მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით წარმართული ინოვაციური ეკონომიკური ზრდა

15 ივლისს, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა ფართო დისკუსია თემაზე ”ინოვაციით წარმართული ეკონომიკური ზრდა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების როლი”. ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული დისკუსიის მიზანს საქართველოს ეკონომიკის მდგრადად ზრდის მხარდაჭერის, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხებზე მსჯელობა წარმოადგენდა. დისკუსიას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ მრავალი საკითხი განიხილეს, რომლებიც ერთ მთავარ თემას _ ”საქართველო გზაჯვარედინზე: კონკურენტუნარიანობისკენ გზის გაკვალვა” ეხებოდა, დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ინოვაციებს და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა.

დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და საერთაშორისო სავაჭრო დინამიკა რამდენიმე ადგილობრივ სერიოზულ გამოწვევასთან ერთად (მაგალითად, უმუშევრობა და სიღარიბის დონე), საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას მოითხოვს, რათა შენარჩუნებული იქნას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

”საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება და ქვეყანამ რეფორმების მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს, რომელიც პროდუქტიულობის მტკიცე გაუმჯობესებაზე და სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველო მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები პირდაპირ არის დაკავშირებული მის მიერ კონკურენტუნარიანი პროდუქციის და მომსახურების წარმოების და მათი გლობალურ ბაზარზე გაყიდვის უნარზე. საქართველოს მთავრობას პოლიტიკის განხორციელებისას სტრატეგიული მიდგომის გამოყენება დასჭირდება. ეს მიდგომა შეიძლება არ იყოს მარტივი, თუმცა მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იგი წარმატებული აღმოჩნდა”, – აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი ქერალი.

საქართველოსათვის გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს ხერარდო კოროჩანოც, მსოფლიო ბანკის ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსური და კერძო სექტორის განვითარების დეპარტამენტისა და ინოვაციის, მეწარმეობის, მეწარმეობის და ტექნოლოგიის გლობალური პრაქტიკის განყოფილების დირექტორი: ”ევროპის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება მოუწევს საკუთარი საუკეთესო ეკონომიკური და სოციალური მიღწევების შესანარჩუნებლად და ამ მიღწევების კიდევ უფრო მეტად გასავითარებლად, რის შედეგადაც ახალი ეკონომიკური რეფორმების სტრატეგია უნდა შეიქმნას, რომელიც ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაახლოებაში, მისი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ყოველვე ეს საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის”.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, მსოფლიო ბანკთან ერთად, ინოვაციებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთობლივი მომზადების შესაძლებლობას განიხილავს. მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკში გამოთქვეს მზადყოფნა, რათა დაეხმარონ საქართველოს მთავრობას როგორც ადამიანური რესურსებით, ისე კონკრეტული ინვესტიციებით ინოვაციური და IT-ტექნოლოგიების პარკების შექმნის მიმართულებით. ”დღევანდელი დღე ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ათვლის წერტილად ქვეყანაში გრძელვადიანი პერსპექტივით დასახული მიზნების მისაღწევად ინოვაციების და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მსოფლიო ბანკის ქართულ წარმომადგენლობაში ჟურნალ ”საქართველოს ეკონომიკასთან” საუბრისას განაცხადეს, ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტი საქართველოს ბანკის მონაწილეობით ჯერ არ ხორციელდება, თუმცა მსოფლიო ბანკი უცხადებს ტექნიურ მხარდაჭერას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. მსოფლიო ბანკის მხრიდან მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები, რომელსაც მოჰყვება მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. ამ რეკომენდაციებს კი ისინი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგენენ. ”ამის შემდეგ უკვე ეკონომიკის სამინისტროს გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა ისინი ამ რეკომენდაციებს და დაიწყება თუ არა კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა მსოფლიო ბაკთან ერთად”, _ აცხადებენ მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობაში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო 2020 წლისათვის მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინდექსების მოწინავე პოზიციებზე უნდა აღმოჩნდეს, ამდენად, ამ მიმართულებით უმთავრესია ინტერნეტის შეღწევადობის ზრდა, კომპიუტერული წიგნიერების ამაღლება, ელექტრონული მთავრობის სერვისების განვითარება, აღნიშნული მიმართულებით ბიზნეს ინოვაციების მხარდაჭერა.

ექსპერტების აზრით, კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც კონკურენტუნარიანი საწარმოო სფეროების რეფორმების ხელშეწყობას სწორი სპეციალიზაციის და ინოვაციით მართული ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის საფუძველზე მოახდენს, აუცილებელი პირველი ნაბიჯია. აღნიშნული რეფორმები კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების სწორი კომბინაციით უნდა წარიმართოს. მას თან უნდა სდევდეს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის მკაფიო გაუმჯობესება, საკუთრების უფლების დაცვა, ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი გარემოს გაძლიერება.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial