აზარტის სარგებელი

ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში სათამაშო ბიზნესის შემოსავლების სწრაფი ზრდა შეინიშნება. ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოეს წლებში კაზინოების შემოსავლები 9,2%-ით გაიზრდება, ხოლო 2015 წლისთვის ის 182,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. PricewaterhouseCoopers-ის (PWC) აზრით, ასეთი დაჩქარებული ზრდის პირობებში, ბევრი ვერ შეძლებს ისარგებლოს ყველა მისი უპირატესობით, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნები მართლაც მოგებულნი დარჩებიან.

ბოლო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი პეტიციის წყალობით, სათამაშო ბიზნესი ყურადღების ცენტრში მოექცა. პეტიცია სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურად შეზღუდვას ან აკრძალვას ეხება და მას ხელს როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ. მართალია, დღეს საუბარი აღარ არის მის აკრძალვაზე, მაგრამ რეგულაციების გამკაცრებას უნდა ველოდოთ. საქართველოს ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან 140 მილიონ ლარს იღებს, გარდა ამისა, სხვა გადასახადებიდან ბიუჯეტში 30-40 მილიონი შედის, ჯამში, დაახლოებით 180-200 მილიონი ლარი.

დარგობრივმა კომიტეტმა პეტიცია განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძე ფიქრობს, რომ სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურად შეზღუდვა ბიზნესს არ დააზარალებს. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, კონკრეტულად სად მოხდება სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა ან აკრძალვა, თუმცა, ინიციატივის განხილვისას ბიზნესმენების ინტერესები გათვალისწინებული იქნება.

საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა commersant.ge-მ, რომელმაც აჩვენა, რომ მკითხველთა თითქმის ნახევარი აზარტული თამაშების აკრძალვის მომხრეა. commersant.ge-ის კითხვას – ”ემხრობით თუ არა აზარტული თამაშების შეზღუდვის ინიციატივას?” ვებ.გვერდის მომხმარებლებმა ასე უპასუხეს: აზარტული თამაშები საერთოდ უნდა აიკრძალოს – 48.9%; აზარტული თამაშებით სარგებლობის უფლება მხოლოდ უცხოელ ტურისტებს უნდა ჰქონდეს _ 22.8%; არსებული შეზღუდვების გარდა დამატებითი აკრძალვების შემოღება საჭირო არ არის – 28,3%.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აკრძალვით სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან ის, რომ რაღაც აკრძალულია, არ ნიშნავს, რომ მას მომხმარებელი არ ჰყავს. თანაც, ისეთი რამის აკრძალვა, რაც წინასწარვე ცნობილია, რომ ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაინაცვლებს, საფრთხილოა. ცივილიზებულ მსოფლიოში აკრძალვის პრეცედენტები შეუდარებლად ჩამოუვარდება დაშვების შემთხვევებს. მაგალითად, გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის წარმოების წესების გამკაცრებას აპირებს, რომლის თანახმადაც, 240 ათასი სათამაშო ავტომატიდან მინიმუმ ნახევარი დემონტაჟს დაექვემდებარება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სათამაშო აპარატების რაოდენობის შემცირება გერმანელებს ფულის ზედმეტ ხარჯვას ააცილებს თავიდან. ცვლილების შედეგად რესტორნებში, სადაც 5 სათამაშო ავტომატი იდგა, ახლა მხოლოდ ერთი დარჩება. ახალი წესები აზარტული თამაშების შეზღუდვის მომხრეებს გონივრულ მეთოდად ეჩვენებათ იმისთვის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება შემცირდეს. სოციოლოგების კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანიაში სათამაშო ავტომატების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით 20 წელზე ახალგაზრდა მომხმარებელში. მაგალითად აზიაში, სათამაშო დაწესებულებებში ადგილობრივი მოსახლეობის დაშვების კუთხით მნიშვნელოვანი შეზღუდვები ან აკრძალვებია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სწორედ ამ აზარტის გამო უამრავი რუსი, თურქი და აზერბაიჯანელი მოდის და სოლიდურ თანხებს ხარჯავენ. საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვითაც იგივე მოხდება _ ეს ადამიანები ბევრ ქართველთან ერთად სხვა ქვეყანაში გადაბარგდებიან.
ექსპერტების თქმით, აკრძალვა თავის მოტყუება იქნება. ბიზნესიც სერიოზულ დარტყმას მიიღებს, რადგან ეს არის დიდი ინდუსტრია, რომელშიც ბევრი ადამიანია დასაქმებული. ეს არის მომგებიანი ბიზნესი და, შესაბამისად, ამ პროფილის კომპანიები დიდ თანხებს ხარჯავენ ქვეყნის შიგნით. საბოლოო ჯამში, ამ შეზღუდვით შემცირდება ბიზნესის აქტიურობა და მშპ _ ფიქრობენ ექსპერტები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ რეკლამირების აკრძალვაში იგულისხმება ყველა სახის აზარტული თამაშები, გარდა ლატარიებისა და წამახალისიებელი გათამაშებებისა. ”საჯარო აკრძალვა მოიცავს ყველა ასპექტს, მათ შორის, ინტერნეტს და ვინც ინტერნეტში განათავსებს რეკლამას, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, გამეორების შემთხვევაში, 20 ათასით და მერე მანამდე სანამ არ დაიღლებიან”, _ განაცხადა კობა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ის მომხრეა არა მხოლოდ სარეკლამო, არამედ სრულიად სათამაშო ბიზნესის აკრძალვის. ”რეკლამირების აკრძალვით არც ტელევიზიები, არც სარეკლამო კომპანიები და არც მედიასაშუალებები არ გაკოტრდებიან. იმ ხალხზე იფიქრეთ, ვისაც შვილები დაეხოცა აზარტული თამაშების გამო. მე ვარ სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტის ავტორი, თუმცა, მხარს დავუჭერ სათამაშო ბიზნესის სრულად აკრძალვასაც”, – განაცხადა დავითაშვილმა.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა რაღაც ნაწილში ემიჯნება: `საჯარო რეკლამის აკრძალვას დავეთანხმებოდით. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბილბორდების მოხსნას, სატალევიზიო კლიპების რეკლამირებას, მაგრამ ვერ დავეთახმებით სპროტული გადაცემებისთვის სპონსორობის აკრძალვას, რადგან ტელევიზიების სპორტული მატჩების და ფეხბურთის ტრანსლირების პრობლემა გაუჩნდებათ და ამ შემთხვევაში, GMG დაიხურება”, _ განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

აზია ლიდერობას უმიზნებს

მაკაოში 2009 წლიდან 2013-მდე ამ სახის საქმიანობიდან შემოსავლები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.

მთელი მსოფლიოსთვის მაკაო სათამაშო ეკონომიკური სასწაულის სიმბოლოა, ქალაქის ეკონომიკა სათამაშო ბიზნესის გარშემო შენდება, რომელიც ყოფილი პორტუგალიის კოლონიის ბიუჯეტისთვის შემოსავლების 80% მოაქვს. მაკაო ასევე მისაბაძი მაგალითია, სწორედ მისმა მაგალითმა უბიძგა სინგაპურს სათამაშო კანონმდებლობის შერბილებისკენ. ბოლო ათი წელია სათამაშო ზონები წარმოიშვა ვიეტნამში, ნეპალში, სამხრეთ კორეასა და მიანმარში.

საკუთარი ”მაკაოს” შექმნას რუსეთი ვლადივოსტოკში ცდილობს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შემდეგ, სპეციალური ზონა გამოიყო და ამისთვის ვლადივოსტოკის პროექტი ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურებოდა. პირველ რიგში, ზონა აზიაში მდებარებს, სადაც სათამაშო ბიზნესის ბუმია. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, როცა რუსეთში ბოლო კაზინოც დაიხურა (კანონის მიღებიდან 7 წლის შემდეგ) ვლადივოსტოკის ზონა ისევ ”ამბიციური პროექტის” დონეზე რჩება და თანდათანობით უიმედო მშენებლობად იქცევა. ეს კონტრასტი განსაკუთრებით გასაოცარია აზიის სწრაფად განვითარებად სათამაშო ბიზნესის ფონზე. იგივე მაკაოში 2009 წლიდან 2013-მდე ამ სახის საქმიანობიდან შემოსავლები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
2012 წელი მაკაოსთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, სათამაშო ინდუსტრიამ მაინც შეძლო შემოსავლების გაზრდა. ქალაქში უცბად აშენდა რამდენიმე მსხვილი სასტუმრო, მათ შორის შანდს-ის ორი კომპლექსი, ჯამში, 6000-ნომრიანი, რამაც შესაძლებლობა გააჩინა შემცირებულიყო ზეწოლა სასტუმროების ფონდზე და შემცირებულიყო ნომრის საშუალო ფასი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კაზინოს მოგების სტრუქტურა შეიცვალა. მოგების დიდი წილი მასიურ სეგმენტზე მოდის, ის ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე VIP-სექტორი. 2012 წელს VIP-ოპერაციებიდან შემოსავლები მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, ხოლო მასიური ბაზრის ზრდამ 30%-ს გადააჭარბა. სწორედ ამის გამო, ექსპერტების თქმით, მაკაო ლას-ვეგასის გზას დაადგა, სადაც ძირითადი შემოსავლები მასიურ ბაზარზე მოდის და მიაჩნიათ, რომ ეს ბევრად ჯანსაღი სიტუაციაა.

1
მაკაოს სწრაფი ზრდა მთელს რეგიონში სათამაშო ბიზნესისადმი მზარდი ინტერესის ფონზე ხდება. 2008 წელს აზიამ დაჩრდილა ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა (ავსტრალიასთან ერთად) და მსოფლიოში მეორე სათამაშო ბაზარი გახდა. Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს აზია პირველ პოზიციაზე უნდა გავიდეს და უკან ჩამოიტოვოს მრავაწლიანი ლიდერი _ აშშ. PricewaterhouseCoopers-ის ანალიტიკოსის, მარსელ ფენეზის აზრით, 2015 წლისთვის აზიაზე მოვა მსოფლიო სათამაშო ბიზნესის შემოსავლების 49,7%. Fitch-ის შეფასება ბევრად ზომიერია, მაგრამ ამ სააგენტოშიც ფიქრობენ, რომ აზია ამ საქმიანობაში პირველობას მოიპოვებს.
რეგიონში მაკაოს ლიდერობა განჭვრეტად მომავალში ეჭვგარეშეა, ხოლო მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლა იქნება ავსტრალიასა და სინგაპურს შორის. სინგაპური აზიურ სათამაშო ელიტაში თითქმის სამი წელია რაც შეიჭრა (პირველი კაზინო აქ 2009 წელს აშენდა) და მალევე იქცა სათამაშო აქტივობის ცენტრად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სინგაპურს მშვენიერი ბაზა ჰქონდა და კაზინოები ორგანულად შეერწყა არსებულ ინფრასტრუქტურას. ეს ბევრად მარტივია, ვიდრე ცარიელ ადგილას სათამაშო ცენტრი ნულიდან ააშენო.
აღმოსავლეთ აზიაში მთავარ სათამაშო ცენტრად, ჯერჯერობით, სამხრეთ კორეა რჩება. 2012 წლისთვის აქ 13 კაზინო მუშაობდა, მაგრამ, როგროც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია. გასული წლის ოქტომბერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა უზარმაზარი გასართობი ქალაქის – Eightcity -აშენების თაობაზე (რვა – ბევრ აზიურ კულტურაში ბედნიერი რიცხვია) ინჩეონის რაიონში, რომელიც სეულიდან ორსაათიან სავალ გზაზეა. ახალი სათამაშო ცენტრის მასშტაბი მაკაოს სამჯერ გადააჭარბებს, ხოლო ინვესტიციის საერთო მოცულობა 300 მილიარდი აშშ დოლარია. ძირითად ინვესტორებს შორისაა Daewoo, Kempinsky და Korean Air. პროექტი იაპონელ და ჩინელ ტურისტებზეა გათვლილი, ხოლო კორეელებისთვის იქ თამაში, სავარაუდოდ, აკრძალული იქნება, ვინაიდან მათთვის ეს უკვე არსებული 13 სათამაშო კომპლექსიდან 12-ში აკრძალულია. აკრძალვის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თამაშისთვის ნების დართვის შემთხვევაში, კაზინოები გადავსებული იქნება და ისინი ტურისტული ფულის გარეშე დარჩებიან. ადგილობრივებისთვის ერთადერთი კაზინოა გახსნილი, რომელიც სეულიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, მაგრამ ის მაინც ყოველთვის სავსეა.

საზოგადოებისთვის ნეგატიური შედეგების პრობლემა ყველა ქვეყანაში იჩენს თავს, სადაც კაზინოები იხსნება და ყველგან თავისებურად ჭრიან მას. ვიეტნამში, მალაიზიაში და ნეპალში ადგილობრივი მოსახლეობისთვის კაზინოში სიარული აკრძალულია, დაწესებულებები მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის არის ღია. ამან კამბოჯასა და ვიეტნამს შორის საზღვარზე სათამაშო ბუმი გამოიწვია, სადაც რამდენიმე კომპლექსი ააშენეს მხოლოდ ვიეტნამელებისთვის, კამბოჯელებისთვის იქ შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. შესაძლებელია უახლოეს ორ წელიწადში კაზინო ტაივანშიც გაიხსნას, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს კუნძულ მაცუზე. სინგაპურში მოქალაქეებმა შესვლისთვის 50 აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ ან ნახევარწლიანი ან 1-წლიანი საშვი უნდა იყიდონ. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც შემწეობებს იღებენ ან ბანკროტები არიან, კაზინოს დაცვის სპეციალურ ბაზაში ირიცხებიან და დაწესებულებაში არ უშვებენ.

2
რამდენიმე წელია სპეციალური სათამაშო ზონების შექმნის შესახებ საუბრობენ იაპონიაშიც. მოსალოდნელია, რომ საკითხს განსახილველად უკვე მიმდინარე წელს გაიტანენ პარლამენტში. თუკი იაპონია სათამაშო ბიზნესს კარს გაუღებს, ეს რეგიონის სათმაშო ლანდშტაფს მნიშვნელოვნად შეცვლის. ამიტომაც სხვა ქვეყნები იაპონიას ინტერესით ადევნებენ თვალ-ყურს, შესაძლოა, მაკაოს ამან არაფერი დააკლოს, მაგრამ სამხრეთ კორეა სერიოზულად დაზარალდება.

online-gambling

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial