გზა აგრარული სექტორის კომერციალიზაციისკენ

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა დაიწყო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა. პროექტის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა ყველა ის კომპონენტი და პირობა, რომლის მიხედვითაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დახმარებით ფერმერები შეღავათიან აგროკრედიტებს მიიღებენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის, განცხადებით: ”ეს იქნება სტიმული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და გადამამუშავებელი მრეწველობისთვის. მადლობას ვუხდი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ინტენსიურად შრომობდნენ, რათა შეგვემუშავებინა ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაცხადებთ. ეს არის ის გზა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარა, საქართველოში ეს კიდევ უფრო წარმატებული იქნება”, _ განაცხადა კირვალიძემ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ”ბაზისბანკი”, ”კონსტანტნა”, ბანკი ”რესპუბლიკა”, ბანკი ”ქართუ”, ”ვითიბი ბანკი”, ”თიბისი” ბანკი, ”კორსტანდარტ ბანკი”, ”კრედო”, ”კრისტალი”, ”ლიბერთი ბანკი”, ”პროკრედიტბანკი”, `საქართველოს ბანკი” და ”ხალიკ ბანკი”.

შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს. პროექტს ”სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” დააფინანსებს. პროექტის სამი კომპონენტისაგან შეგდება: უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის _ 0%; შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის _ არაუმეტეს 8%-ის, საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით და შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო _ სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%-ის, ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეს კომპონეტი. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის 5000 ლარამდე.

ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმეტეს ნაწილს აწარმოებენ ფერმერული/გლეხური მეურნეობები. ამგვარი მეურნეობების ტექნიკური აღჭურვა მწირია, ისინი ეფუძნებიან ძირითადად ხელის იარაღებს და იშვიათად, დაქირავებული ტექნიკის გამოყენებას; მათ არ აქვთ კრედიტის აღების შესაძლებლობა; სწორედ ამიტომ, მცირე ფერმერებისთვის მსგავსი პრობლემების გადაჭრის კარგ ინსტრუმენტს წარმოადგენს უპროცენტო სასაქონლო კრედიტი.
სააგენტოს მიერ საფინანსო ინსტიტუტებთან და საწარმოო საშუალებების (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები და ა.შ.) მომწოდებლებთან მოლაპარაკების საფუძველზე, ორგანიზაციებსა და მაღაზიებს შორის გაფორმდება ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, მაღაზია უწერს ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს (ინვოისს), რომელსაც ანაზღაურებს საფინანსო ინსტიტუტი.

საფინანსო ინსტიტუტსა და მაღაზიას შორის მოლაპარაკების შედეგად, ფერმერს/მეწარმეს საშუალება ეძლევა, პროდუქციის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში, გამოიტანოს მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმოო საშუალებები (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები, გარდა სასუქისა). სეზონის დასრულების შემდეგ, ფერმერი/მეწარმე გადაუხდის სასაქონლო კრედიტს საფინანსო ინსტიტუტს, სესხის დამტკიცების მომენტიდან, ფერმერის მიერ მიღებული საქონლის ჯამური ოდენობის შესაბამისად, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) არ ვრცელდება სასუქებზე. ფერმერს აღნიშნული სესხის/განვადების დასაფარად 6 თვე ეძლევა. 6 თვეში თანხის ვერ დაფარვის შემთხვევაში, მას დაემატება თვეში 3%. პირველ კომპონენტში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პარტნიორი საფიანანსო ინსტიტუტებია: ”ვითიბი ბანკი”, ”ბანკი კონსტანტა”, ”კრედო”, ”კრისტალი” და ”ლიბერთი ბანკი”.

რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ესაა 8%-ის შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის 5000-დან 100 000 ლარამდე არაუმეტეს 2 წლის ვადისა. საშუალო და მსხვილი ფერმერების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ მეწარმესთან, რომლის შემოსავლების ძირითადი ნაწილი აგრო საქმიანობაა. პროექტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებული სესხის საპროცენტო განაკვეთის გარკვეული ნაწილის დაფინანსებას სააგენტოს მიერ. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.

ამ კომპონენტში სესხი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობით: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსება (მათ შორის: ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, სასუქების, არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის, ფრინველის, თევზის და მათი საკვების, ფუტკრის ოჯახის და სკების, ვეტ-პრეპარატებისშეძენა, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება, სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა); სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება (მათ შორის: სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სათბურის აშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა).

კრედიტის ვადა დამოკიდებულია მის მიზნობრიობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად: საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მემცენარეობისათვის (მათ შორის: ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, სასუქების, სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა; შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება;) _ არაუმეტეს 12 თვის; საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მეცხოველეობისთვის (მათ შორის: არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის, ფრინველის, თევზის და მათი საკვების, ფუტკრის ოჯახის და სკების, ვეტ-პრეპარატების, სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა; შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება) – არაუმეტეს 18 თვის; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება (მათ შორის: სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სათბურის აშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა) – არაუმეტეს 24 თვის.

მეორე კომპონენტში სააგენტოს პარტნიორი საფიანანსო ინსტიტუტებია: ”ბაზისბანკი”, ”ბანკი რესპუბლიკა”, ”ბანკი ქართუ”, ”ვითიბი ბანკი”, ”თიბისი ბანკი”, ”კონსტანტა”, ”კორ სტანდარტ ბანკი”, ”ლიბერთი ბანკი”, ”პროკრედიტ ბანკი”, ”საქართველოს ბანკი”, ”ხალიკ ბანკი”.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესამე კომპონენტი ითვალისწინებს არაუმეტეს აგროკრედიტს, რომლის საპროცენტო განაკვეთი იქნება არაუმეტეს 3%-ისა, მოცულობა 1 მილიონ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) არაუმეტეს 7 წლის ვადით.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მიღებული მოსავლის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის არსებობა. ამ მიზნით, შეიქმნა შესაბამისი ინსტრუმენტი შეღავათიანი კრედიტის სახით, რომელიც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის (შემნახველი, სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები, სარწყავი სისტემები) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ კომპონენტში იგეგმება არანაკლებ 60 საწარმოს დაფინანსება.

იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის, ბანკის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს. ამ კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება, მათ შორის: გადამამუშავებელი საწარმოები, ინფრასტრუქტურული საწარმოები, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. ამ კომპონენტით სასესხო თანხა განისაზღვრება 30 000 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე, ვადა _ არაუმეტეს 84 თვე. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის პარალელურად სააგენტო გადაიხდის. შესაბამისად, მეწარმისთვის, მსესხებლისთვის ეს სესხი იქნება არაუმეტეს 3%-ისა.

მესამე კომპონენტში სააგენტოს პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტებია: ”ბაზისბანკი”, ”ბანკი რესპუბლიკა”, ”ბანკი ქართუ”, ”ვითიბი ბანკი”, ”თიბისი ბანკი”, ”ბანკი კონსტანტა”, ”კორ სტანდარტ ბანკი”, ”ლიბერთი ბანკი”, ”პროკრედიტ ბანკი”, ”საქართველოს ბანკი” და ”ხალიკ ბანკი”.

”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში ”საქართველოს ბანკის” საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 30-50 მლნ ლარამდე განისაზღვრება. როგორც ბანკის გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური განმარტავს, პორტფელის მოცულობა მომავალში გაიზრდება და 4 წლის განმავლობაში ის 150 მლნ ლარს მიაღწევს.

”ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი არველაძის განცხადებით, ბანკი გასცემს სამივე ტიპის შეღავათიან აგრო კრედიტს და პროექტში ყველაზე ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი: 500-ზე მეტი მომსახურების ობიექტით, მათ შორის, 100 მობილური სერვის ცენტრით, რომლებიც 400-ზე მეტ სოფელს აწვდიან საბანკო მომსახურებას. ფერმერული/გლეხური მეურნეობების მფლობელებს ”ლიბერთი ბანკი” 0%-იან, 6-თვიან სასაქონლო კრედიტს მყისიერად დაუმტკიცებს. პროექტში აგრეთვე ჩართულია ბანკის პარტნიორი, საწარმოო საშუალებების (სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები და ა.შ.) 80-მდე მომწოდებელი. დამატებით, ”ლიბერთი ბანკი” აგრო კრედიტორებს გადასცემს ”სმარტივი” ბარათს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სესხის დისტანციურად, თვითმომსახურების ტერმინალების გამოყენებით დაფარვა.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კოოპერაციული მეურნეობების შექმნისთვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს: ”ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და არც კომუნიკაციის პრობლემა იარსებებს. ასევე რამდენიმე წელია არ ჩატარებულა საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, დღეს სახელმწიფომ ეს ვალდებულებაც აიღო”.