საქართველლოს საგარეო ვაჭრობა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე

ბონდო სოფრომაძე

საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების პირველსავე პერიოდიდან ცდილობს საერთაშორისო სავაჭრო უთრთიერთობებში ინტენსიურად ჩართვას. ამყარებს კავშირს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რომელთა შორის ევროკავშირის ქვეყნებს განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება.

განსაკუთრებული თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთზე ორიენტირებულ ჩვენს ქვეყანას, მასთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე, ძალზე გაუძნელდება დემოკრატიული სახელმწიფოს აქტიური ფორმირება თანამედროვე ცვლილებების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ცნობილია, რომ საქართველო უკვე ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა. ევროკავშირში გაწევრიანება კი მოითხოვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ერთ ძირითად მიმართულებას, მასთან მჭიდრო ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იცვლებოდა და თავის მაქსიმალურ დონეს 1998 წელს მიაღწია, როდესაც იგი გაუტოლდა 332,2 დოლარს და შეადგინა ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი მოცულობის 26,8%. ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მდგომარეობა თითქოსდა დამაკმაყოფილებელია. თუ მას განვიხილავთ ექსპორტ-იმპორტის ჭრილში, მაშინ სურათი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. საქმე ის არის, რომ აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა იმავე ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებელს აღემატებოდა დაახლოებით 8-10 ჯერ და ზოგჯერ კიდევ უფრო მეტად, რაც ძალზე უარყოფით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. გამოდის, რომ საქართველო მისთვის გასაღების ბაზარი უფროა, ვიდრე სრულფასოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა.

ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი უარყოფითია და იმპორტი ექსპორტს ყოველთვის დაახლოებით 3-4 ჯერ აჭარბებს. ამ მიმართებით მდგომარეობა განსაკუთრებით უარყოფითია ევროკავშირის ქვეყნებთან. შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულ ხასიათს მიიღებს, თუ მხედველობაში მივიღებთ ექსპორტ-იმპორტის სასაქონლო სტრუქტურას, სახელდობრ ექსპორტში სანედლეულო უპირატესობას, ხოლო იმპორტში სამომხმარებლო საქონელს.

ევროსაბჭოში გაერთიანების შემდეგ, საქართველო მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში სარგებლობს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით. ჩვენი ქვეყნისადმი გამოყენებული პრეფერენციათა სისტემა (პრეფერენცია ნიშნავს შეღავათს) ითვალისწინებს ევროპის განვითარებული ქვეყნების მიერ საქართველოსადმი გარკვეული დახმარების აღმოჩენას ექსპორტის განხორციელებაში, რაც გულისხმობს ექსპორტირებულ საქონელზე შემცირებული საბაჟო ტარიფების დაწესებას. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ევროპის განვითარებული ქვეყნები საქართველოდან შემოსულ საქონელზე აწესებენ შემცირებულ ტარიფებს, თანაც ამგვარ შეღავათებს ისინი ახორციელებენ ცალმხრივად, ყოველგვარი სანაცვლო შეღავათების გარეშე.

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეღავათიანი პირობების მიუხედავად ექსპორტირებულ საქონელზე ფორმდება სათანადო სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა საქონლის ექსპორტირებული ქვეყნის მიერ მომზადებული განკარგულების საფუძველზე. მაშასადამე საექსპორტოდ პრივილეგირებული საქონლის გადატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც წესი უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ აღრიცხვასა და კონტროლს. თუმცა, პრაქტიკულად, რამდენად ხორციელდება ეს მოთხოვნა, ძნელი წარმოსადგენია იმის გამო, რომ საკმაოდ გაძნელებულია ამ სახით არსებული ობიექტური ინფორმაციის მოკვლევა.

როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, ჩვენი ქვეყნის ფირმებისა და ერთობლივი საწარმოების ის ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანწილად ორიენტირებულია საექსპორტო წარმოების პროდუქციაზე, სიღრმისეულად არ არის გარკვეული და ინფორმირებული თავისი პროდუქციის შეღავათებისა და მათი გამოყენების მექანიზმის საკითხებში. ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ ე.წ “პრივილეგირებული სერტიფიკატის” მიღება შეუძლია ყველა მეწარმეს, თუკი მისი პროდუქციის იმპორტირების სურვილს გამოთქვამს ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა. საქართველოს ყოფილი ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს მიერ ამგვარი ე.წ. “ა” ფირმის სერტიფიკატი გაიცა 1995 წელს მხოლოდ 5, 1996 წ. – 14, 1997 წ. – 64, 1998წ. – 153, 1999წ. – 261 ერთეული. როგორც ჩანს, ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურ შესაძლებლობათა გათვალისწინებით ჯერ კიდევ არასაკმარისი. საქართველოს გააჩნია გაცილებით მეტი შესაძლებლობანი ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტო საქონლის ასორტიმენტის გაფორმებისა და მისი მოცულობის ზრდისათვის. საჭიროა მხოლოდ ქვეყნის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სათანადო დახმარება აღმოუჩინოს ექსპორტზე ორიენტირებულ ფორმებს, რათა მათ მაქსიმალურად ისარგებლონ და ამით ქვეყანა ასარგებლოს იმ შეღავათებითა და ხელშემწყობი პირობებით, რასაც მათ ანიჭებს მსოფლიოს 20 მაღალგანვითარებული ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცემული პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის ბენეფიციარის სტატუსი (სიტყვა “ბენეფიციარი” წარმოდგება ლათინური “ბენეფიციუმისაგან” და ნიშნავს წყალობას, ნაწყალობევს)

ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის არსებული მდგომარეობის განხილვისას მხედველობაშია მისაღები ის, რომ ექსპორტისა და იმპორტის შესახებ ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ოფიციალური მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირებულია და ასახავს რეალურ სინამდვილეს. საქმე ის არის, რომ საქონლის გამტანი და შემომტანი იურიდიული თუ ფიზიკური პირები, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის ცდილობენ და უმეტეს შემთხვევაში ახერხებენ კიდეც, საბაჟო საზღვარზე მოძრავი საქონლის ღირებულების შემცირებული მოცულობით წარმოდგენას, რითაც თავს არიდებენ ქვეყნის შიგნით მოქმედ საგადასახადო სისტემის მოთხოვნის ზუსტად შესრულებას. სახელმწიფოს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება კონტრაბანდული საქონელი, რომელიც შემოიტანება საბაჟოების გვერდის ავლით ან საბაჟო ორგანოების ცალკეულ წარმომადგენლებთან ფარული გარიგების გზით. ამ ხასიათის ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად საჭიროა როგორც საექსპორტო ისე იმპორტირებული საქონლის სრულფასოვანი კონტროლის სისტემის დანერგვა. ამ სფეროში ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ის უდიდესი გამოცდილება, რომელიც გააჩნია ამერიკის, ევროპისა და აზიის განვითარებული ქვეყნების საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებზე კონტროლის სახით. თუმცა, მარტო უცხოური გამოცდილება ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, თუ მასთან ერთად მკვეთრად არ ამაღლდა ჩვენი ქვეყნის საბაჟო ორგანოების მუშაკთა პასუხისმგებლობა, შინაგანი მომთხოვნელობა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მათზე დაფიქსირებული მოვალეობისადმი. ნათქვამის დასადასტურებლად გამოდგება თუნდაც ჩვენი ქვეყნის საბაჟოზე მოწვეული ფირმა ” Iთშ “-ის მუშაობის შედეგები. ეს ფირმა, რომელიც კონკურსით მოვიდა ჩვენთან საბაჟო საქმის გასაუმჯობესებლად, პირობას იძლეოდა, რომ ქვეყნის საბაჟოებიდან მიღებულ შემოსავლებს ყოველწლიურად დაახლოებით 1,5-ჯერ გაზრდიდა. მისი შემოსვლის დღიდან გავიდა დაახლოებით 2 წელი, მაგრამ საბაჟოებიდან შემოსავალი ზრდის ნაცვლად, რამდენადმე შემცირდა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვან წილად განაპირობა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცალკეული მომენტებისა და მუხლების გაუთვალისწინებლობამ, რამაც თავის მხრივ ხელი შუწყო საბაჟოზე მოძრავ ტვირთებზე კონტროლის შესრულებასა და საბაჟოს არაკეთილსინდისიერ და საეჭვო რეპუტაციის მქონე ცალკეულ მომსახურეთა თავისუფალ უკანონო მოქმედებას.

კონტრაბანდის შემცირების მიზნით 2000 წლის ივნისიდან მოქმედებაში შევიდა ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების დადგენილება, რომლის თანახმადაც განბაჟებული საქონელი სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად ჩამოერთმევა მის მფლობელს და გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში. ღონისძიება, როგორც ირკვევა, მკაცრია და მან უკვე გამოიღო დადებითი შედეგები, მაგრამ ამ სფეროში მდგომარეობის საშუალო გამოსწორებისათვის საჭიროა სხვა კიდევ უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება. მხედველობაში გვაქვს საგარეო ვაჭრობასა და საბაჟო სამსახურებში კომერციული ნიჭით დაჯილდოებულ, მაღვალკვალიფიციურ და კეთილსინდესიერ პირთა მიზიდვა და დამაგრება. ეს კი შეიძლება განხორციელდეს მათი შრომის ანაზღაურების მკვეთრი გაუმჯობესების გზით.

საბაჟო ორგანოებში შრომითი კოლექტივების მატერიალური დაინტერესების ერთ-ერთ ხელშემწყობ ღონისძიებად გვესახება ზეგეგმიურ საბაჟო შემოსავლების გარკვეული ნაწილის დატოვება მათ განკარგულებაში. ამ თანხის მიზნობრივ დანიშნულებას უნდა შეადგენდეს მუშა-მოსამსახურეთა შრომის პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესება და შრომის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური სრულყოფა. მიგვაჩნია, რომ ღონისძიების საშედეგო მაჩვენებელი მთლიანად გადასახადს ეკონომიკური სტიმულირებისათვის გამოყოფილი სახსრების მოცულობას და იმავდროულად მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟოების ფულად შენატანებს სახელმწიფო ბიუჯეტში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial