ფინანსურ ურთიერთობათა პრობლემები საქართველოში

რევაზ კაკულია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორო

მე-20 საუკუნის 80-ანი წლებისათვის დამახასიათებელმა მეცნიერულ-ტექნიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა გარდაქმნებმა საფუძველი ჩაუყარეს ეკონომიკური განვითარების გლობალიზაციას. ამასთან, ფინანსების როლის აღზევებამ არსებითი ცვლილებები გამოიწვია ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში. წარმოიშვა მეურნეობრიობის ვირტუალური სტრუქტურირება: მატერიალურ ფასეულობათა შემქმნელი რეალური ეკონომიკიდან აღმოცენდა განსაკუთრებული ეკონომიკა, რომელიც სულ უფრო იქვემდებარებს პირველს თავისი შემოსავლებით და ისეთ დონემდე გაძლიერდა, რომ მას საზოგადოებაში წარმოების სფეროს ეკონომიკაზე დიდი როლი დაეკისრა, ე.ი. წარმოიშვა სიმბოლური ეკონომიკა, ანუ გიგანტური სიმბოლური კაპიტალის ეკონომიკა.

ეკონომიკური კავშირების მოშლამ, ეროვნებათაშორისო შუღლმა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ და 500-ათასიან ლტოლვილთა მოვლა-პატრონობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ აღმავლობას. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ 1994 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 1990 წლის დონის მხოლოდ 27,5%, ხოლო 2004 წლისათვის 46,6% შეადგინა, მაშინ, როდესაც მშპ-ს მოცულობამ 2000 წელთან შედარებით მიაღწია: ესტონეთსა და თურქმენეთში – 80%; ლატვიაში – 70%; რუსეთში, ყაზახეთსა და ლიტვაში – 65%, სომხეთში – 60% და ა.შ.1
იმის გამო, რომ საქართველოში საბაზრო გარდაქმნების მთავარი ეკონომიკური მექანიზმი ფინანსებია, საჭიროა ჩამოვთვალოთ პრობლემათა წრე, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ფინანსური რესურსების ფორმირების, განაწილებისა და გამოყენების სრულყოფას. ეს პრობლემებია:
1. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაღალი დონე და ინფლაციური პროცესების გამწვავება;
2. საკუთარი საინვესტიციო რესურსების არადამაკმაყოფილებელი მობილიზაცია და მთელი ყურადღების გადატანა დაფინანსების უცხოურ წყაროებზე;
3. ფინანსური ბაზრის განვითარების დაბალი დონე;
4. საგადასახადო კანონმდებლობის ხშირი ცვალებადობა და მათი ფუნქციონირების არასაკმარისი ხანგამძლეობა;
5. რეგიონებისა და თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეთა გამოთანაბრების უზრუნველსაყოფად ფინანსური რესურსების რეალური წყაროების მოძიება და მათზე ხანგრძლივი ვადით მიმაგრება.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფაქტობრივად ყველა რეგიონის ბიუჯეტებისათვის დოტაციის გამოყოფა და 2006 წელს შექმნილი „რეგიონული განვითარების ფონდში~ საშუალოდ ყოველწლიურად 100 მლნ ლარის მოცულობით სახსრების თავმოყრა და გამოყენება ნაკლებად ეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ცალკეული რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების უთანაბრობის დაძლევას.
დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ საწყისებზე განვითარება რთული, მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომელთა შორის ერთ-ერთი აქტუალურია ეკონომიკის სახელმწიფოებრივი მართვის რეგიონულ მართვასთან შეთანაწყობა.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსები ეკონომიკურ ურთიერთობათა ისეთი სისტემაა, რომლითაც მართვის რეგიონული ორგანოები აწარმოებენ ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილებას და იყენებენ მას თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად ტერიტორიის ეკონომიკური და სოციალური გამოთანაბრების მიზნით.
სახელმწიფო ხელისუფლების მიზანია ადგილობრივი ფინანსების დახმარებით მიაღწიოს თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეთა გამოთანაბრებას, რომლებიც გარკვეული ისტორიული და ბუნებრივი პირობების გამო ჩამორჩენილთა რიგებში აღმოჩნდნენ ქვეყნის მოწინავე რეგიონებთან შედარებით.
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსების წყაროებად მიმართულია: მიმდინარე საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები (მათი კუთვნილი გადასახადები); კაპიტალური შემოსავლები, გრანტები და სესხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა რეგიონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო პოლიტიკის ჩამოყალიბებისადმი მიდგომები და ბერკეტები, თუმცა სერიოზული პრობლემების წინაშე დგება ბევრი საკანონმდებლო აქტი, რომელთა შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების საზიანოდ, ყველა რეალური წყაროს შემოსავლები თავს იყრის ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო უმნიშვნელო მოცულობისა და არარეალური წყაროს შემოსავლები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში. სწორედ რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შემოსავლების მარეგულირებელი წყაროების არარსებობა დიდ ზიანს აყენებს მათ ბიუჯეტებს. ამ საქმეში სახელმწიფოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უნდა გადასინჯოს და დამატებული ღირებულების გადასახადს ან საშემოსავლო გადასახადს დააკისროს მარეგულირებელი ფუნქცია.
ქვეყანაში ყველა რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების გამოყოფით მდგომარეობის არსებითი გამოსწორება ძნელად მისაღწევია. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ცენტრალურ ბიუჯეტებთან ფინანსური ურთიერთობები და დადგინდა, რომ იქ, სადაც დაბალია ადგილობრივი შემოსავლების ხვედრითი წონა (მაგალითად, საკუთარი წყაროებით იფარება: ესტონეთში მთელი ხარჯების მხოლოდ 0,1%, ბულგარეთში – 1%, საბერძნეთში – 2%, უნგრეთში – 4%, ჰოლანდიაში – 5%, სლოვენიაში – 5%, ლატვიაში – 6%, თურქეთში – 56%) ამ ქვეყნებში უპირატესად გამოყენებულია ცენტრალურ და რეგიონულ ბიუჯეტებს შორის გადასახადების განაწილების პრაქტიკა.
მაგალითად, შვეიცარიაში ფედერალურ ბიუჯეტში შედის არაპირდაპირი გადასახადების მთლიანი მოცულობის მხოლოდ 30%, ხოლო დანარჩენი 70% კი მიიმართება თემებისა და კანტონების ბიუჯეტებში.
გერმანიაში ფართოდ გამოიყენება გადასახადების ცენტრალურ და რეგიონულ ბიუჯეტებს შორის განაწილების პრაქტიკა. საშემოსავლო გადასახადი იყოფა – 42,5%, 42,5% და 15% პროპორციებით ცენტრალურ, მიწის და ადგილობრივ მმართველობას შორის.
საფრანგეთში ცენტრალურ ბიუჯეტში შედის დამატებული ღირებულების გადასახადის მხოლოდ 41,4% და ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის 10,6%.
ლატვიაში ფართოდ იყენებენ ადგილობრივი ბიუჯეტების ვერტიკალური გამოთანაბრების ინსტრუმენტებს, რისთვისაც მათ ეძლევათ კომპანიათა საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს საგადასახადო ბაზის განმტკიცებას. ამასთან, მათ ეძლევათ ცენტრალური ბიუჯეტიდან დოტაცია 40%-ის ოდენობით.
ამრიგად, უკანასკნელ წლებში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების განსამტკიცებლად ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები ნაკლებეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეთა არსებით გამოთანაბრებას. მაგალითად, 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონების ბიუჯეტებისათვის გამოყოფილი 861,9 მილიონი ლარიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოყენებული იქნა მხოლოდ 522,2 მლნ ლარი, ხოლო 2009 წელს 847,3 მილიონი ლარიდან – 505 მლნ ლარი. შესაბამისად, 2010 წელს 1086,7 მლნ ლარიდან 553 მლნ ლარი.
დასავლეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების ანალოგიურად მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას ცენტრალურ და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის შემოსავლების განაწილებას საფუძვლად დაედოს ამა თუ იმ გადასახადის ფორმირებაში თვითმმართველი ერთეულების მონაწილეობის ხარისხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მმართველი ორგანოები გადასახადების მოცულობის გაზრდაში ჩაახშობენ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ინიციატივას და სტიმულს.
ქვეყანაში ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლების არსებითად გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვიხილოთ ფინანსური ეკონომიკის შრომაზე ფულის ძალაუფლების გაძლიერების განსაკუთრებული როლი.
როგორც ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, წინააღმდეგობა სახმარ ღირებულებასა და ღირებულებას შორის – ეს არის არა მარტო საქონელში არსებული წინააღმდეგობა, არამედ წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანთა მთელი ცხოვრების ძვალსა და რბილშია გამჯდარი.
ადამიანთა შრომა ღებულობს ფულის შოვნის ფორმას და განხილულია მრავალნაირი სახის საქმიანობაში, აგრეთვე, ფულის დაგროვება შეიძლება არაშრომითი ქმედებებით, მაგალითად: სპეკულაციით ან ქურდობით მიღებული ფული.
ადამიანთა ცხოვრების მეორე მხარე წარმოადგენს თავისუფალ საქმიანობას, როგორც კეთილდღეობის მითვისების საშუალებას. აღნიშნულის შედეგია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ხოლო მის საზომად – მიღებული სარგებლიანობა, რომლითაც იკვლავწარმოება ადამიანი. ეს უკანასკნელი განაპირობებს ფულადი შემოსავლების ხარჯვას, რომელიც მოითხოვს ფინანსური რესურსების მუდმივად, პერმანენტულად შევსებას.
ორივე ეს მხარე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და წარმოქმნის დიალექტიკურ წინააღმდეგობას. ფულის შოვნა წარმოადგენს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პირობასა და საშუალებას, ხოლო თავის მხრივ, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება – ფულის შოვნის პირობასა და საშუალებას.
ადამიანთა საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლება, რა თქმა უნდა, მათ შემოსავლებზეა დამოკიდებული, სხვანაირად ძნელია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სასურველ რელსებზე გადაყვანა.
ნებისმიერი ეკონომიკური სისტემის სრულყოფაში განსაკუთრებული როლი ენიჭება სპეციალიზაციას. ეკონომიკის გლობალიზაციის გამოწვევები არ ამოიწურება მარტო ფინანსური ეკონომიკით ან განვითარების სოციოლოგიით. გაეროს ექსპერტების დასკვნით, დაჩქარებული ტემპებით ინერგება ცხოვრების ჭარბი შრომითი რესურსების მოდელი. გასულ საუკუნეში ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყნებმა ეკონომიკური ნახტომი გააკეთეს და დაიწყეს კაპიტალის გამალებული იმპორტი. საწინააღმდეგო მოვლენებს ვაწყდებით განვითარებად ქვეყნებში. მათი განვითარების ჩარმოჩენილობას თან ახლავს ფინანსური რესურსების დეფიციტი. ფინანსური ეკონომიკის ეპოქაში პერიფერიებში კაპიტალის ნაკლებობა განპირობებულია საერთაშორისო არენაზე განვითარებული ქვეყნების აქტიური პოზიციით. მსოფლიო მასშტაბით გაბატონებულია არაეკვივალენტური გაცვლა. ისმის კითხვა: შეიძლება თანამედროვე სამყაროში არადისპროპორციული სიტუაციის მიღწევა? გაეროს ექსპერტები ამტკიცებენ: `არა~ იმის გამო, რომ დაგროვების პრობლემა არაა ეკონომიკური, არამედ იგი სოციალური პრობლემაა.
კაპიტალისტურმა ეკონომიკამ, როგორც სამეურნეო ცხოვრების ორგანიზაციის ფორმამ, განვითარების მაქსიმუმს მიაღწია. სამუშაო ადგილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ჩამორჩება მოსახლეობის ზრდის ტემპს. ეს კი იწვევს შემოსავლების დაცემას. ნაკლებშემოსავლიანი ეკონომიკის პრობლემა დღევანდელი საზოგადოების ძირითად პრობლემად წარმოჩინდა. ამასთან, თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური სისტემები აწყდება ისეთ პრობლემებსაც, როგორიცაა: ბუნების ნეგატიური მოვლენები, ენერგეტიკული და ტრანსაქციური დანახარჯების პრობლემები.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქვეყნების დიდ ნაწილში შემუშავებული არ არის მოსახლეობაზე დამოუკიდებელი არასასურველი მოვლენების დაზღვევის, მათი თავიდან აცილების კომპლექსური სისტემა, რაც კიდევ უფრო ართულებს ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების დონის ამაღლებას.
ქვეყნების ერთ ნაწილში ეკონომიკური საქმიანობის კონცენტრაცია იწვევს დანარჩენ ნაწილში რესურსების ამოწურვას, გამოლევას. ფასების ზრდა, მატერიალური დოვლათისა და მომსახურების განაწილება მყიდველობითუნარიანობის შესაბამისად აძლიერებს უთანასწორობას. მოხდა ურბანიზირებული ცივილიზაციის სისტემის ჰიპერტროფირება. ადამიანის ცხოვრება უძლურია სხვადასხვა უბედურების (ეკოლოგიური, ტექნოგენური, ფინანსური) წინაშე. ეკონომიკური განვითარების დაცემა დედამიწის ერთ ნაწილში იწვევს სიღატაკეს, მეორეში ქაოსს. ფინანსური შეზღუდვები ხელს უშლის კაპიტალტევადი პროექტების განხორციელებას.
ასეთ პირობებში ფინანსური ეკონომიკა სხვა არაფერია, თუ არა განუხორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების ლოგიკური შედეგი, რომელიც, თავის მხრივ, განავითარებს თანამედროვე წინააღმდეგობებს, როგორც ინტეგრაციული პროცესების მორიგ პრობლემას, როგორც გლობალური სოციალური სისტემის განვითარების წინა ეტაპების დაუძლეველი წინააღმდეგობებისა და დისპროპორციების საზღაურს.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გამალებულად მიმდინარეობს ეკონომიკის ვირტუალიზაცია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადამიანთა ცხოვრების დონეს.
ოქროს, როგორც ბაზრის უნივერსალური რეგულატორისა და სტაბილიზატორის ნაცვლად, გამოდის ვირტუალური ფული – კაპიტალი – არამყარი, სტიქიური და კონტროლს დაუქვემდებარებელი კორპორაციათა სუპერქსელი სუპერ საყოველთაო ეკვივალენტისა.
ფინანსური ბაზრის ეს სტიქიურობა ღრმა წინააღმდეგობაშია მოქცეული მოწესრიგებულ, ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიო მასშტაბის წარმოებასთან, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს არა თუ სტიქიურად, არამედ მუდმივად შენარჩუნებული პროპორციულობის პირობებში, რომელიც იშვიათად ირღვევა მსოფლიო სისტემური კრიზისების შედეგად.
არადა, თანამედროვე პირობებში სისტემური კრიზისები წარმოიქმნება ვირტუალური ფინანსური კაპიტალის ექსპანსიის (დაგროვების მაღალი ტემპების) შედეგად, ეს კი იწვევს ფინანსურ ბაზარზე ფულის მიერ საკუთარი ფუნქციების შეუსრულებლობას. ამის წინაპირობაა ასეთი კაპიტალის რეალური წარმოებისა და ფულის მიმოქცევის სახელმწიფო რეგულირებისაგან მოწყვეტა.
ვირტუალურად კაპიტალი – ფული წარმოებისაგანაა მოწყვეტილი, ამასთან იგი წარმოადგენს კერძო საკუთრებას. მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში ვირტუალური კაპიტალი – ფული არსებითად განსხვავდება მე-19 საუკუნის ფიქციური კაპიტალისაგან. ჯერ ერთი, იგი, წარმოადგენს რა გლობალურ ვირტუალურ ქსელს, როგორც კაპიტალი ფუნქციონირებს სტიქიურად და არ ექვემდებარება ეროვნულ და ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურებს;
მეორე, მისი პრივატიზაცია მოხდა შეზღუდული რაოდენობის კერძო პირთა მიერ, მაგრამ იგი მათ კონტროლს დაქვემდებარებული არ არის;
მესამე, იგი წარმოგვიდგება ნეოფულის როლში და ასრულებს უნივერსალური რეგულატორისა და საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციებს.
ამას ისიც ემატება, რომ განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, საბაზრო ეკონომიკის თავისებურებათა გამოცდილების უქონლობა საზოგადოების დიდ ნაწილში ფართო გასაქანს აძლევს ფულის დაგროვების ინსტიქტის გამოცოცხლებას, რაც მთელ რიგ წინააღმდეგობას ამწვავებს.
უშუალოდ ფულის დაგროვება მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შესუსტება იძულებით საქმიანობას წარმოადგენს, არადა მისი მიზანია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ამასთან, ეს უკანასკნელი გულისხმობს ფულის შოვნის უარყოფას. ფულის შოვნის სარგებლიანობა გამოიხატება მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების დონით, ხოლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების რაციონალობა დაიყვანება ფულის შოვნის შესაძლებლობათა შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
ამ წინააღმდეგობის გადაწყვეტის ფორმას წარმოადგენს აღნიშნული მხარეების (როგორც ფული შოვნის საზომისა და როგორც მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების) განსაზღვრული თანაფარდობა. ამასთან, აღნიშნული წინააღმდეგობა სულ უფრო მწვავდება და ანტაგონისტური ხასიათის მატარებელი ხდება.
ამ წინააღმდეგობის გამწვავება შრომაზე ფულის ძალაუფლების გაძლიერების შედეგია.
ჭეშმარიტებას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, ფული მაინც არის სხვისი შრომის მითვისების საშუალება ამ შრომით შექმნილი პროდუქტის სახით. ინდივიდს რაც უფრო მეტი ფული გააჩნია, მით უფრო მეტი მოცულობის საზოგადოებრივ შრომას ითვისებს. ფულის მეშვეობით წარმოებს იმ პროდუქტების მითვისებაც, რომელიც შრომის შედეგი არ არის, თუმცა მასზე ფასები საბოლოო ანგარიშში განისაზღვრება რენტით, ე.ი. მას გააჩნია შრომის ეკონომიის უნარი.
მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან განვითარებული ქვეყნები საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დახმარებით ეძებენ ფინანსური კაპიტალის დაბანდების სფეროებს უპირატესად განვითარებად ქვეყნებში. იაფი მუშახელი და მდიდარი სანედლეულო ბაზა, გასაღების ბაზრები კიდევ უფრო ზრდის არა მარტო იაფი ნედლეულის გადამუშავებას, არამედ ადამიანთა ფულადი შემოსავლების შემცირებას. ეს კი, სხვა არაფერია, თუ არა წინააღმდეგობის გამწვავება შრომასა და კაპიტალს შორის.
შრომაზე ფულის ძალაუფლების გაძლიერებამ ახალი თავისებები შეიძინა გასული საუკუნის ბოლოს. საბანკო და სამრეწველო კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის შედეგად ტრანსნაციონალური კომპანიები გამოვიდნენ ეროვნული მთავრობების კონტროლიდან; გაძლიერდა კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის ლიბერალიზაცია; შეიქმნა საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და საერთაშორისო ფინანასური ცენტრები ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების საფუძველზე; გიგანტური მასშტაბებით ხასიათდება სპეკულკაციური ფინანსურ გარიგებათა მოცულობა, მიმდინარეობს ტრანსნაციონალური კომპანიებისა და ფინანსური ცენტრების შერწყმა საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიის საფუძველზე, რათა განხორციელდეს შეთანხმებული პოლიტიკა.
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები (საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია) და განვითარებული ქვეყნების მთავრობები სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებენ საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიის ინტერესთა დაცვაში.
ფინანსური ოლიგარქიების ბატონობა განაპირობა მათ ხელში დიდი ოდენობის ფულადი რესურსებით თავმოყრამ. ამასთან, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაბანდებული არ არის უშუალოდ ტრანსნაციონალურ კომპანიებში იმის გამო, რომ თანხების ასეთი გამოყენება გამოიწვევდა მოგების ნორმის შემცირებას. ამ გზით იქმნება კოლოსალური ოდენობის ჭარბი ფული. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გააჩნია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის უმნიშვნელო თანხებიც კი.
თანამედროვე ფინანსური ეკონომიკის პირობებში საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიის ბატონობამ ჩამოაყალიბა განსაკუთრებული მეთოდები, რომელთაგან საყურადღებოა:
ა) საერთაშორისო ვაჭრობაში ფასებისა და ტარიფების რეგულირება;
ბ) მსოფლიო ეკონომიკაში სასაქონლო და ფინანსური ნაკადების მართვა;
გ) სავალუტო და საპროცენტო განაკვეთების რეგულირება;
დ) ტექნოლოგიებისა და სამუშაო ძალის მართვა;
ე) სავალო ვალდებულებების მქონე ქვეყნებზე საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიისათვის სასარგებლო ეკონომიკური პოლიტიკის თავს მოხვევა.
საერთაშორისო ფინანასური ოლიგარქია, უწესებს რა მთელი მსოფლიოს ეკონომიკას, ქვეყნების მთავრობებს და მოსახლეობას ხარკს, იღებს მათი შემოსავლების დიდი ნაწილს და განკარგავს სპეკულაციური მიზნების დასაფინანსებელად: აშენებს ახალ-ახალ საწარმოო სიმძლავრეებს, აფართოებს წარმოებას, სადაც ასაქმებს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას, რომ მათ გამოიმუშაონ სახსრები საარსებო საშუალებათა მინიმუმის დასაკმაყოფილებლად.
საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქია სისტემატურ კონტროლს აწესებს მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე, რათა მაქსიმალური მოგება იქნეს ამოქაჩული უმსხვილესი ფინანსური კლანების სასარგებლოდ. ეს კლანები მსოფლიოს ეკონომიკის დასაპყრობად ერთმანეთს უთანხმებენ თავიანთ საქმიანობას, იყოფენ ეკონომიკურ ღირებულებებს მათი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, თანაც არ ივიწყებენ კონკურენციულ ბრძოლას გავლენის სფეროების, უპირატესად წარმოებული საქონლის ბაზრების გადასანაწილებლად. ოლიგარქთა შორის ძალთა თანაფარდობა მუდმივ ცვალებადობაშია და მათ შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება უპირატესად დროებითი ხასიათის მატარებელია.
ფინანსური კაპიტალის არსებობისა და განვითარების საფუძველია ტრანსნაციონალური კორპორაციები და მათი თავისუფალი კაპიტალის წარმოქმნა ფინანსური სპეკულაციის მთავარი წყაროა, თანაც ფინანსური შესაძლებლობები მათ ეკონომიკურ წარმატებებზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, ფინანსურ გარიგებებში მიღწეული წარმატებები მიჩნეული უნდა იქნეს წარმოებაში მონოპოლიზაციის შენარჩუნების მძლავრ საშუალებად.
თუ გადავხედავთ მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას, ისინი უპირატესად ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესების გამომხატველია, ე.ი. გამოდიან მონოპოლისტური სამრეწველო კაპიტალის დამცველებად. ამის ნათელი მაგალითია ახლო წარსულში აშშ-ის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – ევროკავშირის ქვეყნებიდან მეტალურგიული მრეწველობის პროდუქციის იმპორტის შეზღუდვისა და ანტიდემპინგური ღონისძიების გატარების შესახებ.
უფრო მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს, უპირატესად კი ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ხელისუფალთ, თავს ახვევს ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და გახსნილობის პოლიტიკას, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციას.
საერთაშორისო ფინანსურ ოლიგარქიათა ეკონომიკური ძლიერება განისაზღვრება წარმოების მასშტაბებით, რომელთაც ისინი აკონტროლებენ და წარმოადგენს მათი შემოსავლების წყაროს. სწორედ ამიტომ საერთაშორსიო ფინანსური ოლიგარქია იძულებულია შეინარჩუნოს მსოფლიო წარმოების მაღალი ტემპები, უპირატესად ტრანსნაციონალური კორპორაციების ჩარჩოებში. ამასთან, ეს უკანასკნელი აბრკოლებს წარმოების იმ სფეროებს, რომლებიც ამ კორპორაციების ინტერესებს ეწინააღმდეგება. მსოფლიო ეკონომიკაზე ტრანსნაციონალური კორპორაციების ბატონობა წარმოადგენს ქვეყნების დიდი ნაწილის ეკონომიკის აღმავლობის გზაზე მთავარ წინაღობას.
ტრანსნაციონალური კორპორაციების ბატონობის გაძლიერება დიდ წინააღმდეგობას უქმნის ადამიანთა ცხოვრების კვლავწარმოებას, განსაკუთრებით – დაქირავებულ მუშებს, წვრილ საქონელმწარმოებლებს და მეწარმეებს, რომლებიც სულ უფრო მეტად ფულზეა დამოკიდებული.
ტრანსნაციონალური კორპორაციების ბატონობის შედეგია:
ა) შრომის ექსპლუატაციის გაძლიერება;
ბ) ადამიანათა განვითარების პირობების შეზღუდვა, მსოფლიოში `ჭარბი~ მუშახელის განუხრელი ზრდა;
გ) მდიდართა ახირებისა და თავნებობის, მათი მომსახურების, შეიარაღებისა და სხვა პარაზიტული ცხოვრების წესების დაცვის შედეგად შრომის დანაკარგების მნიშვნელოვანი ზრდა;
დ) ბუნებრივი რესურსების, მათი მძარცველური გამოყენების, ბუნებისა და საზოგადოებას შორის წონასწორობის დარღვევა.
მიუხედავად ამისა, თანამედროვე პოსტსოციალური ქვეყნების ეკონომისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში შრომის ექსპლუატაციას ადგილი არა აქვს და იგი კარლ მარქსის შრომითი ღირებულების თეორიის პირმშოა, რამდენადმე გადასასინჯია, თუნდაც განვითარებადი ქვეყნების დაქირავებულ მუშათა პოზიციებიდან.
თანამედროვე საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიის სისტემა იძულებულია მხარი დაუჭიროს მშრომელთა ცხოვრების კვლავწარმოებისათვის აუცილებელ პირობებს იმის გამო, რომ მათი სიმდიდრის ერთ-ერთი წყარო მაინც შრომაა. ფინანსური კაპიტალი უზრუნველყოფს მუშაკის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შრომა, როგორც მწარმოებლური პროცესი, უფრო განვითარებადი ხდება.
ფინანსური ოლიგარქიის ბატონობასა და კვლავწარმოებას შორის წინააღმდეგობის ნაწილობრივი გადაწყვეტა გამოიხატება განათლების, მედიცინის, სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო დაფინანსებაში. თანაც საბაზრო მეურნეობის `სოციალური ორიენტაციის~ ეს ფორმები უზრუნველყოფს მხოლოდ ფინანსური კაპიტალის პირობების კვლავწარმოებას.
ზემოაღნიშნული წინააღმდეგობის გამწვავება თავის გამოხატულებას პოულობს გლობალური პრობლემების მომრავლებაში, სახელდობრ: ეკოლოგიურსა და ბუნებათსარგებლობას, უთანაბრობას და უმუშევრობას, ბოროტმოქმედებასა და უსულგულობას შორის წინააღმდეგობები. დღეს ამ წინააღმდეგობებზე ბევრს მსჯელობენ მსოფლიოს მეცნიერები და ხაზს უსვამენ, რომ მათი გადაუწყვეტელობა შეიძლება გლობალური კატასტროფებით დამთავრდეს.
თანამედროვე ფინანსური პრობლემების გამწვავება და გაღრმავება იმაზე მიუთითებს, რომ არა მარტო ეკონომიკური განვითარებისათვის, არამედ ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელია დაძლეულ იქნეს ფულის შრომაზე ბატონობა. კაცობრიობა უნდა გადავიდეს ისეთ წყობილებაზე, სადაც ადამიანის შრომა დაქვემდებარებული იქნება არა ღირებულებაზე (ფულზე), არამედ მოხმარებაზე (სარგებლიანობაზე). ამასთან, ფულის ბატონობა შრომაზე ნიშნავს შრომის კერძო სარგებლიანობაზე დამორჩილებას. კაპიტალისტურ საზოგადოებაში იგი ვითარდება კოლექტიურ სარგებლიანობაზე შრომის დაქვემდებარების გზით.
შრომაზე ფულის ბატონობის დაძლევა ნიშნავს მის არა კერძო ან კოლექტიურ-კლასობრივ სარგებლიანობაზე დაქვემდებარებას, არამედ ღირებულების ბატონობის ნაცვლად აუცილებელი საზოგადოებრივი სარგებლიანობის ფორმირებას, რომელშიც კერძო საკუთრების და საერთოდ, საკუთრების მრავალფეროვნება დაიწყებს დომინირებას.
შრომის ბაზარზე სახელმწიფო პოლიტიკის ფინანსური სისტემა წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც წარმოებს დასაქმების სახელმწიფო სამსახურების მიერ პროგრამირებისა და მომსახურების რეალიზაცია. დასაქმების პოლიტიკის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა მარტო სახელმწიფოს მიერ შემუშავებული თვით ამ პროგრამებისა და მომსახურების ეფექტიანობაზე, არამედ იმ ფინანსური სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობაზე, რომელიც დასაქმების პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.
როდესაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ძლიერდება შრომის ბაზარზე დაძაბულობა, ხშირად უმუშევრობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომელიც `უმუშევრობის აღმოფხვრის~ მოთხოვნებთან უნდა იყოს შეთანწყობილი. ამასთან დაკავშირებით განხილული უნდა იქნეს, როგორც დასაქმების ფინანსური უზუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების წყაროები და საშუალებები, ისე ამ სახსრების ხარჯვის მიმართულებები.
დღეისათვის ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს სახსრების ფორმირების ორი ალტერნატიული პრინციპი, რომელიც შემდგომში დაიხარჯება სოციალური მიზნებისათვის: სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევა. ბევრ ქვეყანაში მაინც პირველ ვარიანტს აძლევენ უპირატესობას.
სავალდებულო დაზღვევის უპირატესობას წარმოადგენს კრიტიკულ სიტუაციაში ზოგიერთი სახის გარანტიები. ამასთან, დაზღვევის ამ სახეობათა რეალიზაცია წარმოებს შრომის ანაზღაურების ფონდიდან სავალდებულო ანარიცხების სახით.
ხელფასიდან ანარიცხები ადვილად ამოიღება, თუმცა მას ნაკლოვანებაც გააჩნია. ამ ანარიცხების სიდიდე მცირდება უმუშევრობის გადიდების კვალობაზე, ე.ი. სწორედ იმ მომენტში, როდესაც დასაქმების ზრდა მხარდაჭერას საჭიროებს.
ამასთან, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში (დანია, ფინეთი, შვეცია, ნიდერლანდები) ფართო გავრცელება ჰპოვა ნებაყოფლობითმა დაზღვევამ. დაზღვევის ეს ვარიანტი ხორციელდება პროფკავშირების მეშვეობით.
სოციალური დაზღვევის დაფინანსების სისტემა ისეთ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული, როგორიცაა შრომის ანაზღაურების ფონდისა და ხელფასის ანარიცხების შესაბამისობა. ამ ორი წყაროს გამოყენებით შემოსული თანხები საშუალებას იძლევა სხვადასხვა დონის ბიუჯეტის ასიგნებები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
რუსეთში უმუშევრობასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის დაფინანსების სისტემა ფუნქციონირებს სპეციალიზებული საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების – მოსახლეობის დასაქმების ფონდის სახით. ამ ფონდის სახსრები იქმნება რამდენიმე წყაროს მეშვეობით. ესენია: ნებაყოფლობითი სადაზღვევო შენატანები; დაზღვეულის სავალდებულო სადაზღვევო შენატანები; სხვადასხვა დონის ბიუჯეტის ასიგნებები; იურიდიული და ფიზიკური პირების ნებაყოფლობითი შენატანები.
საქართველოში დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის დაფინანსების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ არ არსებობს დაფინანსების ერთიანი ფონდი და მისი ხარჯვის უნიფიცირებული წესები.