ევროპული ეკონომიკა ამოძრავდა

ევროპული ეკონომიკა აღდგენას განიცდის, თუმცა, ჯერჯერობით, ნელი ტემპებით. მესამე თვეა, რაც ზედიზედ საწარმოო სექტორში აქტივობა იზრდება, რაც დასტურდება Markit Economics-ის ეკონომისტების მიერ ჩატარებული კვლევებით. მართალია, Markit Economics-ის ეკონომისტების მონაცემებით, სექტემბრის ბოლო კვირას ინდექსი PMI Manufacturing შემცირდა აგვისტოს 51,4 პუნქტიდან 51,1 პუნქტამდე, თუმცა მაჩვენებელი მაინც რჩება 50-იანი ნიშნულის ზემოთ, რომელიც ზრდა/ვარდნის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია, ამიტომაც ეს მიუთითებს ზრდის იმპულსის შენარჩუნებაზე ევროზონის დამამუშავებელ სექტორებში.

შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა სექტემბერში ევროზონის მომსახურების სექტორმა _ PMI Services ინდექსმა. Markit Economics-ის კვლევებით, ეს ინდექსი წინა, აგვისტოს ნიშნულიდან _ 50,7 პუნქტი _ გაიზარდა 52,2 პუნქტამდე. მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება მიმდინარე წლის მარტიდან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 50-პუნქტიანი ნიშნულის გადალახვა მხოლოდ აგვისტოში მოახერხა. სექტემბერში გაიზარდა კონსოლიდირებული PMI Composite – აგვისტოს 51,5-პუნქტიანი ნიშნულიდან 52,2 პუნქტამდე. ეს ინდექსი სტაბილურად იკრებს ძალას უკვე შვიდი თვე ზედიზედ და ბოლო სამი თვეა დამაჯერებლად ”დაფუძნდა” 50-პუნქტიანი ნიშნულის ზემოთ.

რასაკვირველია, ევროზონის ეკონომიკის ზრდა ჯერ სუსტია, და როგორც ჩანს, ასეთივე იქნება წლის ბოლომდე. მეტიც, ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ რეცესიის დაბრუნების შიში ამოწურულია. ”PMI ინდექსის ზრდა შეესაბამება მხოლოდ ევროზონის მშპ-ის ზრდას მესამე კვარტალში 0,2%-ით”, _ Markit Economics-ის კვლევის რეზიუმირებას ახდენს კომპანიის მთავარი ეკონომისტი, კრის უილიამსონი და აღნიშნავს, რომ იტალიაში პოლიტიკური არასტაბილურობის აღმოცენება კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ევროპის ეკონომიკის განვითარება შეიძლება შეაფერხოს მთელმა რიგმა მიზეზებმა.

Markit Economics-ის ექსპერტების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჯერ ადრეა ევროზონის და გერმანიის ეკონომიკისგანაც კი ზრდის მაღალი ტემპების მოლოდონი. დამამუშავებელ სექტორებში ზრდის აღდგენა ზაფხულიდან დაიწყო, ხოლო ინდექსმა PMI Manufacturing 50-პუქნტიანი ბარიერი ივლისში გადალახა. თუმცა, აგვისტოში მკვეთრი ნახტომის შემდეგ, როცა მაჩვენებელი 50,7-დან უცებ 51,8 პუნქტამდე გაიზარდა, სექტემბერში ის 51,1 პუქნტამდე დაეშვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზრდის იმპულსი ნარჩუნდება, მაგრამ თვითონ ზრდა სუსტდება. გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა გერმანიის მომსახურების სფეროში _ მაჩვენებელი PMI Services სტაბოლურად იზრდება მიმდინარე წლის აპრილიდან და ივნისიდან მდებარეობს 50-იან ნიშნულს ზემოთ. სექტმებერში, მომსახურების სფეროში გაყიდვების მენეჯერების გამოკითხვის თანახმად, ინდექსმა PMI Services მოიმატა 52,8-დან 53,7 პუნქტამდე. ეს კი უკვე სერიოზული განაცხადია აქტივობის დაჩქარებისა გერმანული ეკონომიკის მომსახურების სფეროში.

ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა კიდევ ერთი დამადასტურებელი სიგნალი იმისა, რომ ევროპის ეკონომიკის ლოკომოტივი ნელ-ნელა ძალას იკრებს. ვისბადენის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, აგვისტოში ივლისის ვარდნის შემდეგ გაიზარდა საცალო გაყიდვების მოცულობა. ინფლაციისა და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, საცალო გაყიდვების მოცულობა აგვისტოში გაიზარდა წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით ივლისის 0,2%-იანი შემცირების შემდეგ. ამრიგად, გერმანიის ეკონომიკამ საკმაოდ კარგი მხარდაჭერა მიიღო მომხმარებლების მხრიდან. Bundesbank-მაც კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილია მშვენიერი სამომხმარებლო კლიმატი, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნოს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტი თახმდება III კვარტალში მშპ-ის ზრდის მოსალოდნელ ბევრად მოკრძალებულ მაჩვენებელში (0.7%), ვიდრე II კვარტალში იყო, ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზრდა გრძელდება, ნაკლებად შეიძლება. პირველ რიგში, საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი ხუთი თვის განმავლობაში შეუჩერებლად იზრდება და უკვე მიაღწია 2012 წლის აპრილიდან მაქსიმალურ ნიშნულს. მეორეც, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა უმუშევრობის მაჩვენებელი – მინიმალური ბოლო 20 წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, გერმანიის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორის, ევროზონის რეცესიიდან გამოსვლა.
რაც მთავარია, არსებობს მარიო დრაგის გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ საპროცენტო განაკვეთები მინიმალურ ნიშნულზე იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც ევროპის ეკონომიკას აღდგენისთვის დასჭირდება. მეტიც, ევროპის ცენტრალური ბანკი მზად არის, თუ საჭირო გახდება, საპროცენტო განაკვეთების ზრდის შესაკავებლად გრძელვადიანი რეფინანსირების სხვა მექანიზმებიც აამოქმედოს.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით, სტაბილური ზრდის შემაფერხებელი რისკები არსებობს, ამიტომ Bundesbank პროგნოზირებს, რომ გერმანიის მშპ-ის ზრდა მიმდინარე წელს 0,3% იქნება და არაუმეტეს 1,5%-ისა 2014 წლისთვის.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial