დასაქმებულებს უფლებები ეზრდებათ

მსოფლიო 2012 წელს დასაქმების ღრმა კრიზისით შეხვდა. წელი იგივე პრობლემებით სრულდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ევროპაში, სადაც უმუშევრობა მომავალ წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს: წელს თუ ბებერ კონტინენტზე უმუშევრობის მაჩვენებელი 11.3%-ია, მომავალ წელს ექსპერტები 11.8%-იან ნიშნულს წინასწარმეტყველებენ.

შრომის მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე შრომისუნარიანი ადამიანი უმუშევარია და თუ სასწრაფო ზომები არ იქნება გატარებული, ამ დროისათვის დაფიქსირებულ დაახლოებით 1.1 მილიარდ უმუშევარ ადამიანს, კიდევ მილიონობით უმუშევარი შეემატება. განსაკუთრებით დიდია უმუშევრობის მაჩვენებელი ახალგაზრდებს შორის, 2011 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13% იყო, ხოლო 2012 წელს მან კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია და თითქმის 40% შეადგინა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების სწრაფად მოგვარების, ევროპის კრიზისის მოკლე დროში და შეადარებით უმტკივნეულოდ დაძლევის შემთხვევაშიც კი, 2016 წლამდე უმუშევრობის ნიშნული 6%-ს მაინც ვერ ჩამოსცდება. ეს მაშინ, როცა გლობალურ ეკონომიკას უახლოეს წლებში არა წარმატებას, არამედ მკვეთრ ვარდნას უწინასწარმეტყველებენ. მწვავე ფისკალური პრობლემებია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, მათგან შემცირებული მოთხოვნისა და, შესაბამისად, ჩინური ექსპორტის შემცირების პარალელურად, პრობლემები ექმნება ისეთ დიდ ეკონომიკასაც, როგორიც ჩინეთია.

საქართველოში უმუშევრობა ოფიციალური სტატისტიკით 15-16%-ის ფარგლებში მერყეობს. მაგრამ რეალურად უმუშევართა რაოდენობა 3-4-ჯერ მეტია. თუმცა ერთია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი და მეორე, დასაქმებულთა მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა. შრომის კოდექსის შეცვლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. როგორც ექსპერტები მიუთითებენ, საქართველოს შრომის კოდექსი მთლიანად შესაცვლელია და საკითხიც სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაისვას.

”რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც 150-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა, ეკონომიკაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მიდის მუშაობა ეკონომიკურ კანონებზე და მოხდება გარკვეული კორექტივები. პრემიერის თქმით, დაბრუნდება ანტიმონოპოლიური კომიტეტი და შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული შრომის კოდექსი.
შრომით კოდექსში ცვლილებების შესატანად შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში უკვე მომზადდა. კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული პირი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს. შეგახსენებთ, რომ არსებული შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლო დასაქმებული პირის გათავისუფლება. ცვლილების შესაბამისად, დამსაქმებელს დასაქმებულის გაურთხილებლად გათავისუფლება აღარ შეეძლება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას განაცხადებით, კოდექსში დასაქმებულების დასაცავად გარანტიების ჩადების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იგეგმება. მისივე განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქალებისთვის დეკრეტული შვებულების დროს გარანტიების შექმნა, ასევე დამატებითი შრომითი საათების ანაზღაურების დარეგულირების საკითხი.
საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მუშათა გაფიცვების გამო, ახალმა მთავრობამ შექმნა შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია. რომლის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლებიც ადგილებზე ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან დასაქმებულთა პრეტენზიებს დამსაქმებელთა მიმართ და აწარმოებენ დიალოგს ორივე მხარესთან. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები შედიან და იგი 9 წევრით არის წარმოდგენილი.

შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია არა მუდმივ, არამედ დროებით სახეს მიიღებს. კომისიის დებულება განსაზღვრავს, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დროებითი კომისია, რომელიც იქმნება ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშესაწყობად.

კომისიის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა, აღნიშნული პრობლემების წარმოშობის მიზეზების გამოკვლევა და შესაბამისი ანალიზი; დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით, მხარეთა მორიგების ხელშეწყობა და მათ შორის შრომითი ურთიერთობების აღდგენისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.

კომისია უფლებამოსილია მისი მიზნებიდან გამომდინარე, პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით, მოაწყოს დასაქმებულთა და დამსაქმებლებთან შეხვედრა, საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით წარმართოს მათთან დიალოგი, გამოიკვლიოს დასაქმებულთა მიერ შრომითი ვალდებულებების დროებით შეჩერების მიზეზები; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დამსაქმებლის თანხმობით გაეცნოს და შეისწავლოს შესაბამის დოკუმენტაციას; შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები მხარეთა მორიგებისა და შრომითი ურთიერთობების აღდგენის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები.

როდესაც საუბარია შრომის კოდექსსა და დასაქმებულთა უფლებებზე, ის მასობრივი გაფიცვების ტალღა გვახსენდება, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიწყო. ოქტომბრის თვეში გაფიცვა ჭიათურის მაღაროს, საქართველოს რკინიგზის, ფოთის პორტის, ბორჯომის პირველი ქარხნის და ჭიათურის მაღაროს თანამშრომლებმა მოაწყვეს. მას დაემატა ქალაქ თბილისისა და რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლთა გაფიცვა. საყურადღებოა, რომ შრომის კოდექსის ცვლილებები ჯერ არ შეხებია კოდექსის 36-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი გაფიცვაა. მაშინ როცა სხვა ქვეყნებში გაფიცვა დასაქმებულების ფუნდამენტური უფლებაა, საქართველოში ამის გამო შეიძლება მუშაკი სამსახურიდან დაითხოვონ. როგორც საკანონმდებლო ცვლილების ავტორები აცხადებენ, სიახლეები შრომის კოდექსში შედის იმ აქტიუალობიდან გამომდინარე, რომელიც უფრო წინა პლანზეა, თუმცა, დროთა განმავლობაში კოდექსი უფრო სრულყოფილი იქნება და მასში ყველა თემა დეტალურად აისახება.

გაფიცვების მნიშვნელობაზე ცხადად მეტყველებს ის შემთხვევა, რომელიც აშშ-ში მიმდინარე წლის ნოემბერში დაფიქსირდა. 1930 წელს დაარსებული პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, Hostess Brand-ის წარმომადგენლებმა რამდენიმე კვირის წინ განცახადეს, რომ უკვე მიმართეს შესაბამისი სარჩელით გაკოტრების ფედერალურ სასამართლოს. კომპანიის წამომადგენლები ფირმის საბოლოო გაკოტრებაში მცხობელთა პროფესიულ კავშირებს სდებენ ბრალს, რომლებიც იყვნენ ორგანიზატორები მცხობელთა გაფიცვების. გაფიცვები ნოემბრის თვის დასაწყისში დაიწყო. ფირმის მუშები ხელფასების შემცირებასა და ამის ფონზე აღმასრულებელი დირექტორის რეიბარნის ხელფასის ზრდას აპროტესტებდნენ.

პროფესიული კავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი იხსნიან ყველანაირ პასუხისმგებლობას კომპანიის ამ მდგომარეობაზე და მის გაკოტრებაში მენეჯმენტს ადანაშაულებენ, რომელიც, მათი შეფასებით, ბოლო 10 წელია ცუდად მუშაობდა. კომპანიის გაკოტრების შესახებ საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ 2004 წელს აღიძრა, ამ საქმის მეორე ეტაპი 2009 წელს დაიწყო. პროფკავშირების წარმომადგენლები აკრიტიკებენ კომპანიის პოლიტიკას, ახალი პროდუქციაში ჩადებულ ინევსტიციებს და კონკურენტულ პოლიტიკას.

დაახლოებით 18 500 მუშა დაკარგავს სამუშაო ადგილს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დახურავს თავის 33 საცხობს, 565 სადისტრიბუციო კომპანიას და სერვისცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ”კომპანიის მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ არის იმ გაფიცვების დასაშოშმინებლად, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო”, _ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გრეგორი რეიბარნი.

ამერიკაში და ბევრ ცივილურ ქვეყანაში გაფიცვა ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელიც მუშებს აქვთ მენეჯმენტის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ეს კონკრეტული შემთხვევა გვიჩვენებს, ბოლომდე შედეგის მომტანი არც ესაა. კომპანიის მენეჯმენტს, საბოლოო ჯამში, ყოველთვის შეუძლია წითელი ღილაკისთვის ხელის დაჭერა და კომპანიის ბანკროტად გამოცხადება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ამის აუცილებლობა ჯერ არაა, რადგან კომპანიის წარმომადგენლებს ისევ თავისუფლად შეუძლიათ გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება.

საქართველოს შრომის კოდექსში პირველ ეტაპზე შედის შემდეგი ცვლილებები: დამსაქმებელი დასაქმებულს დაუსაბუთებლად ვერ გაათავისუფლებს თანამდებობიდან და თუ ამას გადაწყვეტს, 1 თვით ადრე უნდა აცნობოს დასაქმებულს და გადაუხადოს 1 თვის ანაზღაურება; აქამდე დროებითი შრომისუუნარობა ზედიზედ 30 დღე გრძელდებოდა და დამსაქმებელს ამის შემდეგ შეეძლო პირის გათავისუფლება სამსახურიდან, ეს ვადა გაიზარდა 60 დღემდე; მხარის მიერ კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეცვლის ინიცირებისას, მეორე მხარე ვალდებულია აწარმოოს კოლექტიური მოლაპარაკება, კოლექტიური ხელშეკრულება ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომლებსაც ინდივიდუალური ხელშეკრულება; თუ დავის დროს შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული 14 კალენდარული დღის განმავლობაში, და თუ მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ხოლო მეორე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ან არბიტრაჟს.

შრომის კოდექსზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით დიდ დილემას. ერთია, დასაქმებულების უფლებების დაცვა და მეორე, ინვესტორთათვის სასურველი ბიზნეს გარემოს არსებობა.

როგორც სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” შრომის კოდექსთან დაკავშირებით ”ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე (22 ნოემბერი) საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის, შრომისა და დასაქმების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ახალაძემ განაცხადა: ”ჩვენ ხშირად გვავიწყდება, საიდან იქმნება სამუშაო ადგილები და ვინ ქმნის ამას. სამუშაო ადგილების შექმნა არც სახელმწიფოს ვალდებულებაა და არც კერძო სექტორის. თუ ბიზნესმენს, ინვესტორს არ ექნა კომფორტული გარემო, რომ შექმნას სამუშაო ადგილები, ის არ შეიქმნება და, შესაბამისად, ვერავის უფლებებს ვერ დავიცავთ. ამიტომ მე მინდა, რომ ამაზეც კარგად ვიფიქროთ და, საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები არ უნდა იყოს მხოლდ ერთი მხარისთვის მისაღები”.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყენაში ინევსტორების შემოსვლა არ მოხდა, ისედაც მცირე სამუშაო ადგილების რაოდენობა უფრო შემცირდება. ცვლილებები ნამდვილად გააუმჯობებს დასაქმებულების მდგომარეობას, თუმცა დააფიქრებს ნებისმიერ ინვესტორს, რამდენად ღირს ბიზნესის კეთება საქართველოში. ამიტომაც ექსპერტთა ნაწილი, რეალურ გამოსავალს, არა რეგულაციების გამკაცრებასა და შრომის კოდექსის შეცვლაში, არამედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავენ, რადგან მათი შეფასებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ დასაქმებულებს იმის გარანტია, რომ იშოვიან სამუშაოს სასურველი პირობებით. სამუშაო ძალაზე გაზრდილი მოთხოვნა და კონკურენცია კი კომპანიებს აიძულებს დასაქმებულებს უკეთესი სამუშაო პირობები შეუქმნან.