ქართული ქვევრი გლობალურ ბაზარზე

”ყურძნის და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის” განცხადებით, ღვინის მსოფლიო ბაზარი უმძიმეს კრიზისშია. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, პრობლემების მთავარი მიზეზი, უმსხვილეს მწარმოებლებში _ საფრანგეთსა და იტალიაში რთული კლიმატური პირობები და მოუსავლიანობაა.

„ყურძნის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის” პროგნოზით, წელს ალკოჰოლური სასმელების გლობალური წარმოება 6,1%-ით შემცირდება, რაც 1975 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 2004 წლიდან ღვინის ბაზარი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ 2012 წლის შედეგები ყველაზე პესიმისტურად განწყობილი სპეციალისტებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი შეფასებით, 2013 წელს მსოფლიო ბაზარზე ღვინის ფასების ზრდა გარდაუვალია.

პროდუქციის დეფიციტის პირობებში, ქართულ ღვინოს დამატებითი შანსი ეძლევა გლობალურ ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საქართველომ, როგორც ღვინის სამშობლომ, მსოფლიო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრება ქართული ღვინის უძველესი ტრადიციების აღდგენით უნდა დაიწყოს. საქართველოს თითოეულ მხარეს საკუთარი ვაზის ჯიშები და ღვინის დაყენების შესაბამისი ტექნოლოგია ჰქონდა, რომელიც ტოლს არ უდებდა საფრანგეთისა და სხვა მოწინავე ევროპული ქვეყნების ვაზის კულტურას. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

ქართლის ტერიტორიაზე, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყველაზე ძველი ყურძნის წიპწები ძველი წელთაღრიცხვის 7-6 ათასწლეულებით თარიღდება. საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უძველესი, ენეოლითის პერიოდის მარანიც. რაც იმას ნიშნავს, რომ მიწით დაფარულ თიხის ქვევრებს ღვინის დასაყენებლად და შესანახად ქართველები ამ პერიოდიდან იყენებდნენ. საქართველოში უკვე აქტიურად დაიწყო ამ უძველესი ტრადიციის აღორძინებასა და ქვევრის ღვინის საერთაშორისო ბრენდად ქცევაზე ფიქრი.

ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელშეწყობით იმართება ღონისძიებები, რომელიც საქართველოში ქვევრის ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურება. მაგალითისათვის, 2011 წლის 15-18 სექტემბერს ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” (EPI) ორგანიზებით, თბილისში ჩატარდა ”ქვევრის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმი”.

ერთი წლის წინ, საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეთა უმრავლესობა, პრაქტიკულად, შეთანხმდა, რომ სიტყვა ”ქვევრი” საერთაშორისო ბრენდად უნდა იქცეს – სიტყვად, რომელსაც ყველა ერის წარმომადგენელი გამოიყენებს ღვინის ამ კონკრეტული ჭურჭლის აღმნიშვნელად. უცხოელი მწარმოებლები, რომლებმაც ევროპასა და ამერიკაში საქართველოდან ქვევრები წაიღეს და ქვევრის ღვინო თავ-თავიანთ მამულებში დააყენეს, ეტიკეტზე უკვე სიტყვა ”ქვევრს” წერენ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქვევრის ღვინის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენებოდა სიტყვა ”ამფორა”. მაგრამ სპეციალისტების იმაზეც თანხმდებიან, რომ ამფორა და ქვევრის ღვინო სხვადასხვაა. ბერძნული ამფორები, რომელსაც ქვევრისგან სრულიად განსხვავებული ფორმა აქვს, ძირითადად, ღვინის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. ამფორებს ქვევრივით მიწაში არ მარხავდნენ და არც ღვინის დასადუღებლად იყენებდნენ.

ქვევრის ღვინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი საქართველოში დღეს ალავერდის მონასტერია. 2005 წელს ღვინის კომპანია ”ბადაგონთან” ერთად, მონასტრის მარანს რესტავრაცია ჩაუტარდა. როგორც მამა გერასიმე აღნიშნავს, ”ბადაგონის” დახმარებით შეძენილი თანამედროვე ტექნიკით, შესაძლებელი გახდა მონასტერში მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება. ალავერდში ყველაზე ძველი ქვევრი მე-12 საუკუნით თარიღდება. უკვე მეხუთე წელია მონასტერი უძველესი ქართული ტრადიციის დაცვით, 10 ტონამდე ქვევრის ღვინოს ასხამს, რომელიც მაღალხარისხიანი და შედარებით ძვირადღირებული პროდუქციაა.

ალავერდის მონასტერში წარმოებული ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე (იტალია, საფრანგეთი, ნორვეგია, აშშ და ა.შ.). თუმცა მონასტრის წარმომადგენელი, მამა გერასიმე ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ქვევრის ღვინის გატანა სიმბოლური ხასიათისაა, მათი ღვინო მხოლოდ მცირე რაოდენობით გადის სხვადასხვა ქვეყნებში და ექსპორტის მთავარი მიზანი, უცხოელების ადგილობრივი წარმოებით დაინტერესებაა და იმის სურვილის აღძვრა, რომ მათ ტრადიციული წესით დაყენებული ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ გაუჩნდეთ საქართველოში ჩამოსვლისა და ამ ტრადიციების ადგილზე გაცნობის სურვილი.

     გერმანული ინვესტიცია და ქართული ქვევრი


გარდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა, ქვევრის ღვინის წარმოება ქართველ და უცხოელ მეღვინეებშიც პოპულარული ხდება. ბოლო წლებში, ექსპორტზე სულ უფრო მეტი ქართული ქვევრის ღვინო გადის, მათ შორის, ღვინის ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორებიც იტალია და საფრანგეთია. 2009 წლიდან, ნაფარეულის ძველი მარნის ქვევრის ღვინო ”ტევანი” იაპონიაშიც იყიდება. ოთხ ქვეყანაში აწარმოებს ქართული ქვევრის ღვინის ექსპორტს, ღვინის კომპანია ”ხოხბის ცრემლები”. კომპანია, ამერიკის მოქალაქე, მხატვარ ჯონ ვურდემანს ეკუთვნის, რომელიც 1998 წლიდან სიღნაღში ცხოვრობს. ჯონ ვურდემანის განცხადებით, ამერიკაში ქართული ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

 

ტრადიციული ქართული ღვინის პოტენციალით დაინტერესდა 6 წლის წინ გერმანელი ინვესტორი ბურკჰარდ შუხმანი: ”ალბათ უფრო დამთხვევა იყო ის ფაქტი, როდესაც 2006 წელს ბერლინში ერთ-ერთი კონფერენციის დროს ჩემმა კოლეგებმა საქართველოზე გამამახვილებინეს ყურადღება. როცა რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, მე, რკინიგზის სამრეწველო მენეჯერმა, არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის პირველყოფილ სილამაზეზე. ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, რა სწრაფად დამყარდა მჭიდრო კონტაქტი ჩემს, ამ ქვეყანასა და მის ხალხს შორის. აღფრთოვანებისა და ჩემს მიმართ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობით შეგულიანებულმა თავი ამოვყავი ღვინის სამყაროში, რომელსაც ათასწლეულებია რაც აქ დაუდვია ბინა. მისი ხარისხით ტყვექმნილს გამიჩნდა სურვილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გამეტანა, როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქვევრის, ისე დასავლური სტანდარტების მიხედვით წარმოებული ღვინის სახელი”.

2008 წელს, ადგილობრივი, საოჯახო მეურნეობის ბაზაზე დაფუძნებული წინანდლის მეზობლად, სოფელ კისისხევში მდებარე ”შუხმან ვაინს ჯორჯია” მოიცავს ღვინის ქარხანას, მარანს, ღვინის მიწისქვეშა საცავს, რესტორანს და 8-ნომრიან სასტუმროს. შესაბამისად, კომპანია მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს _ მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებით დაწყებული, ღვინის მრავალფეროვანი ტურებით დამთავრებული.

შუხმანის ღვინის კომპანიის მეღვინე და მენეჯერი როლანდ ბურდიაშვილი: ”წელიწადში დაახლოებით 300 000 ლიტრ ღვინოს ვაწარმოებთ. აქედან 95%-ს _ ჩვენი ვენახიდან. გვაქვს ცხრა ჯიშის ვაზი. გვაქვს როგორც ქართული, კახური, ასევე ფრანგული ჯიშის ვაზები. ვაწარმოებთ დაახლოებით 20 სახეობის ღვინოს. დაახლოებით 60%-ს ჩვენი პროდუქციისას წარმოადგენს თანამედროვე, ე.წ. ევროპული წესით დაყენებული ღვინო. პროდუქციის 40% კი არის ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ქვევრის ღვინო.” როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქართული ქვევრი გმაოიყენება როგორც წითელი, ასევე თეთრი ღვინის წარმოებისთვის. განსხვავებულია ქვევრის ღვინისა და ღვინის ე.წ. ევროპული ტექნოლოგიებით დამზადების წესი. ევროპული წარმოების დროს ხდება ყურძნის დაჭყლეტვა, გამოწურვა და მხოლოდ წვენის დაღვინება. ქვევრის ღვინის შემთხვევაში კი ხდება ღვინის დურდოზე დაყენება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ყურძენი იჭყლიტება თავის კლერტთან ერთად.

როლანდ ბურდიაშვილი: ”კახური ტრადიციებით ღვინის დაყენებას სჭირდება დაახლოებით 10-ჯერ მეტი შრომა, ვიდრე ევროპულის. აქ ყველაფერი ხელით კეთდება. ვროპული წესით წარმოების შემთხვევაში კი, წარმოების 90% ტექნოლოგიურად კეთდება, კომპიუტერების საშუალებით მართვადი თანამედროვე ტექნიკით. ამასთანავე, ქვევრის ღვინო ბოთლში ჩამოისხმება დაუმუშავებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული წესით დაყენებული ღვინისგან განსხვავებით, ის არ იფილტრება, ისე ესხმება ბოთლებში. ამიტომაც კახური წესით დაყენებული ღვინის ეტიკეტზე ყოველთვის გვიწერია, რომ ის არის გაუფილტრავი და ჩამოსხმული ნატურალურად. რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინომ შეიძლება გაიკეთოს დანალექი. მაგრამ ეს თანამედროვეობაში ცუდ ტონად უკვე აღარ მიიჩნევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არის უხარისხო. პირიქით, ფასთა სხვაობა ევროპული წესით დაყენებულ ღვინოსა და ქვევრის ღვინოს შორის ხარისხის გათვალისწინებით არის დიდი. მაგალითად, თუ ყველაზე იაფიანი ევროპული ღვინის ფასი ერთი ბოთლის არის 7 ლარი, კახური წესით დაყენებული ქვევრის ღვინის მინიმალური ფასი არის 25 ლარი. ამასთანავე ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა 2-ჯერ უფრო მეტია, ევროპულთან შედარებით”.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბურკჰარდ შუხმანმა საქართველოში საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2008 წლის 11 აგვისტოს მოაწერა. როგორც დღეს გერმანელი ინვესტორი აღნიშნავს, მაშინაც კი, ომის მიუხედავად, ის დარწმუნებული იყო საქართველოს დიდ პოტენციალში.

რა იზიდავს საქართველოში უცხოელ ინვესტორებს? ბურკჰარდ შუხმანი: ”საქართველოს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი და ბევრი შანსი აქვს. მე მას მისი ადგილმდებარეობიდან, ზომებიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შევადარებდი შვეიცარიას. მგონია, რომ საქართველოს აქვს შანსი ამ დონის ქვეყანა გახდეს. თქვენი კანონმდებლობა ძალიან გამართულია და ეს ჩვენთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის მართლა მიმზიდველი ფაქტორია. იურიდიული ნორმები მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის დაწყება, საწარმოს დარეგისტრირება და ა.შ. მაგრამ ამის მერე მოდის უკვე მეორე ეტაპი, რომელზეც პოტენციური ინვესტორები ასევე ამახვილებენ ყურადღებას _ კრედიტებზე ხელმისაწვდომობა ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ შენ ბიზნესის გასაფართოებლად საკუთარი ფული არ გაქვს და გჭირდება სესხება, ეს საქართველოში უკვე სერიოზული პრობლემაა. რადგან აქ საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ასეთი პროცენტებით ბიზნესმენს მოგების მიღების შანსი, ფაქტობრივად, არ აქვს. როდესაც მე, მაგალითად, გერმანიაში, ბანკში მივდივარ და ვეუბნები, რომ ბიზნესის გასაფართოებლად მჭირდება ფული, სესხს, მაგალითად, 5%-ში მაძლევენ. მაგრამ როგორც კი მე მათ ვეტყვი, რომ ეს ფული საქართველოში მინდა ინვესტირებისთვის, მაშინვე მიზრდიან საპროცენტო განაკვეთს 15-20%-ით მაინც, რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.

როდესაც უცხოელი ინვესტორები მეკითხებიან, თუ რატომ დავაბანდე საქართველოში ფული (მაღალი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით), მე მათ კონტრშეკითხვას ვუსვამ _ მითხარით, ბოლო წლებში რამდენი ფული დააბანდეთ თუნდაც ევროპაში და აქედან რამდენი დაკარგეთ? პასუხი არის, რომ ბოლო წლებში მათი დანაკარგი არის ძალიან ბევრი. მე კი ჩემი ინვესტიციიდან, რომელიც საქართველოში განვახორციელე _ არაფერი დამიკარგავს”.

კომპანიის პროდუქციის 70% გადის ექსპორტზე, ძირითადად, შვეიცარიაში, გერმანიაში და შვედეთში, მცირე რაოდენობა ბალტიისპირეთში. აზიაში ღვინის ექსპორტი კომპანიამ 2012 წელს დაიწყო. პირველი ექსპორტი განხორციელდა ჩინეთში. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2008 წლიდან მოყოლებული ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი ქვევრის ღვინებისთვის. აშშ-ში ქვევრის ღვინო მაღალფასიან და მაღალხარისხიან სეგმენტში არის წარმოდგენილი.