ეკონომიკის მართვას კვალიფიციური კადრები სჭირდება

მაია რაზმაძე

ეკონომიკა რომ სახელმწიფოს პოლიტიკის და, საერთოდ, ქვეყნის კეთილდღეობის, მისი ნორმალური განვითარების ბაზისს წარმოადგენს, ბავშვობიდან გვინერგავდნენ. დღეს ნებისმიერ სფეროში არსებული სირთულეების ყველა მიზეზი საბოლოოდ ეკონომიკურ პრობლემებამდე დადის. ქართულ ეკონომიკას, ჯერჯერობით, ვერავინ და ვერაფერმა უშველა. მიზეზი ბევრია.

ექსპერტთა აზრით, ეკონომიკური, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი დამმუხრუჭებელი საქართველოში მართვის სახელმწიფო სტრუქტურების უეფექტობა და არასათანადო საკადრო პოლიტიკაა. მართვის სტრუქტურებში მწვავედ იგძნობა პროფესიონალების დეფიციტი. თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა ასე ფესვგამდგარი პირადი ნაცნობობის (მეგობრობის, ნათესაობის) პრინციპით ხდება და არა საქმიანი თვისებების მიხედვით. შეიცვლება სიტუაცია ახლო მომავალში?

“მმე”-ის სტუმარია სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოსოფოსი ეკა ნაცვლიშვილი, რომელიც სახელმწიფოს მართვის საკითხებზე მუშაობს.

– დღეს ყველას სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში წესრიგი იყოს, კეთილდღეობა სუფევდეს. მაგრამ რეალურად ასეთი სურათი გვაქვს: სამკურნალოდ ყველა პროფესიონალი ექიმისკენ მივისწრაფვით, სასწავლებლად – გამოცდილი პედაგოგისკენ, რაიმეს შესაკეთებლად – კვალიფიციური ხელოსნისკენ. საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვას კი, არცთუ ისე იშვიათად საკმაოდ საეჭვო ხელში ვაგდებთ – მათ ხელში, ვინც მეტს ხმაურობს და “ზედაპირზე ტივტივებს”. მათ არც სპეციალურ განათლებას და არც გამოცდილებას სთხოვს ვინმე. მერე კი გვიკვირს, რატომ მიდის საქმე ცუდად. მიზეზი არაკომპეტენტურობაა.

მაღალ და მთავარ ადმინისტრაციულ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნისთვის აუცილებელი უნდა იყოს არა მხოლოდ სამსახურებრივი კარიერის წინა, ქვედა საფეხურების გავლა და გარკვეული სტაჟის “დაგროვება”, არამედ მაპროფილებელი აკადემიური განათლების ქონაც. თუ ამა თუ იმ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატს სამუშაო პროფილისგან განსხვავებული აკადემიური განათლება აქვს, მან სათანადო გადამზადება უნდა გაიაროს და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად.

წლების მანძილზე საუბრობენ იმაზე, რომ საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობებზე, ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური პირები ინიშნებიან.

დიახ. მმართველობითი სიტუაციის შეფასება და ანალიზი ხშირად დილეტანტურად ხდება. მმართველობითი გადაწყვეტილებები ზერელედ მიიღება, რაც უარყოფითად ახასიათებს სახელმწიფო მართვის მდგომარეობას. არაერთხელ წამოვიწყეთ კამპანიები “წესრიგის დამყარების” განზრახვით, “ბიუროკრატიული ბალასტისგან” გათავისუფლების მიზნით. პერსონალური ცვლილებების “ტალღებმაც” გადაგვიქროლა. თუმცა, ჩემი აზრით, მართვის პროფესიონალიზმიდან რა შორსაც ვიყავით, ასევე დავრჩით.

რა არის ამის მიზეზი, მხოლოდ სათანადო კადრების ნაკლებობა?
შესაძლოა, არც ისე მრავლად, მაგრამ გვყავს ხალხი და იმდენიც, რომ სახელმწიფოს მმართველი აპარატის რაციონალურად დაკომპლექტება მოხდეს. მხედველობაში არ მყავს რეტროგრადები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე სავარძლებს “ავსებდნენ”. ეს არის ხალხი, ვისაც ყველაზე რთულ სიტუაციებშიც შეეძლოთ მართვა და საქმეს პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად აკეთებდნენ. გვყავს რეზერვიც ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მეცნიერთა შორის, რომლებსაც შესწავლილი აქვთ მართვის თეორია და მზად არიან პრაქტიკული მმართველობითი სამუშაოსთვის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერძო სექტორში საკმაოდ ძლიერი ძალები გვყავს კონცენტრირებული, ნიჭიერი პროფესიონალები, რომლებიც შესაბამის სიტუაციებში თანახმა იქნებოდნენ სახელმწიფო სექტორში, სახელმწიფო აპარატში გადასულიყვნენ სამუშაოდ.

ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი ადამიანების რეესტრი უნდა გვქონდეს. საჭიროა მათთან კონტაქტები, მათი პოტენციალის გამოყენება გარკვეული მმართველობითი პრობლემების განსაზღვრისა და გადაწყვეტისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს თითქმის არ წარმოებს სამუშაო, რომლის მიზანიც მმართველობითი პროფესიონალიზმის ამაღლება იქნებოდა. ამიტომ დღემდე მუშაობს ძველი, ყოველმხრივ აპრობირებული სტერეოტიპი – ნაცნობობის, ერთგულების და კავშირებისა.

ასე რომ, არსებული სიტუაციის უმთავრესი მიზეზია არა მხოლოდ სათანადოდ მომზადებული კადრების არარსებობა, არამედ სხვა გარემოებებიც. ერთ-ერთი მიზეზთაგანი ის არის, რომ დღემდე სახელმწიფო მართვა და პოლიტიკური პრინციპები იდენტიფიცირებულია. ანუ, საბოლოო ჯამში, მმართველობითი თანამდებობების გადანაწილებისას ამოსავალ წერტილად პროფესიონალიზმი კი არ მიიჩნევა, არამედ პარტიული ნიშანი. ამ პრინციპით ხელმძღვანელობისას კი პოლიტიზირებულია არა მხოლოდ სახელმწიფო მართვა, არამედ ყველა სფერო.

პოლიტიკა და სახელმწიფო მართვა უნდა გაიმიჯნოს. ეს კი დღეს ჩვენთან შეუძლებელია.

განხორციელების თვალსაზრისით რეფორმები გაცილებით რთულად გასატარებელია, ვიდრე “რევოლუციები” და გაცილებით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

დღეს თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით სიტუაციას, როცა მართვის უცოდინარობის გამო პრობლემები არათუ გვარდება, პირიქით, უფრო ღრმა და კრიზისულ სახეს იღებს, რაც აფეთქების მიზეზი შეიძლება გახდეს.

და კიდევ ერთ მიზეზს გამოვყოფდი – მართვის დაბალ დონეს, რაც მმართველთა ზნეობრივ ავტორიტეტსა და მმართველობით კულტურას უკავშირდება. ჩვენთან ჯერ კიდევ რთულია ავტორიტარული ბიუროკრატიული თვითდაჯერებულობის დაძლევა. ხელისუფლების მიერ დამტკიცებულთა აღიარება კი ხდება, მაგრამ სხვაა საზოგადოებრივი შეფასებები, განწყობა. არადა, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ნებისმიერი მმართველობითი ქმედების განხორციელებისთვის. ასეთ ვითარებაში წინა პლანზე გამოდის თანამდებობის იურიდიული სტატუსი და არა პიროვნების ავტორიტეტი. ანუ ფორმალურად თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა. თანამდებობათა იერარქია არსებობს და თავსებადია კიდეც, გადაწყვეტილებებიც მიიღება და საორგანიზაციო ღონისძიებებიც ხორციელდება, მაგრამ რეალური მმართველობითი ზემოქმედება არ ხდება. საზოგადოებრივი ცხოვრების მართვად მონაკვეთზე ვითარება ძველებურია, თანდათან უარესდება კიდეც. და არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კადრი არ არის სათანადოდ მომზადებული ან არ სურს რაიმეს გაკეთება, არამედ, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აღიარება მზამზარეულად მიართვეს და “დასვეს” ამა თუ იმ თანამდებობაზე, ანუ თავს მოახვიეს საზოგადოების პრობლემები.

სამწუხაროა ისიც, რომ ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სულ უფრო იზრდება. ეს კი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საფუძველს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial