ინვესტორების უკანასკნელი მშვიდი ნავსაყუდელი

5 აპრილს საფონდო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი 1400 დოლარამდე დაეცა. ამ ფასად ოქრო 2011 წლის მარტში იყიდებოდა. აპრილის დასაწყისში კი ძვირფასი ლითონი 1600 დოლარი ღირდა. ანალიტიკოსები ოქროზე ფასების დაცემის ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების მოსალოდნელ შემცირებას უკავშირებენ. მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში _ 7.9%-ით. მაშინ როცა გასულ კვარტალში 8%-იან ზრდა იყო ნავარაუდევი.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ოქროს ფასზე შეიძლებოდა ემოქმედა ბიზნესმენ ჯორჯ სოროსის მიერ 1 კვირით ადრე გაკეთებულ განცხადებას. მან თქვა, რომ ინვესტორები კრიზისის პერიოდში ფულის დასაბანდებლად ოქროს აღარ მიიჩნევენ საიმედო აქტივად. გარდა ამისა, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსმა, ანტიკრიზისული ღონისძიბების ფარგლებში, შესაძლოა, თავისი ოქროს მარაგების ძირითადი ნაწილი გაყიდოს. საუბარია დაახლოებით 400 მილიონი ევროს ღირებულების ოქროზე.

ოქროს ფასზე შესაძლოა ასევე ემოქმედა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გეგმას რაოდენობრივი შერბილების პროგრამის (QE) შეჩერების შესახებ. QE-ს დროს დაბეჭდილი დოლარების უდიდესი ნაწილი ოქროში იდებოდა და ხმებს ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეწყვეტის შესახებ, შესაძლოა ოქროს ფასზე ემოქმედა. მიუხედავად ოქროს ბაზარზე გაბატონებული დათვის ტრენდისა და ინვესტორთა ნაწილის სკეპტიკური განწყობისა ოქროს მომავლის მიმართ, გასულ წელს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა ყველაზე მეტი ოქრო შეიძინეს 1964 წლის შემდეგ.

ქვეყნები არ წყვეტენ ოქროს შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი სტაბილურად ეცემა. ოქროზე მოთხოვნა ცენტრალური ბანკების მხრიდან მაინც იზრდება. ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, 2012 წელს მათ ოქროს რეზერვებს 534.6 ტონა შეემატა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ცენტრალური ბანკების მიერ შეძენილი იქნება 450-550 ტონა ოქრო, საერთო ჯამში, 25.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების.

ოქროზე ფასის ვარდნამ ყველაზე მეტად ცენტრალური ბანკები დააზარალა. მათ დაახლოებით 560 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი განიცადეს მას შემდეგ, რაც ოქროს ღირებულებამ სარეკორდო ზღვარს მიაღწია 2011 წელს. 2 წლის წინ უნცია ოქროს ფასი 1,921.15 დოლარი იყო.

ისტორიის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ევროვნულ ბანკები არ არიან კარგი ტერიდერები, ისინი ყველაზე ცუდ დროს ყიდულობენ და ყიდიან ოქროს. მათ ოქროს მასშტაბური შესყიდვა დაიწყეს 1980 წელს, როცა ერთიYზოდი ოქროს ფასი დღევანდელი ღირებულებით 2,400 აშშ დოლარს გაუტოლდა და დაიწყეს ოქროს გაყიდვა 1999 წელს, როდესაც ფასები დაეცა 20 წლიანი მინიმუმის ზღვარზე.

2013 წლის იანვრიდან მოყოლებული ოქროს ფასი 12%-ით, 1,467.90 დოლარამდე დაეცა. 13 აპრილს ოქროს ფასი მკვეთრად, ერთი სავაჭო დღის განმავლობაში 14%-ით დაეცა, რაც ყველაზე მკვეთრი დაცემაა ბოლო სამი დეკადის განმავლობაში. განაგრძობს თუ არა ოქროს ფასი კლებას წლის ბოლომდე? Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლოსათვის ოქროს ფასი 1,390 დოლარამდე ჩამოვა.

მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკების მესვეურები სავალუტო კურსების ”უსაფრთხოებისთვის” ბევრად დაცულ გზას ვერ პოულობენ. ჯერჯერობით ის არის ვალუტების მასობრივი გაუფასურებისა და ფისკალური კრიზისის თავიდან ასაცილებელი საშუალება. მომავალი კი ისევ ბუნდოვანია, რადგან პროცესები, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას ამუხრუჭებს, კვლავ სახეზეა: ცენტრალური ბანკები უპრეცენდენტო მასშტაბებით განაგრძობენ ფულის ბეჭდვას ეკონომიკური ზრდის წახალისების მიზნით, ევროპის სავალე კრიზისი მწვავდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სულ უფრო პესიმისტურ პროგნოზებს ავრცელებს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.
ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, ცენტრალური ბანკები 2012 წლის ბოლოსთვის ფლობდნენ 31,671 ტონა ოქროს, ეს ყველა დროის განმავლობაში მოპოვებული ლითონის 19%-ია. ისინი ამ მარაგს ათწლეულების განმავლობაში აგროვებდნენ. მარაგის 16% შეივსო 1965-იან წლებში, როდესაც ოქროს ფასი 35 დოლარის გარშემო იყო.

ოქროს გამალებული შეძენის პიკმა 1965 წელს მაიღწია. ამის შემდეგ უკუპროცესი დაიწყო. ცენტრალურმა ბანკებმა 1990-იან წლებში 2000 ტონაზე მეტი ოქრო გაყიდეს. მასობრივმა გაყიდვებმა ოქროს ფასი 28%-ით შეამცირა, რამაც 1999 წელს 15 ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აიძულა შეთანხმებულიყვნენ ოქროს გაყიდვის წლიურ ლიმიტზე.

ზოგიერთი ცენტრალური ბანკი სხვებთან შედარებით ოქროს გაცილებით დიდი მასშტაბით ყიდის. მაგალითად, 1958 წლისთვის გაერთიანებული სამეფო ოქროს რეზერვების მხრივ მსოფლიოში მეორე სახელმწიფო იყო, ახლა ის მხოლოდ მე-18 ადგილს იკავებს. მხოლოდ გორდონ ბრაუნმა, ფინანსთა მინისტრობის პერიოდში, 1999-2002 წლებში აუქციონზე დაახლოებით 400 ტონა ოქრო გაყიდა. გასაყიდი ფასი 296.50-სა და 255.75 დოლარს შორის მერყეობდა. პორტუგალია, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი ფლობენ 3,228 ტონა ოქროს. ყველაზე მსხვილი ოქროს რეზერვები აქვთ აშშ-სა და გერმანიას. მათ საკუთარი რეზრევების 70%-ზე მეტი ოქროში აქვთ განთავსებული.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსთა ვარაუდით, 2018 წლამდე ეროვნული ბანკები კიდევ 655 ტონით შეავსებენ ოქროს რეზერვებს. რუსეთი და ყაზახეთი განაგრძობენ ოქროს რეზერვების ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, რუსეთის ოქროს აქტივები 4,7 ტონით გაიზარდა და 981.6 ტონას მიაღწია, ყაზახეთისა კი 1,2 ტონით გაიზარდა და 122.9 ტონას გაუტოლდა.

რეიჩელ ბენეპი, ექსპერტი: ”ცენტრალური ბანკები სტრატეგიული ინვესტორები არიან. მათთვის ოქრო მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობის შენარჩუნების გარანტია. ვალუტების მერყეობის შემთხვევაში, ოქრო ის აქტივია, რომელში ფულის დაბანდებასაც არავინ ერიდება. როდესაც რაიმე დიდი ცვლილება ხდება, ინვესტორები პანიკაში ვარდებიან. მაგრამ არ იცვლება ერთი. ოქრო არის დამცავი ფარი პოლიტიკოსთა ქმედებებისა თუ უმოქმედობისგან და მთავრობების გაუმართლებელი პოლიტკისგან”.

კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, ”ოქროს დროებითი გაფასურების მიუხედავად, ის მაინც რჩება ყველაზე სტაბილურ აქტივად, სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებული რისკების დივერსიფიკაციისათვის”. კორეის ცენტრალურმა ბანკმა მდიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის, წინა წელთან შედარებით გააორმაგა ოქროს რეზერვები და ახლა ის 104.4 ტონა ოქროს ფლობს.

ოქროს ფასების დაცემამ მხოლოდ ეროვნული ბანკები და მსხვილი ინვესტორები არ დააზარალა. Global Gold Mining & Exploration Index, რომელშიც 190 კომპანიაა წარმოდგენილი, მიმდინარე წელს 35%-ით დაეცა, მაშინ როცა MSCI All _ ყველა ქვეყნის ინდექსი 7.5%-ით გაიზრდა.

მიუხედავად ამისა, ოქროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი, ჯონ პოლსონი, რომელიც 2012 წლისთვის 65.7 ტონა ოქროს ფლობდა, ოპტიმისტურადაა განწყობილი. მან გაავრცელა წერილი ინვესტორებისა და კლიენეტებისათვის, სადაც აცხადებს, რომ მისი პროგნოზით, ცენტრალური ბანკების, ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან მოთხოვნა ოქროზე ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial