ჯორჯ სოროსი – ლეგენდარული ტრეიდერი

FOREX-ის სივრცეში ბევრი წარმატებული ტრეიდერია, მაგრამ უნიკალური თვისებების გამო განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს და ფილანტროპს – ჯორჯ სოროსს. ბირჟაზე მოღვაწეობის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება მისი ქმედებები 1992 წელს ინგლისურ ფუნტზე განხორციელებული ინტერვენციის დროს. რა მოხდა მაშინ და რა გათვალა სოროსმა?

მოვლენები ვითარდებოდა გერმანიის გაერთიანების რთულ და მტკივნეულ პერიოდში. ევროპული ქვეყნები მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ინფლაციის გამო სერიოზულ პრობლემებს განიცდიდნენ. ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით, ცენტრალურმა ბანკებმა შექმნეს სავალუტო კურსების რეგულირების სისტემა _ ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის განისაზღვრებოდა გარკვეული კურსი, რომლის გადახრა დაიშვებოდა მხოლოდ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით და სავალუტო წყვილის კვოტირება ხორციელდებოდა განსაზღვრული კორიდორის საზღვრებში. რომელიმე ვალუტის ამ კორიდორიდან გამოსვლის შემთხვევაში, ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკი იღებდა ვალდებულებას, საკუთარი სახსრებით ჩარეულიყო ყიდვა-გაყიდვის პროცესში და დაებრუნებინა ვალუტა აღნიშნული კორიდორის ფარგლებში.

ჯორჯ სოროსმა შენიშნა, რომ 1992 წელს ინგლისური ფუნტი ევრორეგულირების სისტემაში შესვლის დროს, გერმანულ მარკასთან მიმართებაში ძალზე მაღალი კურსით დაფიქსირდა. ამავდროულად, ინგლისში ინფლაციისა და წარმოების ვარდნის მაჩვენებლები ძალზე მაღალი იყო, ხოლო გერმანიის მთავრობამ სოლიდური თანხები გაიღო ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და სახელმწიფოს გაერთიანებისთვის. იგი დარწმუნდა, რომ ფუნტი მარკასთან მიმართებაში ვერ შეინარჩუნებდა სტაბილურობას, მისი ფასი დაეცემოდა და გაარღვევდა დადგენილ კორიდორს. ეს იყო ერთობ თამამი და ძალიან სარისკო გადაწყვეტილება, რადგან ნებისმიერ გაუთვალისწინებელ სიახლეს (ცნობას) შეეძლო სავარაუდო მოგება კოლოსალური წაგებით შეეცვალა.
რეალობაში მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც სოროსმა იწინასწარმეტყველა. ფუნტმა მარკასთან მიმართებაში ვარდნა დაიწყო.

თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი შეეცადა დაეცვა გირვანქა სტერლინგი და შესაბამისი გადახრის მაჩვენებელი 10%-დან რამდენიმე საათში 15%-მდე აწია, თუმცა ვერც ამ მცდელობამ და ვერც ევროპული ბანკების მიერ განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა ვერ შეაჩერეს გირვანქა სტერლინგის ვარდნა.

1992 წლის 16 სექტემბერს 19 საათზე გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრი, ნორმან ლეიმონტი იძულებული გახდა გაეკეთებინა განცხადება ევროპის სავალუტო სისტემიდან ინგლისის გასვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბაზრის ტალღებზე მარტოდ დარჩენილი ფუნტი სწრაფად ”ჩაიძირა”.

სოროსმა ვირტუოზულად გათვალა გაუფასურებული ფუნტის გერმანული მარკით შესყიდვისა და შემდგომ მისი გაყიდვის დრო. ამ ორი ოპერაციით მან მოიგო მილიარდ დოლარზე მეტი და ეს მოვლენა ისტორიაში ”შავი ოთხშაბათის” სახელით შევიდა.

ამბობენ იმასაც, რომ ჯორჯ სოროსმა ბრიტანეთის მთავრობიდან გაჟონილი ”შიდა ინფორმაციით” ისარგებლა და ინგლისის ბანკის გამტეხის სახელი დაიმკვიდრა.

სინამდვილეში მან ეს თანხა საკუთარი უნარებისა და გონიერების ხარჯზე გამოიმუშავა – ღრმა ანალიზის მეშვეობით სწორად შეაფასა ის პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენდა მიმდინარე სავალუტო კურსზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ოპერაციისთვის დიდი რაოდენობის ნაღდი ფული დასჭირდა და იგი იძულებული გახდა უდიდეს რისკებზე წასულიყო _ დააგირავა მთელი მისი არსებული ქონება და დამატებით მოიზიდა თანხები გარეშე პირებიდან. რომ შემცდარიყო, არა მარტო გაღატაკდებოდა, ციხეშიც მოხვდებოდა!

მომზადებულია კომპანია ”Admiral Markets” ანალიტიკური ჯგუფის მიერ
Admiral Markets