ტრანს-კასპიური მილსადენი – პერსპექტივები და გამოწვევები

ნატა გარაყანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

ევროპისათვის კასპიისპირეთის ენერგორესურსების ექსპორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი იმ უმთავრესი მიზნის აღსრულებას უკავშირდება, რასაც ალტერნატიული ‘სამხრეთის გაზის დერეფნის’ შექმნა წარმოადგენს. ეს კი, თავის მხრივ, ევროპის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობს.

”სამხრეთის გაზის დერეფნის” ფარგლებში დაგეგმილ პროექტთაგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, კასპიის ზღვის ფსკერზე 300 კმ-იანი ”ტრანს-კასპიური მილსადენის” მშენებლობა წარმოადგენს, რომლის მიზანია კასპიის ზღვის აღმოსავლეთ და დასვლეთ სანაპიროების ურთიერთდაკავშირება. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას განაპირობებს ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების ალტერნატიულ ინიციატივაში არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქმენეთის ჩართვაც.
”ტრანს-კასპიური მილსადენის” მშენებლობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ დონორი და ტრანზიტორი ქვეყნებისთვის სარგებელსაც გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, საქართველოსათვის აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან კასპიისპირეთიდან გაზის ტრანსპორტირება ევროპისკენ სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენით” (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) უნდა მოხდეს. ამჟამად საქართველო აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 5%-ს იმ გაზის მოცულობიდან, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიეწოდება თურქეთს (დაახლოებით 330 მლნ კუბური მეტრი). ჩვენს ქვეყანას ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბაქო-თბილისი-ერზერუმის 692 კმ-იანი გაზსადენი თავისი გამტარიანობის მაქსიმუმს ვერ იყენებს, უახლოეს პერსპექტივაში ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის წლიური გამავალი სიმძლავრე შესაძლოა 2-ჯერ გაიზარდოს _ არსებული 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 30-35 კუბურ მეტრამდე. დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრის ტრანსპორტირებას ”შაჰ დენიზის” პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს, რომლის ამოქმედება 2016-2017 წლებისათვის იგეგმება. 2012 წლის სექტემბრის ბოლოს, კომპანია ”ბი-პისა” და აზერბაიჯანის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად კი, გაკეთდა განცხადება, რომ აღნიშნული მილსადენის სიმძლავრე საბოლოოდ შესაძლებელია 60 მლრ კუბურ მეტრამდეც გაიზარდოს. აღნიშნული პერსპექტივა სწორედ ტრანს-კასპიური მილსადენის პროექტის განხორციელებასთანაა დაკავშირებული. შედეგად, ”სამხრეთ კავკასიის მილსადენი” გახდება არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ თურქმენული გაზის ტრანსპორტიორი, რაც საქართველოსათვის უფრო დიდი რაოდენობით გაზის უფასოდ და შეღავათიან ფასად მიღებას ნიშნავს.
”ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტის განხორციელებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა 2011 წლის სექტემბრის თვეში ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკომისიისათვის მინიჭებული მანდატი აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმებისათვის. ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხარეებს შორის, თუმცა, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს.

1. აშხაბადი და ბრიუსელი
”ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტის განხორციელებას, უპირველეს ყოვლისა, მონაწილე მხარეებთან დაკავშირებული პრობლემები უშლის ხელს. გასულ თვეში ევროკომისიის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერი თურქმენეთში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ”კონსტრუქციულად” შეფასდა, აშხაბადი კვლავ ელის ევროკავშირისგან თურქმენულ გაზზე მოთხოვნის არსებობის გარანტიას (აღნიშნული მილსადენით თურქმენეთი ყოველწლიურად 30 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარებას გეგმავს), ხოლო ევროპა, თავის მხრივ, თურქმენეთისაგან გაზის მიწოდების გარანტიის საჭიროებაზე საუბრობს. სწორედ ასეთი ორმხრივი გარანტიების არ არსებობა წარმოადგენს ”ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას.

2. რუსეთი
”სამხრეთის გაზის დერეფნისა” და, აქედან გამომდინარე, ”ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტს მოსკოვი აქტიურად ეწინააღმდეგება (თურქეთისაგან განსხვავებით, რომელიც, ”ორმაგ თამაშს თამაშობს” _ ერთი მხრივ, ევროპის თვალში სანდო ტრანზიტორისა და პარტნიორის იმიჯს იქმნის, ”ტრანს-ანატოლიურ” მილსადენს აშენებს, ხოლო, მეორე მხრივ, ”გაზპრომთან” აფორმებს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, რუსული ”სამხრეთის ნაკადის” მილსადენს საკუთარ ტერიტორიაზე გავლის უფლებას ანიჭებს).
მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი არ დაუშვებს `ტრანს-კასპიური მილსადენის~ მშენებლობას. ამის განხორციელებას კი კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის გამოყენებით აპირებს, კერძოდ, მინისტრის თქმით, ზღვის გამოყენებასთან დაკავირებული საკითხები ხუთივე საზღვაო ქვეყნის (აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, რუსეთი, თურქმენეთი) თანხმობის შედეგად უნდა გადაწყდეს.
ამასთან, მოსკოვი დასავლეთსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპა და აშშ არ ითვალისწინებენ არც საერთაშორისო სამართალსა და არც გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებს, როდესაც ”ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტის განხორციელებას ასე აქტიურად უჭერენ მხარს.
თუმცა აშშ აგრძელებს ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერას. აღნიშნული პოზიცია გასულ თვეში აზერბაიჯანში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ენერგეტიკის საკითხებზე, რიჩარდ მორნინგსტარმაც დაადასტურა, რომელმაც აზერბაიჯანს, თურქეთსა და თურქმენეთს მილსადენის მშენებლობის საქმეში ყოველგვარი დახმარება აღუთქვა.

3. ირანი
მოსკოვის პოზიციას ირანიც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ”ტრანს-კასპიური მილსადენის” პროექტი არარეალურია, ვინაიდან რუსეთი და ირანი ზღვის ფსკერზე ასეთი მილსადენის მშენებლობას არ დაუშვებენ, თუნდაც გარემოზე ზემოქმედების საკითხების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, თეირანს თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკუთარი მოდელიც გააჩნია. კერძოდ, ირანის სახელმწიფო გაზის ექსპორტის კომპანიის (NIGEC) დირექტორის განცხადებით, აშხაბადიდან გაზის თურქეთის ტერიტორიაზე (”ტრანს-ანატოლიურ მილსადენთან” დაკავშირება), იქიდან კი ევროპაში ტრანსპორტირება მხოლოდ ირანის ტერტორიის გავლითაა შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, რუსეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც ევროპისაკენ გაზის ყოველგვარი ალტერნატიული მარშრუტი დაუშვებელია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად ევროპასაც და აზერბაიჯანსაც საერთო პოზიცია აქვთ, რაც თეირანთან ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავს. გასულ თვეში ბაქოში ოფიციალური განაცხადება გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, ”ტრანს-ანატოლიურ პროექტში” ირანული მხარის მონაწილეობა (მიუხედავად, თეირანის მონდომებისა) დაუშვებელია.

4. აშხაბადი და ბაქო
კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიბადა, თუმცა, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული უთანხმოების გამო მისი განხორციელება ვერ მოხდა. ბოლო წლების მანძილზე ევროკავშირმა აქტიური მცდელობის შედეგად, მოახერხა და აშხაბადი ბაქოსთან ერთად ისევ აღნიშნული თემის ირგვლივ გააერთიანა. თუმცა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ისევ გრძელდება, რისი ნათელი მაგალითიც იყო ბოლო პერიოდში თურქმენეთის მიერ კასპიის ზღვაზე ჩატარებული სამხედრო წვრთნა (”ხაზარი 2012”), რომელიც, ექსპერტთა აზრით, სხვა არაფერი იყო, თუ არა აშხაბადის მიერ ბაქოს წინაშე საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება.
აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის დაპირისპირება პოსტ-საბჭოურ პერიოდში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. კერძოდ, ბაქოსა და აშხაბადს შორის ურთიერთობები კასპიის ზღვის იმ რეგიონების გამო დაიძაბა, რომლებიც ენერგორესურსებით მდიდარია და რომლებზეც ორივე სახელმწიფო პრეტენზიას აცხადებს. კერძოდ, საუბარია, ”სერდარის”, ”ჩირაგისა” და ”ომარის” საბადოებზე. ორი მათგანი (”ჩირაგი” და ”ომარი”) აზერბაიჯანის მიერ მუშავდება. ეს კი თურქმენეთის უკმაყოფილებას იწვევს. ”სერდარის” აშხაბადის მიერ დამუშავების დაწყებას კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელახალი გამწვავება მოჰყვა. კერძოდ, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, აშხაბადის ნაბიჯი 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევას ნიშნავს, რომლის მიხედვითაც, მხარეები საბადოზე სამუშაოების დაწყებისაგან თავს შეიკავებდნენ, სანამ ამ საბადოს კუთვნილების პრობლემა არ გადაიჭრებოდა.
ამრიგად, მიუხედავად ევროპის მცდელობისა, რომელსაც, თავის მხრივ, ტრანზიტორი ქვეყნები და მათ შორის საქართველოც – აქტიურად უჭერენ მხარს, ალტერნატიული ”სამხრეთის გაზის დერეფნის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, არსებული უპირატესობების მიუხედავად, რიგი ფაქტორების გამო მაინც დიდ პრობლემებს უკავშირდება. პროექტის დაფინანსების საკითხების გადაწყვეტის (რაც ასევე გადაუწყვეტელ საკითხად რჩება. აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, პროექტის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია, თუმცა, სხვადასხვა ექსპერტთა შეფასებით, ამ მაჩვენებელმა შეიძლება 8 მილიარდსაც მიაღწიოს) მიწოდება-მოთხოვნის პრობლემების მოგვარების მიუხედავად, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის საკითხის არსებობის მანძლზე, აღნიშნული პროექტის განხორციელება ეჭვქვეშ დგას.