როგორ განაწილდება 901 მილიონი ლარი

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2013 წელს, პროექტების განხორციელების მხრივ, 180 000 000 ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არაერთხელ გამოსულან იმის ხაზგასმით, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება, ინვესტიციები შემცირდა და ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერდა. ”საქართველოს ეკონომიკასთან” საუბრისას, დავით ნარმანია ამ მოსაზრებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს ამ ეტაპზე მხოლოდ 3 პროექტზე აქვს უარი ნათქვამი, აქედან 2 დროებითაა შეჩერებული, სხვა ყველა პროექტი კი შეუფერხებლად, გეგმის მიხედვით ხორციელდება. 2013 წლის იანვარში, მხოლოდ ერთ თვეში, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მიერ, 30-მდე ტენდერი გამოცხადდა, რომელთა საერთო ღირებულება 35 000 000 ლარია.

სამინისტროს პრიორიტეტებსა და უახლოეს გეგმებზე გვესაუბრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია: როგორც კი გადმოვიბარეთ სამინისტრო, ჩვენ ორი მიმართულებით დავიწყეთ პრიორიტეტების შემუშავება. პირველი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება, რათა ქვეყნის ახალი ხელისუფლებისთვის წარგვედგინა და ხელისუფლებას ჰქონოდა ხედვა და პოლიტიკა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობები, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის რეგიონალურ განვითარებასთან. მეორე მიმართულება ეს იყო სამინისტროს 2013 წლის სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტში 2013 წელს განსახორციელებელი პროექტების გარდა, ჩავსვით ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა, როგორი უნდა იყოს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი, საზოგადოებასთან ურთიერთობის როგორი სისტემა უნდა გვქონდეს და ა.შ. საკმაოდ მრავლისმომცველი დოკუმენტი გამოგვივიდა. ამჟამად ვმუშაობთ მომდევნო 4 წლის სტრატეგიაზე, რომელიც ყოვლისმომცველი იქნება.

ს.ე. რა არის სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტები?
დ.ნ.
პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ეს არის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, მათ შორის, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა, ასევე წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები, გვაქვს ახალი პრიორიტეტიც _ მყარი ნარჩენების მართვა და ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობა. პრიორიტეტულია ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხები, ჩვენ ინფრასტრუქტურულ განვითრებას განვიხილავთ, როგორც რეგიონული განვითარების წინაპირობას.
ვიმეორებ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას, რაც გულისხმობს: მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას, რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელების სისტემის სრულყოფას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ის მოიცავს: 240 კმ საერთაშორისო და შიდა გზის, 30 ხიდის, 3 გვირაბის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, 42 მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას, ნაგავსაყრელების მართვას და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაციას.

ს.ე. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარეობს ამ ეტაპზე?
დ.ნ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ავტომაგისტრალების მშენებლობის პროეტები როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საგზაო სამუშაოები არის ყველაზე მსხვილი პროექტები ჩვენ სამინისტროში, ზოგოერთი პროექტი დაწყებული იყო და გაგრძელდა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მონაკვეთზე კი გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი, რომელიც უკვე დასრულდა, გამოვლინდა კომპანია, მას ჩვენი მხრიდან საავანსო თანხაც ჩაერიცხა და მუშაობა დაწყებულია. სიდიდით მეორე მსხვილი პროექტებია, წყალმომარაგების პროექტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. გარდამავალი პროექტების გარდა, ჩვენ ახალი პროექტები დავიწყეთ. 25 მუნიციპალიტეტში და სამ დაბაში წყალმომარაგების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ეს პროექტები წელს დავიწყეთ, მათი ნაწილი წელსვე დასრულდება, ნაწილი კი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, უკვე გამოცხადებულია ტენდერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა სახლების მშენებლობაზე, რაც ასევე საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება, უნდა აშენდეს 8 ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მალე გამოცხადდება ტენდერი რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. ჯერჯერობით, მიწის გამოსყიდვის სამუშაოები მიმდინარეობს და ამის შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

ჩვენი სამინისტროსთვის წელს მთლიანად 901 მილიონი ლარია გამოყოფილი. საიდანაც 500 მილიონი ლარი მოხმარდება საგზაო დეპარტამენტის მიერ გასახორციელებელ სამუშაოებს, 110 მილიონი ლარი არის წყალმომარაგების სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა, 180 მილიონი მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტები და პროგრამები, 12 მილიონი ლარია განკუთვნილი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხების დასაფინანსებლად. თანხის დანარჩენი ნაწილი გამოყოფილია სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისთვის.

ს.ე. სატენდერო პირობებში რა შეიცვალა?
დ.ნ.
ჩვენ შევეცადეთ, რომ სამუშაოებში მაქსიმალურად ყოფილიყვნენ დასაქმებულნი ადგილობრივი კადრები. აქედან გამომდინარე, სატენდერო პირობებში ვდებთ იმ მოთხოვნას, რომ გამარჯვებული კომპანიის მიერ დასაქმებულთა მინიმუმ 70% უნდა იყოს ადგილობრივი კადრი. გარდა ამისა, მეორე რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის სატენდერო დოკუმენტაციის უფრო მეტი დეტალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად უნდა გაკეთდეს სამუშაოების ზედამხედველობა, განხორციელდეს მიღება-ჩაბარება და ა.შ. და თუ კონტრაქტორი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვიტოვებთ მექანიზმებს, რომ მასთან კონტრაქტი გავწყვიტოთ და ახალი ტენდერი გამოვაცხადოთ.

ს.ე. როგორია თანაფარდობა საერთაშორისო დონორებისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის?
დ.ნ.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წყარო, ძირითადად, დონორი ორგანიზაციებია. დაფინანსების დაახლოებით 2/3-დი მოდის დონორ ორგანიზაციაზე, დაახლოებით 1/3-დი კი არის საბიუჯეტო თანადაფინანსება. ყველაზე დიდი პროექტები _ როგორიცაა ავტომაგისტრალების მშენებლობა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ნაწილების მშენებლობა, წყალომარაგების პროექტები და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები _ ხორციელდება დონონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ესენია მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის კორპორაცია. თუმცა, ამ პროექტების საბიუჯეტო თანადაფინანსებაც ხდება, რადგან ეს დონორების მოთხოვნაა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ფინანსდება შიდასახელმწიფოებრივი გზების ნაწილის მშენებლობა, 12 მილიონი ლარის მოცულობით სრულად ბიუჯეტიდან ფინანსდება რეგიონული ნაგავსაყრელების მართვასთან დაკავშირებული პროექტები.

ს.ე. ბატონო დავით, ხშირია სპეკულაციები სამინისტროს მიერ შეჩერებულ ან გაუქმებულ პროექტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რას გვეტყვით, რომელი პროექტების განხორციელებაზე თქვა სამინისტრომ უარი?
დ.ნ.
ასეთი გვაქვს სულ სამი პროექტი. პირველი, ეს არის ბათუმში ოქროს ქვიშების მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტი, რაც ნაპირდაცვასთან ერთად იყო წარმოდგენილი. ჩვენ სრულად არ გვითქვამს უარი ამ პროექტზე, გადავხედეთ მას და ნაპირდაცვის სამუშაოები და პლაჟის მოწყობა იქ გაკეთდება, მაგრამ ფუფუნების და ოქროს ქვიშების გარეშე. მეორე, ეს არის მცხეთაში ხიდის მშენებლობის პროექტი, ჩვენ გვაქვს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თუ ეს ხიდი აშენდება, მცხეთამ შეიძლება დაკარგოს იუნესკოს სტატუსი. აქედან გამომდინარე, დონორ ორგანიზაციასთან გვაქვს მოპლაპარაკებები გამოყოფილი თანხის სხვა მიმართულებით გამოყენებასთან დაკავშირებით. საუბარია, 30 მილიონ ლარზე. ხოლო მესამე პროქტი ეს არის თბლისში მარშალ გელოვანის გამზირსა და სამტერდიის ქუჩას შორის საკმაოდ ძვირადღირებული, 80 მილიონი ლარის ღირებულების ხიდის სამშენებლო პროექტი. ჩვენ უკმაყოფილო ვართ იმ კვლევით, რაც გაკეთდა ამ ხიდთან დაკავშირებით. ხიდის აშენების შემდეგ ავტომობილების საკმაოდ დიდი ნაკადი აღმოჩნდება სამტრედიის ქუჩაზე. ჩვენ კი არ ვიცით, ეს ქუჩა დაიტევს თუ არა ამდენ მანქანას. გარდა ამისა, ჩვენთან 500-ზე მეტი ოჯახის ხელმოწერა შემოვიდა თბილისის მერიიდიან, რომლებიც ითხოვდნენ ამ პროექტის გადახედვას. ამიტომ, მიმდინარე ეტაპზე, ამ პროექტის რევიზიის სტადიაზე ვართ. შეჩერებით სხვა არც ერთი პროექტი არ შეჩერებულა, ყველა პროექტი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთანავე, სამინისტროს ვებ.გვერდზე აბსოლუტურად გამჭვირავალედ დევს ინფორმაციები ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროეტქტის შესახებ. რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს.

ს.ე. უკვე განხორციელებულ ან მიმდინარე პროექტებში თუ აღმოაჩინეთ რამე ხარვეზები და დარღვევები?
დ.ნ.
ხარვეზები იყო და თან ბევრი. 30-მდე მასალა ჩვენ გადაგზავნილი გვაქვს საგამოძიებო ორგანოებში. ნაწილი საქართველოს პროკურატურაში და ნაწილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. დარღვევები ძირითადად ეხებოდა იმას, რომ მშენებლობები მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვის გარეშე ან დარღვეული იყო კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობების რეგულაციის საკითხები. ასევე, ხშირ შემთხვევებში, პროექტების ხარჯთაღრიცხვები იყო მაღალი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით ეს მასალები გადაგვეგზავნა საგამოძიებო ორგანებში. დარღვევები ძალიან ბევრი იყო კახეთის რეაბილიტაციის პროექტებში. ეს არის თელავის რეაბილიტაცია, ასევე, გარე განათების პროექტებში იქნა ხარვეზები გამოვლენილი და ბოლოს, დარღვევები იყო წყალტუბოში განსახორციელებელ პროექტებშიც. თუმცა, წყალტუბოში ჯერ მშენებლობები დაწყებული არ არის და ახლა ვიკვლევთ ამ პროექტების საკითხებს, იმისათვის, რომ ისინი შევცვალოთ და უფრო მეტად ქმედითი გავხადოთ.

ს.ე. თუ შეიძლება, რომ უფრო დაწვრილებით ვისაუბრობ მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რას გულისხმობს ის?
დ.ნ.
მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგია გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და 2-დონიანი ადგილობრივი მმართველობის სისტემის განვითარებას, რაც დეცენტრალიზაციის საშუალებას მოგვცემს. ანუ მოხდება ცენტრალური ხელისუფლების ხელში თავმოყრილი გარკვეული ფუნქციების თვითმმართველობებისთის გადაცემა. ამჟამად სტრატეგია მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მიმდინარეობს სამუშაოები საკითხების უფრო სიღრმისეულად შესასწავლად, რომელიც საფუძვლად დაედება საკანონმდებლო ინიციატივებს.

ჩვენს ქვეყანაში ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება დღემდე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ხდება და ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ და მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალური ხელისუფლება იღებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ქარტიასთან. აღნიშნული ქარტიის მიხედვით, დემოკრატიულ ქვეყნებში, ადგილობრივი საკითხები უნდა წყდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. მათ უნდა ჰქონდეთ კანონით მკაფიოდ გათვალისწინებული ფუნქცია და ამ ფუქციების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრები. დღეს გადაწყვეტილებაც და ფინანსებიც ზედა დონეზე წყდება, რაც ხელს უშლის ადგილზე გადაწყვეტილებების მიღებას და მათ აღსრულებას. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობა და მოსახლეობა ერთმანეთს არის დაშორებული, რადგან გვაქვს დიდი ადგილობრივი თვითმმართველობები და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება მათთან ხშირ კონტაქტზე. აქედან გამომდინარე, კოალიცია ”ქართული ოცნების” და საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად, შემუშავდა ძირითადი სტრატეგია 2013-2014 წლებისთვის. ეს არის ძირითადი გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით.

დღეს ცენტრალურ ხელისუფლებას გარკვეული უფლებამოსილებები ზედმეტ ტვირთად აქვს აკიდებული. წესით, ეს უფლებამოსილებები ადგილზე უნდა წყდებოდეს. სტრატეგიის მიხედვით, ასეც მოხდება. ხოლო უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება სამხარეო ხელისუფლების დონეზე. მაგალითად, წყალმომარაგებასთან, ნარჩენების მართვასთნ, შიდა გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივად მოგვარდება.
განხორციელდება მათზე მონიტორინგი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებაც. რაც შეეხება საზოგადოების სარგებელს, მათ მიერ, ადგილობრივ თვითმმართველობებში, 2 წლის ვადით იქნებიან არჩეულნი ადამიანები, ხოლო სოფლებში სისტემატურად ჩატარდება კრებები. ადგილობრივი მოსალხეობა თვითონ შეარჩევს პრიორიტეტებს და თვალყურს მიადევნებს, რომ ეს საჭიროებები დაფინანსებული იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. ანუ მოსახლეობა უფრო აქტიურად იქნება ჩართული მიმდინარე პროცესებში. დღეს სოფლის მოსახლეობას მხოლოდ ფორმალურად ეკითხებიან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების შესახებ. ხოლო სხვა გადაწყვეტილებების მიღებაში ისინი ჩართულები საერთოდ არ არიან.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, სამხარეო დონეზე გათვალისწინებულია თვითმმართველობის გარკვეულ ელემენტები, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველ დონეზე არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მხარის პრიორიტეტებთან დაკავშირებით და დაამტკიცებს მის ბიუჯეტს.
იგივე წარმომადგენლობითი ორგანო შეარჩევს 3 კანდიდატს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. მთავრობის მიერ დამტკიცებული ადამიანი კი იქნება ამ მხარის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.

დღეს ვითარება სხვაგვარადაა. გუბერნატორები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებიან. ისინი წარმოადგენენ ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებას კონკრეტულ ადგილზე. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული უფლებამოსილებები ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით და არ გააჩნიათ ბიუჯეტი. ისინი, ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. შესაბამისად, ინფრასტრუქტურულ _ გზებთან, წყალთან და სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს ისინი მოსახლეობას ვერ უგვარებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არ შედის მათ ფუნქციაში და არც შესაბამისი ბიუჯეტი გააჩნიათ. ჯერჯერობით, ჩვენ საქართველოს მთავრობას ზოგადი მიმართულებები წარვუდგინეთ, მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, მომზადდება კანონპროექტები, რომელიც საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial