საფინანსო დაზვერვა მოდის!

ეკა გაბადაძე

“ბინძური” ფულის ლეგალიზაციის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო ერთიანდება. მსხვილი სახელმწიფოები, მათ შორის, რუსეთიც, აქტიურ ბრძოლას უცხადებენ შავ ფულს, რომლითაც ფინანსდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული შავბნელი ძალები – ტერორისტები, ნარკობიზნესმენები და იარაღით მოვაჭრეები. პროცესს არც საქართველო ჩამორჩა – ფინანსთა სამინისტროში შავი ფულის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ, კანონპროექტი მუშავდება!

რუსეთში შექმნილი სიტუაცია
(რუსული პრესის მიხედვით)
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფინანსო მონიტორინგის კომიტეტის შექმნის შესახებ, ბრძანებულებას მოაწერა ხელი (საფინანსო მონიტორინგი სხვა სიტყვებით, საფინანსო დაზვერვას ნიშნავს), თებერვლიდან კი რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მზვერავები მიიღებენ ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეთა თანხებზე!

ჯერ კიდევ 2000 წლის ზაფხულში, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია FATF (ფულის გარეცხვის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანათა ორგანიზაცია) რუსეთს “შავ სიაში” რთავდა, მთავარ პრეტენზიას წარმოადგენდა ის, რომ რუსეთში არ იყო საფინანსო დაზვერვა. თითქოს წარმოუდგენელია ფულის გარეცხვის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ სახელმწიფო დაზვერვით საქმიანობას არ ეწევა. 2001 წლის აგვისტოში რუსეთში მიიღეს კანონი ფულის გარეცხვის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო უფლებამოსილ ორგანოზე – ბანკები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ინფორმაცია ყველა ოპერაციაზე, რომელიც კონტროლს ექვემდებარება (მაგალითად, ანგარიშიდან 600 ათას რუბლზე მეტი თანხის მოხსნის შემთხვევაში). უფლებამოსილი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას – გვაქვს თუ არა საქმე ფულის გარეცხვასთან და გადაუგზავნის ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. ეს კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროში მომზადდა, იქვე მომზადდა ბრძანებულების პროექტი უფლებამოსილი ორგანოს შექმნის შესახებ (ფინანსთა სამინისტროში გადაწყვიტეს, მისთვის საფინანსო მონიტორინგის კომიტეტი დაერქმიათ). რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ვარაუდით, ფინანსთა სამინისტროზე უკეთ თავად გაარკვევდნენ, რა შემთხვევაში შეეხებოდა საქმე ფულის გარეცხვას და, ამდენად, უფლებამოსილი ორგანო (რუსეთის შსს-ს აზრით) უწყებათაშორისი სტრუქტურა უნდა ყოფილიყო, რომელიც ჩართავდა არა მხოლოდ შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს, არამედ, ვთქვათ, საგადასახადო პოლიციასაც… დაპირისპირება და კამათი დიდხანს გაგრძელდებოდა. მაგრამ 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლება და FATF გამუდმებით საუბრობენ საფინანსო დაზვერვის ეფექტურობის გაძლიერებაზე, რომლებშიც უკვე ტერორიზმთან ბრძოლა იგულისხმება. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მოვლენები დააჩქარა და პრეზიდენტმა პუტინმა, რომელმაც ზაფხულში ხელი მოაწერა სწორედ ფინანსთა სამინისტროში შემუშავებულ კანონპროექტს, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს შექმნაც დააჩქარა.

რუსეთში “დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის” შესახებ, კანონის შესაბამისად ბანკები და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები, ვალდებულნი არიან, აცნობონ შესაბამის ორგანოს მხოლოდ იმ გარიგებებზე, რომელთა მოცულობა 600 ათას რუბლს აღემატება. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ამ კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო არა ჭუჭყიანი ფულის გარეცხვის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ FATF-ის შავი სიიდან ამოღების სურვილი. FATF-იმ რუსეთს საფინანსო “სამრეცხაოს” სტატუსი “მიანიჭა”, ახლა კი რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ამ სიიდან როგორმე ამოშალონ. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა პუტინმა ნოემბერში ხელი მოაწერა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს – საფინანსო მონიტორინგის კომიტეტის შექმნის ბრძანებულებას. ეს კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან არის არსებული და მას ხელმძღვანელობს ვიქტორ ზუბკოვი.

FATF-ის და, საერთოდ, ამ ბრძოლის მთავარ მიზანს ტერორისტული ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვა წარმოადგენს.

საქართველოში საფინანსო დაზვერვაზე
მალე ალაპარაკდებიან
მთელ მსოფლიოში და ჩვენს მეზობელ რუსეთში მიმდინარე მოვლენები, წარმოუდგენელია, საქართველოზეც არ აისახოს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარები, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები ამ თემაზე ჯერჯერობით კონკრეტულ კომენტარებს არ აკეთებენ და ბევრი მათგანი საქმის კურსში საერთოდ არ არის, პროცესი მაინც მიდის. საჭიროა თუ არა საქართველოში საფინანსო მონიტორინგის კომიტეტის მსგავსი ორგანოს შექმნა და რას მოგვიტანს ეს? მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბებითა და ფინანსების ბრუნვით საქართველო ბევრად ჩამორჩება რუსეთს, შავი ფული ჩვენთანაც ტრიალებს. სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა აზრით, “ბინძური” ფულით ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა ფინანსდება. არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავენ, რომ ჩვენებური “შავი” ფულით ტერორისტებიც ფინანსდებოდნენ. შესაძლოა, ეს ცოტა აბსურდული განცხადებაც იყოს, მაგრამ დასაშვები ნამდვილად არის: საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ამისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

საფინანსო დაზვერვის შექმნას, ბუნებრივია, საქართველოში ბევრი მომხრე და უფრო მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ამ თემაზე საუბარის დაწყება უკვე დანაშაულის ტოლფასია. მაგრამ მსჯელობების მიუხედავად, როგორც ჩანს, პროცესის დაწყება მაინც გარდაუვალია. და საქართველოც მასში ჩართული აღმოჩნდება.

საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ჯავახიშვილი (“აღორძინება”) რუსეთის მსგავსად საქართველოში ფინანსური მონიტორინგის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება:
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და, თუ გნებავთ, ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფოების მიმართებას შავ ფულთან, შავ ბიზნესთან. მიმაჩნია, ბანკების და ფულის მოძრაობის მეშვეობით, მასთან ბრძოლა ეწინააღმდეგება ბანკების, როგორც ეკონომიკური ინსტიტუტების, შინაარსს. არაერთგზის განმიცხადებია, რომ, როდესაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ვინმე (და მით უმეტეს მთელი მსოფლიო) იწყებს ბანკებში ფულის მოძრაობის კონტროლით, მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, აქ ხაზგასმულია საზოგადოებისათვის შესაბამისი ორგანოების (ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების) უსუსრობა. მეორე მხრივ კი თვითონ ამ უბედურების (ნარკომანია-ნარკობიზნესი) სათავე მის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილის არქონაა. ჩემი ეს მოსაზრება საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირთათვის არაერთხელ მითქვამს. ნარკოტიკებს უნდა ვებრძოლოთ არა ბანკებში, არამედ პლანტაციებში. დღეს კოსმოსიდან შეიძლება დადგინდეს მიწის წიაღში რა ხდება და კანაფის პლანტაციების პოვნა გაძნელდა?.. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ნარკომაფია იმდენად ძლიერი და იმდენად შესისხლხორცებულია წამყვანი სახელმწიფოების ხელისუფლებასთან, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს მხოლოდ იმდენად და იმ მიმართულებით, რაც უფრო ძვირს და მომგებიანს გახდის ამ ბიზნესს.

არსებობს მეორე მხარეც, სადაც შავი ფული შეიძლება ტრიალებდეს – იარაღით ვაჭრობა.
ვინ ვაჭრობს იარაღით? სახელმწიფოები, და იგივე სახელმწიფოები ებრძვიან იარაღით ვაჭრობას. მსოფლიო მასშტაბით ასეა. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, ბანკები, ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც მოიზიდავენ თავისუფალ ფულად სახსრებს და განათავსებენ მას მომგებიანად. ეს ყველა ქვეყნის კანონმდებლობაშია ჩაწერილი. არსად წერია, რომ საუბარია აუცილებლად “თეთრ” ფულზე, ნარკოტიკების თუ სხვა ფულზე… აქ საუბარია, ზოგადად, ფულსა და მის მოძრაობაზე. თუ სახელმწიფომ, თუ გნებავთ პლანეტამ, ნარკოტიკი საქონლად აქცია, მას აქვს თავისი ღირებულება, ფასი, მოგების ნორმაც, ეს უკვე ეკონომიკურ კატეგორიებში ჯდება და იქ პოსტ-ფაქტუმ არ უნდა იბრძოლო. თუ ვინმეს ბრძოლა სურს, კარგად იციან, სად მოჰყავთ და ამუშავებენ ნარკოტიკს. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებაც კარგადაა ინფორმირებული, ჩვენს ქვეყანაში სად არის პლანტაციები და გადამამუშავებელი ფაბრიკები…

ნარკოტიკებსა თუ სხვა შავ ბიზნესში მოპოვებული ფული ძალიან ხშირად აფინანსებს გარკვეულ ტერორისტულ ორგანიზაციებს და, რატომღაც, სურთ ბრძოლა აქედან დაიწყონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ სურთ, რომ ნარკოტიკებში ამდენი ფული იყოს, გაანადგურონ პლანტაციები! თუ არ სურთ, რომ იარაღით ვაჭრობაში ტრიალებდეს შავი ფული, ნუ ივაჭრებენ იარაღით! ბოლოს და ბოლოს, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ რომ შეწყდეს, გაცილებით ეფექტური იქნებოდა. ნარკოტიკი იმიტომ ჯდება ასეთი ძვირი, რომ ამდენს მის აღსაკვეთად იბრძვიან. თორემ ნარკოტიკების მოყვანა, კარტოფილის მოყვანის ფასი ჯდება.

რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც რომ ჩამოყალიბდეს საფინანსო დაზვერვა, რას გამოიწვევს?
ანალოგიური სტრუქტურა რომ შევქმნათ საქართველოში?! ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ჩვენ გვყავს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები, გარდა ამისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კომისიები, სამართალდამცავი ორგანოები, კრიმინოგენური სიტუაციის მარეგულირებელი ორგანიზაციები… გეკითხებით, რამეს აკეთებენ ისინი, რომ ახალი შევქმნათ? არ არსებობს ნება და იმიტომ არ კეთდება არაფერი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კანონი, საფინანსო დაზვერვას იგივე მაფიოზური სტრუქტურები მშვენივრად გამოიყენებენ ყველა დანარჩენი მათი კონკურენტების დასათრგუნად! არავითარი აზრი არ აქვს ამ სტრუქტურის შექმნას, განსაკუთრებით საქართველოში. დაწყობილ ქვეყანაში, სადაც თავის მოვალეობას ყველა პირნათლად ასრულებს, შეიძლება ასეთი საფინანსო დაზვერვის ორგანოს შექმნა. საქართველოში ასეთის შექმნა კიდევ უფრო შეზღუდავს თავისუფალ კონკურენციას (თუკი ასეთი არსებობს) და ისევ მაფიოზური კლანების და ოჯახური კასტების გამდიდრება მოხდება. გამოიყენებენ იმათ წინააღმდეგ, ვინც მათ ბიზნესში ცხვირის ჩაყოფას შეეცდება. სამწუხაროდ, ამის გამკეთებელი საქართველოში ძალიან ბევრია – თითქმის მთელი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე საუბრის დაწყებაც კი უკვე დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ კიდევ ერთ ბერკეტს მივცემთ მაფიოზურ სტრუქტურებს, რომ ყველა დანარჩენი, ვინც მის კლანში არ არის, განადგურდეს. ამაზე მსჯელობის დაწყებაც კი აპრიორში ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოში კორუფიცას ვაღრმავებთ!

დავით სალარიძე (ფრაქცია “მრეწველები”): “საერთოდ, ჩვენი კანონმდებლობა ასეთ რამეს არ ითვალისწინებს, მაგრამ, პრინციპში, საგადასახადო ადმინისტრირების განმტკიცების თვალსაზრისით, ასეთი სქემის შემოღება უპრიანი იქნებოდა. ვინ აკონტროლებს დღეს საქართველოდან გადინებულ კაპიტალს და მის მოძრაობას?.. ამიტომ ამ ინსტიტუტის შემოღება, ვფიქრობ, დროულია. კარგად გასააზრებელია. მაგრამ, სამწუხაროდ, იმედი არ მაქვს, რომ ეს ორგანო ეფექტური იქნება. ადმინისტრირების რა საშუალებებიც გაგვაჩნია, საგადასახადო ინსტიტუტები, ისინიც ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ახლის მოგონება რაღა საჭიროა?

რუსეთში, ანალოგიური სამსახურის მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იბრძოდნენ. თქვენი აზრით, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს ასეთ ორგანოს (თუკი ის შეიქმნება)?
რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს საფინანსო ინსტიტუტებზე და არავითარ შემთხვევაში შინაგან საქმეთა ორგანოებზე დამოკიდებული. შინაგან საქმეთა ორგანოებმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. თუ მსგავსი რამ შეიქმნება საქართველოში ან მოიაზრება, რა თქმა უნდა, საფინანსო ინსტიტუტებთან – იქნება ეს შემოსავლების სამინისტრო, საგადასახადო დეპარტამენტი თუ სხვა; შეიძლება დამოუკიდებელი სტრუქტურაც იყოს, თუკი ამას ჩვენი ბიუჯეტი გაუძლებს. სხვათა შორის, რუსეთში ამ ორგანოს შექმნა ასეთი ტექსტით მიდიოდა – ჩვენ არ გვაქვს თოფი, იარაღი, თუ ავტომატი. ჩვენ გვაქვს რევიზიის აქტი, კალამი და ქაღალდი! აი, ასე იბრძვიან რუსეთში.

რუსეთში ამ ორგანოს შექმნის ერთ-ერთი მოტივი ტერორიზმთან ბრძოლაც იყო…
რუსეთი დიდი ქვეყანაა. საქართველოში კონტროლის სქემა მიბმული უნდა იყოს ფულადი დინების თვალსაზრისზე. განვიხილოთ მარტივი მაგალითი: მოგეხსენებათ, რომ საექსპორტო პროდუქცია ჩვენთან ნულოვანი განაკვეთით იბეგრება; ამის არსი იმაშია, რომ ქვეყნის გარეთ გაყიდული პროდუქციიდან შემოსული ვალუტა ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ვალუტის გამყარებას და, საერთოდ, ვალუტის შემოდინებას. გეკითხებით, ვინმე თუ აკონტროლებს ექსპორტის რაოდენობას ან მიღებულ თანხებს, ან რომელ ოფშორულ ზონაში განთავსდა ეს თანხები, სად გადარიცხეს და ა.შ.?! ამის კონტროლი არ არსებობს!

რაც შეეხება საფინანსო მონიტორინგს, ასეთ სიტუაციაში გამართლებულია თუ არა მისი შექმნა საქართველოში და თქვენი აზრით, ხელს ხომ არ შეუწყობს მისი ჩამოყალიბება კორუფციის გაღრმავებას?
არა მგონია. ისე კი, იმის შიშით, რომ ამა თუ იმ ორგანომ კორუფციას ხელი არ შეუწყოს, არ შეიძლება კონტროლის მექანიზმები არ შევქმნათ. რაც შეეხება საფინანსო მონიტორინგის ორგანოს შექმნას, ამაზე საუბრის დაწყება მინისტრთა კაბინეტის შემოღების შემდეგ იქნება უპრიანი. ამგვარი კაბინეტის შემოღებით გამყარდება საფინანსო ინსტიტუტები, გადაწყდება მრავალი კომპლექსური საკითხი.

გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი ნიკო ლეკიშვილი კი ასე აფასებს რუსეთსა თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
მსურს დაგარწმუნოთ, რომ შავი ფული საქართველოს ბანკებში არ ტრიალებს. შავი ფული, ძირითადად ტრიალებს ქონებაში, ამ ფულით იძენენ ფაბრიკებს, ქარხნებს, შენობებს და ა.შ. ბანკებში, ცალსახად ვაცხადებ, შავი ფულის ძალზე მცირე პროცენტი თუ იქნება. რუსეთში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა – იქ ბანკები არის დაფუძნებული იმ კომპანიების, ორგანიზაციების მიერ, რომლებიც თავად ფლობენ შავ ფულს, ანუ ბანკები რუსეთში სწორედ შავი ფულით შეიქმნა! საქართველოში სულ სხვაგვარი სიტუაციაა – ყველა მოქმედი სოლიდური ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, KDF -ის და სხვათა მიერ არის შექმნილი, მათივე მხრიდან კონტროლდება.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, რომელზეც ახლა მუშაობენ…
ეს კანონი ძალიან ბევრ რამეს მოაწესრიგებს, მაგრამ აქ კიდევ სხვა მომენტია. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში 10-15 ბინა, ფართობები, მაღაზიები აქვთ ზოგიერთებს შეძენილი, ყიდულობენ გაჩერებულ ქარხნებს… ასე რომ, საკითხს ორი მხრიდან უნდა შევხედოთ – ეს ყოველივე უნდა აღვკვეთოთ თუ მოვახდინოთ ლეგალიზება? პირდაპირ უნდა განვაცხადო, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, გარკვეული თანხა შემოედინება. ეჭვი მეპარება, რომ ყოველივე კიდევ უფრო ჩრდილოვან მხარეს შეიძენს. მაგალითად, აღარავინ დააფიქსირებს, რომ დავუშვათ, ბინა იყიდა 50 ათას ლარად, ხოლო ქალაქის ბიუჯეტი გარკვეულ შემოსავალს დაკარგავს.

ანუ თქვენი აზრით, შეიძლება კორუფციის ახალი წყარო გაჩნდეს?
შესაძლებელია და სწორედ ამიტომ კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს ყველაფერი. დღეს ჩვენთან ხელფასები არ არის ლეგალიზებული და ეს არის პრობლემის მთავარი ნაწილი. ამიტომ ჩვენ უკუღმა ნუ დავიწყებთ საქმის კეთებას. ეს დიდი, გლობალური პრობლემები თუ არ მოგვარდა, საქმე არ გაკეთდება. სჯობს პირველ რიგში ეს საკითხი მოგვარდეს და ამ კანონზე მუშაობა პარალელურად წარიმართოს. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იქმნება ადამიანი უდაბნოში ხეს რომ ჩარგავს და არ მორწყავს, შედეგად კი ტყის აღმოცენებას დაელოდება! ცალკე ეს კანონი ვერ ამოქმედდება. დღეს თუკი ვინმე მეტყვის, რომ თბილისში ერთი ადამიანი მაინც ბანკის ანგარიშებიდან იშენებს სახლს ან ყიდულობს ქარხანას, ეს არის ელემენტარული გულუბრყვილობა. ეს იქნება ელემენტარული გაუთვითცნობიერებულობა ვითარებაში და ასეთი რამ, პრაქტიკულად, არ ხდება. შავი ფული უცხოეთის გაუკონტროლებელ ბანკებშია! მაგალითისთვის კარლოვივარის მთელი ბიზნესი რუსების ხელშია! როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს?.. ისე კი, მთავარია, რომ შავი ფული არ მოხმარდეს ბინძურ საქმიანობას, მაგრამ თუკი ქვეყნის განვითარებას მოხმარდება, ამით არაფერი დაშავდება!.. კიდევ ვიმეორებ, ასეთი კანონი აუცილებელია, მაგრამ კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაში არსებობს, ცალკე, მოწყვეტილად არც ერთი კანონი არ “იმუშავებს??!

ამასობაში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მუშავდება კანონპროექტი “საქართველოს კანონი შავი ფულის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” (კანონპროექტის ავტორები არიან ფინანსთა სამინისტროს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები: დავით ლომიძე, დავით კორძაძე და გელა წიკლაური). ამ კანონის მიზანია “დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის (გათეთრების) აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმების შექმნით, დაიცვას საქართველოს მოქალაქეთა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებები და ინტერესები. აგრეთვე, ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენის გამოვლენასა და კანონმდებლობით დადგენილ იმ ღონისძიებათა დროულ გატარებას, რომელიც ითვალისწინებს დამნაშავე პირებისთვის დანაშაულის შედეგად მიღებული სახსრების ფლობის, გამოყენებისა და განკარგვის უფლების ჩამორთმევას.

– ყველა ის ქმედება, ნორმატიული აქტი, რომელიც მიმართული იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომზეურებისკენ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება. ნებისმიერი ინიციატივა, მხარდაჭერა, სურვილი რაღაც ქმედებისა არის ფუჭი, თუკი არ იქნება ნება მისი განხორციელებისა. თუკი იქნება ნება, ამოცანა ძალზე მარტივია – სახელმწიფოს სჭირდება განვითარება. ეს განვითარება უნდა იყოს ერთიან ობიექტურ სამართლებრივ სივრცეში მოქცეული. თუკი ეს განხორციელდება და ყველა ამ “თამაშის წესებით” (პირობითად) იხელმძღვანელებს და განახორციელებს თავის საქმიანობას, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სერიოზულ პროგრესთან გვექნება საქმე. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც ადამიანის მიერ, არის მოგონილი, გადალახვადია იგივე ადამიანის მიერ თუ არის სურვილი. თუ ასეთი ქმედებები განხორციელდება, გააზრებული უნდა იქნას ყველა დეტალი და მოიცვას ყველა პროცესი! – აცხადებს გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრი, ლევან ძნელაძე.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ბატონი ზურაბ ნოღაიდელი თავის სამინისტროში შემუშავებული კანონპროექტით აღფრთოვანებას ვერ ფარავს და აცხადებს: “ამ კანონზე მუშაობას რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია – შავი ფულის გათეთრებას საქართველოში განსაკუთრებული მასშტაბები არ მიუღია, მაგრამ ეს ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის. მართალი გითხრათ, თავად გაკვირვებული დავრჩი მომზადებული კანონპროექტის მასშტაბებით და დონით. საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია. ამ პროცესს ოპტიმისტურად ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციებიც იყო, ჩვენ ისედაც ვაპირებდით ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მაქსიმალურად დაგვეხმარებიან ამ კანონის არა მარტო შექმნაში, არამედ მის რეალიზებაშიც. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს “არანორმალური” ტვირთების მოძრაობას, გათეთრებული შავი ფული კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში შეიძლება გამოიყენონ. ვფიქრობ, ყველა სოლიდური კომპანიის ინტერესში იქნება ამ კანონის ამოქმედება, რადგან ამით საქართველოში ბიზნესის უფრო მეტი ლეგალურობის საფუძველი შეიქმნება”.

და მაინც, რატომ დაიწყეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა. იყო თუ არა ეს საერთაშორისო ინსტიტუტების დავალება?

“მმე” ფინანსთა სამინისტროს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ბატონ ზურაბ ანთელიძეს ესაუბრა:
კანონპროექტი “შავი ფულის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მომზადდა. პრეზიდენტის დავალების შემდეგ ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც საელჩოების საშუალებით მოგვაწოდა ინფორმაცია ანალოგიურ კანონპროექტებზე; გავეცანით ისრაელის, იტალიის, შვეიცარიის, რუსეთის კანონპროექტებს. ყველა ქვეყანაში პრობლემა ერთი და იგივეა. რისი შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას, ისეთივე დოზით და დონით იბრძვის შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ. მიღებული ინფორმაციის ანალიზის, შეჯერების საფუძველზე შეიქმნა ეს დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებზე მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციითაც დავიწყეთ. ეს გახლავთ ორგანიზაცია FATF (Financial Achion Tash Force on Money Laundering) – შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია. მათი რეკომენდაციებიც, ბუნებრივია, გამოყენებულია ჩვენს კანონპროექტში.

ძირითადად, რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი?

ძირითადი მომენტებია: კანონპროექტში არის განსაზღვრული ის პროცედურები, რომლითაც მოხდება შავი ფულის გათეთრების აღმკვეთი ღონისძიებები. ესენია: შიდა კონტროლი, აუცილებელი კონტროლი, კლიენტებისა და სხვა პირების ინფორმირების აკრძალვა იმ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ტარდება დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციის, გათეთრების, აღკვეთისათვის და საქართველოს კანონმდებლობით მიღებული სხვა დამატებითი ღონისძიებები… ჩამოთვლილია კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს დაქვემდებარებულ ოპერაციებს – ბანკები, საკრედიტო ინსტიტუტები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები; ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეები; სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიები; ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი ორგანიზაციები; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ ნივთებთან საქმიანობით დაკავშირებული ორგანიზაციები; უძრავი ქონებით მოვაჭრე სააგენტოები; საინვესტიციო კომპანიები; სატრასტო კომპანიები; ნოტარიუსები… ეს ის ორგანიზაციებია, სადაც შეიძლება შავი ფულის გათეთრების ოპერაციების განხორციელება.

რუსეთში, ანალოგიური კანონით, ბანკები და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, განაცხადონ შესაბამის ორგანოში იმ გარიგებების შესახებ, რომელთა მოცულობა 600 ათას რუსულ რუბლს (დაახლოებით, 20 ათასი აშშ დოლარი) აღემატება. თქვენ მიერ შექმნილ კანონპროექტში, შესაბამისად, რა თანხაზეა საუბარი?
ოპერაციები ფულადი სახსრებით ან სხვა ქონებით (უძრავი ქონების გარდა) ექვემდებარება აუცილებელ კონტროლს, თუ განსახორციელებლი ოპერაციის მოცულობა აღემატება, პირობითად, 30 ათას ლარს და, შესაბამისად, თუ მიეკუთვნება რისკ-ოპერაციათა რისკ-ჯგუფებს – ჩატარებული ან ჩასატარებელი ოპერაციისთვის იურიდიული პირის ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვა და ანგარიშიდან ნაღდი ფულის მოხსნა, როცა ეს ოპერაციები არ შეესაბამება აღნიშნული იურიდიული პირის სამეურნეო საქმიანობას. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირი ეწევა სამეურნეო საქმიანობას, თავისი პროდუქციის მიწოდებით მიიღო ანაზღაურება, ეს არ დაექვემდებარება კონტროლს. მაგრამ თუ პირი რაღაც საქმიანობას ეწევა, ხოლო სრულიად განსხვავებულიდან მიიღო დიდი ოდენობით თანხა, უკვე იბადება ეჭვი…

ბატონო ზურაბ, სხვა არაფრით რეგულირდება შავი ფულის გათეთრების აღმკვეთი ღონისძიებები?
დავიწყოთ იქიდან, საბანკო ოპერაციებზე ბანკმა სამართალდამცავ ორგანოებს რომ ინფორმაცია მიაწოდოს, ამისათვის საჭიროა, სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ სასამართლოს სჭირდება საკმაოდ არგუმენტირებული დასაბუთება ამა თუ იმ პირის ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციებისა. არ მსურს იმის თქმა, რომ ამ ფუნქციით სამართალდამცავ ორგანოებს თუ სხვას, უფლება ექნებათ, მოსთხოვონ ბანკს, კონკრეტული პირის ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. ეს არ მოხდება.

საერთოდ, ვინ იქნება ამ სისტემის მარეგულირებელი?
ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია და დარწმუნებული ვარ, დიდ დისკუსიებს გამოიწვევს. თუ რა უნდა იყოს ის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ამ ინფორმაციას მიიღებს და შემდეგ გადაამუშავებს, ჩვენი კანონპროექტით ამ ორგანოს განსაზღვრავს პრეზიდენტი.

სხვა ქვეყნებში როგორ რეგულირდება?
მაგალითად, იტალიაში საკმაოდ რთული სისტემაა, რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია (ხუთი), ყველა იღებს ამ ინფორმაციებს და ისინი, ამავე დროს, ერთმანეთსაც აკონტროლებენ. ზოგი პარლამენტს ექვემდებარება, ზოგი – ეროვნულ ბანკს, ზოგი – შინაგან სამინისტროს… ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს შერჩეული ეს ორგანო. ჩემი სუბიექტური აზრით, ამ ორგანოს მოკვლევის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. ეს ორგანო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის შემკრები, გამაანალიზებელი. შემდეგ, სადაც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, საქმეში უნდა ჩაერთოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები. ისე კი, ფინანსთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის თუ სხვათა დაქვემდებარებაში იქნება თუ არა ეს ორგანო, ცალკე საუბრის თემაა.

“შავი ფულის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” კანონპროექტი გასაცნობად გაეგზავნათ სხვადასხვა სამინისტროებს, შესაბამის უწყებებს. ჩვენი ინფორმაციით, ამ კანონპროექტით საკმაოდ დაინტერესდა ეროვნული ბანკიც…

აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ამ კანონის ამოქმედებას სხვა საკითხების დარეგულირებასთან ერთად შესაბამისი სპეციალისტები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სჭირდება და არც ისე მცირე მასშტაბიანი… კიდევ ერთი ნიუანსი – ჯერჯერობით, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს თუ სტრუქტურას არ აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია წინასწარ იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვქონდეს შავი ფულის გათეთრებასთან. ამ ორგანოში (თუკი ასეთი შეიქმნება) არსებული ინფორმაცია იქნება დახურული, იგი არ იქნება საჯარო!

ინფორმაცია, რომელსაც მიიღებს უფლებამოსილი ორგანო, ვერ გაშიფრავს ამა თუ იმ ფირმის, კომპანიის, ინსტიტუტის ისეთ ინფორმაციას, რომელიც ზიანს მიაყენებს მათ საქმიანობას! – აცხადებს ზურაბ ანთელიძე. კანონპროექტით ფირმის საიდუმლოების გაცემა, ანონიმური ანგარიშების გახსნა იკრძალება. კანონპროექტი, ჯერჯერობით, დასახვეწია. ალბათ, საბოლოო სახეს რამდენიმე თვეში მიიღებს, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, იგი დავებისა და დისკუსიების საგანი აუცილებლად გახდება. ზოგი იმასაც ამბობს, რომ კანონპროექტი მიხეილ სააკაშვილის “დაუსაბუთებელი ქონების” შესახებ, კანონპროექტის ბედს გაიზიარებს. თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
რუსი ოლიგარქები
მიდიან…
რას მოიმოქმედებენ ქართველები?
ნოემბრის თვეში “ნეზავისიმაია გაზეტა” მეტად საინტერესო მოვლენებზე “ალაპარაკდა”. რუსულ ბიზნესში საოცარი მოვლენები ხდება. მსხვილმა ოლიგარქებმა თავისი აქტივების ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტეს, ზოგმა აქტივები უცხოელ პარტნიორებს გადასცა მმართველობაში. მაგალითად, ლონდონში დარეგისტრირებული Millhouse Capital თავის მმართველობაში იღებს “ციმბირის ნავთობის”, “რუსული ალუმინის” და ამ სტრუქტურებთან დაკავშირებული კომპანიების აქტივებს. თავის მხრივ, ჰოლდინგი “ინტერროსი” თავისუფლდება არაპროფილური აქტივებისგან. ნაწილობრივ, “ალფა-ჯგუფმა” და Bრიტისჰ Pეტროლეუმ-მა იყიდეს ჰოლდინგისგან ნავთობკომპანიის “სიდანკოს” პაკეტი. რუსეთის პურის მონოპოლიაში “რუსეთის პურპროდუქტები” თავის წილს მისი ხელმძღვანელი, ლეონიდ ჩეშინსკი დაემშვიდობა.

ამასთანავე, ბიზნესმენები აქტიურად მუშაობენ უცხოური შვილობილი კომპანიების შესაქმნელად. ჰოლდინგ “გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების” ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ სრულიად ოფიციალურად ითხოვა შვილობილი კომპანიის ჰოლანდიაში დარეგისტრირება. “ალფა-ჯგუფმა” კი საერთოდ შეიძინა ჰოლანდიური “შვილობილი” “სბს-აგრო”, რაც ჰოლდინგს ევროკავშირის ქვეყნებში ბანკის ფილიალების შექმნის საშუალებას მისცემს. ამას გარდა, არაოფიციალური ინფორმაციით, “ალფა-ჯგუფის” შეფი, მიხეილ ფრიდმანი მტკიცედ არის განწყობილი კორპორაციის ფულის ინვესტირებაზე საზღვარგარეთ, თანაც მისი მასშტაბი ასეული მილიონი დოლარით განისაზღვრება. ობიექტად, სავარაუდოდ, არაბეთის ერთ-ერთი ქვეყანა იგულისხმება…

ერთი სიტყვით, ყველა ზემოჩამოთვლილი მოვლენა მშვენივრად ჯდება რუსულ ბიზნესში მიმდინარე პროცესებში. მაინც, რას ნიშნავს ყოველივე? ე.წ. არაპროფილური აქტივების გაყიდვა და კაპიტალის გამოთავისუფლება, საზღვარგარეთ შვილობილი კომპანიების შექმნა და უცხოურ კომპანიებზე აქტივების მმართველობაში გადაცემა წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა რუსეთის ბიზნესმენთა მცდელობას, თავი დაიზღვიონ სახელმწიფოს მიერ საკუთარ ბიზნესში ჩარევისაგან. რუსეთის ბიზნესმენები უკვე აღარ ეჭვობენ, რომ მალე სახელმწიფო შეტევას განახორციელებს კერძო ბიზნესზე.

რუსეთში საფინანსო მონიტორინგის კომიტეტი, დაახლოებით, თებერვლის თვიდან ამოქმედდება და შეუდგება მუშაობას – შეაგროვებს ინფორმაციას შავი ფულის გამთეთრებელ ორგანიზაციებზე. საქართველოში, ალბათ, ანალოგიური პრობლემები სულ მალე დადგება დღის წესრიგში. ქართველები განგებისაგან გამომგონებლობითი უნარით უხვად არიან დაჯიდლოებულნი და კანონისა და შესაბამის უფლებამოსილი ორგანოთი ლავირებასაც ადვილად შეძლებენ.