ვის სჭირდება ფინანსური ამნისტია

ალექსანდრა ლალიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა 17 იანვარს ფინანსური ამნისტიის და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა. სააკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას: ”ეკონომიკაში არის საგანგაშო ტენდენციები, ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია 2013 წლამდე საგადასახადო დავალიანებაზე. ასევე, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული ეკონომიკურ დანაშაულებზე”.

მაგრამ მთავრობა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაში ფინანსური ამნისტიის და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ საფრთხეებს ხედავს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე საგადასახადო ვალდებულებების ამნისტირებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას ნეგატიუად აფასებს: ”წინმსწრები განცხადება ნეგატიურად აისახება საგადასახადო შემოსავლების მობილიზებაზე. მოსალოდნელ ფინანსურ ამნისტიაზე, ფინანსთა სამინისტრო წინასწარ ვერ ისაუბრებს. მთლიანად ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ვერ მოხდება, რადგან არსებული სისტემა შესაცვლელია. ჩვენი ხელისუფლება აღაირებს არსებულ მავნე პრაქტიკას და დავების დასრულებამდე აღსრულებაზე არ ვსაუბრობთ”.

ექსპერტთა ნაწილი პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. მათი შეფასებით, ფინანსური და ნებისმიერი ტიპის ამნისტია არის უსამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია, რომელსაც აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, იგივე პირობებში დგება, როგორც ის კომპანია, რომელიც პირნათლად ასრულებდა ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს. ამიტომ მათ შეიძლება გაუჩნდეთ ლეგიტიმური პრეტენზია: რა აზრი აქვს ყველა გადასახადის გადახდას, თუ ერთ დღეს მოხდება მისი ამნისტია. ამიტომა არის წინასწარი განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით საფრთხის შემცველი.
საქართველოში უკვე არსებობს ფინანსური ამნისტიის არცთუ წარმატებული პრეცენდენტი. 2004 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ერთჯერადი ხასიათის ”ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონი, რომელმაც მეწარმეები 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან გაათავისუფლა და არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსი მისცა. მაშინდელი სახელისუფლებო გუნდის გათვლებით, თანხა, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებს აპატიებდა, დაახლოებით 2 მლრდი ლარი უნდა ყოფილიყო.

ცხრა წლის წინ საგადასახადო ამნისტია იდეაში უნდა გავრცელებულიყო ყველა მეწარმეზე, რომელთაც კანონის ამოქმედებამდე არ ჰქონდათ აღიარებული საგადასახადო დავალიანება და სამეწარმეო დანაშაული, რომელიც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. ამ კანონით დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება 2005 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო. ფინანსები ლეგალიზებულად ითვლებოდა, თუ დეკლარანტი მის 1%-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდიდა.

მაგრამ, საერთო შეფასებით, 2005 წელს განხორციელებულ ფინანსურ ამნისტიას ეფექტი არ ჰქონია. ამნისტიის შესახებ კანონის მიმართ დამოკიდებულება, თავიდანვე არაერთგვაროვანი იყო. გარდა ამისა, რადგან საკანონმდებლო აქტის მიღების პროცედურებმა და კანონში გაჩენილმა უამრავმა დათქმამ, რამაც ამნისტიის გავრცელების არეალი, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირა, საფუძვლიანი ეჭვი დაბადა, რომ ამნისტია მხოლოდ ფორმალურ აქტად დარჩებოდა. საბოლოოდ, ზარ-ზეიმით გამოცხადებული ”ჰუმანური აქტი” მხოლოდ დეკლარაციად დარჩა და ფინანსური ამნისტიით არც არავის უსარგებლია.

ექსპერტთა შეფასებით, 2005 წლის ფინანსური ამნისტია უფრო მეტად უკანონოდ მოპოვებული ქონების (შემოსავლების) დაკანონება იყო, ვიდრე ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის წყარო. ადგილობრივი ექსპერტების გარდა, 9 წლის წინანდელი ამნისტია საერთაშორისო დონეზეც უარყოფითად შეაფასეს. `ქართული ამნისტია~ შეფასებული იქნა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მსოფლიოში. ბიუჯეტში მისაღები დაგეგმილი 10 მილიონი ლარიდან, რეალურად ამოღებული იქნა 70 ათასი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები შესრულდა.

ფინანსური ამნისტიის არსი

ამნისტია წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის პატიება ან მისი შემსუბუქებაა. ფინანსური ამნისტია ფინანსური დანაშაულებების ჩადენის გამო დაკისრებული სასჯელის შემსუბუქებას ან გაუქმებას გულისხმობს. მთელს მსოფლიოში გადასახადებისგან თავის არიდება და ე.წ. ”ჩრდილოვანი” კაპიტალის ლეგალიზაცია უმძიმეს დანაშაულად ითვლება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეკონომიკის წახალისების და ინვესტიციების მოზიდვის (ხშირ შემთხვევაში, დაბრუნების) მიზნით, მსგავსი დანაშაულის პატიება ხდება. ფინანსური ამნისტია შეიძლება იყოს კაპიტალზე და ამნისტია დაფარულ გადასახადებზე. ფინანსური ამნისტია დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებს და სუბიექტებს აძლევს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს.

ფინანსური ამნისტიების სხვადასხვა ფორმით განხორციელების მაგალითები მსოფლიოში არცთუ მცირეა. მეტნაკლები წარმატებით და სხვადასხვა ფორმით იგი განხორციელდა არგენტინაში, ბელგიაში, ინდოეთში, ირლანდიაში, იტალიაში, მალტაში, საფრანგეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიაკში და ა.შ.
ბელგიაში ფინანსური ამნისტია 2004 წელს გამოცხადდა და იგი ეხებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინებულ კაპიტალს. ამნისტიით, პირებს, რომლებსაც ქვეყნის გარეთ ჰქონდათ დანაზოგები განთავსებული, ყოველგვარი სანქციის გარეშე შეეძლოთ დაებრუნებინათ იგი საკუთარ ქვეყანაში და ”ინდულგენციის” მისაღებად ამ სახსრების 6%-დან 9%-მდე არანაკლებ 3 წლით უნდა განეთავსებინათ ბელგიური კომპანიების აქციებში. ბელგიის ფინანსთა მინისტრი ამ გზით 10-15 მილიარდი ევროს შემოდინებას ვარაუდობდა, საიდანაც 850 მილიონ ევრომდე მოსაკრებლის ამოღებას ვარაუდობდა.

ამნისტია კაპიტალზე დროში დაემთხვა 2005 წელს ევროკავშირის მიერ გამოცემულ დირექტივას ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველა ბანკი ვალდებული იყო მიეწოდებინა ინფორმაცია არარეზიდენტების მიერ განთავსებული დეპოზიტების შესახებ იმ ქვეყნის ფინანსური კონტროლის ორგანოებისთვის, რომლის რეზიდენტებსაც ეს პირები წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, ინფორმაცია რეზიდენტების მიერ სხვა ქვეყნებში განთავსებული ფინანსური რესურსების შესახებ გახდა ხელმისაწვდომი ფინანსური მარეგულირებლებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ლუქსემბურგი დაზარალდა, ვინაიდან იქ ბელგიური დანაზოგების ყველაზე დიდი ნაწილი იყო განთავსებული (ლუქსემბურგში საშემოსავლო გადასახადი არ არსებობს, ბელგიაში კი 50%-ია). ამნისტიის შედეგად, ბელგიაში დაგეგმილი სახსრების მხოლოდ 6% ”დაბრუნდა” და ქვეყანაში 1 მილიარდი ევრო შემოვიდა. ერთი სიტყვით, ამნისტიამ ვერ გაამართლა.

შედარებით წარმატებული გამოდგა ამნისტია იტალიაში, რომელიც 2001 წელს განხორციელდა. ბელგიური მოდელისგან იტალიური იმით განსხვავდებოდა, რომ ამნისტია ეხებოდა არამატრო აქტივებს, არამედ გადაუხდელ გადასახადებსაც, ანუ ადგილი ქონდა კაპიტალის და საგადასახადო ამნისტიას, კომბინირებულ მოდელს. 2001 წლის 25 სექტემბერს იტალიაში გამოცემული დეკრეტის მიხედვით, სუბიექტს უნდა გადაეხადა დეკლარირებული ქონების 2.5% ან დამალული ქონების ღირებულების 12% უნდა განეთავსებინა იტალიურ ფასიან ქაღალდებში, სანაცვლოდ კი საგადასახადო ორგანოებისგან იღებდა სპეციალურ სერტიფიკატს, რომლის მიხედვითაც სუბექტი თავისუფლდებოდა დეკლარირებისგან, საგადასახადო დავალიანების გადახდისგან, ლეგალიზაციამდე მიღებული რესურსების აუდიტის განხორციელებისგან და ა.შ. იტალიაში ამნისტიის შედეგად გამოცხადებიდან პირველ 2 თვეში ლეგალურ კალაპოტს 62 მილიარდი ევროს კაპიტალი დაუბრუნდა, ხოლო გადასახადების ამოღება 24 მილიარდი ევროთი გაიზარდა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ფინანსური ამნისტიების განხორციელების პრაქტიკა მხოლოდ ყაზახეთს და საქართველოს აქვს. ყაზახეთში ამნისტია მოხდა 2001 წელს და იგი შეეხო არამარტო კაპიტალს, არამედ სხვა ქონებასაც, მხოლოდ იმ აქტივების გამოკლებით, რომლებზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა და რომლებიც კორუფციული სქემებით იყო მოპოვებული. საბოლოო ჯამში მოხდა 480 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების ლეგალიზება.
დავუბრუნდეთ ისევ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, მთავრობის კვალდაკვალ, არც ბიზნესის წარმომადგენლები აღფრთოვანებულან დიდად. კახა ოქრიაშვილი ”PSP-ს” დამფუძნებელი: ”ამნისტია იყო გამოცხადებული 2004 წელს, მაგრამ ვარდების რევოლუცია 2003 წელს მოხდა. ამნისტია მოხდა ერთი წლის დაგვიანებით და ამ პერიოდში ძალიან ბევრი ბიზნესი ”გაიპარსა”. ასეთი ამნისტია არავის არ სჭირდება. მეორეც, პატიოსან ბიზნესს ამნისტია არ სჭირდება. ბიზნესი იმისთვის არსებობს, რომ აქვს სოციალური ვალდებულება დაასაქმოს ადამიანები და პატიოსნად გადაიხადოს გადასახადები. აქედან გამომდინარე, პატიოსან ბიზნესს არ სჭირდება არანაირი ამნისტია. პატიოსან ბიზნესს სჭირდება, რომ სახელმწიფო მხოლოდ კოდექსის მიხედვით ჩაერიოს მის საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, ყოველ წელს ვიღაცამ გადასახადები არ გადაიხადოს, ვიღაცას ვალი დაუგროვდეს, ვიღაცამ ვერ შეძლოს გადახდა და ითაღლითოს და მერე სახელმწიფომ ესენი გადასახადებისაგან გაათავისულოს – ამის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ პატიოსანი ბიზნესმენები ვართ და ამნისტია არ გვჭირდება.”

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: ”გაუგებარია პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენთა ამნისტირების შესახებ. როგორ შეიძლება ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენს დანაშაული ეპატიოს? ადამიანები ხელისუფლებაში თანამდებობაზე იყვნენ, დანაშაულს ჩადიოდნენ და რა უნდა ეპატიოთ? დანაშაულის ჩადენა? გაუგებარია, რატომ აფასებს წინა ხელისუფლება ახალი ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენების დასჯის მცდელობას პოლიტიკურ დევნად? ეს ხომ კატასტროფაა, რესპუბლიკანიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ იგი წინა ხელისუფლების მაკონტროლებელია და, თუ მისმა წინამორბედმა მისივე მმართველობის დროს შეცდომები დაუშვა, უნდა გამოაშკარაოს. დასავლეთში ეს რომ იციან, ამიტომაცაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას უფრთხიან გადაცდომების, შეცდომებისა და დანაშაულის დაშვებასა და ჩადენას. მათ იციან, რომ მათ შემდეგ მოსული ხელისუფლება მათ აუცილებლად ამხელს. ჩვენ რა გამოგვდის? ძველი ხელისუფლების შეცდომები და დანაშაულები არ უნდა ახსენო? არ შეიძლება დანაშაული ვისმეს ეპატიოს. ამას სჯობს, ყველა დამნაშავე ობიექტური სასამართლოს მიერ იყოს გასამართლებული, მაგრამ ჩვენ ხომ ამგვარი სასამართლოს პრობლემაც გვაქვს. ახლა ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენთა ამნისტირება ნიშნავს იმას, რომ ახლანდელ და მომავალ ხელისუფლებასაც სულ ექნება იმის იმედი, რომ თუ ისინი ცუდად მოიქცევიან, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ატეხენ ყვირილს, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება და დანაშაულის ჩადენა მათაც ეპატიებათ”.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ მარტის დასაწყისში, ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულების ამნისტირების თაობაზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს წარმოდგენილი ცვლილებების მიღებას პარლამენტს მასთან დაახლოებული ბიზნესმენებისათვის სთავაზობს და ინდულგენციის დაკანონებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია რატომ არ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბრამდე ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულთა ამნისტირების ინიციატივით? უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურ-ფინანსურ დანაშაულთა ამნისტირებისა და დეკრიმინილაზაციის ინიციატივა პრეზიდენტმა მასთან დაკავშირებულ ნომენკლატურული, პარტიული ბიზნესის დაცვის მიზნით მოამზადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ფინანსური და არადეკლარირებული შემოსავლების ამნისტირების თაობაზე პრეზიდენტის შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტში რამდენიმე მისთვის მისაღებ ინიციატივას ხედავს, თუმცა ზოგადად, კანონპროექტის არსი მიუღებლად მიაჩნია. შესაბამისად, სამეწარმეო, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებისა და ასეთ დანაშაულთა დეკრიმინალიზაციის თაობაზე პრეზიდენტის მიერ შემუშავებულმა პაკეტმა მხარდაჭერა ვერც იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან მიიღო.

ხმალაძის აზრით, პაკეტში არის ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება პარლამენტმა გაიზიაროს, მაგრამ რაკი ის საკანონმდებლო პაკეტშია წარმოდგენილი, მხარს ვერ დაუჭერს. დეპუტატი კატეგორიულად არ იზიარებს შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და შემოსავლებზე ფინანსური ამნისტიის გამოცხადების პრინციპს და მას ”უსამართლოდ” აფასებს. ”ასეთ კანონპროექტს ვერანაირად დავუჭერ მხარს, რადგან ის უსამართლობას დააკანონებს. ეს იცით რისი ანალოგიაა? _ როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალება მილიონობით გადასახადს არ იხდიდა და შემდეგ მისთვის ფინანსურ ამნისტიას იყენებდნენ, მაშინ როდესაც, ზოგი მედიასაშუალება გაჭირვებითა და წელებზე ფეხის დადგმით საგადასახადო ვალდებულებებს ისტუმრებდა. ასეთი რამ უსამართლობაა, რასაც მხარს ვერ დავუჭერ”, _ აღნიშნა ხმალაძემ.

დეპუტატის თქმით, ფინანსური ამნისტია თავის დროზე უარყოფითად აისახა მედიასაშუალებებზე. ”ის მედია საშუალებები, რომლებიც წელებზე ფეხის დადგმით ხშირად, ძალიან დიდი გაჭირვებით ასრულებდნენ ყველა საგადასახადო ვალდებულებას და ზოგიერთი, გვარს არ დავასახელებ, მილიონობით და ათეულ მილიონობით ვალებს აგროვებდა და შემდეგ გაათავისუფლეს ამ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან, იმასაც ვინც იხდიდა გადასახადებს, ათეული მილიონი რომ დაეხარჯა საკუთარი მედია საშუალების განსავითარებლად, გაცილებით უკეთესი დონის ტელევიზიებს შექმნიდა, ვიდრე მათ დღეს აქვთ. ამიტომ ასეთი რამ არის უსამართლობა და ამას ვერ შევეგუები”, _ აღნიშნა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში საბოლოო გადაბარგებამდე ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც იმ პერიოდისათვის ის ისევ აკონტროლებდა. ფინანსთა მინისტრის იჟამინდელი მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ხეთაგურის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიებს ვადაგაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდათ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს იყო მეორე საგადასახადო ამნისტია ტელევიზიებისათვის. 2010 წელს, ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2″-სა და ”იმედს” ჯამში 25 მილიონი ლარი, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს _ 9 მილიონი ლარი ჩამოაჭრეს. სულ 36 მილიონი ლარის დავალიანება იქნა განულებული.

როგორც ვხედავთ, პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი ფინანსური ამნისტია ქართული რეალობისთვის უცხო არ არის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი ინიციატორებისათვის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგებია. საჭიროა თუ არა ფინანსური ამნისტია, მთავრობისა თუ ოპოზიციის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. საჭიროა საკითხის საფუძვლიანი ანალიზი და ინიციატივის შეფასება შემდეგი ამოსავალი კატეგორიებიდან: ემსახურება თუ არა ამნისტია უკანონობის დაკანონებას; მიიღებს თუ არა ბიუჯეტი შემოსავლებს; წაახალისებს თუ არა ამნისტია ბიზნეს-აქტივობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ამნისტია არათუ გაზრდის ეკონომიკაში ლეგალიზაციის დონეს და ხარისხს, არამედ ხელს შეუწყობს ჩრდილოვანი, უკანონო და არასამართლიანი ეკონომიკის მშენებლობას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial