რესტრუქტურიზაცია – ბიზნეს ხუნდები თუ საბაზრო მექანიზმის გაუქმება

ეკა ლომიძე

საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონპროექტი გარკვეული პერიოდით ვალების გადავადებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, თუ როგორი რესტრუქტურიზაცია ხდება. კანონმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო საგადასახადო ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მისი გადახედვა მოხდა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსთა სამინისტროს პატრონაჟით. აღნიშნული კანონი მოიწონა მთავრობის სხდომამ და პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტში გაიგზავნა.

“საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონში მოხდა არსებითი ხასიათის ცვლილებები. მოქმედი კანონისაგან განსხვავებით აღნიშნული კანონპროექტი გათვალისწინებულია როგორც საგადასახადო დავალიანებათა, ასევე ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის ე. წ. განსაკუთრებული შემთხვევაც, რომელიც უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და იგი ხორციელდება პრეზიდენტის ბრძანებულებით. “საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ” ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მოახდინოს საწარმოთა ვალების გადავადება 5 წლით და მხოლოდ ერთხელ. წარმოდგენილ კანონპროექტში კი განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება 15 წლით. კანონპროექტის მიხედვით განსაკუთრებული შემთხვევა განიმარტება შემდეგნაირად: “თუ საწარმოში სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს (ან წილის 50-% მეტს), არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დანიშნულების, გააჩნია საექსპორტო პოტენციალი და მზადდება საპრივატიზაციოდ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ასევე, თუ საწარმოს ან ორგანიზაციას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან სასესხო დავალიანება წარმოეშვა იმ საქონლის მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო.” როგორც ვხედავთ აღნიშნული განმარტება ძალზე რთული და ზოგადია. ამასთან იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. არასასურველია, რომ ამჟამად არსებული კანონისაგან განსხვავებით წარმოდგენილ კანონპროექტში გადავადების უფლება ვრცელდება ე.წ. სასესხო დავალიანებებზეც. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით სულ გადავადებულ იქნა საწარმოთათვის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელთა მთლიანმა თანხამ 66,8 მილიონი ლარი შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გადავადებული თანხები აღრიცხულია ლარებში, ინფლაციის და დევალვაციის ფაქტორების გათვალისწინებით, სამი წლის შემდეგ ფაქტობრივად ეს მექანიზმი ამ თანხების ნაწილის ჩამოწერის ტოლფასია. საერთოდ ეჭვს იწვევს დავალიანებათა გადავადების ასეთი წესის ეფექტიანობა.

გარდა ამისა, საინტერესოა სასესხო დავალიანებათა გადავადების შესახებ სურათიც.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შიდა სახელმწიფო რესურსებიდან გაცემული სესხების საერთო ოდენობამ 52,7 მლნ. ლარი შეადგინა. მთლიანად სასესხო დავალიანებამ პროცენტებისა და საურავების ჩათვლით შეადგინა 92,2 მლნ. ლარი. ამავე პერიოდისათვის სახელმწიფოს დაუბრუნდა მხოლოდ 15,7 მლნ. ლარი ამ მთლიანი სასესხო დავალიანების 17,0%.

შეადგინა, რომელმაც პროცენტებისა და საურველების ჩათვლით შეადგინა 53,7 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო დაბრუნებულია მხოლოდ 368,9 ათასი აშშ დოლარი ან 0,7%.

ამ ორივე სახის სესხებმა ლარებში განზომილობით მთლიანობაში შეადგინა 154,7 მლნ. ლარი. მთლიანად სასესხო დავალიანებამ შეადგინა პროცენტებისა და საურავების ჩათვლით 208,5 მლნ. ლარი. სახელმწიფოს დაუბრუნდა 16,5 მლნ. ლარი ან მთლიანი სასესხო დავალიანების 7,9%.

სულ საბიუჯეტო სახსრებით ისარგებლა 64 საწარმომ. აღნიშნული თანხები მათ მიერ არარაციონალურად იქნა გამოყენებული, ხოლო სახსრების გამოყოფის მიზნები და მოტივი ბადებს სერიოზულ ეჭვებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ვალების რესტრუქტურიზაციის მანკიერი პრაქტიკა დღემდეც არსებობდა და მისი მოქმედების არეალის გაფართოება არსებითად გაამრავლებს გადასახადებებისგან და ვალების დაბრუნებისგან თავის არიდების ახალ შესაძლებლობებს, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სასესხო დავალიანებაში აღრიცხული იქნა კერძო ფირმების მიერ აღებული საგარეო ვალის ის ნაწილი, რომლის გასტუმრებაც მთავრობამ თავის თავზე აიღო (მაგ: თურქეთის 50 მლნ. დოლარის ოდენობის სესხის), აღნიშნული ცვლილებების შეტანა გამოიწვევს ამ სახის ვალების გადავადებას ან ჩამოწერასაც კი. ასეთი უკანონო პრეცენდენტი უკვე მოხდა, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებით ერთ-ერთ ფირმას გადაევადა თურქეთის კრედიტი 10 მლნ. დოლარის ოდენობით 10 წლის ვადით.

საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის არსებული პრაქტიკის მიზანშეუწონლობის შესახებ არაერთხელ იყო გამახვილებული ყურადღება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოხსენებებში. დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პრაქტიკა ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა გადასახადების გადახდისგან თავის არიდების საშუალებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს მიზანშეუწონლად მიაჩნია აღნიშნული კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება.

რომან გოცირიძის აზრით, აუცილებელია, პრეზიდენტს ჩამოერთვას საწარმოთათვის საგადასახადო დავალიანებათა გადავადების უფლება. უკიდურეს შემთხვევაში იგი შეიძლება გამოვიდეს ამ პროცესის მხოლოდ ინიციატორად, ხოლო ასეთი სახის გადავადება უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ.

საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონპროექტმა, ბუნებრივია, აზრთა სიჭრელე გამოიწვია. ერთ მხარეზე აღმოჩნდნენ სახელმწიფო მოხელენი და მეწარმეები, მეორე მხარეს ეკონომისტთა გარკვეული ნაწილი და ზოგიერთი პარტია, რომლებმაც ამ კანონს კორუფციული და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის დამღუპველი უწოდა.

ვაჟა კაპანაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე: – თუთაშხიასი არ იყოს საქციელს, რომ დაუწუნებ კაცს, იქვე ისიც უნდა უთხრა მაშინ როგორი საქციელი იქნება კარგიო.

ვინც იმაზე საუბრობს, რომ კანონი საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგოა, მცდარი აზრია. ეს არის დამხმარე კანონი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს საბაზრო ეკონომიკაზე უფრო ეფექტური გადასვლა და ჩვენ არ მოგვიწიოს ისეთი გიგანტი საწარმოების ლიკვიდაცია და ბედის ანაბარა მიგდება, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, “აზოტი”, რომლებმაც 1992-93 წ. ჰიპერინფლაციურ პერიოდში პრაქტიკულად დაკარგეს არსებობის ყველანაირი შანსი. მათ საკმაოდ მძიმედ დააწვათ საგადასახადო ვალდებულებები, პროცენტები, ჯარიმები, პენსიები. დაუგროვდათ უზარმაზარი ვალები. ახლა ამხელა გიგანტების ამუშავებას კი კოლოსალური თანხები სჭირდება. მე არ ვამბობ, რომ იქ მენეჯმენტი ბრწყინავდა, მაგრამ მენეჯმენტი 10-15 კაცია. ამ საწარმოების ბედზე კი 3000-4000 ოჯახია დამოკიდებული. ყველა დაინტერესებულ ეკონომისტს შევახსენებ, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებობს ნაკლები ზარალის თეორია, როდესაც სახელმწიფო შეგნებულად დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ ურჩევნია ეს საწარმო თუნდაც ზარალიანი იყოს, მაგრამ მას გარკვეული სუბსიდირება გაუკეთოს. ამასთან ერთად, ეს საწარმოები როდესაც მოქმედებენ, იხდიან არაპირდაპირ გადასახადს. მე მხედველობაში მაქვს დღგ და სხვა ასეთი გადასახადები. ამიტომ იმის თქმა, რომ ვალების რესტრუქტურიზაცია საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საწინააღმდეგოა, არ შეიძლება. ჩვენ ათი წლის წინ გეგმური ეკონომიკის პირობებში ვფუნქციონირებდით და, ასე ვთქვათ, აქვს კი ვინმეს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოიქნევს და ყველაფერს დააწყობს ისე, რომ ყველა საწარმო წარმატებულ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამუშავდეს?

თუ არსებობს სერიოზული ინვესტორი, ჩვენ მას საწარმო უნდა მოვუმზადოთ საპრივატიზაციოდ, მიმზიდველი უნდა გავხადოთ, რომ ვიღაცა შემოვიდეს და სერიოზული კაპიტალი ჩადოს. რომელი ინვესტორი ნახეთ თქვენ სულელი, რომ სხვისი დაგროვებული ვალები გადაიხადოს და დაიწყოს მუშაობა. ის რომ მოდის, მოგების მიღების მიზნით მოდის.

ბატონო ვაჟა, თუ გაკოტრების კანონს ავამოქმედებთ?
თუ უნდა გაკოტრდეს მაგალითად, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, მაშინ ქალაქი უნდა გაკოტრდეს. აზოტი თუ დაიხურა და მეტალურგიული კომბინატიც, რუსთავი აღარ იარსებებს. მე არ ვამბობ, რომ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონი ყველას მიმართ უნდა ამოქმედდეს. ეს კანონი საგანგებო შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და აღმასრულებელ ხელისუფლებას საშუალება უნდა ჰქონდეს, კანონი არ დაარღვიოს და ისე ესაუბროს ინვესტორს.

ვალების რესტრუქტურიზაციის კანონს მხარს უჭერენ სახელმწიფო მოხელენი, მეწარმეები. მათი ინტერესის თანხვედრა აშკარაა.
ეს კითხვა პარლამენტს დაუსვით. აღმასრულებელი ხელისუფლება რა კანონებითაც შედის ვთქვათ, ბოლო ინსტანცია პარლამენტია და მათ შეუძლიათ თავიანთი გავლენა მოახდინონ. მე ერთ რამეს გეტყვით: თუ წმინდა პრაგმატულად, თეორიული მსჯელობით ეს კანონი საბაზრო ეკონომიკის კლასიკურ ნიმუშს არ წარმოადგენს, თქვენ გინახავთ თეორია პირდაპირ მორგებოდეს ცხოვრებას? მე არ მინახავს.

თუ საწარმო სტრატეგიული დანიშნულებისაა, რამდენად გამართლებულია ის კერძო საკუთრებაში იყოს?
სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა ეწეოდეს. მისი ფუნქციაა, ბიზნეს გარემოს შექმნა, გადასახადების აკრეფა და პოლიტიკის განხორციელება. სახელმწიფო ბიზნესის წარმოებაში არ უნდა ერეოდეს. 70 წელი სხვას რას აკეთებდნენ, ბიზნესს არ აწარმოებდნენ? რა შედეგი მოგვცა ნახეთ. საქართველო ამ სამყაროდან მოწყვეტილი ხომ არ არის? გადახედეთ პოსტსაბჭოური ქვეყნების გამოცდილებას. კავშირების რღვევა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ყველაზე მტკივნეული გიგანტებისთვის აღმოჩნდა, რადგან საბჭოთა პერიოდში ამათ სათბურის პირობები ჰქონდათ შექმნილი.

უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კანონის გატარება უკუჩვენებასა და ზარალს მოგვცემს და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ამ შემთხვევაში?
ჯერ არ გამოუგონიათ წამალი, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ ექნება. არც ზარალი გამოირიცხება, მაგრამ ვინ დათვალა? მოდით ახლა, ასე ვთქვათ, როდის უფრო მეტი სარგებელი იქნება – ეს ვალები რომ გაიწელოს, გაიბეროს, მიაღწიოს მილიარდებს და მის უკან გადამხდელი არ იდგეს, თუ ის მომენტი, როცა გარკვეული პერიოდით ამ ვალებს გავაჩერებთ. საწარმომ მუშაობა უნდა დაიწყოს და მიმდინარე გადასახადები მაინც გადაიხადოს. ყველა ინვესტორი ამბობს, რომ თავისი დანიშვნის დღიდან გადაიხდის გადასახადებს და ამასთანავე ნელ-ნელა დაფარავს ძველ ვალებსაც. თუთაშხიასი არ იყოს: კაცს რომ საქციელს დაუწუნებ, იქვე უნდა უთხრა, მაშინ როგორი საქციელი იქნება კარგიო. ე.ი. როცა ვიღაცას აზრს უწუნებ, იმაზე უკეთესი უნდა გქონდეს მოფიქრებული, რომ უთხრა ასე სჯობიაო. ცუდია შენი აზრიო, რომ გაიძახი და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობ – არასერიოზულია ასეთი მიდგომა.

ვაჟა კაპანაძის აზრით, საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონში ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კანონის დაურღვევლად საწარმოები გახადოს მეტ-ნაკლებად მიმზიდველი, რითაც მოიზიდავს პოტენციურ ინვესტორებს. 100%-იდან ნახევარიც რომ შესრულდეს, Dშედეგი მაინც სახეზე გვექნება. ეკონომიკა ზუსტი მეცნიერება არ არის, სადაც ორჯერ ორი ოთხი იქნება. ამიტომაც ეკონომიკა ასეთ დისპუტებს ვერ ასცდება.

ლადო პაპავა: “ვალების რესტრუქტურიზაცია დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც ახლოვდება არჩევნები”.
საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონი, თავისი ბუნებით, არის ანტისაბაზრო კანონი, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ვარ მისი წინააღმდეგი. საბაზრო ეკონომიკის საფუძველი არის კონკურენცია. კონკურენციის შედეგად გამოიკვეთება წარმატებული ფირმები, რომლებიც იღებენ დიდ მოგებას, აღწევენ წარმატებას და არის ის ფირმები, ვინც მარცხდება ამ კონკურენციაში. შედეგად ხდება მისი გაკოტრება. დღეს საბაზრო ეკონომიკაში განვითარებული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც რეალურად ასრულებენ, ფაქტობრივად, გაკოტრებული საწარმოების სამართლებრივ გაკოტრებას. რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ? ჩვენ გვაქვს საწარმოები, რომლებიც არიან არაკონკურენტუნარიანები, სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგი იმის გამო, რომ ტექნოლოგიაა მოძველებული, ზოგიც იმის გამო, რომ მენეჯმენტია უვარგისი და ზოგი იმის გამო, რომ ორივე ერთად არის. ბუნებრივია, ასეთი საწარმოები უნდა ჩამოშორდნენ საბაზრო ეკონომიკის რეალურ ვითარებას. ეს საწარმოები არიან გაკოტრებულნი. პროდუქციას ვერ ასაღებენ ან ყიდიან ძალიან დაბალ ფასად, რითაც წაგებას ნახულობენ. რის შედეგადაც ვერ იხდიან ელექტროენერგიის საფასურს, ხან გადასახადებს ბიუჯეტში, ბუნებრივია, ასეთი საწარმოს მიმართ უნდა ამოქმედდეს გაკოტრების კანონი. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი გაკოტრების შესახებ, რომელიც დაიწერა გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც თავიდანვე იყო მკვდარშობილი, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად საკმაოდ გამართული კონცეფცია იყო, არ შეესაბამებოდა საქართველოს რეალურ სინამდვილეს. ამის შემდეგ მივიღეთ სახელმწიფო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონი და ახლა გაკოტრების კანონი რომც გამარტივდეს, მნიშვნელოვნად მაინც ვერ ამოქმედდება, რადგან ვისაც დავალიანება აქვს სახელმწიფოს მიმართ, ამ დავალიანებების რესტრუქტურიზაცია მოხდა. აქედან გამომდინარე: საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონი არის პრაქტიკულად საბაზრო ეკონომიკის მექანიზმების დამკვიდრების ხელისშემშლელი კანონი. ახლა ისტორიას მინდა დავუბრუნდე. 1998 წელს ფინანსთა მინისტრის მიერ დაყენებულ იქნა საკითხი, რომ მეწარმეებს უნდა პატიებოდათ ვალები სახელმწიფოს მიმართ და ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. ეს იდეა, რა თქმა უნდა, მცდარი იყო, რადგან განვითარება ვერ ჰპოვა ეს იდეა შეიცვალა უფრო მოქნილი შენიღბული მექანიზმით, რომელიც გულისხმობდა არა პატიებას, არამედ გადავადებას. ერთხელ პატიება ნიშნავს ამ პატიების პერიოდის განმეორებას და ამის აუცილებლობა დღის წესრიგში მაშინ დგება, როდესაც არჩევნები იქნება ადგილობრივი, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. ხმები ყველას სჭირდება. მეწარმეებს, რომლებსაც ევალებათ გადასახადების გადახდა, არ ახდევინებენ ვალებს. სანაცვლოდ მათგან ითხოვენ, როგორც საჭირო ხმებს, ასევე ფინანსებს. ამიტომ დღეს არის შექმნილი სიტუაცია, როდესაც თითქმის ყველას აწყობს მოხდეს საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია. აწყობს ეს მეწარმეს, რომელსაც არ უნდა გადასახადების გადახდა; მოხელეს, იმიტომ რომ აქ მუშაობს კორუფციული მექანიზმი. უნდა შემუშავდეს ბიზნეს-გეგმა, გაიწეროს როგორ უნდა მოხდეს ვალების გადახდა და ეს ყველაფერი უნდა შეამოწმოს სახელმწიფო მოხელემ, რომელიც არ ჩათვლის, რომ კარგი გეგმაა, ან პირიქით ცუდია. და შემდეგ მისცემს მსვლელობას. იმისათვის, რომ ჩათვალოს დადებითად, ის ამაში აიღებს გარკვეულ საფასურს და, საბოლოო ჯამში, ყველანაირად გაფორმებული დოკუმენტი პრეზიდენტთან შევა ხელმოსაწერად. ე.ი. ეს აწყობს მეწარმეს, სახელმწიფო მოხელეს და იმ პარლამენტარებსაც, რომლებიც ლობირებენ ასეთი ტიპის საწარმოებს. ვის არ აწყობს? პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკას. ჩვენ ვერასოდეს ვერ დავაღწევთ თავს არაკონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, უვარგისი მენეჯმენტისგან თუ ქვეყანაში არ იქნება გაკოტრების კანონი. ლოგიკა მოითხოვდა გაგვეუქმებინა საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის კანონი, მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო: მომზადდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ე.წ. სტრატეგიულ დანიშნულების ობიექტების საგადასახადო ვალების რესტრუქტურიზაცია 15 წლით უნდა მოხდეს, ანუ ორწლიანი ვადა იცვლება 15 წლით. ეს კი ნიშნავს საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებაზე უარის თქმას. 15 წლით ანუ მომავალ სამი მოწვევის პრეზიდენტს, ოთხ პარლამენტს ეკონომიკაში საქმე აღარ ექნებათ. იმიტომ, რომ ამას ვეღარ შემოატრიალებენ. მე, როგორც ჩემი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ამავე დროს ეკონომისტს, რომელსაც ესმის რასთან გვაქვს საქმე, სულაც არ მინდა 15 წლით გავჭიმოთ საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება საქართველოში. აი, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ვთვლი, არათუ არ უნდა შევიდეს ცვლილებები საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის კანონში, არამედ უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე, მისი გაუქმება.

არსებობს აზრი, რომ ამ კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას.
ყველანაირი არგუმენტი არის მხოლოდ და მხოლოდ იმით გამოწვეული, რომ გაამართლონ როგორმე ამ საწარმოებში არსებული მენეჯმენტის შენარჩუნება, რომელიც დამღუპველია, რადგან სწორედ ამ მენეჯმენტის პირობებში მოხდა საწარმოებში ვალების დაგროვება. რაც შეეხება ინვესტიციებს, მოდით აქაც თავს ნუ მოვიტყუებთ. ჩვენ დავიწყოთ ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც გაკოტრების მექანიზმთან არის დაკავშირებული. საკითხი ძალიან მარტივია: ეს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა გაიტანოს ეს საწარმო პრივატიზაციაზე. თვით ეს ვალები, თუმცა, მოხსნილი იქნება, მაგრამ შეცვლილი იქნება მენეჯმენტი, ანუ ისინი იცავენ საკუთარ მენეჯმენტს ამ საწარმოებში ე.ი. იხანგრძლივებენ თვითყოფნას ამ საწარმოებში.

საკითხი დადგა ასე:უ”უარყოფენ ჩვენს აზრს და სანაცვლოდ არაფერს გვთავაზობენ”. თქვენ ამ კანონის წინააღმდეგნი ბრძანდებით, თუ გაქვთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი? ანუ თქვენ რას შესთავაზებთ უკეთესს?
ძალიან კარგი ფორმულირებაა. მე ვერ მოვიგონებ იმაზე უკეთესს, რაც საბაზრო ეკონომიკაში არის უკვე. ეს არის გაკოტრების კანონი. ამაზე კარგი მთელ მსოფლიო პრაქტიკაში არ არის, ამიტომ მე რასაც ვაყენებ, ეს არ არის ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონება. მე ვამბობ იმას, რაც ისედაც ცნობილია მთელ ცივილიზებულ საბაზრო ეკონომიკაში. მეც მინდა, რომ საქართველოში იყოს ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკა, რომ არ იყოს გაკოტრებისგან მტრის ხატი შექმნილი. საწარმოებში დასაქმებული ხალხი არ უნდა შევაშინოთ, რომ გაკოტრება ნიშნავს საწარმოს გაჩერებას. გაკოტრება ნიშნავს მესაკუთრის, მენეჯმენტის შეცვლას. რას შევთავაზებ? მე არაფერს შევთავაზებ. ამას სთავაზობს თვითონ საბაზრო ეკონომიკა. ეს არის გაკოტრების მექანიზმი და ეს რომ სწორია, დამტკიცებულია იმ გამოცდილებით, რომელიც გააჩნია საბაზრო ეკონომიკის საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ქვეყნებს. ჩვენ ახალს არაფერს ვამბობთ. ეს არის ახალი, და ასე ვთქვათ, უცხო სხეული საბაზრო ეკონომიკისათვის, სწორედ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის არსებული მექანიზმი.

არსებობს ვალების რესტრუქტურიზაციის კანონის ანალოგი? ალბათ, ეს გზა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის ნაცნობია.
იცით, მე გეტყვით, რომ ამის ანალოგი, რა თქმა უნდა, იარსებებს, რადგან ეს კანონპროექტი თავის დროზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იქნა მომზადებული. მე ვთვლი რომ ეს არის მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც მან საქართველოში დაუშვა. იცით, მე ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, რომელ ქვეყანაში მოხდა კიდევ ასე. იმიტომ, რომ როცა შენს ქვეყანაში სიმახინჯე არსებობს, შენ რაც შეიძლება მალე უნდა აღმოფხვრა. ჩემთვის სულაც არ არის გამართლება ის, რომ სხვა ქვეყანაშიც არის სიმახინჯე. ჩემთვის მთავარია, არსი და ჭეშმარიტი გზა.

თვითონ გაკოტრების კანონიც სრულყოფას მოითხოვს.
პარლამენტმა უკვე გადადგა სერიოზული ნაბიჯი მისი გამარტივებისკენ, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, რომ გაკოტრების მექანიზმი იყოს ძალიან მარტივი, ყველა აღსრულებადი და სწრაფი. იქიდან გამომდინარე, რომ თავისთავად ეს პროცესი უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტილი. თუ ჩვენ ამ გზით ვივლით, უნდა ვიცოდეთ, რომ საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებით დიდ საქმეს გავაკეთებთ.

ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე. “რატომ შეიძლება “ეი-ი-ეს თელასს” 100 წლით გადაუვადო ვალები და არ შეიძლება ქართულ საწარმოს 15 წლით გაუწერო ვალი”.

საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, უკვე დიდი ხანია ვთხოვთ პარიზის კლუბს ვალები ჩამოგვაწეროს. ის ვალები კი, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე დაუგროვდათ ორგანიზაციებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში თვითონ სახელმწიფოს ბრალია, არ გვინდა რომ ჩამოვწეროთ. ჩვენ გვაქვს გაკოტრების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედდეს და სამწუხაროა, რომ არ ამოქმედებულა, რადგან მთელი რიგი საწარმოებია, რომლებიც ვერასოდეს ვერ ამუშავდებიან, რაც უნდა რესტრუქტურიზაცია გაუკეთო. ამიტომ საჭიროა, შეიქმნას რაღაც პუნქტი, რომელიც ნებისმიერ საკითხს განიხილავს, ნახავს ძალიან სერიოზულად და მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას.

ამბობენ, რომ ეს კანონი კორუფციულიაო. მე მახსოვს რომ 70-იან წლებში თბილისში, ერთ-ერთ სახინკლეში მკვლელობა მოხდა და დედაქალაქში ხინკლის გაკეთება აკრძალეს, თითქოს მწვადზე არ მოხდებოდა ჩხუბი და არ მოკვდებოდა ადამიანი. აი, ასეთ აბსურდამდე არ უნდა მივიდეთ. ახლა რაც შეეხება თვითონ გაკოტრებას. გაკოტრება პრინციპში ითვალისწინებს იმას, რომ გაკოტრდა წარმოება და იწყება მისი ხელახალი გაყიდვა. ან ლიკვიდაციაში უნდა წავიდეს წარმოება, ან უნდა გაიყიდოს. იცვლება, ფაქტობრივად, მფლობელი და სიტუაცია. ე.ი. ჩვენ დღეს ვართ არაორდინარულ მდგომარეობაში, რადგან უამრავი საწარმოებია, რომლებიც სახელმწიფომ გააკოტრა. საკითხი კარგად უნდა იქნას შესწავლილი და მერე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ან აღძრას საქმე სასამართლოში გაკოტრების შესახებ, ანდა ჩათვალოს, რომ მას მიეცეს რაღაც დრო და რესტრუქტურიზაცია გაუკეთდეს, ბოლოს და ბოლოს ლიკვიდაციაში გაუშვას. მე უამრავ საწარმოს დაგისახელებთ, რომელთაც ლიკვიდაციაში გასვლის მეტი არაფერი უნდათ. მათ არავინ იყიდის, რადგან არც ფუნქციონირება არ შეუძლიათ და არც მათი შენობები თუ დაზგა-დანადგარებია არაფრისმომცემი. პროფილი რომც შეუცვალო, მაინც არასოდეს არ გაიყიდება. ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს თითოეულ საწარმოსთან დაკავშირებით. ნებისმიერი ობიექტი და საწარმო უნდა იყოს შენარჩუნებული. მისი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომელსაც კომისია გამოავლენს. კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს სახელმწიფო მინისტრებისგან, პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლებისგან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ “ეი-ი-ეს თელასს” 100 მილიონი ვაპატიეთ, რატომ არის რომ ამერიკელებზე და გერმანელებზე ასეთი პატიება არ მიგვაჩნია კორუფციულ წყაროდ და როცა ქართველ ბიზნესმენს 3 წლით უნდა გადაუვადო ვალების გადახდა, ეს შეიძლება კორუფციული წყარო იყოს. რატომ ვერაფერს ვერ ვეუბნებით “ეი-ი-ეს თელასს” 100 მილიონზე მეტი ვალი რომ გადაუვადეს, რატომ მაშინ არ იყო პრესკონფერენციები. ან რატომ არ შეიძლება ქართულ საწარმოს 15 წლით გაუწერო ვალი, რომელიც მუშაობს, იმუშავებს და ხალხს დაასაქმებს. რატომ შეიძლება “ეი-ი-ეს თელასს” 100 წლით გადაუვადო და არ შეიძლება ორი წლით გადაუვადო შამპანიურ კომბინატს ან “ბახტრიონს”, რომელმაც გადაზიდა უამრავი თავისი ნაწარმი თურქმენეთში სახელმწიფოს ვალში და სახელმწიფომ, უბრალოდ, დაღუპა და მას ვალი არ დაუბრუნა. არ უნდა მიეხმაროს ასეთ საწარმოებს სახელმწიფო? აი, ამ შეკითხვას, როდესაც გაეცემა პასუხი, მე მაშინ შემიძლია ამაზე უფრო აქტიურად ვისაუბრო.

თქვენი აზრით, ვალების რესტრუქტურიზაციით უარს ვამბობთ საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე?
მე არ შემიძლია ასე ვილაპარაკო. ვინც ამას ამბობს, იმაზე მეტი გამოცდილება მაქვს. თვალი მიდევნებია ამ პროცესისათვის უცხოეთის მაგალითზე. იქ ასეთი რამ არ ხდება. სახელმწიფო განსაზღვრავს, არის ეს საწარმო სტრატეგიული თუ არა მისთვის. თუ ის სტრატეგიულია, ეხმარება. თუ არ არის სტრატეგიული უყენებს გაკოტრების კანონს. მე კატეგორიულად არ ვიქნები იმის მომხრე, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი ყველას შეეხოს. ამიტომ უნდა გაირკვეს, რა მდგომარეობაშია საწარმო. მუშაობს? რამდენი ადამიანი მუშაობს? რა ხდება ამის მერე, როდესაც ჩვენ მას ვკეტავთ, როდესაც ვახდენთ ლიკვიდაციას. ხდება თუ არა რაიმე სოციალური დაძაბულობა. რას გვახვედრებს ჩვენ წინ ის მომენტი, რომ ეს ხალხი ქუჩაში რჩება. ეს სახელმწიფო პოლიტიკის საკითხია, სოციალური პრობლემაა და ამისი ასე განხილვა, რომ “არა, ბატონო ასე არ შეიძლება”- ეს არის ყველაზე ადვილი; ეს არის პასუხისმგებლობის მოცილება ხალხის მიმართ, როგორც ახლა ჩვენ პასუხისმგებლობა მოცილებული გვაქვს ყველას მიმართ. პროფესორები, დოქტორები ბაზრობაზე დგანან და ვაჭრობენ. ჩვენ რა, ჩვენ ხომ შევუქმენით სამუშაო ადგილი. რა ქნას ჭიათურის მოსახლეობამ, სადაც სხვა სამუშაო არ არის, გამოვაცხადოთ რომ ჭიათურის მარგანეცი არამომგებიანი საწარმოა და უნდა გაკოტრდეს. დავხუროთ და სანამ არ ვიპოვით კარგ ინვესტორს, მანამდე გავაჩეროთ? მე არ მესმის ამგვარი მიდგომა. ჩემი აზრით, მთავარია, ვალების რესტრუქტურიზაციის კანონი ამოქმედდეს იმ საწარმოთა მიმართ, რომლებიც სტრატეგიული დანიშნულებისაა და არა საერთოდ ყველა საწარმოს მიმართ.

სანდრო თვალჭრელიძე – საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი – “ორივე კანონი წარმოდგინდება კორუფციასთან ძალიან მჭიდრო ხელშეწყობაში”.
იდეა, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი მრეწველობის განვითარებას და საწარმოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი, მოვახდინოთ მათი ვალების რესტრუქტურიზაცია – აქ, ჩემი აზრით, რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი: საქართველოს სამრეწველო ინფრასტრუქტურა ისეთი ვეღარ გახდება, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს. თქვენ იცით, რომ ის ჩართული იყო გიგანტური ქვეყნის შრომის განაწილებაში. სიმძლავრეები, რომლებიც სჭირდებოდა საბჭოთა კავშირს, პატარა ქვეყნის კვალობაზე ასეთი ინფრასტრუქტურები დამღუპველია. ამიტომ, რასაკვირველია, გაკოტრების კანონი უნდა ამოქმედდეს. გაკოტრების გამოცხადება სულაც არ ნიშნავს საწარმოს დახურვას. პირიქით, საკუთრების კანონი შესაძლებლობას გვაძლევს, საწარმოს გაუჩნდეს მეპატრონე. ჩამოწერილია ვალები, მას საშუალება ეძლევა, ქარხანა აამუშაოს მთლიანად ან სანახევროდ ან გაიყიდოს და ა.შ. ასე რომ, მეპატრონეს აქ ხელები გაცილებით გახსნილი აქვს, ვიდრე მანამდე. არის შემდეგი გარემოებაც. არსებობს დარგები ან უნდაარსებობდეს დარგები ქვეყანაში, სტრატეგიული მნიშვნელობის, რომლებსაც სახელმწიფო ხალშეკრულება ექნებათ. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ასეთი პრიორიტეტები დასახული არ გვაქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს პრიორიტეტების გარეშე. ასეთ შემთხვევაში კი ორივე კანონი წარმოდგინდება კორუფციასთან ძალიან მჭიდრო ხელშეკრულებაში. აუცილებლად ამოქმედდება ლობის მექანიზმი. რესტრუქტურიზებული იქნება ისეთი საწარმოს ვალები, რომელიც, ფაქტობრივად, არ უნდა არსებობდეს. კიდევ არის ერთი გარემოება. არსად არ ჩანს არავითარი შეფასების მექანიზმი – რა ტიპის საწარმოს უნდა მიუსადაგო ვალების რესტრუქტურიზაციის კანონი და რა ტიპის საწარმოს არ უნდა მიუსადაგო. ამ კანონპროექტში არ არის არავითარი მექანიზმები, რომ თქვა მაგალითად: რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს სჭირდება რესტრუქტურიზაცია და აზოტს არ სჭირდება, ან პირიქით. ობიექტური ეკონომიკური მაჩვენებლები არ არსებობს. ეს არის ძალიან სახიფათო.

გამოსავალს რაში ხედავთ?
პირველ ეტაპზე უნდა გაკეთდეს ეს მაჩვენებლები და აქედან უნდა წავიდეს ორი გზით: რაც სჭირდება სახელმწიფოს და რომელიც მის საკუთრებაში იქნება, იმას უნდა გაუკეთდეს ვალების რესტრუქტურიზაცია და რაც არ სჭირდება სახელმწიფოს, მასზე უნდა განხორციელდეს გაკოტრების კანონი, შესაბამისად.

საუბარია კომისიის შექმნაზე, რომელიც გაარკვევს, რომელ საწარმოებს უნდა შეეხოს ეს კანონი. რამდენად გაართმევს შექმნილი კომისია თავს ამ პროცესს?
ეს არის ყველაზე სახიფათო. კომისიის გადაწყვეტილება არის პიროვნული გადაწყვეტილება. მათ შორის, მეც თუ ვიქნები კომისიის თავმჯდომარე, ვისარგებლებ ჩემი კრიტერიუმებით, მერე იმ კომისიაში სხვაც ხომ არის, რომელიც შესაბამისად მოიქცევა. ამ კომისიის შემადგენლობაში ატყდება ერთი ამბავი. თან ამ კომისიას არ აქვს არანაირი მექანიზმი შეფასებისა, აქვთ პიროვნული მექანიზმი. ვის უნდა მივუსადაგოთ და ვის არა, ეს კანონში უნდა ეწეოს და არანაირი კომისია ამას არ სჭირდება. მაშინ იქმნება სახელმწიფო კომისია, როდესაც ის ფარავს იმ სივრცეს, რომელსაც არ ფარავს კანონი. ჩვენ ვწერთ კანონს და თავიდანვე ვწერთ კანონში, რომ შეიქმნება კომისია, ე.ი.კანონი ცუდია. თუ კანონი საჭიროებს კომისიის შექმნას, არ არის ეს კანონი საჭირო, პირდაპირ შევქმნათ კომისია. თუ კანონს ვწერთ, კანონი ისეთი უნდა იყოს, სადაც ყველაფერი გაწერილი იქნება. აუცილებლად უნდა მოხდეს საწარმოთა კლასიფიკაცია: რომ არსებობს სტრატეგიული საწარმოები, აღწერა ამ ტიპის საწარმოებისა, რომლის პრივატიზაცია არ შეიძლება. უნდა იყოს დამტკიცებული რატომ არ შეიძლება. არის მეორე კატეგორია, რომლის აქციონერობაც შეიძლება, რატომ შეიძლება. არის მესამე რომლის პრივატიზაცია შეიძლება. შემდეგ რეჟიმი მხოლოდ პირველი კატეგორიის საწარმოებს უნდა მიესადაგოს, არ შეიძლება მეორე და მესამე კატეგორიებს მიესადაგოს და შემდეგ ამ კანონით უნდა განისაზღვროს, რამდენი ხნით უნდა იყოს ვალები გაწერილი.

ვალების რესტრუქტურიზაციით უარს ხომ არ ვამბობთ საბაზრო ეკონომიკაზე?
ჩვენ საბაზრო ეკონომიკისკენ კი არ უნდა მივისწრაფვოდეთ, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ. და ამ ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების გზაზე საბაზრო ეკონომიკის მექანიზმი გამოვიყენოთ. ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ამ კანონის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტურად ზუსტად გვექნება დასახული საქართველოს სახელმწიფო განვითარებისთვის მისი ეკონომიკური უსაფრთხოების პრიორიტეტები. ეს პრიორიტეტები ჩვენ არ ვიცით.

ჩვენს მედიაში გაჩნდა ცნება – პოლიტიკური ნება, მე დავარქმევდი ამას სოციალურ გაუბედაობას – რასაკვირველია ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არ სჭირდება ისეთი სიმძლავრის საწარმო, როგორიც რუსთავის მეტალურგიული კომბინატია, ანუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ქარხნის კონვენსიაზე, მაგრამ ჩვენ გვრჩება ათიათასობით უმუშევარი. ჩვენ გვეშინია, რომ ისინი მერე ხმას არ მოგვცემენ. პოლიტიკური ნება კი გვაქვს, მაგრამ გვაქვს სოციალური შიში, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც მის კონვენსიას გაატარებს, ის სოციალურად მკვეთრად არაპოპულარული გახდება და ის პოლიტიკიდან წავა, ოღონდ შექმნის რაღაცას, რომელიც ქალაქს გამოადგება. ეს პროცესები, რომელიც ახლა მიდის, დროებითია. ამიტომ ქარხანა მომავალში დაიხურება. იმას, რაც ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ შვილებს გააკეთებინებენ, ეს არის სოციალური გაუბედაობა. სხვა საქმეა: ქიმბოჩკო, ჭიათურ-მარგანეცი, ფეროშენადნობი. აქ მიდგომა უნდა იყოს ცალსახა. ამ საკითხების გადადება კომისიაზე, ესეც ერთგვარი გაუბედაობაა. კანონის ავტორი წერს, მე დავწერ კანონს, მერე შექმნან კომისია და კომისიამ აგოს პასუხი, თვითონ კი ხელები დაიბანოს. ასე არ შეიძლება.

არ შეიძლება ასეთი კანონების მიღება, მანამ, სანამ არ შემუშავდება სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა.

როგორც ვხედავთ, საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის კანონის მიმართ დამოკიდებულება, არაერთგვაროვანია. ამ ეტაპზე პრინციპული მოქმედება უფრო საჭიროა, ვიდრე კანონების თავზე მორგება. თუ ხელისუფლება კანონებს ისე მოირგებს, რომ გაიმტკიცოს თავისი პოზიციები, იმუშაოს იმიჯზე და ამით უარი თქვას საბაზრო მექანიზმების დამკვიდრებაზე, ჩვენი მომავალი ბურუსში გახვეულიც კი აღარ გამოჩნდება.