თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა იწყება

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ძველი მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ ისმოდა. სამინისტროს ახალ გუნდს ხშირად ედავებოდნენ, რომ მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერეს. სპეკულაციების ერთ-ერთი მთავარი თემა თბილისი-რუსთავის მაგისტრალი იყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამის საპასუხოდ აცხადებდა, რომ პროექტი კომპანია ”ნიუ ენერჯის” უნდა განეხორციელებინა, თუმცა, სამინისტრომ აღნიშნულ მონაკვეთზე დანაშაულის შემცველი ნიშნები აღმოაჩინა, რის გამოც მისი განხორციელება დროებით შეჩერდა, საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ კი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაში ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის ინტერესებზე საუბრობს. ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ 10 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ოქტომბრის განკარგულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის განკარგულებაში და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე ე.წ. ბუფერული ზონა მოიხსნა, რითაც ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისება შესაძლებელი გახდა. აღნიშნული განკარგულების პროექტის ავტორი გახლდათ ქვემო ქართლის გუბერნია, რომელსაც დავით კირკიტაძე ხელმძღვანელობს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, სწორედ კირკიტაძის ინიციატივით წარედგინა მაშინდელ მთავრობას განკარგულების პროექტი, რომლის განმარტებით ბარათშიც მითითებულია: ”დღეის მდგომარეობით თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დამტკიცებულია პროექტი და გამოვლენილია სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია, რომელიც უკვე ახორციელებს მშენებლობას. ამავდროულად, რეგიონში არის ინვესტორების მოთხოვნილება გზის მიმდებარედ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე… გამომდინარე ზემოთქმულიდან, განკარგულების იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, ვინაიდან მიღებულია გადაწყვეტილება მოდერნიზებული საავტომობილო გზის მშენებლობაზე, შეტანილ უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები”.

შოთა მურღულია: ”მიზეზი, რომელსაც განმარტებით ბარათში კირკიტაძე ასახელებს, არის სიცრუე _ თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა იმ პერიოდში არათუ დაწყებული არ ყოფილა, ოფიციალურად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელსაც შემდგომში ავტომაგისტრალის მშენებლობა უნდა დაეწყო, ხელშეკრულებაც არ იყო გაფორმებული. როგორც ჩანს, კირკიტაძემ ან შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში მთავრობა, ან ეს წინა მთავრობის მორიგი აფერა იყო. მნიშვნელოვანია, რომ განკარგულება საქართველოს მთავრობამ სწორედ 2012 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, ანუ მაშინ, როდესაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდებოდა, რის შემდეგაც ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა. რა გახდა ასე ნაჩქარევად განკარგულების მიღების მიზეზი, ამას, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოხდა თუ არა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 27 აპრილამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გასხვისება აღნიშნულ ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხით დგინდება, რომ 2012 წლის 24 ოქტომბერს, ანუ მთავრობის განკარგულების მიღებიდან ოთხ დღეში, 8057 კვ.მ მიწა გადაეცა მოქალაქე ჯორჯ გვიმრაძეს. ხოლო 2012 წლის 27 დეკემბერს აღნიშნული ნაკვეთი ჯორჯ გვიმრაძემ აჩუქა მოქალაქე გურამ გვიმრაძეს. ვინ არიან აღნიშნული პირები, აქვთ თუ არა კავშირი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რატომ მოხდა ასე სასწრაფოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისება _ ყოველივე ამას მოკვლევა დაადგენს. ბოლო პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლის გუბერნატორი კირკიტაძე ხშირად გვსაყვედურობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა ახალმა მთავრობამ შეაჩერა. მშენებლობა, რომელიც არც დაწყებულა, ბუნებრივია, ვერც შეჩერდებოდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტის მონაწილეობით, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დადგმული ფარსი წინა ხელისუფლების დიდი სპექტაკლის ერთი პატარა ნაწილი იყო. რაც შეეხება კირკიტაძის პერმანენტულ თავდასხმებს, ეჭვი გვაქვს, რომ მისი განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ განკარგულებიდან და გასხვისებული სახელმწიფო ქონებიდან გამომდინარეობს და არა რუსთაველებზე ზრუნვის დაუოკებელი სურვილიდან”, _ განაცხადა მურღულიამ და დასძინა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო აღნიშნულ მასალებს პროკურატურას უგზავნის და გამოძიების შედეგებს დაელოდება.

ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით კირკიტაძის საპასუხო განცხადებით, 2012 წელს ჯორჯ გვიმრაძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი თბილისი-რუსთავის გზის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის მშენებლობას ხელს არ უშლის და მშენებლობა მხოლოდ სამინისტროს გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული.

ახალი ტენდერი კი სამინისტრომ თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 18 მაისის გამოაცხადა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებენ.

პროეტი საერთაშორისო მნიშვნელობის ”თბილისი-წითელი ხიდის” საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. ახალი ავტობანის სიგრძის 17,4 კმ-ია, პროექტით, ასევე გათვალისწინებულია 2 გზაგამტარის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 8 ხიდის, 2 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 4 საფეხმავლო ხიდის მშენებლობა. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და შესაბამისად საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი. პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია პირველ და მესამე მონაკვეთებზე, აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 17 თვეში იგეგმება.

პირველი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან ფონიჭალის დასახლებამდე სიგრძით 4 კმ-ზე დაიგება, ასევე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი. მეორე მონაკვეთის მშენებლობა ფონიჭალის დასახლებაში განხორციელდება, გზის სიგრძე 6,8 კმ-ია, მოეწყობა ორი მიწისქვეშა გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი. მესამე მონაკვეთის მშენებლობა ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან მდებარე ”სოკარის” ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე მოხდება. აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი მნიშვნელოვნად შეამცირებს ორ ქალაქს შორის მგზავრობის ხანგრძლივობას, ხელს შეუწყობს უსაფრთხო გადაადგილებას და სავაჭრო ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას მეზობელ ქვეყნებთან.

პროექტის მიზანი საქართველოში ურბანული სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებაა. რომლის განხორციელების შედეგადაც ქალაქებში ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უფრო ეფექტური გახდება და 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება პირობები. დავით ნარმანიას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის მზადაა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა ახალი მთავრობის იმ პირობის მიხედვით დააფინასოს, რომლის თანახმად, სამუშაოებზე 100%-ით ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან. ”წინა ხელისუფლების დროს, მსგავსი დათქმები ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელებისას არ კეთდებოდა, ჩვენ კი ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ” – დასძენს ნარმანია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, ტენდენრში უკვე წარადგინეს განცხადებები არამარტო ქართულმა, არამდე მსხვილმა და ცნობილმა უხოურმა კომპანიებმაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებული, რაც ზოგადად საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის იმიჯის გაზრდას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.