თამაშის შეთანხმებული წესები და ცალმხრივი სარგებელი

მაკა ღანიაშვილი

უკვე 13 წელია საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია, მაგრამ ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, დიდად ქვეყანის ეკონომიკას ამით ჯერ სარგებელი არ უნახავს. მათი შეფასებით, საქართველო ბოლომდე ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ვმო-ს წევრობა იძლევა. უახლესი მაგალითიც სახეზე გვაქვს _ თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა, მაგრამ ის მაინც აგრძელებს საქართველოსადმი დისკრიმინაციულ მოპყრობას და ზღუდავს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის შესვლას. ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მას ვმო-ს წევრობა ამის უფლებას ანიჭებს, ვერაფერს აკეთებს.

როცა საქართველო-ვმო-ს ურთიერთობის შესახებ ვსაუბრობთ, უპრიანია გავიხსენოთ, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი, ჯოზეფ სტიგლიცი, რომელიც ხშირად გამოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კრიტიკით. სტიგლიცი მიიჩნევს, რომ ე.წ. ”პირველი მსოფლიოს” კარი (იგულისხმება მაღალგანვითარებული ქვეყნები) ფაქტობრივად ჩაკეტილია იმ პროდუქციისათვის, რომელთა წარმოებაც განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ. ვინაიდან მცირე ზომის ეკონომიკებისთვის პროდუქციის წარმოება უფრო ძვირი ჯდება და, შესაბამისად, მისი სარეალიზაციო ფასი იზრდება და კონკურენტუნარიანობა მცირდება. ამიტომაც ვაჭრობის ლიბერალიზაციითა და სავაჭრო ტარიფების გამარტივებით, უფრო მეტად განვითარებული ქვეყნების სარგებლობენ, რომელთა წარმოებასაც უფრო მეტად ეხსნება გზა განვითარებადი ქვეყნებისკენ. შესაბამისად ზარალდება ამ უკანასკნელთა წარმოებაც. რას ნიშნავს ვმო-ს წევრობა და რას ვერ იყენებს საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება? რა მისცა ამ ორგანიზაციამ ქართულ ეკონომიკას?

კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი: ”პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სარგებელი თავისთავად მარტო იმ დღიდან არ დაწყებულა, როცა საქართველო ოფიციალურად გაწევრიანდა ამ ორგანიზაციაში. ეს დაწყებულია 1993 წლიდან, იმ პროცესის დასაწყისიდან, როცა საქართველომ გეზი აიღო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ეს გეზი ნიშნავდა საქართველოს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც ეხება ვაჭრობის და ინვესტიციების რეჟიმს, ნელ-ნელა მოსულიყო საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრაში; უნდა შექმნილიყო უფრო სტაბილური ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა საბოლოო ჯამში ვაჭრობის ლიბერალიზაციას. მონოპოლიების გაუქმებას, განსახელმწიფოებრიობას, საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას და ა.შ. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ორგანიზაციაში გაწევრიანება კი თავისთავად უკვე იყო იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ საქართველო მზად იყო ამ ყველაფრისთვის და გააჩნდა ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც საჭიროა ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობებისთვის. პრაქტიკულად მან დაიწყო ფუნქციონირება საერთაშორისო ურთიერთობების ახალ ეტაპზე. ვმო-ს წევრობა ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანას აქვს სტაბილური ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც არ დაიწყებს თამაშს თავისი სატარიფო პოლიტიკით, დისკრიმინაციული ზომების გატარებით და უპასუხისმგებლო მოპყრობით ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრია. ამან სხვა ქვეყნებს საშუალება მისცა, საქართველოსთან განხორციელებულიყო უფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის პრაქტიკა ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში”.

1994 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალურ შეთანხმებაზე (GATT) საქართველოს მიერთების მიზნით. საქართველომ იმავე წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ამ ორგანიზაციაში, მაგრამ 1995 წლის 1 იანვრიდან GATT-ის ვმო-ში გარდაქმნასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებათა პროცესის თავიდან დაწყება.
1996 წლის 26 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიენიჭა ვმო-ს დამკვირვებლის სტატუსი. 1996 წლის ივლისში საქართველოს მხარემ ოფიციალურად განაცხადა აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღების სურვილი. სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღებისათვის დაწესებული პროცედურის შესაბამისად, 1997 წლის მარტში ვმო-ს სამდივნოს ოფიციალურად გადაეგზავნა ”მემორანდუმი საქართველოს საგარეო ვაჭრობის რეჟიმის შესახებ”.

გაწევრიანების პროცესში, რომელიც დაახლოებით სამ წელიწადს გრძელდებოდა, გაიმართა 5 ოფიციალური მრავალმხრივი, აგრეთვე ორმხრივ მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი 30-მდე წევრ ქვეყანასთან, სულ 120-მდე შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრებზე წევრ ქვეყნებთან შეთანხმდა ბმული სატარიფო განაკვეთები საქონლის იმპორტზე და საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობები და ვალდებულებები მომსახურებით ვაჭრობის სფეროში. გაწევრიანების მუშა ჯგუფის ანაგარიშში დაფიქსირდა ასევე ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს უნდა ლად 5-წლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზაში სათანადო ცვლილებათა გზით.
1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ მოიწონა სამუშაო ჯგუფის მოხსენება და ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს. 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს სრულუფლებიანი 137-ე წევრი.

ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე მიერთების ოქმის ხელმოწერით საქართველო მიუერთდა ამ ორგანიზაციის შეთანხმებათა მთლიან პაკეტს, აგრეთვე იკისრა ვალდებულებები, რომელიც დაფიქსირებულია ოქმის დანართ დოკუმენტებში. ესენია: საქართველოს ბმული ტარიფების ცხრილები; მომსახურებით ვაჭრობის სფეროში სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილები; მიერთების მუშა ჯგუფის ანგარიში.

ბმული ტარიფების ცხრილები წარმოადგენენ საქონლის იმპორტზე საბაჟო ტარიფის იმ მაქსიმალურ განაკვეთების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენების უფლება გააჩნია საქართველოს, ვმო-ს წევრების დამატებითი თანხობის მიღების გარეშე. იმ სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფები დაფიქსირდა უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე მოქმედი ტარიფი (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტული პროდუქცია, მანქანა-დანადგარები, ზოგიერთი ნედლეული და ა.შ.), საქართველო გაწევრიანების დღიდან ვალდებული იყო მოქმედი ტარიფი მოეყვანა ”ბმულის” მოთხოვნებთან შესაბამისობაში (დაეწესებინა მის დონეზე ან უფრო დაბალი ტარიფი). სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფის დონე მოქმედზე მაღალია, საქართველოს აქვს უფლება ასწიოს საიმპორტო ტარიფი ბმულის დონემდე, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

მომსახურებით ვაჭრობაში სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილებით განსაზღვრულია ის შეზღუდვები, რომლებიც ექნება მომსახურების ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებს. შეზღუდვები ორი ტიპისაა: ”ჰორიზონტალური”, რომელიც ეხება მომსახურების ყველა სექტორს და ”ვერტიკალური”, რომელიც სპეციფიკურია კონკრეტული სექტორის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურებით ვაჭრობის რეგულირება საქართველოს ფრიად ლიბერალიზებული აქვს, ე.ი. უცხოელ მომწოდებლებს ადგილობრივთან შედარებით დაუწესდათ მეტად მცირერიცხოვანი შეზღუდვები (საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, სამშენებლო და ზოგიერთ სხვა სექტორებში).
გაწევრიანების პროცესში მუშა-ჯგუფის მიერ დეტალურად იყო განხილული საქართველოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული და სახელშეკრულებლო ბაზა, რათა ვმო-ს წევრი ქვეყნები დარწმუნებულიყვნენ ვმო-ს ნორმებთან მის შესაბამისობაში.

გაწევრიანების მსვლელობაში გატარდა მრავალი საკანონმდებლო ცვლილება, რათა მომხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის რაც შეიძლება სრული ჰარმონიზაცია ვმო-ს მოთხოვნებთან, ხოლო აუცილებელი სამომავლო ცვლილებები, აგრეთვე ვმო-ს სხვადასხვა შეთანხმებების დაცვის პირობები, დაფიქსირდა გაწევრიანების მუშა ჯგუფის ანგარიშში, ვალდებულებათა სახით. ეს ვალდებულებები შეეხებიან საკმაოდ ფართო სპექტრის საკითხებს, ისეთს, როგორც სამეწარმეო საქმიანობისა და ექსპორტ-იმპორტის ლიცენზირება, საგადასახადო სისტემა, სტანდარტიზაცია-სერტიფიკაცია, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, სუბსიდიები, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტები და ა.შ.

”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” გაწევრიანების შემდეგ საქართველომ მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უამრავი კანონი მიიღო ან ძველის ცვლილება განახორციელა, მაგრამ ამით სავაჭრო ურთიერთობები დიდად არ გაუმჯობესებულა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა, არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა ქვეყნის ეკონომიკისა და მისი საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის. საქართველო უკვე 13 წელია ამ ორგანიზაციის წევრია, მაგრამ ეს არ გამხდარა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის ზრდის საფუძველი. ჩვენს საგარეო სავაჭრო ბალანსში ექსპორტი თითქმის 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იმპორტი, ხოლო ექსპორტის მესამედი მოდის ავტომობილებსა და ჯართზე, ანუ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. პრობლემა გახლავთ ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ექსპორტის სტიმულირებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საექსპორტო კუთხით, ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პასიური წევრი.

თავის დროზე, საქართველოში ცხარე კამათი გამოიწვია საბაჟო ტარიფების შემცირებამ. ბევრი პოლიტიკოსი თუ ეკონომისტი ამტკიცებდა, რომ ნულოვანი საბაჟო განაკვეთები ქართულ წარმოებას იმპორტირებული უცხოური დემპინგური პროდუქციისგან ვეღარ დაიცავს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის შექმნა და ამოქმედება საქართველოს მიერ ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” წინაშე ნაკისრი ვალდებულებაა. ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს სტრატეგიული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ვმო-ს წევრობა ქვეყნის სასარგებლოდ. მაგალითისათვის, ავიღოთ თურქეთში წარმოებული და საქართველოში იმპორტირებული პომიდორი. მსგავსი საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესმენს თურქეთის მთავრობა ფინანსურად ეხმარება, რაც თურქული პომიდვრის საბაზრო ღირებულებას ამცირებს. ასეთ პირობებში, ქართული პომიდვრის წარმოების გადასარჩენად საქართველოს მთავრობამ სპეციალური კანონი უნდა მიიღოს და სხვადასხვა ანტიდემპინგური ღონისძიებები გაატაროს. ექსპერტები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას და ბიზნეს სექტორს ყურადღება უფრო მეტად დაეთმოთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე, რადგან მის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სამომავლო პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის.

კახა გოგოლაშვილი: ”მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ბაზრის ყველა სუბიექტი ერთნაირი კანონებით ”თამაშობს”. არ ხორციელდება დისკრიმინაცია შენს მიმართ. მართალია, ჯერჯერობით რუსეთი ახორციელებს დისკრიმნიაციას საქართველოს მიმართ, მაგრამ ამის გადაწყვეტა დროის საკითხია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პრაქტიკულად არ არის მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც რაღაც დისკრიმინაციას ეწეოდეს ჩვენს მიმართ, ქართული პროდუქცია ჩაყენებულია თანაბარ პირობებში სხვა ქვეყნის პროდუქციასთან, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვიყენებთ ჩვენ იმ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია ამა თუ იმ დარგში და რამდენად ვაწარმოებთ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიან პროდუქციას. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს არ ვიყენებთ. ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციის ან განვითარების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, დღემდე არაფერი გაკეთებულა, რაიმე სტრატეგიული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ გვქონია ქვეყანაში.

ს.ე. – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, საქართველომ რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა, რატომ არ მოხდა მსგავსი სტრატეგიის შემუშავება აქამდე?
კ.გ.
– ამ პოლიტიკის შემუშავება და დაფინანსება, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიდგომა იყო სხვანაირი. წინა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ არ არის საჭირო არანაირი პოლიტიკის გატარება ეკონომიკის დარგების სტიმულირებისთვის. ვმო კი იძლევა ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესაძლებლობას, რომელიც თავისთავად დაკავშირებულია ქვეყნების მიერ მათი შედარებითი უპირატესობის გამოყენებასთან, რომელიც გარკვეულ დარგებში ყველა სახელმწიფოს აქვს. შეუძლებელია რომელიმე სახელმწიფოს რაიმე დარგში მაინც არ ჰქონდეს შედარებითი უპირატესობა. მისი გამოყენება იწვევს ქვეყნების სპეციალიზაციას. სპეციალიზაცია კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ის უპირატესობა, რაც გაგვაჩნია რაღაც პროდუქტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უნდა გამოვიყენოთ ამ პროდუქციის სარეალიზაციო არხების გასაფართოებლად. ეს შეიძლება დიდმა კომპანიებმაც განახორციელონ თავისი კერძო გათვლებით, მაგრამ გარდა ამისა, ქვეყნების მთავრობები, ხშირად ახორციელებენ მთელი ქვეყნის ან რომელიმე რეგიონის მასშტაბით მსგავს პოლიტიკას. ეხმარებიან სტრატეგიული დარგის წარმომადგენელ კომპანიებს განვითარებასა და პროდუქციის წარმოებაში. ყოველ შემთხვევაში, იმ დარგებს, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ რაღაც უპირატესობებს ატარებენ და შესაძლებელია მათი გაყიდვების მაშტაბების გადატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

საქართველოში ჩვენ სავაჭრო ლიბერალიზაციის ეს შესაძლებლობები ჯერ არ გამოგვიყენებია. ამიტომ ჩვენი ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე პროდუქციის თვალსაზრისით. საექსპორტო პროდუქციის 60-62% მოდის რამდენიმე ჯგუფზე, პირველი 10 ტიპის პროდუქტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვუშვებთ ძალიან ცოტა რაოდენობის პროდუქციას. თანაც ექსპორტის 24% უჭირავს მანქანების რეექსპორტს. რომ გამოვაკლოთ ჩვენს ექსპორტს ეს 24% და ის წიაღისეული, რომელსაც ასევე ვყიდით (მაგრამ მას არ ვაწარმოებთ, ეს უბრალოდ ბუნებრივად გვაქვს), გამოდის, რომ ფაქტობრივად არაფერს ვაწარმოებთ. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება წარმოების განვითარება.

ს.ე. – რომელი დარგი შეიძლება გახდეს პრიორიტეტული ქვეყნისთვის?
კ.გ. –
ეს დარგის შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელ დარგშიც ჩვენ მოვახდენთ სპეციალიზაციას. რომელ დარგშიც განვავითარებთ მაღალკვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს, ის დარგი იქნება ჩვენთვის მომგებიანი. აუცილებელი არაა, რომ ეს დარგი იყოს ტრადიციული და იყოს მიბმული ბუნებრივ რესურსებთან. შედარებითი უპირატესობის გამოყენებისას, შეიძლება ყურადღება მიაქციო გეოგრაფიული მდებარეობას, ბაზრების სიახლოვეს, ბაზრებზე გარკვეული ნიშების დაკავებას და ა.შ. მაგალითად, აღზარდო კვალიფიციური კადრები და დააინტერესო მსხვილი კომპანიები ამ სამუშაო ძალით და ა.შ. გერმანიას, მაგალითად, არანაირი მნიშვნელოვანი წიაღისეული არ აქვს, მაგრამ ეს ქვეყანა არის სპეციალიზებული უამრავ დარგში და მთელ მსოფლიოში გააქვს სამრეწველო საქონელი. დღეს ძირითადი არის ნოუ-ჰაუ ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსები. მაგრამ თავისთავად არ შეიძლება იმ დარგების დაკარგვაც, რომელიც ტრადიციულია, მაგალითად, სოფლის მეურნეობა და ტურიზმის სექტორი. ეს უკანასკნელი არ შეიძლება იყოს მთავარი დასაყრდენი ქვეყნის ეკონომიკის, თუნდაც საბერძნეთის მაგალითის გათვალისწინებით, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი სტიმულატორი. გარდა ამისა, რეგიონში არ არის სხვა ადგილი, სადაც შეიძლება ასეთი ღვინო გააკეთო, როგორიც საქართველოში, ჩვენ გვაქვს მინერალური წყლები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ და მაშინ ვმო-ს წვერობითაც შეძლებს ქვეყანა სრული სარგებელის მიღებას – დასძენს კახა გოგოლაშვილი.

ჯერჯერობით კი შეიძლება ითქვას, რომ ვმო-ს საქართველოს წევრობით სხვა ქვეყნები უფრო ხეირობენ, რომელთაც ჩვენთან პროდუქცია ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის რეჟიმით შემოაქვთ. გარდა ამისა, ვერ ვიყენებთ ბევრ ორმხრივ შეთანხმებას, ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და შეღავათიანო სავაჭრო ტარიფების შესახებ, რომელიც საქართველოს ამა თუ იმ ქვეყანასთან აქვს (მაგალითად, თურქეთთან). საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, ქვეყანა უნდა აწარმოებდეს ხარისხიან პროდუქციას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი არა მარტო ადგილობრივ დონეზე. მაგალითისათვის, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, სადაც საქართველოს ექსპორტის ზრდის მაღალი შესაძლებლობები აქვს, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. იმისათვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უცხოეთში გაიტანო, აუცილებელია ის მაღალი ხარისხის იყოს. მას უნდა ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. საქართველოში კი, წარმოების კვალდაკვალ, სურსათის უვნებლობის სისტემაც თავიდან ბოლომდე მოშლილია. კვლავ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.