განგებამ თუ ისტორიამ ინება, რომ ქართველი განსაკუთრებით ერთგული ყოფილიყო თავისი სამშობლოსი, რომელიც მას უმაღლეს ფასეულობად მიაჩნდა, რომელსაც, როგორც, ილია ბრძანებს “ჩვენს მამულს – სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით”. თვითონ იგი მტკივნეულად განიცდიდა მისგან თუნდაც სულ მცირე ხნით განშორებას /ისევ ილიას “მგზავრის წერილები”/. ქართველი, თუ შეიძლება ითქვას, “ჯაჭვით იყო მიბმული” თავის მიწა-წყალზე /შესანიშნავად არის ეს გადაწყვეტილი გ. დანელიას ფილმში “მიმინო”).

ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში სამშობლოს ცნება არა მარტო მშვენიერ მიწა-წყალს უკავშირდებოდა, არამედ ეს იყო სათვისტომოც, ნათესაური, წმინდა ადამიანური სიახლოვის, მჭიდრო ურთიერთკავშირის მექა. სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე არაორდინარულმა, კატასტროფულმა მოვლენებმა გაფანტა ყოველგვარი რომანტიზმი, გაწყვიტა წმინდა ადამიანური ურთიერთობის, თანადგომისა და ალტრუიზმის ძაფები. ადამიანთა სულიერებაში უკიდეგანო პრაგრმატიზმმა დაისადგურა. კერძო ინტერესების პრიორიტეტმა, ხელისუფლებასთან შერწყმულმა ბიზნესმა უგულებელყო საერთო სახალხო, სახელმწიფოებრივი ინტერესები. ხელისუფლება თვითონ გამოვიდა ამ პროცესების მოთავედ და ინიციატორად. პოლიტიკურმა ელიტამ მთელი მონდომებით იღვაწა (საკუთარი) კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად პოლიტიკური პასუხისმგებლობის სრული დეფიციტის პირობებში. არაფერი მომხდარა ქვეყნის მთლიანობის (ტერიტორიული თუ სულიერი) აღდგენის მიმართულებით. მეთოდურად ქვემოთ იწევს მოსახლეობის ცხოვრების დონე. ჩვენ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა (სულ 526 კაცი) თითქმის ნახევარმა (47%) აღნიშნა, რომ მისი ოჯახის კეთილდღეობის დონე გაუარესდა წინა წელთან შედარებით. ხალხმა დაკარგა ყოველგვარი ოპტიმიზმი, ხვალინდელი დღის რწმენა. ამ და სხვა მსგავსმა, უკვე აღნიშნულმა ფაქტორებმა, მკაცრმა რეალობამ, სამშობლოს სიყვარულის გრძნობაც გაანელა მისი ნოსტალგიაც და ქართველი უცხოეთის გზას გაუყენა რაიმე სასიკეთოს ძიებაში.

მოსახლეობის მიგრაცია პროტესტის გამოხატვაც არის ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობისა და უკანონობის, სოციალური წესრიგის სრული მოშლის წინააღმდეგ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial