გიუნტერ ფალტინი ”გონება ამარცხებს კაპიტალს” – ორიგინალური ნაშრომი ”სამეწარმეო გაზაფხულის” დადგომის შესახებ

პროფ. რევაზ გველესიანი, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორი

ასოც. პროფესორი ეკა ლეკაშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

გიუნტერ ფალტინი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია მეწარმეობის დარგში. მან 1985 წელს წამოიწყო თეეკამპაგნე (”ჩაის კამპანია”), რომელმაც გადატრიალება მოახდინა გერმანიის ჩაის ბაზარზე მომხმარებელთა განათლების, გამჭვირვალობისა და კონტროლის თვალსაზრისით. დღესდღეობით კომპანია Darjeeling-ი ჩაის უმსხვილესი იმპორტიორია მთელ მსოფლიოში. ფალტინმა ბერლინში დააარსა ”მეწარმეობის ლაბორატორია” და ბიზნეს ანგელოზობა გასწია მრავალი წარმატებული დამწყები მეწარმისათვის.

ფალტინის მეწარმეობის ფონდის საშუალებით ლაბორატორია ხელს უწყობს გერმანიაში მეწარმეობის ახალი კულტურის ჩამოყალიბებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში Price-Babson ფონდმა დააჯილდოვა ”აკადემიაში სამეწარმეო სიცოცხლისუნარიანობის შემოტანისათვის”. 2009 წელს მან მიიღო გერმანელი დამფუძნებლებისა და ასევე, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების გერმანიის ფედერალური სამინისტროს ჯილდო იდეისათვის ”კომპონენტებით დაფუძნების შესახებ”, ხოლო 2010 წელს დაიმსახურა ფედერალური ჯვარი გერმანიის პრეზიდენტისაგან მეწარმეობის განვითარებაში გაწეული პიონერული შრომისათვის და სამეწარმეო განათლებაში შეტანილი ორიგინალური შემოქმედებითი წვლილისათვის.

გიუნტერ ფალტინი სამეწარმეო განათლების ერთ-ერთი პიონერთაგანია გერმანიაში. იგი ასევე ლეგენდარული Teekampagne-ის დამფუძნებელია, რომელიც გახლდათ საკმაოდ არაკლასიკური მცირე ზომის კომპანია და გადაიქცა Darjeeling-ის ჩაის მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორად. მისი 2008 წელს გამოცემული წიგნი ”Kopf schlaegt Kapital” (”გონება ამარცხებს კაპიტალს”) არის ყველაზე წარმატებული წიგნი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ოდესმე გაყიდულა გერმანიაში. იგი წარმატებების სურვილს აღგიძრავთ, მან შთააგონა ხალხი და შეცვალა მათი ცხოვრება, მისი გავლენა კვლავაც იზრდება.
”გონება ამარცხებს კაპიტალს” – მანიფესტია ხალხის სამეწარმეო საქმიანობისათვის, რომელიც ორიენტაციას გვაძლევს თუ როგორ უნდა დავიწყოთ იგი. ეს გახლავთ ”კაპიტალიზმის რადიკალური იდეალისტის” ერთი ისტორია, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ ვიშოვოთ ფული, მაგრამ ასევე გვეუბნება თუ როგორ ვისიამოვნოთ და უკეთეს სამყაროდ გადავაქციოთ მსოფლიო.

საკუთარი კომპანიის მართვისას ნასწავლ გაკვეთილებზე დაყრდნობით და ასევე, სხვების დაფუძნებაში გაწეული დახმარებით მიღებული გამოცდილებით ფალტინი გვიჩვენებს თუ რატომაა კარგად მოფიქრებული იდეა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პატენტი, ახალი ტექნოლოგია ან დიდი ოდენობის საწყისი კაპიტალი. როდესაც თქვენ ჯიუტად მუშაობთ მიზნის მისაღწევად, რაც შეიძლება ნაკლები რესურსების გამოყენებით, ბევრი იდეა თანდათანობით შემცირდება მათ სამეწარმეო კონცეფციის არსამდე. ”კონცეპტუალურ-შემოქმედებითი” აზროვნება ჩვეულებრივ საღ აზრთან ერთად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიზნეს ადმინისტრირების საგნების ღრმა ცოდნა. თქვენ არ გჭირდებათ მაგისტრის ხარისხი ან გენიოსის ნიჭი იმისათვის, რომ შექმნათ კომპანია, რომელიც დაამარცხებს ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ კონკურენტებს – გვირჩევს იგი. ამის დასადასტურებლად ფალტინი წარმოგვიდგენს კომპონენტების პრინციპს, შრომის დანაწილების პრინციპს და ა.შ. მისი აზრით განმსაზღვრელია სამეწარმეო პროექტის შემუშავების შვიდი მეთოდი:
1. აღმოაჩინე პოტენციალი უკვე არსებულში;
2. ფუნქცია და არა ტრადიცია;
3. არსებულის ხელახალი კომბინირება;
4. ერთზე მეტი ფუნქციის შესრულება;
5. პრობლემების, როგორც შესაძლებლობების დანახვა;
6. საქმის მხიარულებად და გართობად გადაქცევა;
7. ოცნების რეალობად ქცევა.

სამეწარმეო პროექტის შემუშავების პროცესი, მისი აზრით, მუსიკალური ნაწარმოების შექმნას ჰგავს, რომელიც მანამ გრძელდება, სანამ ყველაფერი ჰარმონიულად არ შეერწყმება ერთმანეთს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მეწარმე, როგორც კომპოზიტორი, რომელიც დაისახავს მიზანს და რომელსაც ესმის თუ როგორ გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები. აქამდე ჩვენ იშვიათად შევხვედრივართ ასეთ ”კომპოზიტორებს” მეწარმეების სახით. თუმცა ეს დამწყები საწარმოს შექმნის უმარტივესი გზაა – თავიდანვე პროფესიონალური კომპონენტებით. მე იმიტომ ავირჩიე კომპოზიტორის ფიგურა, აღნიშნავს ფალტინი, რომ ხშირად წარმატებული მეწარმეები არ იგონებენ რაიმე ახალს, არამედ უბრალოდ იღებენ უკვე არსებულს და სხვაგვარად აწყობენ მას, ანუ ისინი არსებული კომპონენტების აწყობით ქმნიან რაღაც ახალს. ის გვთავაზობს, რომ გამოვიყენოთ ტერმინი ”მეწარმეობა”, რათა ხაზი გაუსვათ ახალი ბიზნესის დაფუძნების შემოქმედებით, ინოვაციურ კომპონენტებს, განსხვავებით ”ბიზნესის ადმინისტრირებისაგან”, რომელიც გულისხმობს ბიზნესის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ ასპექტებს. ფალტინის სურვილია, რომ მეწარმეობის სფეროს სხვაგვარად შევხედოთ, არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად. ეს არის ეკონომიკური თვითრეალიზაციის პირობა, რომელსაც განათლება გვაძლევს: არ მივანდოთ ეკონომიკა მხოლოდ ეკონომისტებს! გადავაქციოთ ”მოსაწყენი მეცნიერება” სასიამოვნო საქმიანობად! წავახალისოთ ხალხი მიიღონ მასში მონაწილეობა.

გამდიდრება სასიამოვნოა, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი აზრს მოკლებულია, თუ არ აუმჯობესებს რაიმეს. ფალტინის იდეალი არც კომპანიაა, არც კაცი თუ ქალი, არც ადამიანი, რომელიც აგროვებს სიმდიდრეს იმისათვის, რომ მდიდარი იყოს; მისი იდეალია ხელოვანი, შემოქმედი, მეამბოხე, რომელიც უპირისპირდება ტრადიციებს და რომლის მიზანია იცხოვროს მდიდრული და აზრიანი ცხოვრებით.

ასეთი მიდგომა აცოცხლებს კავშირს ბიზნესსა და სიამოვნებას, სამუშაოსა და ცხოვრებას, მოპოვებასა და ხარჯვას შორის. ფალტინი მოგვიწოდებს ჩვენი ცხოვრების მეწარმეები ვიყოთ: მიზანდასახულნი, რაციონალურნი, ვნებითა და პასუხისმგებლობით აღსავსენი. ეს არც ექსტრემალური სპორტია, რომელიც შემოიფარგლება რამდენიმე შეპყრობილი ადამიანით, რომლებიც მზად არიან ისეთი უჩვეულო რისკი გასწიონ, რომელსაც უმეტესობა ჩვენთაგანი მორიდებული შიშით ვუყურებთ. მაშინ როდესაც მეწარმეობის ბევრი მასწავლებელი მხარს უჭერს რისკის გაწევას და ხაზს უსვამს ”შესაძლებლობის ამოცნობას”, ფალტინის სურვილია რისკის შემცირება და სწრაფი შესაძლებლობების ცდუნებებისაგან თავის არიდება.

ამდენად, ფალტინის მოცემულობით არსებობს სამი საფეხური, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სამეწარმეო ლანდშაფტი. ფაქტობრივად, ეს მხოლოდ მენტალური საფეხურებია, პრობლემის ახალი კუთხეებიდან დანახვა, რაც შესაძლებელს ხდის ბიზნესის დაწყების საკითხს სრულიად განსხვავებული გადმოსახედიდან მივუდგეთ. პირველი ნაბიჯია ვაღიაროთ, რომ დღეს კარგი კონცეფცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაპიტალი. მეორე ნაბიჯია მეწარმეობის სფეროში გამოვიყენოთ შრომის დანაწილების პრინციპი ბევრად უფრო რადიკალურად. მესამე ნაბიჯია კომპონენტებისაგან შემდგარი კომპანიის შექმნა. შრომის დანაწილება და სოციალიზაცია გვაძლევს საშუალებას შევქმნათ კომპანია, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად კომპონენტებისგან იქნება ფორმირებული. ახლად დაფუძნებული ასეთი კომპანია პროფესიონალურად ფუნქციონირებს პირველივე დღიდან, მოითხოვს ბევრად უფრო ნაკლებ კაპიტალს, ამცირებს რისკს და ნაკლებად მგრძნობიარეა ტიპური კრიზისის მიმართ, რომელიც მოსალოდნელია კომპანიის ზრდასთან ერთად.

”გონება ამარცხებს კაპიტალს” გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ყოველივე ზემოთქმულის განხორციელება Teekampagne-ის და სხვა წარმატებული კომპანიების მაგალითზე, რომლებიც ”ფალტინის მოდელზე” შეიქმნა. ეს მოდელი ნამდვილად მოასწავებს ”სამეწარმეო გაზაფხულის” დადგომას და სურვილს აღგიძრავთ მისწვდეთ ვარსკვლავებს.

გაუნტერ ფალტინის წიგნის ”გონება ამარცხებს კაპიტალს” თარგმნის ინიციატივა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრას და ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანულ ინსტიტუტს ეკუთვნის. თარგმანის გამოცემა ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის დეკემბერში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial