პარასკევი თუ კვირა?

ამბროსი გრიშიკაშვილი

11 სექტემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ტერორისტებმა შეერთებულ შტატებში გაუგონარი მტარვალური აქცია ჩაატარეს, და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ავღანეთის დაბომბვა დაიწყო, ქრისტიანულ და მაჰმადიანურ სამყაროს შორის ურთიერთობა გარკვეულად დაიძაბა. მაჰმადიანური სამყარო ამ აქციას მათ მიმართ მიმართულ აქციად წარმოადგენს და არა ტერორისტების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლად.

მსოფლიო აქტიურად ალაპარაკდა მაჰმადიანების გარკვეული წეს-ჩვეულებისა და ტრადიციების განსხვავებაზე ქრისტიანულ წეს-ჩვეულებისა და ტრადიციებთან. ბოლო დროს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ევროპის ქვეყნები: ერთი მხრივ, აქ არსებული ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, საჭიროა, დამატებითი მუშა-ხელი (ზოგიერთი გაანგარიშებით არანაკლებ 150 მილიონი), რომლის მიღების პერსპექტივა ბუნებრივი მატების გზით თითქმის გამორიცხულია. იმიგრანტების ასეთი რაოდენობით მოზღვავება კი დიდ პრობლემებს შეუქმნის აქაურ ავტოქტენურ მოსახლეობას.

ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგო-მარეობა შეიქმნება იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

“იტალია ვალდებული რომ იყოს ყველა იმიგრანტი მიიღოს, მაშინ თავად იტალიელები სადღაც სხვაგან უნდა გადასახლდნენ”. – წერს იტალიელი დემოგრაფი.

იტალიაში განსაკუთრებით იგრძნობა ლტოლვილების შემოტევა თურქეთიდან (ქურთები), იუგოსლავიიდან (ალბანელები) და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამ ორიოდე წლის წინ, მიუხედავად მემარჯვენე პარტიების წინააღმდეგობისა, მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ გააადვილა იმიგრანტთა დასახლება ამ ქვეყანაში. ანალოგიურად მოიქცა საფრანგეთის სოციალისტური მთავრობაც, რომელმაც 1997 წელს გაამარტივა იმიგრანტთა მიღება. საფრანგეთის ხელისუფლებას თავშესაფარი შეიძლება სთხოვოს არა მხოლოდ პოლიტიკური მოტივების გამო დევნილმა, არამედ იმანაც, ვინც პიროვნების თავისუფლებისათვის იბრძვის, თუნდაც მხოლოდ მოწოდებით. საფრანგეთში იმიგრანტთა ბავშვები 18 წლის შესრულებისთანავე ავტომატურად იღებენ ამ ქვეყნის მოქალაქეობას, თუკი ისინი ამ ქვეყანაში 5 წელი მაინც ცხოვრობენ. ამავე დროს, სოციოლოგიური გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ფრანგთა 75 პროცენტი მხარს უჭერს რეფერენდუმის ჩატარებას იმიგრანტთათვის მოქალაქეობის მისაცემად.

მოვიდნენ თუ არა ხელისუფლების სათავეში გერმანელი სოციალ-დემოკრატები, მათ მყისიერად შეცვალეს მოქალაქეობის კანონი. ახლა ნაცვლად ადრინდელი 15 წლისა, საკმარისია 6 წელი მუდმივად ცხოვრობდე ამ ქვეყანაში, რომ მიიღო გერმანული პასპორტი.

ალბათ, ასეთი გამარტივებული კანონმდებლობის შედეგია ის, რომ ამჟამად გერმანიაში7 მილიონი უცხოელი ცხოვრობს, საიდანაც 2,5 მილიონი თურქია. თითქმის ყოველ გერმანულ ქალაქში ნახავთ აქაურ “პატარა ანკარას” (გერმანიაში ყოველი მეთერთმეტე მცხოვრები უცხოელია). თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა საფრანგეთში, სადაც 5 მილიონამდე უცხოელი (მთელი მოსახლეობის 8 პროცენტი) ცხოვრობს (ყოველი მეთხუთმეტე უცხოელია). განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ამ მხრივ, შვეიცარიაში. აქ ყოველი მეხუთე უცხოელია.

ევროპის სახელმწიფოთა ხელისუფალნი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით იმ ილუზიის ტყვეობაში არიან, რომლის მიხედვითაც პასპორტის მიცემა იმიგრანტისათვის ავტომატურად მის ამ ქვეყნის საზოგადოებაში ინტეგრაციას ნიშნავს. ეს ნამდვილად ასე არ არის. უცხოელები არა მხოლოდ მშობლიურ ენას, რელიგიასა და სამზარეულოს არ ივიწყებენ, არამედ თავიანთი წეს-ჩვეულებების ერთგულნიც რჩებიან. კომპაქტურად მცხოვრები თურქები, ქურთები, ალჟირელები თუ მაროკოელები ნარკოტიკებითაც ვაჭრობენ, სხვა დანაშაულებსაც სჩადიან და ფანატიკურ ორგანიზაციებსაც ჰქმნიან, რომელთა მიზანიც არის ევროპაში მაჰმადიანური ცივილიზაციის მკვიდრ საფუძველზე დამყარება.

ჩრდილოეთ იტალიაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მრავალი ბავშვი დადის, რომელთა მშობლები იტალიის გარეთ არიან დაბადებულნი. ხშირად ისეც ხდება, რომ კლასში ბავშვების ნახევარი მაჰმადიანია. ამბობს ექსპერტი, — ეს კი არცთუ ისე შორეულ მომავალში მრავალ პრობლემას წარმოშობს, თუნდაც კერძოდ, ასეთს: მაჰმადიანებს დასვენების დღე პარასკევი აქვთ, მაშინ, როდესაც მთელ იტალიაში (მთელ ევროპაშიც) ასეთი დღე კვირაა. იგივე ითქმის ლოცვაზეც. მორწმუნე მაჰმადიანმა დღეში ხუთჯერ უნდა ილოცოს. ანდა პოლიგამია? ისლამი ხომ მხოლოდ რელიგია არ არის, არამედ ცივილიზაციაა, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანული ევროპის ცივილიზაციასთან.

ევროპაში მცხოვრები მაჰმადიანების წეს-ჩვეულებები კი მკვეთრ პროტესტს იწვევს ბებერი კონტინენტის მკვიდრთა მხრიდან. მაგალითად, ამ მცირე ხნის წინ ცნობილი მსახიობი ბრიჯიდ ბარდო სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალად რასული დისკრიმინაცია ედებოდა. სასამართლო ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ მსახიობმა აქტიურად გაილაშქრა იმიგრანტი არაბების მიერ ცხოველების დაკვლის რიტუალის წინააღმდეგ. პროცესზე ბარდომ განაცხადა, რომ საფრანგეთის სოფლებში დღეს უფრო ხშირად ისმის მოლების ხმა, ვიდრე სამრეკლოს ზარები. ამავე სოფლებში უფრო მეტი მეჩეთები შენდება, ვიდრე ეკლესიები.

ასეთ პირობებში აქტუალობას იძენს ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, ალან ბეზანკონის გაფრთხილება: “მხოლოდ საფრანგეთში ცხოვრობს 5 მილიონამდე მაჰმადიანი. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც ჭეშმარიტი კათოლიკე. ისტორია კი გვასწავლის, რომ მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება ძალზე მყიფეა”. იქვე ფილოსოფოსი სისხლის გამყინავ სიტყვებსაც წარმოთქვამს: — ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქრისტიანობის უარმყოფელი დასავლეთ ევროპა თავს რელიგიურ კოლონიალიზმში ყოფს.

ვერ ვიტყვით, რომ კონტინენტის ძირითად მაცხოვრებლებს არ ჰქონდეთ გაცნობიერერებული ეს საშიშროება. მაგალითად, ახალგაზრდა გერმანელების 62 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ ქვეყანაში მეტისმეტად ბევრი უცხოელი ცხოვრობს. ასევე ფიქრობს ფრანგთა 63 პროცენტი. გამოკითხულ ფრანგთა 61 პროცენტს მიაჩნია, რომ საფრანგეთში ცხოვრობს მეტისმეტად ბევრი არაბი, 38% ფიქრობს, რომ – შავკანიანი, 22% მიაჩნია, რომ – აზიელები, ხოლო 21%-ს – ებრაელები.

სხვათა შორის, დაახლოებით ანალოგიური განწყობილებაა უცხოელი იმიგრანტების მიმართ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც. მაგალითად, 38%-ზე მეტი უნგრელი საზღვრებს დაკეტავდა იმიგრანტებისათვის, რა მიზეზითაც უნდა იყვნენ ისინი სამშობლოდან გამოქცეულნი.

როგორც ჩანს, ანალოგიური პრობლემა, თუ უკვე მეტად აქტუალური არ გამხდარა, მოკლე ხანში გახდება შეერთებულ შტატებშიც. მაგალითად, ტორონტოში უკვე ყოველი მეოთხე მაცხოვრებელი “ერუმცირესობას” წარმოადგენს. საიდან აღარ არიან აქ ჩამოსულნი – ჰონგ-კონგიდან, ჩინეთიდან, შრილანკიდან, ინდოეთიდან და ა.შ. აქვე შეხვდებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს “ერუმცირესობად”. კერძოდ, აქ ცხოვრობს 300 ათასი იტალიელი, 100 ათასზე მეტი პორტუგალიელი, დაახლოებით ამდენი უკრაინელი და ა.შ. ამ ქალაქში ყოველ წელს 70 ათასი იმიგრანტი ჩამოდის. ტორონტოში თითქმის 100 ენაზე ლაპარაკობენ და ეს ხდება ქალაქში, რომლის მკვიდრ მოსახლეობასაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იმიგრანტებისადმი სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად, გადმოცემით, ოცდაათიან წლებში ამ ქალაქის პარკების კარებთან შეიძლებოდა ასეთი წარწერა წაგეკითხათ: “ებრაელებს და ძაღლებს შესვლა ეკრძალებათ”. ჯონ ლომბარდი, იტალიელი წარმოშობის ტორონტოელი პროფესორი იხსენებს, რომ 1933 წელს ტორონტოს ტბაზე გასასეირნებლად გასწია. პლაჟის შესასვლელში მას მცველმა გადაუღობა გზა და უთხრა, რომ აქ ებრაელებს არ უშვებენ. ჯონი დაბალი და შავგვრემანი იყო. მის შენიშვნაზე, რომ იგი ებრაელი კი არა, იტალიელი იყო, მცველს ხელი აუქნევია და უთქვამს – რა განსხვავებააო. დაახლოებით მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან სხვა ისეთი დიდი ქალაქები, როგორებიცაა: ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი, მონრეალი, ვანკუვერი, ლონდონი, ბირმინგემი და სხვა.

მაგრამ როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს. როგორც ირკვევა, იმიგრანტებს უაღრესად სასარგებლო საქმის გაკეთებაც შეუძლიათ იმ ქვეყნისათვის, სადაც ისინი ცხოვრობენ. მაგალითად, ამას წინათ, სენატორმა აბრაჰამ სპენს ერმა, რომელიც სენატის იმიგრაციის ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სწორედ იმიგრანტებზე მოდის წელიწადში დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი მთლიანი შიდა პროდუქტი.

ახალი იმიგრანტები (ისიც არა ყველა) აშშ-ის ბიუჯეტის ტვირთად იქცევიან მხოლოდ პირველი ოცი წელი. ამის შემდეგ მათ მიერ გადახდილი გადასახადები ფარავენ მათი შენახვის საბიუჯეტო ხარჯებს. ამასთან, იმიგრანტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ბიზნესსაც ავითარებს და ახალ სამუშაო ადგილებსაც ქმნის. ისე, რომ იმიგრაციას ამ ასპექტით თუ შევხედავთ, იგი საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია.

სხვათა შორის, იმიგრაციის პრობლემაზე მეტად საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ 40-იან წლებში ამერიკელები ასე ფრთხილად რომ მისდგომოდნენ იმიგრაციის საკითხს, როგორც ახლა, ამერიკა ასეთი ძლიერი სახელმწიფო არ იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში ამერიკაში არ შეუშვებდნენ უნგრელ ებრაელს, რომელიც საოცრად გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს (იგი ამ შემთხვევაში საკუთარ თავს გულისხმობს). მაგრამ ამერიკაში ხომ სხვა არანაკლები გენიოსები ემიგრირებულან.

კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატა თავისი შეხედულება იმიგრანტების თაობაზე ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, ჯორჯ გილდერმა. მისი აზრით: “იმიგრანტების გარეშე ამერიკა ვერ იქცეოდა ასეთ სუპერსახელმწიფოდ. იმიგრანტების გარეშე ვერ შექმნიდა იგი შეიარაღების კომპიუტიზირებულ სისტემას, რომელიც აიძულებდა სსრკ გაჯიბრებოდა მას შეიარაღებაში, რაც, საბოლოოდ, მისი კაპიტულაციით დასრულდა. იმიგრანტების წყალობით გაძლიერდა ჩვენი მრეწველობა და ამაღლდა ჩვენი ცხოვრების დონე… ამერიკელ ახალგაზრდებს არ სურთ შეისწავლონ მათემატიკა და სხვა ზუსტი მეცნიერებები და ამ სფეროში, ძირითადად, იმიგრანტები მუშაობენ… იმიგრაციის შეზღუდვა, რასაც კონგრესი აპირებს, საფუძველს შეურყევს ჩვენი ქვეყნის ტექნიკურ ცივილიზაციას”, – წერს იგი.

ცხადია, ასეთმა არგუმენტებმა დაარწმუნეს სენატორები, რის შედეგადაც მკვეთრად არ შემცირებულა ის კვოტები, რომლებიც იმიგრანტთა რიცხოვნობას საზღვრავენ ამ ქვეყანაში. კერძოდ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 95 ათასით, ხოლო 2001 წლისათვის – 115 ათასით. უკვე ამჟამად აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეათედი ანუ 26 მილიონი საზღვარგარეთ არის დაბადებული. ისინი ლეგალური იმიგრანტები არიან. მილიონობით ითვლებიან ასევე არალეგალური იმიგრანტები. ამერიკა განსაკუთრებით დიდ მოთხოვნებს აყენებს კომპიუტერების სპეციალისტებზე. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ინდოეთში სპეციალური ექსპერტები არჩევენ ასეთ პროფესიონალებს მათ ამერიკაში გასაგზავნად. ანალოგიურ ხერხებს მიმართავს კანადაც. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2000 წელს 100 ათასამდე ინდოელი მაინც ნახავს შეერთებულ შტატებში მაღალანაზღაურებად სამუშაოს.

ამასთან, მხოლოდ მაღალკვალიფიცირებულ ადამიანებზე როდია ამერიკაში მოთხოვნა. იქ დაბალკვალიფიციური მუშებიც სჭირდებათ. მაგალითად, კალიფორნიის ეკონომიკას უკვე კარგა ხანია ღრმა კრიზისი მოიცავდა, იქ ყოველწლიურად ათობით ათასი იმიგრანტი რომ არ ჩადიოდეს. ისინი, ძირითადად, არალეგალურად ჩადიან მექსიკიდან, გვატემალიდან, სალვადორიდან და ა.შ. ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ სურთ იმ სამუშაოს შესრულება, რის შესრულებაზეც იმიგრანტები სიამოვნებით თანხმდებიან (მაგალითად, პლანტაციაში, საქსოვ-საფეიქრო ქარხნებში, რესტორნებში და ა.შ.)

აქვე ისმის კითხვა: თუ იმიგრანტები აშშ სიმდიდრის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, მაშ, რატომ ზღუდავენ ასე მკაცრად მათ შესვლას ამ ქვეყანაში. იმიტომ, – გიპასუხებთ ამერიკელი, რომ შეზღუდვის გარეშე განვითარებადი ქვეყნების მთელი მოსახლეობა მოაწყდებოდა ამ ქვეყანას, რაც თითქმის გადაუჭრელ პრობლემებს შექმნიდა. ამიტომ ამერიკა, ძირითადში მაინც შერჩევით უშვებს იმიგრანტებს, ყურადღება განსაკუთრებით ექცევა ასაკს, განათლებასა და პროფესიულ ჩვევებს. თუნდაც რომ ხმამაღლა არ აღიარებდნენ ამას, ქვეცნობიერად ყველამ იცის, რომ შეერთებული შტატები და კანადა იმიგრანტების მიერ არის აშენებული. ამიტომ არავინ არავის ეკითხება, საიდან ჩამოვიდა და რისთვის, რატომ? ჩამოვიდა და მორჩა. ნებართვის მიღების შემდეგ იგი უკვე ამერიკელია (კანადელი), აქვს უფლება გახდეს ამერიკის თუ კანადის სრულუფლებიანი მოქალაქე. სხვათა შორის, ამ მხრივ, ევროპის კონტინენტის ქვეყნებიდან ანალოგიური მდგომარეობაა საფრანგეთში.

საერთოდ, სრულიად სხვაგვარი მდგომარეობაა ევროპაში. შეიძლება გახდე ბრიტანეთის მოქალაქე, მაგრამ ვერ გახდებით ბრიტანელი, ინგლისელი თუ შოტლანდიელი. გერმანიაში შეიძლება ცხოვრობდეს და ლეგალურად მუშაობდეს მეორე თუ მესამე თაობის იმიგრანტი, მაგრამ გერმანელი ვერ გახდება, თუ გერმანელი არ იყო მისი პაპა ან პაპის პაპა. ამასთან, ძნელია მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, თუ გერმანელი არ ხარ. რაც შეეხება საფრანგეთს, აქ მოქმედებს ასიმილაციის დოქტრინა, – ხელისუფლება მოითხოვს, რომ იმიგრანტი მოქალაქეობის მიღების შემდეგ ფრანგი გახდეს. ამის შესახებ კარგად წერს ერთი ექსპერტი: “როდესაც ვინმე საფრანგეთში მიდის ემიგრაციაში, იგი მხოლოდ ქვეყანას როდი იცვლის, იგი იცვლის თავის ისტორიასაც – მისი წინაპრები გალები ხდებიან”. ყოველივე ეს იწვევს თავის უკურეაქციასაც. ყველა ფრანგი როდი იზიარებს ამგვარ მიდგომას (ამის შესახებ ნაწილობრივ ზევითაც აღვნიშნეთ). “ევრობარომეტრის” გამოკვლევების თანახმად, საფრანგეთში თანდათანობით იკიდებს ფეხს რასისტული იდეები. ამ მხრივ, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა ბელგიაში. გამოკითხულ ბელგიელთა ნახევარზე მეტი (55%) არ მალავს თავის რასისტობას, ასეთ განცხადებას აკეთებს გერმანელთა 33 პროცენტი, დიდ ბრიტანეთში ანალოგიური მაჩვენებელი 32%-ს შეადგენს, იტალიაში – 30%-ს აღემატება, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა პორტუგალიაში (16%) და ა.შ. დასასრულს, თუ გავიხსენებთ ცნობილი მეცნიერის, პოლიტოლოგის, სამუელ ჰანგტინგტონის თეორიას ცივილიზაციათა დაჯახების შესახებ, უნდა ვთქვათ, რომ თუ გარკვეული მექანიზმებით არ დაიხვეწა ერთაშორის (ეთნიკურ ჯგუფებს შორის) ურთიერთობები როგორც არა მხოლოდ ამერიკაში და ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებრიობა, შესაძლოა, ძალიან სერიოზული პრობლემების (თუ კატასტროფის არა) წინაშე აღმოჩნდეს.