აშშ-ის წარმატების განმეორების მცდელობა ჩინეთმა გაბედა

2013 წლის 13 ივნისი, შესაძლოა, მსოფლიო ისტორიაში შევიდეს დღედ, რომელმაც საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურა შეცვალა: ნიკარაგუის პარლამენტმა დაამტკიცა ჰონგ კონგური კომპანიის Nicaragua Canal Development Investment Co. (NCDI) მიერ მიწის ნაკვეთის 50-წლიანი მართვის უფლება ახალი არხის ასაშენებლად, რომელიც წყნარ და ატლანტიკის ოკენეებს შეაერთებს (არენდა შესაძლოა კიდევ 50 წლით გახანგრძლივდეს). პროექტის ბიუჯეტი შეფასებულია 40 მილიარდ დოლარად. გეგმის მიხედვით, არხის პარალელურად ნიკარაგუის ტერიტორიიდან გაიმართება ნავთობსადენი, გაიყვანენ რკინიგზას, ხოლო სანაპიროზე შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონები და აშენდება თანამედროვე პორტები და აეროპორტი.

თუმცა, ”საუკუნის პროექტი” ექსპერტებს მთელ რიგ კითხვებს უჩენს. დღეს ეს უფრო მიზეზია იმისთვის, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში საქმის ვითარებაზე დაიწყოს საუბარი, ვიდრე რეალური ბიზნეს-ისტორია. მშენებლობისთვის ჯერ ფული არ არის, არ არის ჩატარებული სერიოზული ეკოლოგიური და მაკროეკონომიკური გათვლები, თუმცა მასზე უკვე მუშაობს ავტორიტეტული ქვეკონტრაქტორი _ McKincey.

ამ ისტორიის ჩინური ასპექტი თვითონ პანამის არხთან მიმართებაშიც საინტერესოა, სადაც ორ უმსხვილეს პორტში ოპერირების უფლება ჰონგ კონგურ ჰოლდინგს, Hutchinson Whampoa-ს ეკუთვნის. 15 წლის წინ, როცა ჰონგ კონგელებმა კონტრაქტი მიიღეს, ამან ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის ლამის ისტერიკა გამოიწვია. ”ჩინელები იტაცებენ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზას”, ”აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები საფრთხის ქვეშ არის” – ასეთი განცხადებებით გამოდიოდნენ რესპუბლიკელი სენატორები. დრომ გვაჩვენა, რომ ეს შიშები გადაჭარბებული იყო, თუმცა, ჩინეთი ლათინურ ამერიკაში მართლა სერიოზული მიზნებით და დიდი ხნით მივიდა.

დღეს უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ პრეტენზიას წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანეში ახალი გზის გახსნაზე. სულ რომ არაფერი გამოუვიდეთ, ექსპერტების აზრით, ასეთი იდეების გაჩენა ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩინელების გარდა, ”საუკუნის პროექტის” წამოწყება ვერავინ გაბედა!

”ამერიკაში ეკონომიკური კლიმატი შეიცვალა. ეს რეგიონი უკვე აღარ არის აშშ-ის ”შიდა ეზო”. აქ მისი კონკურენტები თავს უფრო და უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ”, _ აცხადებს ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, ცენტრალური ამერიკის კვლევის პროგრამის დირექტორი, კარლ მიჩემი.

მოქმედი პირები

არხთან დაკავშირებულ ისტორიაში ცოტა რამ არ არის უცნაური. კონტრაქტი მიიღო კომპანიამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ არის დარეგისტრირებული კაიმანის კუნძულებზე ჰონგ კონგში. თვითონ ამ ფაქტმა შესაძლოა განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოიწვიოს, ბევრი ჩინური კომპანია იყენებს ოფშორულ სქემებს. უარესი სხვა რამ არის: NCDI-ის მფლობელებს არ აქვთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ორმოცი წლის ვან ცზინი ერთი თვის წინ ცნობილი იყო მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, როგორც ტელესაკომუნიკაციო კომპანია Xinwei-ის მფლობელი, რომელიც ფიჭური ოპერატორებისთვის სხვადასხვა მოწყობილობებს აწარმოებდა. Xinwei-ის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ნიკარაგუაში _ კომპანია ცდილობდა ამ ქვეყანაში მობილური კავშირგაბმულობის სისტემის მოდერნიზებაში კონტრაქტი მიეღო. ახალი არხის შესაძლო მშენებლობის შესახებ საჯაროდ პირველად ითქვა გასული წლის სექტემბერში. სწორედ მაშინ ვან ცზინმა ნიკარაგუის პრეზიდენტთან, დანიელ ორტეგასთან ერთად ჩაატარა პრეს-კონფერენცია. Xinwei-მა ხელი მოაწერა 4G-ის ქსელის გამართვის შესახებ შეთანხმებას ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ პროექტში ჩინელები 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დაიწყეს ორტეგამ და ვან ცზინმა არხის მშენებლობაზე საუბარი, არ ვრცელდება. ჰონგ კონგური კომპანია მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციებს დამოუკიდებლად მოიპოვებს.

რა თქმა უნდა, ახალი არხის ისტორიას შეიძლება საინტერესოა გეოპოლიტიკური შედეგებიც ჰქონდეს. ბოლო წლებში ჩინეთი და ტაივანი აქტიურ დიპლომატიურ ბრძოლას აწარმოებენ ლათინური ამერიკისთვის _ ტრადიციულად სწორედ აქ იყო ქვეყნების ძირითადი მასა თავმოყილი, რომლებმაც ტაივანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს, თუმცა 2000 წლიდან ჩინეთის ზეწოლით ”დაეცა” დომენიკის რესპუბლიკა და კოსტა-რიკა. NCDI-ის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ არხის მშენებლობაზე არ იქნება მიზიდული სახელმწიფო სახსრები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მსხვილ ჩინურ პროექტს დასჭირდება შესაბამისი დიპომატიური მხარდაჭერა. საინტერესოა, რომ პანამა ტაივანის დიპლომატიური მოკავშირეა 1949 წლიდან.

ბოლო დროს დიპლომატიური ბრძოლის ცეცხლი ცოტათი განელდა, მხარეები ცდილობენ შეინარჩუნონ სტატუს-კვო. თუკი Wikileaks-ს დავუჯერებთ, რომელმაც პანამაში ამერიკის ელჩისა და ვაშინგტონის მიმოწერა გამოაქვეყნა, 2009 წელს პანამას უნდოდა ჩინეთისკენ გადახრა ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მაგრამ პეკინმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა, რადგან ტაიბეისთან კონფლიქტს მოერიდა.

ლათინოამერიკული ოცნება

ნიკარაგუის აზრით, სიტუაცია თითქმის უდანაკარგოდ გამოიყურება. შეთანხმების მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არხი არც ერთი ცენტი არ დაჯდება, ამასთან, სახელმწიფოსი იქნება ერთობლივი საწარმოების 51%. არხის საქმიანობიდან შემოსული ძირითადი შემოსავლები ჰონგ კონგელებისკენ და მათ მიერ მოზიდული ინვესტორებისკენ წარიმართება, მაგრამ თვითონ ამ წყლის არტერიის მშენებლობა ნიკარაგუის ეკონომიკის სწრაფ ზრდას გამოიწვევს. ორტეგას ეკონომიკური მრჩევლის აზრით, არხის მშენებლობა მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელს სამჯერ გაზრდის და ქვეყანას საშუალებას მისცემს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა გახდეს, რაც ნიშნავს ნიკარაგუის სოციალურ და ეკონომიკურ რევოლუციას.

არხის მშენებლობის გეგმა ათწლეულებია განიხილება, ამ ლათინოამერიკულ ქვეყანას ბევრი მსხვილი ამერიკელი ბიზნესმენი აკვირდებოდა, მაგრამ კონკრეტულ წინადადებამდე საქმე არ მისულა. ნიკარაგუიდან საწყალოსნო ტრანზიტზე სერიოზული საუბარი ბოლოს 1980-იან წლებში იყო. მაშინ აშშ-ის ხელისუფლების ბრძანებით მიმდინარეობდა პანამის არხის გამოკვლევა და მისი შესაძლო ალტერნატივები, მაგრამ კომისიის დასკვნის მიხედვით, არსებულ არხს შეეძლო სატვირთო ნაკადისთვის მინიმუმ 2020 წლამდე გაეძლო.

”ნიკარაგუის ერთ-ერთი სიმდიდრე _ გეოგრაფიული მდებარეობაა, აი რატომ განიხილავდნენ იდეას ადრეც. ამ პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არაპატრიოტულია”, _ განაცხადა ნიკარაგუის პარლამენტის სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატმა. კონგრესმა შეთანხმებას 61 ხმით დაუჭირა მხარი 28-ის წინააღმდეგ. ჯერჯერობით ზუსტი მარშრუტი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი არხი ნაწილობრივ გაივლის მტკნარი წყლის ტბა `ნიკარაგუაზე~, რამაც ეკოლოგიების შეშფოთება უკვე გამოიწვია. თუკი პროექტის რეალიზაცია დაიწყება, მისი მოწინააღმდეგეები, სავარაუდოდ, სწორედ ეკოლოგიურ ფაქტორს გამოიყენებენ არგუმენტად, რამაც უკვე შეძლო არა ერთი ჩინური პროექტი შეეჩერებინა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (უკანასკნელი მდინარე ირავადიზე უმსხვილესი დამბა გახდა).

იქნება თუ არა მოთხოვნა?

NCDI-ის წარმომადგენლები ჯერჯერობით არხის მშენებლობის აუცილებლობას საკმაოდ ფართე ტერმინებით ხსნიან _ ”დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სავაჭრო ნაკადების სწრაფი ზრდა, დამაჯერებელი არგუმენტია მეორე, ბევრად ფართე არხის მშენებლობისთვის, რომელიც ცენტრალურ ამერიკაზე გაივლის”, _ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.

ექსპერტების შეფასებები ნაკლებად ოპტიმისტურად ჟღერს. ”ნიკარაგუის არხი შენდება სასაქონლო ნაკადების სახეობების სერიოზული ცვლილებების დროს. ბოლო ასეთი ცვლილება 1980-იანი წლების დასაწყისში, ანუ 30 წლის წინ მოხდა. როგორი იქნება ეს ნაკადები ჯერჯერობით უცნობია. ნათელია ორი რამ. პირველი, ამერიკის შიდა ვაჭრობა უზრუნვეყოფილია სახმელეთო ლოჯისტიკით და აქ პანამის არხი როლს არ თამაშობს. მეორე, ჩინეთიც კი, მიუხედავად ნედლეულზე გაზრდილი მოთხოვნისა, უახლოეს ოც წელიწადში ახალი არხის დატვირთვას ვერ უზრუნვეყოფს. ჩინეთის სანაოსნო დარგის მთავარი მფლობელები კი გერმანელები და იაპონელები არიან’, _ ასეთია კვლევითი სააგენტო Infranews -ის ექსპერტების შეფასება.

საინტერესოა ისიც, რომ 2015 წლისთვის უნდა დასრულებულიყო პანამის არხის გაფართოების სამუშაოები, რაც საშუალებას გააჩენდა არხის საშუალებით გადასულიყო სატვირთო ხომალდები, რომელთა წყალწყვა 65 ათას ტონაზე მეტია. ეს კი, თავის მხრივ, ახალი ძვირადღირებული არხის მშენებლობას უფრო არადამაჯერებელს გახდიდა.

კრიტიკოსები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევია, ვინაიდან პანამის არხის გაფართოებაზე 2006 წელს საერთოეროვნული რეფერენდუმი ჩატარდა, ნიკარაგუაში კი საკმარისი აღმოჩნდა კონგრესის გადაწყვეტილება, რომელიც ორტეგას სრული კონტროლის ქვეშ არის. ქვეყნის შიდა ოპოზიციამ ორტეგა ქვეყნის გაყიდვაში დაადანაშაულა. ფაქტიურად საუბარი მიდის ნიკარაგუის შიგნით ზონის შექმნაზე, რომელიც ჩინეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდება, არხი გაყოფს ქვეყანას და მთელს ამერიკას ორ ნაწილად.

რასაკვირველია, ჩინეთს ალბათ დიდი სურვილი აქვს 100 წლის შემდეგ აშშ-ის წარმატება გაიმეოროს ლათინურ ამერიკაში და ორ უმნიშვნელოვანეს ოკეანეს შორის ახალი გზა გაჭრას. ამ იდეის ქვეშ შეიძლება NCDI-მა რაღაც რაოდენობის კვაზისახელმწიფო ფული მიიზიდოს კიდეც, არა პირდაპირ, არამედ სახელმწიფო კომპანიებთან აფელირებული კერძო სტრუქტურებით. მაგრამ საუბარი იქნება მაქსიმუმ 2-3 მილიარდ დოლარზე. დანარჩენის მოპოვება NCDI-ს ბანკებისა და სტრატეგიული ინვესტორებისგან მოუწევს, ამისთვის კი საერთაშორისო ვაჭრობაში ახალი არხის აუცილებლობაა დასადასტურებელი. ჯერჯერობით, ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ უახლოესი 10-15 წლის მანძილზე პანამის არხის გაფართოება სავსებით საკმარისი იქნება.