მონეტარული მაკროეკონომიკა – მილტონ ფრიდმანი

ავთანდილ სილაგაძე, ეკ. მეცნ. დოქტორი

ნეოკლასიკური სინთეზის” მიმდევრები, კეინზელების სახით, ეკონომიკურ პოლიტიკას ხშირად ფრაგმენტული ღონისძიებების მიმდევრობის სახით განიხილავდნენ, რომელთაგანაც თითოეული ისტორიულად უნიკალურია. მათმა შაბლონურად გამოყენებამ, შესაბამის სიტუაციებში, თითქოსდა, პროგნოზირებული შედეგები უნდა განაპირობონ, როდესაც 60-იან წლებში არაინფლაციური ეკონომიკური ზრდა სტაგფლაციაში გადაიზარდა; ეს ასპექტები კარგად იყო ცნობილი, თუმცა ისინი მაკროეკონომისტების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ახლად წარმოჩენილი მოვლენები, უდავოდ, პოლიტიკური წესების ცვლილებებმაც განაპირობა. უკვე 50-იან წლებში აშშ-ში მონეტარიზმის გავრცელება მ. ფრიდმანის სახელს დაუკავშირდა. ეს კონცეფცია კეინზური “რეგულირებადი ვალუტისა” და ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის წინააღმდეგაა მიმართული და “თვითრეგულირებადი ფულადი სისტემის” ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, სადაც მიმოქცევაში ფულადი მასის 3-5% ზრდა ნორმალურ მოვლენადაა მიჩნეული. აღნიშნული თეორია, გარკვეული გაგებით, ფულის რაოდენობრივი თეორიის თანამედროვე მოდერნიზაციაა.

მონეტარიზმის ლიდერი, მილტონ ფრიდმანი დაიბადა 1912 წელს ბრუკლინში. მისი მშობლები ღარიბი ემიგრანტები იყვნენ, კარპატების ჩამორჩენილი მხარიდან. მილტონი ნიუ-ჯერსის შტატში იზრდებოდა, სადაც მისი მშობლები წვრილ ვაჭრობას მისდევდნენ. მას მამა საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში გარდაეცვალა, მაგრამ სახელმწიფო სტიპენდიამ მილტონს შესაძლებლობა მისცა, კერძო სასწავლებელში – რატჯერის კოლეჯში სწავლა გაეგრძელებინა. აქ იგი განსაკუთრებულ ინტერესს მათემატიკისადმი ავლენდა და სადაზღვევო კომპანიაში სტატისტიკოსის კარიერისთვის ემზადებოდა. ამავე დროს, შემდგომში ფედერალური რეზერვების სამსახურის ხელმძღვანელის არტურ ფ. ბარნსის და მომავალში სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის დირექტორის ჰომერ ჯონსის ლექციებმა, მას ეკონომიკის მიმართ ინტერესი გაუღვიძა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ (1932), გარკვეულწილად, მასწავლებლის, გარკვეულწილად კი “ეკონომიკური დეპრესიის” ზეგავლენით, ფრიდმანმა ეკონომიკური მეცნიერების ღრმად შესწავლა განიზრახა და ამ მიზნით ჩიკაგოს უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. იგი დიდად აფასებდა ეკონომიკაში ვინერის, მათემატიკურ სტატისტიკაში ჰ. ჰოტელინგის, ხოლო ინსტიტუციონალიზმისა და ეკონომიკური ციკლების პრობლემების კვლევაში უ. მიტჩელის ლექციების კურსს.

1935-1943 წლებში ფრიდმანი ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ეროვნული რესურსების კომიტეტში, ეკონომიკური კვლევის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ კი სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტის ეკონომისტად მუშაობდა. პარალელურად კი – კოლუმბიის უნივერსიტეტში ომის პრობლემების კვლევის განყოფილებაში. 1946 წელს მას ფილოსოფიაში კოლუმბიის უნივერსიტეტმა დოქტორის წოდება მიანიჭა. 1948 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. მან ჩიკაგოში თავის მეგობარ ჯ. სტიგლერთან ერთად ეკონომიკური სკოლა ჩამოაყალიბა; 1951 წელს იგი ჯონ ბეითს კლარკის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 1976 წელს მონეტარული პრობლემების კვლევაში მიღწეული შედეგებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. 1982 წლიდან მილტონი და მისი მეუღლე სან-ფრანცისკოში დასახლდნენ.

თავისი ცხოვრების მეორე ნახევარში მ. ფრიდმანმა თანდათან გააფართოვა თავისი აუდიტორია სასემინარო ოთახიდან საზოგადოებრივ სარბიელამდე. პოპულარულ წიგნებში მას ადამ სმითის სულიერ მემკვიდრედ და ეკონომიკური პროგრამების წამყვან ფიგურად მოიხსენიებენ. ფრიდმანი, ისტორიულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, “ამ სულს” რადიკალურ ლიბერალიზმს უწოდებდა, რადგან შეერთებულ შტატებში სიტყვა – ლიბერალით ახალი კურსის მიმდევრები (რუზველტის კურსი) იწოდებოდნენ. მისი იდეები, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცვლილებების მომხრე იყო, მაინც კონსერვატორად ხასიათდებოდა. რესპუბლიკელი პრეზიდენტები – ნიქსონი, ფორდი და რეიგანი ფრიდმანის ჩვევებს ითვალისწინებდნენ. 1966-1984 წლებში “ნიუ-სვიკის” რეგულარული “სვეტები” და ტელევიზიის რამდენიმე არხი მის იდეებს მთელ მსოფლიოში უწევდა პოპულარიზაციას. მილიონობით ადამიანისათვის ფრიდმანი წინასწარმეტყველი იყო, ბევრი კი მის სახელს წყევლა-კრულვით მოიხსენიებდა. იგი იყო “რეიგანომიკისა” და “დემონტაჟის” პროგრამების მთავარი ავტორი. მისი აზრით, ეკონომიკური სუბიექტების თავისუფლება განაპირობებს საზოგადოებაში მაქსიმალურ სარგებლიანობას, ხოლო წარმოების დაცემის მიზეზები, უპირველეს ყოვლისა, ფულად სფეროში არსებული პრობლემებით აიხსნება.

მ. ფრიდმანის პროგრამა ეკონომიკაში სახელმწიფოს ძალაუფლების შესუსტებას ითვალისწინებს. მისი აზრით, დადგენილმა წესებმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა გაუხსნას კარი. იგი მხარს უჭერს: წარმოების რეგულირებისა და ბირჟაზე კონტროლის გაუქმებას, მინიმალური ხელფასების, საზოგადოებრივი სკოლების, ეროვნული პარკების, სამხედრო სავალდებულო სამსახურის არსებობას; საშემოსავლო გადასახადების პროგრესიულობას, ფიქსირებულ სავალუტო კურსს, იმპორტზე ბაჟის ზრდას, ფედერალური სარეზერვო სისტემის გაფართოებას, სარგებლის რეგულირებას, საექიმო საქმის ლიცენზირებას, სოციალურ უსაფრთხოებასა და ა. შ. ამასთან, ფრიდმანი მოითხოვდა: ძლიერ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას, განათლებისადმი სახელმწიფო მხარდაჭერას, მარიხუანასა და ჰეროინის ლეგალიზაციას, ხელფასების ინდექსაციას, ფასებისა და საგადასახადო განაკვეთების დადგენას და ფულის მასაზე სახელმწიფო კონტროლს.

ფრიდმანის რიგი მიდგომები საკამათოა. ოპონენტების უმეტესობა მის თაყვანისმცემლებს ეთანხმება იმაში, რომ იგი საკითხებს გონივრულად ჭვრეტს: შესაძლოა, ადამიანებისა და პოლიტიკური სიტუაციების განსჯაში ფრიდმანი ყოველთვის ზუსტი არაა, მაგრამ თავის პრინციპებს ყოველთვის იცავს.

მ. ფრიდმანი მრავალი მნიშვნელოვანი შრომის ავტორია, მათ შორის: “დაბეგვრა ინფლაციის დაძლევის მიზნით” (1943 წ.); “ნარკვევები პოზიტიურ ეკონომიკაში” (1953 წ.); “შეერთებული შტატების მონეტარული ისტორია, 1867-1966 წ.წ.” (თანაავტ.) და სხვა.

მ. ფრიდმანის ადრინდელი ნაშრომები სტატისტიკაშია შესრულებული. მისი დისერტაცია (შესრულდა ს. კუზნეცთან თანამშრომლობით), დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისადმი მიღებული შემოსავლების ანალიზს მიეძღვნა. მასში განხილულია შემოსავლების პერმანენტულ და მოკლევადიან კომპონენტებს შორის განსხვავებები, რაც “მოხმარების ფუნქციის თეორიას” დაედო საფუძვლად. მისმა ადრინდელმა ეკონომეტრიკულმა კვლევებმა წლიური შემოსავალი წლიურ მოთხოვნასთან დააკავშირა. კუზნეცმა, ჯ. კეინზისაგან განსხვავებით, დაადგინა, რომ შემოსავლის ზრდისას მოხმარებისაკენ მიდრეკილება არ მცირდება.

ფრიდმანი ცდილობს გაარკვიოს, თუ რას მიიჩნევენ ადამიანები თავიანთ მუდმივ ხარჯებად, საითკენაც მათი მუდმივი შემოსავალი მიემართება. მისი აზრით, ხანმოკლე გარდამავალ და მუდმივ მოვლენებს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. მუდმივი შემოსავლის კონცეფცია მომდევნო თაობის რაციონალურ იმედებს უკავშირდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკო მოდილიანის “ცხოვრების ციკლის” ჰიპოთეზა დაახლოებით იმავე დროს და გარკვეული მიმართებით სამი წლით ადრეც იქნა შესრულებული.

მ. ფრიდმანის ნაშრომმა – “ნარკვევები პოზიტიურ ეკონომიკაში” მძაფრი კამათი განაპირობა, რომელიც ძველი სიბრძნის ჭეშმარიტებას ნათელყოფს. კერძოდ, ეკონომისტები ფასდებიან გაკეთებული საქმით და არა იმით, თუ რას ამბობენ ისინი საკუთარ თავზე. ფრიდმანის მართებული რწმენით, ჰიპოთეზები ცხოვრებაში ეკონომისტების ჩარევით უნდა გამოიცადოს. ჰიპოთეზა, ჩვეულებრივ, იმისდა მიხედვით ფასდება, თუ რის დამტკიცებას გვპირდება იგი. ჰიპოთეზა ცხოვრებისეულ გამოცდაში მისი დაშვების რეალიზებაზეა დამოკიდებული. თუმცა, იმის დაშვება, რომ მთვარე “მწვანე ველს” შეიცავს, ალბათ, გამოცდის სურვილს ნაკლებად აღძრავს.

50-იან წლებში ფრიდმანის გამოკვლევები, ძირითადად, ფულის პრობლემებს შეეხო. მისი შემოქმედების სფერო მონეტარული მაკროეკონომიკით შემოიფარგლა. იგი ფულის რაოდენობრივი თეორიის მომხრეთა შორის “ჩემპიონი” გახდა. მოკლე დროში ასეთი თეორია, არსებითად კეინზის იმავე კონცეფციისაგან უფრო ტერმინოლოგიით განსხვავდება, ვიდრე არსით. თუმცა, სინამდვილეში, რაოდენობრივი თეორია ფასების დონის დინამიკის გრძელვადიანი თეორიაა. ფრიდმანი თითქოს ფულზე მოთხოვნის კეინზური თეორიის ახლებურ გააზრებას იძლევა. ორივე მიმართულებით მისი თეორიული ანალიზი “ნეოკლასიკური სინთეზის” მიერ, უკვე მიღწეული შედეგებისაგან, დიდად არ განსხვავდება. არაერთგზის მცდელობისდა მიუხედავად, ფრიდმანმა თავისი სპეციფიკური დასკვნების განმაზოგადებელი თეორიული მოდელი ვერ შექმნა.

ფრიდმანის წვლილი ეკონომიკურ მეცნიერებაში, მონეტარული პოლიტიკის პრაქტიკულ შედეგებს შეეხო. მისი მტკიცებით, მაკროეკონომიკური ცვლილებებისათვის “ფული მნიშვნელოვანია”. ამ მხრივ, “ნეოკლასიკური სინთეზის” მომხრე ამერიკელ კეინზელთა შორის ეს საკითხი ნაკლებად საკამათოა, ვიდრე ეს ფრიდმანმა წარმოაჩინა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ “ლიკვიდური მასის” მომხრე კეინზელებს თითქოსდა დაავიწყდათ ფული და მისი გახსენება კვლავ აქტუალური გახდა. ფრიდმანის აზრით, მონეტარული პოლიტიკა წარმოების მოცულობასა და პროდუქტების ფასებზე არსებით ზეგავლენას ახდენს. ეს პოზიცია “ნეოკლასიკურ სინთეზთან” შესაბამისობაშია, თუმცა ფრიდმანის შრომებმა ემპირიული კვლევების გაღრმავებასა და მაკროეკონომიკური მოდელების შექმნას მისცა ბიძგი.

ფრიდმანის მონეტარული პოლიტიკის მიხედვით, მიმოქცევაში არსებული ფულის მასის საშუალოდ 3-5%-ით ზრდა დასაშვებია. ასეთი პოზიცია იმ წამყვანი კეინზელების აზრს ემთხვევა, რომლებიც სტაბილიზაციის ეფექტიან საშუალებად მიიჩნევენ მონეტარულ პოლიტიკას. ფრიდმანის რწმენით, “უმართავი” მონეტარული პოლიტიკა უფრო მეტს გააკეთებს ეკონომიკის დესტაბილიზაციისთვის, ვიდრე “მართვადი” მონეტარული პოლიტიკა მისი სტაბილიზაციისთვის. ამ პრობლემებს მიეძღვნა მისი და ანა შვარცის ერთობლივი ნაშრომი – “შეერთებული შტატების მონეტარული ისტორია, 1867-1960 წწ”., რომელსაც თან ერთვის მონეტარული სტატისტიკის შესახებ ვრცელი მონაცემები შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ფრიდმანის მტკიცებით, “დიდი დეპრესია” არა ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის არაეფექტიანობით, არამედ – ფულის მასის შემცირების ეფექტიანობითაა განპირობებული.

ფუნქციონალურ საბანკო სისტემას ფრიდმანი პოტენციურად არასტაბილურად თვლიდა, ვინაიდან გაუმართლებელი რისკისა და იმედების ცვალებადობამ, შეიძლება ბანკების მიერ ფულის გამოშვების ექსპანსია და შეზღუდვა გამოიწვიოს. არასტაბილურობის ამ წყაროს გამოსარიცხად მან წამოაყენა წინადადება საბანკო რეზერვების შექმნის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მყარი ტემპით უნდა გაიზარდოს, არის არა უბრალოდ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული, არამედ საზოგადოების ხელში მოქცეული ფული. თუ კომერციული ბანკები საზოგადოებას ფულის მასის მიწოდებას შეუზღუდავენ, მაშინ ცენტრალურმა ბანკმა ავტომატურად თავისი საკუთარი ფულადი მასის საკომპენსაციო ზრდა (ექსპანსია) უნდა იკისროს.

რეტროსპექტიულად, მოკლევადიანი პოლიტიკის შესახებ ფრიდმანის ბევრ ნაშრომში კონსენსუსის არე საკმაოდ დიდია, რასაც ინფლაციის მიმართ ვერ ვიტყვით. ფრიდმანის ფულის რაოდენობრივი თეორიის მიხედვით, გრძელვადიანი ინფლაცია “ყველგან და ყოველთვის მონეტარული მოვლენაა” და მისი შეჩერება მხოლოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ კეინზი ამ ჭეშმარიტებას არასოდეს არ უარყოფდა, “ნეოკლასიკური სინთეზის” მიერ იგი დავიწყებას მიეცა, ფრიდმანი ერთადერთი არ იყო, ვინც ამ პრობლემის კვლევა განაახლა.

მ. ფრიდმანის აზრით, “ფილიპსის მრუდი?? უმუშევრობას მოულოდნელ ინფლაციასთან აკავშირებს. თუ ინფლაცია განსაზღვრულია, მაშინ “დაქირავებულებს” პრობლემები უჩნდებათ. როდესაც ფრიდმანმა 1967 წელს ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციას თავისი ცნობილი “საპრეზიდენტო” მიმართვა გააცნო, იგი სიახლეს არ წარმოადგენდა. თვით ფრიდმანმა იგი უფრო ადრე დაამუშავა, ვიდრე ფილიპსმა გამოაქვეყნა ამის შესახებ სტატია. ფაქტობრივად, იგი ბევრი ეკონომისტისათვის, რომელიც “კეინზის გარშემო არ მოღვაწეობდა”, ცნობილი იყო. ფრიდმანის დამსახურება ისაა, რომ აღნიშნული პრობლემების შესწავლა მან ისევ ეკონომიკურ მეცნიერებასთან დააკავშირა. ოცი წლის შემდეგ ისტორიამ მართლაც დაადასტურა, რომ მონეტარულ შეზღუდვას შეუძლია დროებითი დაქვეითების ფაზიდან “საუკუნეობრივი ინფლაციის” თავიდან აცილება. ფულის რაოდენობრივი თეორიის ტრადიციები რეაბილიტირებულ იქნა.

ფრიდმანის კონცეფცია “მონეტარიზმის” სახელწოდებით გახდა ცნობილი. თუმცა, მას ეს “ეტიკეტი” არ მოსწონს, ვინაიდან თავის მისიას მხოლოდ ფულით არ შემოსაზღვრავს. 80-იანი წლებისათვის მონეტარისტების მიერ რეკომენდებული ფულადი მასის გეგმური ციფრები მრავალი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. მათ ინფლაციის შემცირებაში ისტორიული როლი შეასრულეს, შემდეგ კი მეორე პლანზე გადაინაცვლეს.

მსგავს შემთხვევებში რაიმეს შეთხზვა (მიუხედავად იმისა, რომ იგი იდეების გავრცელებას უწყობს ხელს) უფრო მეცნიერული პროგრესის დამაბრკოლებელი მოვლენაა, ვიდრე იმპულსი. კეინზმა თავი “კლასიკური ორთოდოქსალობის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციონერად” გამოაცხადა, მისი წაბაძვით კი მონეტარისტები თავს “კეინზური ორთოდოქსალობის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციონერებად” აცხადებენ.

70-იანი წლების დასაწყისისათვის, მეცნიერული ანალიზის დონეზე “ორი ბანაკის” გარჩევა ძალზე გაძნელდა. ორთავე მათგანის მიხედვით, გრძელვადიანი ინფლაციისათვის ფულის რაოდენობრივი თეორია სამართლიანია. მათი აზრით, ფული მოკლე დროში მძლავრი ეფექტუნარიანია და ფისკალურ პოლიტიკასაც აგრეთვე რეალური ეფექტები გააჩნია (თუმცა, მათი ძალა და ხანგრძლივობა საკამათო იყო). მიუხედავად ამისა, მათ შორის ცხარე კამათის მიზეზები უფრო აკადემიური და პოლიტიკური ძალისა და გავლენის დონეზეა, ვიდრე კვლევის.

დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მ. ფრიდმანის ადგილი ეკონომიკურ მეცნიერებაში რაღაცნაირად ორი საუკუნის წინანდელ ადამ სმითის მდგომარეობას წააგავს. ფრიდმანმა იცის, როგორ გამოიყენოს საქმიანობაში თეორია სახელმძღვანელოდ. იგი არის არმიის მეთაურივით მტკიცე, მასწავლებელივით ნათელი და მოსამართლესავით გარკვეული. მას ციფრებთან სტატისტიკოსის დამოკიდებულება, ხოლო დასკვნების გამოტანაში კი ეკონომეტრიკოსის შესაძლებლობები აქვს: წარსულიდან იგი, როგორც ისტორიკოსი, გაკვეთილებს იღებს, ბიზნესმენის ენით საუბრობს და საინტერესო სოციალური ხედვა გააჩნია.

ეკონომიკური მეცნიერების ისტორიაში, უფრო მოკლედ მ. ფრიდმანის ღვაწლის შეფასება ძნელია. იგი ხშირად არც მეცნიერ-ნოვატორი და არც დიდი თეორიული მოდელების შემქმნელია. მისი მთავარი დამსახურება იმის მტკიცებაშია, რომ მოკლევადიან სტაბილიზაციაშიც მონეტარული პოლიტიკა ნაკლებ როლს ასრულებს, ხოლო გრძელვადიანი ინფლაციის დაძლევაში იგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. შედეგად, მონეტარულ პოლიტიკაზე მსჯელობამ, ფრაგმენტული ღონისძიებებიდან სტრატეგიული პოლიტიკისაკენ გადაინაცვლა.