შვილიანობა ბიეთნიკურ ოჯახებში

ლელა მენაბდიშვილი

ბიეთნიკური ქორწინების დემოგრაფიული შედეგების ანალიზი, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს ასეთ ოჯახებში შვილიანობის დადგენას. ვიდრე უშუალოდ მის განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი: დემოგრაფიულ ლიტერატურაში მართებულადაა აღნიშნული, რომ დემოგრაფიული განვითარების შედეგად მრავალშვილიანობიდან მცირეშვილიანობაზე გადასვლა კანონზომიერი მოვლენაა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს მცირეშვილიან (1,2 ბავშვი) ოჯახებზე გადასვლა, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით. მათ შორის, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. ავტორთა აზრით, შვილიანობის განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური ფაქტორების ფორმირება განპირობებულია რელიგიურობითა და ეთნიკურობით. ამა თუ იმ ხალხის შვილიანობა, ერთი მხრივ, დამოკიდებულია მათი განვითარების სპეციფიკურობაზე და, მეორე მხრივ, მრავალშვილიანობის ტრადიციის შეფარდებით გამძლეობაზე, რომელიც განპირობებულია ყოფაში მათი წვდომის სიღრმით, რელიგიის მხარდაჭერით და ა.შ. დემოგრაფიული ქცევები ძალიან სწრაფად იქ იცვლებოდა, სადაც რელიგიური აღმსარებლობა მოსახლეობას არ მოუწოდებდა მრავალშვილიანობისაკენ. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის სტატისტიკური მასალის მიხედვით კათოლიკების რეპროდუქციულობა ყველა ქვეყანაში 20-30%-ით მაღალია, ვიდრე იქვე მცხოვრები პროტესტანტებისა. ამასთან, ეს განსხვავება მკვეთრია, როგორც ქალაქის, ისე სოფლის მცხოვრებლებში.

ვ. კოზლოვი იძლევა ამერიკელი მეცნიერების მიერ რეპროდუქციულ ქცევაზე რელიგიის გავლენის კვლევის საინტერესო მასალას. ამერიკელმა მკვლევარებმა იმისათვის, რომ გამორიცხულიყო სხვა ფაქტორების მოქმედება, აირჩიეს ისეთი საქორწინო წყვილები, რომლებსაც საერთო ჰქონდათ სოციალ-ეკონომიკური მახასიათებლები (დასაქმება, შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები, განათლება, ქორწინების ხანგრძლივობა და ა.შ.) და ეკუთვნოდნენ განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს. პროტესტანტების რეპროდუქციულობა, დეტროიტში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით ახლოს აღმოჩნდა იუდაისტების შესაბამის მაჩვენებლებთან, მაგრამ შესაბამისად ჩამორჩებოდნენ კათოლიკებს. ამავე ქალაქში იყო გამოვლენილი რეპროდუქციულობის კავშირი საქორწინო წყვილების რელიგიურობის ხარისხთან (დონესთან). ახალგაზრდა კათოლიკურ წყვილს (35 წლამდე), რომლებიც ყოველდღე დადიოდნენ ეკლესიაში, ჰყავდათ საშუალოდ 2,22 ბავშვი, ხოლო რომლებიც იშვიათად დადიოდნენ – 1.88. თეთრკანიან პროტესტანტებს შორის შესაბამისი ციფრი შეადგენდა 1,90 და 1,75, ხოლო შავკანიან პროტესტანტებს შორის – 2,32 და 2,25 ბავშვს.2

მუსულმანური ქვეყნების მოსახლეობას შორის უფრო მყარად არის მრავალშვილიანობის ტრადიცია. ამჟამად ყველა მუსულმანური ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი შობადობის მაღალი დონე. მაღალია შვილიანობა იმ მუსულმანურ ჯგუფებში, რომლებიც ქრისტიანებთან ერთად ცხოვრობენ. ზოგიერთი ავტორი ხაზს უსვამს კულტურულ-ყოფითი ტრადიციების გვერდით რეპროდუქციული ქცევის განმსაზღვრელი ტრადიციის ფორმირებას. მაგალითად, ბ. ც. ურლანისი გამოყოფს “შობადობის ნაციონალურ ფაქტორს”, ხოლო ვ. ა. ბელოვა ტრადიციებსა და წესებს “რომლებიც, თუმცა, შორეულ წარსულში წარმოიშვნენ, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შემონახულნი კვლავ განაგრძობენ გავლენის მოხდენას შვილიანობისადმი დამოკიდებულების ჯგუფური ნორმების ფორმირებასა და განწყობაზე”.3 ცნობილია, რომ რაც უფრო მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობა, მით უფრო მცირდება შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. ბატონ მ. ხმალაძის აზრით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 30 დან 60 წლამდე ზრდის შემთხვევაში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 4,38-დან მცირდება 2,43-მდე.4 ვენდეკა ევროპის მეორე დემოგრაფიულ გადასვლაში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის ზღვრად ასახელებს 2,1-ის რის შემდეგაც იწყება შემცირებული აღწარმოება.5 პროფესორმა ბ. ც. ურლანისმა იმის გათვალისწინებით, რომ დაბადებულთა მხოლოდ გარკვეული რაოდენობა აღწევს მშობლების იმ ასაკამდე, რომელშიც მშობლები იყვნენ ბავშვის დაბადებისას, ან კიდევ დაქორწინდებიან და არ არიან უშვილოები, გამოიანგარიშა, რომ თანამედროვე პირობებში მოსახლეობის მარტივი აღწარმოების უზრუნველსაყოფად ყოველმა “ეფექტურმა” დაქორწინებულმა წყვილმა უნდა გააჩინოს 2,65 ბავშვი. თითოეულმა საქორწინო წყვილმა უნდა გააჩინოს 2,34 და ყოველმა ქალმა – 2,1 ბავშვი.6

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1990 წ. იყო 2,20, 1995 წ. – 1,41, ხოლო 2000 წ. – 1,10. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის წულაძისა და ეკონომიურ მეცნ. კანდიდატის ნ. მაღლაფერიძის გაანგარიშებით, ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1990 წ. – 2,18, 1995 წ. – 1.690, ხოლო 2000 წ. – 1.666.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე საშუალება გვეძლევა შევადაროთ 1989-1999 წლების ცოცხალშობილთა რაოდენობა დედის ეროვნებების მიხედვით ე.ი. როდესაც ახალშობილის მამის ეროვნება დედის ეროვნებას არ ემთხვევა. თუ 1989 წელს ბიეთნიკური ოჯახების ცოცხალშობილთა რაოდენობა შეადგენდა 9.76%-ს მათი ხვედრითი წილი ათი წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის განახევრდა (5,35%). აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ ბიეთნიკური ქორწინებით დაბადებულთა რიცხვი შემცირდა, არამედ შემცირდა საერთოდ ცოცხალშობილთა რაოდენობა. მათი შემცირება მოხდა დაახლოებით 2,25-ჯერ, რაც არცთუ ისე მცირეა. მაგრამ როგორი მდგომარეობაა ცალკეული ეროვნებების მიხედვით?

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მხოლოდ დედის ეროვნებას გვამცნობს და აღნიშნავს, რომ მამა სხვა ეროვნებისაა. ოღონდ კონკრეტულად, თუ რომელი ეროვნებისაა, უცნობია. ჩვენ ცოცხალშობილები, რომელთა დედა და მამა სხვადასხვა ეროვნებისაა, დედის ეროვნების მიხედვით დავალაგეთ სამ ჯგუფად: ერთ ჯგუფს შეადგენენ ის ეროვნებები, რომელთა ხვედრითი წილიც გაიზარდა. მეორე ჯგუფი – რომელთა ხვედრითი წილიც იგივეა; მესამე ჯგუფში გაერთიანდნენ ის ეროვნებები, რომელთა ხვედრითი წილიც შემცირდა. აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში გაერთიანდნენ ცხრა ეროვნების ქალების ცოცხალშობილები. დავალაგოთ ისინი ზრდადობის მიხედვით. თუ აზერბაიჯანელი ქალისა და სხვა ეროვნების მამაკაცის ოჯახში ცოცხალშობილთა ხვედრითი წილი 1989 წელს შეადგენდა 1,68%, 1999 წლისათვის გაიზარდა 2,67%. სომხებისა – 14,52%-დან – 17,42%-მდე, უკრაინელებისა – 83,63%-დან – 90%-მდე, ებრაელებისა – 17,39%-დან – 26,19%-მდე, ქურთებისა – 4,65%-დან – 11,78%-მდე, ბელორუსებისა – 89,22%-დან – 100% მდე, ოსებისა – 36,32%-დან 59,51-მდე, რუსებისა – 52,65%-დან 73,66%-მდე და ბერძნებისა – 20,59%-დან 56,82%-მდე.

მეორე ჯგუფში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავაერთიანეთ იმ ეროვნებების ქალების ცოცხალშობილები, რომლებიც 1989 და 1999 წ.წ. თითქმის არ შეცვლილან. ასეთები აღმოჩნდნენ თათარი და ასირიელი ქალების ცოცხალშობილები, რომელთაც მამა სხვა ეროვნებისა ჰყავთ. თათარი ქალების ცოცხალშობილები ორივე წელს შედგენდნენ 87%, ხოლო ასირიელებისა – 48%-ს.

მესამე ჯგუფში შევიდა ქართველი და “სხვა ეროვნების” ცოცხალშობილები. ქართველი ქალის ახალშობილებმა თუ 1989 წელს შეადგინეს 3,63%, 1999 წლისათვის მათი ხვედრითი წილი 1%-ით შემცირდა. ხოლო “სხვა ეროვნებებში” გაერთიანებული ეროვნების ქალების ცოცხალშობილებმა 1989 წელს შეადგინა 80,44%, ხოლო 1999 წელს – 34,78%.

ამგვარად, საერთოდ შობადობა ჩვენს ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში განახევრდა, მაგრამ როგორც გადმოცემული მონაცემები მოწმობს ბიეთნიკური ოჯახების ნაწილთან ზრდა აღინიშნა. რაც შეეხება საქართველოს რესპუბლიკის მკვიდრი ერის ქალების ცოცხალშობილთა რაოდენობას, იგი საერთოდ, როგორც მონოეთნიკურ, ისე ბიოეთნიკურ ქორწინებებში თითქმის 1,77-ჯერ შემცირდა, ასევე შემცირდა ბიეთნიკურ ქორწინებებში დაბადებულთა რიცხვიც.

ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ რეპროდუქციულ განწყობაზე ეროვნული და რელიგიური ფაქტორები მოქმედებს. ისეთ ოჯახებში, სადაც მეუღლეები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან, საინტერესოა, რომელი მეუღლის ეროვნულობა საზღვრავს შვილიანობას: ის, რომელიც ტრადიციით მრავალშვილიანია, თუ მცირეშვილიანი. ჩვენი ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ბიეთნიკური ოჯახების Aამ კუთხით განხილვა.

ქართველების ბიეთნიკური ქორწინების დემოგრაფიულ შედეგებს გავაანალიზებთ 1054 მონო და 2247 ბიეთნიკური ოჯახების შვილთა რაოდენობის მონაცემებით. შვილთა რაოდენობის მიხედვით ქართველების მონო და ბიეთნიკური ოჯახების შედარებამ გვიჩვენა, რომ მონოეთნიკურ ოჯახებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული ორშვილიანი (65,94%) და სამშვილიანი (20,40%) ოჯახები. შედარებით მცირეა ერთი (12,23%) და ოთხი და მეტ შვილიანი (1,42%) ოჯახები. ბავშვთა საშუალო რაოდენობა კი 2,11-ს შეადგენს. რაც შეეხება ბიეთნიკურ ოჯახებს, აქაც უმეტესობას შეადგენენ ორშვილიანი ოჯახები (58,43%). მაგრამ მონოეთნიკურისაგან განსხვავებით, მათ შემდეგ სიხშირის მიხედვით მოდიან არა სამშვილიანი, არამედ ერთშვილიანი ოჯახები (24,08%). მათთან შედარებით კიდევ უფრო მცირეა სამშვილიანი ოჯახები (15,44%), ხოლო მეტია ოთხშვილიანი ოჯახები (2,05%). ბავშვთა საშუალო რაოდენობა ასეთ ოჯახებში 1,95 ბავშვს შეადგენს. ბიეთნიკურ ოჯახებს თუ განვიხილავთ მეუღლეთა ეროვნების მიხედვით, ე.ი. იმის მიხედვით თუ რომელი მეუღლეა ქართველი, ცოლი თუ ქმარი, აღმოჩნდება, რომ შვილიანობის ტიპის მიხედვით ოჯახების გავრცელება ორივე შემთხვევაში (ერთი, როცა მამა ქართველია და მეორე, როცა დედაა ქართველი) ერთნაირია. თუ მათ დავალაგებთ მეტობიდან ნაკლებობისაკენ, ასეთ სურათს მივიღებთ: ნახევარზე მეტს შეადგენენ ორშვილიანი ოჯახები, შემდეგ მოდის ან ერთშვილიანი, სამშვილიანი და ოთხი და მეტ შვილიანი ოჯახები (შესაბამისად, ხვედრითი წილი შეადგენს: როცა კაცია ქართველი 58,46%, 24,80%, 14,85% და 1,89%, როცა ქალია ქართველი – 58,36%, 22,34%, 16,87% და 2,43%). შვილთა საშუალო რაოდენობის მიხედვით მდგომარეობა უმნიშვნელოდ განსხვავდება – ქართველი ქალის ბიეთნიკურ ოჯახებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 1,99 ბავშვს, ხოლო ქართველი კაცის შემთხვევაში – 1,94 ბავშვს.

ცალკე განვიხილეთ ქართველი მამაკაცების ბიეთნიკური ოჯახები მეუღლეთა ეროვნების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ერთშვილიანი ოჯახები ყველაზე ნაკლებად გვხვდება ოსი ეროვნების ქალთან ერთად შექმნილ ოჯახებში (17,53%). ამავე ნიშნით შემდეგ ადგილზეა სომეხი ეროვნების ქალთან ერთად შექმნილი ოჯახები (23,59%), უფრო მაღალია ერთშვილიანი ოჯახების ხვედრითი წილი ბერძენ (25,58%), რუს (25,66%), უკრაინელ (26,67%) და კრებით სახელ “სხვა ეროვნებებში” გაერთიანებული ეროვნების ქალებთან ერთად შექმნილ ოჯახებში (26,92%). თუ გავაანალიზებთ ამავე ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებს ერთი ან ორი შვილის გავრცელების მიხედვით, აღმოჩნდება, რომ კვლავ ყველაზე მცირეა ასეთი ოჯახების ხვედრითი წილი ოს (64,95%) და უკრაინელ ქალთან ერთად (82,23%) შექმნილ ოჯახებში.

აქამდე გავაანალიზეთ ისეთი ოჯახები, რომლებიც, როგორც წესი, მარტივ აღწარმოებასაც ვერ უზრუნველყოფენ. ახლა ვნახოთ როგორია სამი, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების გავრცელება ამ ეროვნებებს შორის შექმნილ ოჯახებში. სამი და მეტშვილიანი ოჯახები ოსი ეროვნების ქალებთან ქორწინებისას მესამედზე მეტია (35,05%). მათ შორის 10,31% მხოლოდ ოთხი და მეტშვილიანია. უკრაინელ ქალთან შექმნილი სამშვილიანი ოჯახის ხვედრითმა წილმა 17,78% შეადგინა, ხოლო ოთხი და მეტშვილიანი არც ერთი არ აღმოჩნდა. კრებით სახელ “სხვა ეროვნებებში” გაერთიანებული ეროვნების ქალებთან შექმნილ ოჯახებში სამი და მეტშვილიანი აღმოჩნდა 18,27%. მათ შორის, მხოლოდ 0,96% იყო ოთხი და მეტშვილიანი. რუს ქალთან შექმნილი ოჯახებიდან სამი და მეტშვილიანი იყო 16,07%, მათგან ოთხი და მეტშვილიანი 1,5%. რაც შეეხება სომეხ ქალთან შექმნილ ოჯახებს, მათ შორის, სამი და მეტშვილიანი იყო 13,84%, ხოლო ოთხი და მეტშვილიანი – 1,28%.

ამრიგად, ქართველთა ფიზიკური უწყვეტობის პროცესში ბიეთნიკური ოჯახებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან ქართველი კაცის მიერ შექმნილი ოჯახები ოსი ეროვნების ქალებთან, კრებით სახელ “სხვა ეროვნებებში” გაერთიანებული ეროვნების ქალებთან და უკრაინელ ქალებთან. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ყველა ეროვნებასთან ქორწინების დროს გავრცელების სიხშირით პირველ ადგილზეა ორშვილიანი, შემდეგ ერთშვილიანი ოჯახები, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ოს ქალებთან შექმნილი ოჯახები (ორშვილიანები 47,42% და სამშვილიანები 24,74%).

გვინდა ცალკე განვიხილოთ ქართველ ქალთა ბიეთნიკური ოჯახები შვილიანობის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ აქაც უმეტესობას შეადგენენ ორშვილიანი ოჯახები. ერთშვილიანი ოჯახები ყველაზე მეტად გვხვდება კრებით სახელ “სხვა ეროვნებებში” გაერთიანებულ ეროვნებებთან (36,07%) უკრაინელ მამაკაცებთან (35,71%) და რუს მამაკაცებთან (33,33%) ქორწინებით შექმნილ ოჯახებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად სომეხ მამაკაცებთან ქორწინებისას (10,70%). რაც შეეხება სამ და მეტშვილიან ოჯახებს, ყველაზე მეტად არის გავრცელებული ქართველი ქალის ქორწინების შემთხვევაში ოსი (26,80%) და სომეხი (24,35%) ეროვნების მამაკაცებთან. ისევე როგორც ქართველი მამაკაცის და ქართველი ქალის ბიეთნიკურ ოჯახებშიც, აშკარად გამოიკვეთა მრავალშვილიანობისაკენ მიდრეკილება, როდესაც მათი მეუღლე იყო ოსი ეროვნების წარმომადგენელი. ჩვენ საშუალება გვქონდა შედარებითი ანალიზი გაგვეკეთებინა ასეთი ოჯახებისა, ვინაიდან გამოკითხულთა ერთობლიობა ორივე შემთხვევაში თანაბარი იყო, ე.ი. ოსი ქალისა და ქართველი კაცის ოჯახების რაოდენობა ემთხვეოდა ოსი კაცისა და ქართველი ქალის ოჯახების რაოდენობას. ორივე შემთხვევაში მეტობიდან ნაკლებობისაკენ ოჯახები ასეთი თანმიმდევრობით დალაგდა: ორშვილიანები, სამშვილიანები, ერთშვილიანები და ოთხ და მეტ შვილიანები. ქართველი ქალისა და ოსი კაცის შემთხვევაში უფრო მეტია ორშვილიანი, სამშვილიანი და ერთშვილიანი ოჯახები (შესაბამისად, 49,48%, 25,77% და 23,71%), ვიდრე პირიქით (47,42%, 24,74% და 17,53%). რაც შეეხება ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს, იგი უფრო დიდი ხვედრითი წილით გვხვდება (10,31%) ქართველი კაცისა და ოსი ქალის ქორწინებით შექმნილ ოჯახებში. რაც შეეხება ოსი კაცისა და ქართველი ქალის ქორწინებით შექმნილ ოჯახებს, ოთხი და მეტი შვილი მხოლოდ გამოკვლეული ერთობლიობის 1,03 პროცენტში აღმოჩნდა.

სომხების მონო და ბიეთნიკური ოჯახების შვილიანობის ანალიზი ემყარება გარკვეულ რაოდენობას. კერძოდ, 1082 მონო და 1421 ბიეთნიკური ოჯახის მონაცემებს. ჩვენი ამოცანა იყო გაგვერკვია, განსხვავდებიან თუ არა შვილიანობის მიხედვით სომხების მონო და ბიეთნიკური ოჯახები, აგრეთვე, დაგვედგინა როგორი მდგომარეობაა ცალკეული ეროვნებების მიხედვით. ბიეთნიკურ ოჯახებში როდის უფრო მნიშვნელოვანია შვილთა რაოდენობის მხრივ განსხვავება, როდესაც მეუღლეთა შორის ერთ-ერთი რუსია, ქართველია, ან “სხვა ეროვნების” წარმომადგენელია. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ერთი, ორი, სამი, ოთხი და მეტი შვილი ორივე ჯგუფში გვხვდება, ოღონდ შვილთა მცირე რაოდენობა უფრო მეტადაა გავრცელებული ბიეთნიკურ ოჯახებში. კერძოდ, მათ შორის, ერთშვილიანი აღმოჩნდა 18.15%, ხოლო ორშვილიანი – 65,37%. მონოეთნიკურ ოჯახებში კი ერთშვილიანი აღმოჩნდა 8,68%, ხოლო ორშვილიანი – 63,40%. მდგომარეობა იცვლება სამი და მეტშვილიანი ოჯახების შემთხვევაში. კერძოდ, სამშვილიანმა ოჯახებმა მონოეთნიკურ ოჯახებში შეადგინა 25,41%, ხოლო ბიეთნიკურ ოჯახებში – 14,7%. ასევე უფრო მეტი ხვედრითი წილი უკავიათ მონოეთნიკურ ოჯახებში ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს (2,49%), ბიეთნიკურთან შედარებით (1,75%). თუ მონო და ბიეთნიკურ ოჯახებს შევადარებთ ბავშვთა საშუალო რაოდენობის მიხედვით, აღმოჩნდება, რომ მათ შორის, განსხვავება ამ მხრივაც აღინიშნება. იგი შედარებით დიდია (2,21 ბავშვი) მონოეთნიკურ ოჯახებში, ვიდრე ბიეთნიკურში (2,00 ბავშვი).

სომხების ბიეთნიკურ ოჯახებში შვილთა რაოდენობაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ოჯახის შემქმნელი სუბიექტის სქესი. კერძოდ, სომეხი კაცის ბიეთნიკურ ოჯახებში ერთშვილიანი აღმოჩნდა 13,14%, ხოლო ორშვილიანი – 72,97%. სომეხი ქალის ბიეთნიკურ ოჯახებში კი შესაბამისად – 18,34% და 67,71%. რაც შეეხება სამი, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების ხვედრით წილს, იგი უმნიშვნელოდ (შესაბამისად 0,10% და 0,04%) უფრო დიდი აღმოჩნდა სომეხი ქალების ბიეთნიკურ ოჯახებში. ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობის მიხედვით ბიეთნიკური ოჯახების ანალიზმა აჩვენა, რომ სომეხი კაცის მიერ შექმნილ ბიეთნიკურ ოჯახში იგი უფრო დიდია (1,76 ბავშვი), ვიდრე სომეხი ქალის ბიეთნიკურ ოჯახში (1,61 ბავშვი).

სომეხთა ბიეთნიკურ ოჯახებში თაობათა აღწარმოების შესახებ საუბარი არასრული იქნება, თუ არ გაირკვა იმ ადამიანების ეროვნება, რომლებთან ერთადაც შეიქმნა ბიეთნიკური ოჯახები. განვიხილოთ ცალ-ცალკე სომეხი კაცისა და სომეხი ქალის ბიეთნიკური ოჯახები მეუღლეთა ეროვნების მიხედვით. მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ სომეხი კაცის ბიეთნიკურ ოჯახებში თაობათა აღწარმოების პროცესი სხვადასხვა ეროვნებაში განსხვავებული ინტენსივობისაა. თუ მას დავალაგებთ ზრდადობის მიხედვით, ასეთ სურათს მივიღებთ. თაობათა აღწარმოება ყველაზე დაბალი ინტენსივობით ხასიათდება, როდესაც ქალი რუსია (ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობაა 1,94). შედარებით მაღალია მაჩვენებელი, როდესაც ქალი “სხვა ეროვნების” წარმომადგენელია (ოჯახში ბავშთა საშუალო რაოდენობაა 2,06) და ყველაზე უფრო მაღალია ქართველი ქალის მეუღლედ ყოლის შემთხვევაში (ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობაა 2,12).

მდგომარეობა იცვლება, როდესაც სომეხი ქალი ბიეთნიკურ ოჯახს ქმნის. ამ შემთხვევაში საშუალოდ ოჯახში ბავშვთა რაოდენობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, როდესაც სომეხი ქალის მეუღლე “სხვა ეროვნების” მამაკაცია; შედარებით ნაკლებია როცა მეუღლე რუსი მამაკაცია; ხოლო ყველაზე დაბალია, როდესაც ქართველი მამაკაცია (შესაბამისად ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობაა 2,14, 1,97, 1,91).

ამრიგად, თაობათა აღწარმოების მიხედვით, სომეხთა მონო და ბიეთნიკური ოჯახების ანალიზმა აჩვენა, რომ, ამ მხრივ, მონოეთნიკურ ოჯახებში უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ბიეთნიკურში. თვითონ ბიეთნიკურ ოჯახებშიც განსხვავებულია თაობათა აღწარმოების პროცესი იმის მიხედვით, თუ რომელი მეუღლეა სომეხი: როდესაც მამაკაცი სომეხია, მაშინ შვილთა რაოდენობა ოჯახში უფრო მაღალია, და ამდენად თაობათა აღწარმოება უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა ქალია სომეხი. ერთი სიტყვით, თაობათა აღწარმოება ყველაზე მაღალია სომეხი კაცის ქართველ ქალთან ქორწინებისას, ასევე მაღალია შვილთა რაოდენობა როდესაც ქალი სომეხია, ქმარი კი “სხვა ეროვნებაში” გაერთიანებული ეროვნებების წარმომადგენელი (ქართველისა და რუსის გარდა ყველა). ბიეთნიკურ ოჯახებში, როგორც გადმოცემული მასალა მოწმობს, თაობათა აღწარმოებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს მეუღლის ეროვნება, რაც არ შეიძლება მოცემული ეროვნების თაობათა განახლების პროცესში არ აისახოს. ჩვენი მასალები მოწმობს, რომ საქართველოში სომხების ბიეთნიკური ქორწინება უკეთეს დემოგრაფიულ ვითარებას ქმნის სომეხი მამაკაცის ქართველ ქალთან შექმნილ ოჯახებში.

თაობათა აღწარმოების, კერძოდ, შვილთა რაოდენობის მიხედვით რუსების მონო (810) და (1900) ბიეთნიკური ოჯახების მონაცემების ანალიზმა შემდეგი სურათი მოგვცა: თუ ოჯახებს დავალაგებთ გავრცელების მიხედვით, ე.ი. მეტობიდან კლებისაკენ, აღმოჩნდება, რომ უმეტესობას შეადგენენ ორშვილიანი ოჯახები. მონოეთნიკურში მათი ხვედრითი წილია 57,28%, ხოლო ბიეთნიკურში – 59,80%. შემდეგ მოდის ერთშვილიანი ოჯახი (შესაბამისად 27,77% და 24%). მათთან შედარებით კიდევ უფრო მცირეა სამშვილიანი (მონოეთნიკურში 10,49% და ბიეთნიკურში 9,01%) და ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები (4,44% და 2,30%). ბავშვთა საშუალო რაოდენობის მიხედვით ბიეთნიკური ოჯახები (1,94 ბავშვი) ძალიან უმნიშვნელოდ უსწრებს მონოეთნიკურს (1,92 ბავშვი).

ცალ-ცალკე განვიხილოთ ბიეთნიკური ოჯახები, იმისდა მიხედვით რომელია მისი მონაწილე — რუსი ქალი, თუ რუსი კაცი. ორივე შემთხვევაში, ოჯახთა უმეტესობა ორშვილიანია. თუმცა, რუსი ქალის ოჯახებში იგი შედარებით უფრო მეტადაა გავრცელებული (60,56%), ვიდრე რუსი კაცის ოჯახებში (56,89%). ერთშვილიანი ოჯახების მიხედვით, მამაკაცების ბიეთნიკური ოჯახები უსწრებენ (27,07%) ქალებისას (23,80%). სამი და მეტშვილიანი ოჯახების მიხედვით კი მდგომარეობა თითქმის თანაბარია. განსხვავება მხოლოდ მეათედებშია (როცა დედა რუსია 13,40%, როცა მამა რუსია 13,3%). რაც შეეხება ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობას, რუსი ქალის ბიეთნიკურ ოჯახებში იგი შეადგენს 1,95 ბავშვს, რუსი კაცის ოჯახებში – 1,92 ბავშვს. როგორც ვხედავთ, ამ მხრივ განსხვავება უმნიშვნელოა.

ბიეთნიკური ოჯახების ანალიზი არ იქნება სრულყოფილი თუ არ განვიხილავთ მათ მეუღლეებს ეროვნებების მიხედვით. გამოვყოფთ სამ ჯგუფს: რუსისა და ქართველის, რუსისა და სომეხის, რუსისა და “სხვა ეროვნების” ოჯახები. (“სხვა ეროვნებებში” გაერთიანებულია ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენლები). განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე. რუსისა და ქართველის ბიეთნიკურ ოჯახებში მდგომარეობა ასეთია: გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ორშვილიანი ოჯახებია (როცა დედა რუსია და მამა ქართველი – 58,27%, როცა მამა რუსია და დედა ქართველი 57,22%). რუსი კაცისა და ქართველი ქალის ერთშვილიანი ოჯახები სჭარბობს (33,33%) რუსი ქალისა და ქართველი კაცის ოჯახებს (25,66%). სამშვილიან ოჯახებში კი მდგომარეობა იცვლება: რუსი ქალისა და ქართველი კაცის სამშვილიანი ოჯახები აღემატება (14,57%) რუსი კაცისა და ქართველი ქალის სამშვილიან ოჯახებს (7,77%). რუსი ქალისა და ქართველი კაცის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები უფრო მეტია (1,66%), ვიდრე ასევე რუსი კაცისა და ქართველი ქალის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები (1,52%). ბავშვთა საშუალო რაოდენობა რუსი ქალისა და ქართველი კაცის ოჯახებში უფრო მეტია (1,91 ბავშვი), ვიდრე რუსი კაცისა და ქართველი ქალის ოჯახებში (1,77 ბავშვი).
მეორე ჯგუფი – ეს არის რუსისა და სომეხის ბიეთნიკური ოჯახები. აქ მდგომარეობა ასეთია: უმეტესობას ორივე შემთხვევაში შეადგენენ ორშვილიანი ოჯახები. მაგრამ მათი ხვედრითი წილი რუსი ქალისა და სომეხი კაცის შემთხვევაში უფრო მაღალია (69,78%), ვიდრე რუსი კაცისა და სომეხი ქალის მიერ შექმნილ ოჯახებშია (60,55%). შემდეგ მოდიან ერთშვილიანი, სამშვილიანი, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები. ერთი და სამშვილიანი ოჯახები რუსი კაცისა და სომეხი ქალის შემთხვევაში უფრო მეტია (შესაბამისად 22,02% და 15,60%), ვიდრე პირიქით (17,69% და 9,09%). რაც შეეხება ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს, რუსი ქალისა და სომეხი კაცის შექმნილ ოჯახში იგი შეადგენს 3,44%-ს, ხოლო სომეხი ქალისა და რუსი კაცის მიერ შექმნილ ოჯახში 1,83%-ს. ბავშვთა საშუალო რაოდენობით ოჯახში განსხვავება ფაქტობრივად არ გვხვდება (დედა რუსი – მამა სომეხი 1,98 ბავშვი, დედა სომეხი – მამა რუსი 1,97 ბავშვი).
მესამე ჯგუფი არის რუსისა და კრებსით სახელ “სხვა ეროვნებებში” გაერთიანებული ოჯახები. უმეტესობას შეადგენენ ორშვილიანები (დედა რუსი – მამა “სხვა ეროვნების” 53,13%, დედა “სხვა ეროვნების” – მამა რუსი 53,72%). ერთშვილიანი ოჯახები სჭარბობს რუსი დედისა და “სხვა ეროვნების” მამის შემთხვევაში (24,26%, პირიქით 21,81%). სამშვილიანი ოჯახები ორივე შემთხვევაში თანაბარია (20%), ხოლო ოთხი და მეტშვილიანი უფრო მეტია რუსი მამისა და “სხვა ეროვნების” დედის ოჯახებში (5,45%), – ვიდრე პირიქით (2,51%). ბავშვთა საშუალო რაოდენობა მეასედებით განსხვავდება, როცა დედა რუსია, მამა – “სხვა ეროვნების” და შეადგენს 2,00 ბავშვს, ხოლო როცა მამა რუსია დედა კი “სხვა ეროვნებისა” – 2,09 ბავშვს შეადგენს.
ამრიგად, თაობათა აღწარმოების მხრივ, რუსების ბიეთნიკურ ოჯახებში უფრო უკეთესი პირობებია, ვიდრე მონოეთნიკურში. რუსი ქალის ბიეთნიკურ ოჯახში თაობათა აღწარმოების უფრო უკეთესი პირობები აღინიშნება, ვიდრე რუსი კაცის ბიეთნიკურ ოჯახში. ამასთან, რუსი ქალის მიერ “სხვა ეროვნების” მამაკაცთან შექმნილ ოჯახში შვილთა საშუალო რაოდენობის მაჩვენებელი უფრო უკეთესია (2,0 ბავშვი), ვიდრე სომეხ (1,98 ბავშვი) და ქართველ (1,91 ბავშვი) კაცთან შექმნილ ოჯახში. რუსი კაცის ბიეთნიკური ოჯახებიდან შვილთა საშუალო რაოდენობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია “სხვა ეროვნების” ქალთან შექმნილ (2,09 ბავშვი) ოჯახში, ხოლო ყველაზე დაბალი – ქართველ ქალთან შექმნილ ოჯახში (1,77 ბავშვი).
აზერბაიჯანელთა მონო (1021) და ბიეთნიკური (141) ოჯახების ანალიზმა ამგვარი შედეგები მოგვცა. ისევე როგორც რუსებთან, აქაც ოჯახების მეტი წილი ორშვილიანია. მონოეთნიკურში მათმა ხვედრითმა წილმა შეადგინა 56,32%, ხოლო ბიეთნიკურში – 58,87%. რუსებისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანელთა მონოეთნიკურ ოჯახებში მეორე ადგილზეა სამშვილიანი ოჯახები (32,03%), ხოლო ბიეთნიკური ქორწინებისას სამი და ერთშვილიანი ოჯახები თანაბრად გვხვდება (17,02%). მონოეთნიკურში ერთშვილიანი ოჯახები გამოკითხულთა შორის მცირე აღმოჩნდა (6,27%). იგი მხოლოდ 1%-ით სჭარბობს ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს. ბიეთნიკურში კი ოთხი და მეტშვილიანი იყო 7,09%. ოჯახში ბავშვთა რაოდენობით მონოეთნიკური ოჯახები სჭარბობენ ბიეთნიკურს (შესაბამისად – 2,36 ბავშვი, 2,14 ბავშვი).

ცალ-ცალკე თუ განვიხილავთ ბიეთნიკურ ოჯახებს, იმის მიხედვით, თუ რომელია აზერბაიჯანელი დედა თუ მამა, აღმოჩნდება, რომ ორშვილიანი ოჯახები უფრო მეტია (58.83%) აზერბაიჯანელი ქალის ბიეთნიკურ ოჯახში, ვიდრე აზერბაიჯანელი კაცის ანალოგიურ ოჯახში (57,76%). მრავალშვილიანობისაკენ მიდრეკილება სჭარბობს იმ ოჯახებში, სადაც მამაა აზერბაიჯანელი. სამშვილიანია ასეთი ოჯახების 21,43%, ხოლო ოთხშვილიანი – 9,52%. მაშინ, როდესაც დედაა აზერბაიჯანელი, მათი ხვედრითი წილი შესაბამისად ასეთია: 13,73% და 3,92%. მცირეშვილიანობით გამოირჩევა ის ოჯახები, სადაც დედაა აზერბაიჯანელი, მამა კი სხვა ეროვნების. ასეთ ოჯახებში ორშვილიანების შემდეგ უმეტესობას ერთშვილიანები შეადგენენ (23,52%). ე.ი. აზერბაიჯანელი მამაკაცი ბიეთნიკური ქორწინების დროს ინარჩუნებს მრავალშვილიანობისაკენ მიდრეკილებას. ამაზე მეტყველებს ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობის მაჩვენებელიც. იგი შეადგენს 2,26 ბავშვს და მნიშვნელოვნად აღემატება აზერბაიჯანელი ქალისა და სხვა ეროვნების მამაკაცის ოჯახებში ბავშვთა საშუალო რაოდენობას (1,98 ბავშვი).

მასალის ანალიზმა გვიჩვენა, რომ აზერბაიჯანელთა ბიეთნიკურ ოჯახში მეუღლის ეროვნება გარკვეულ გავლენას ახდენს ოჯახში ბავშვთა რაოდენობაზე. ასე მაგალითად, აზერბაიჯანელი კაცის ბიოეთნიკური ოჯახებიდან ბავშვთა საშუალო რაოდენობა ყველაზე მაღალია, როდესაც ცოლი “სხვა ეროვნების” წარმომადგენელია (2.68 ბავშვი), ხოლო ყველაზე დაბალი როდესაც ცოლი სომეხი (2.0 ბავშვი) ან ქართველია (2.11 ბავშვი). აზერბაიჯანელი ქალის ბიეთნიკურ ოჯახში კი ბავშვთა საშუალო რაოდენობა ყველაზე დაბალია, როდესაც აზერბაიჯანელი ქალის მეუღლე “სხვა ეროვნების” წარმომადგენელია (1,8 ბავშვის), ხოლო როდესაც ქმარი რუსი, სომეხი ან ქართველია -ერთნაირია (2,0 ბავშვი).

ამრიგად, აზერბაიჯანელთა ბიეთნიკური ოჯახები თაობათა აღწარმოების მიხედვით ჩამორჩება მონოეთნიკურ ოჯახებს. ბიეთნიკური ოჯახებიდან უფრო უკეთესი ვითარება აღინიშნება აზერბაიჯანელი კაცის მიერ შექმნილ ოჯახებში, ხოლო მასზე უარესია აზერბაიჯანელი ქალის მიერ შექმნილი ოჯახები. აზერბაიჯანელი კაცის მიერ შექმნილ ბიეთნიკურ ოჯახებში ბავშვთა რაოდენობაზე გავლენას ახდენს მეუღლის ეროვნულება. იგი ყველაზე მაღალია, როდესაც “სხვა ეროვნების” წარმომადგენელთან ერთადაა შექმნილი და ყველაზე დაბალი, როდესაც სომეხ ან ქართველ ქალთან ერთადაა შექმნილი. აზერბაიჯანელი ქალის მიერ შექმნილი ბიეთნიკური ოჯახებიდან ბავშვთა რაოდენობა ქმრის ეროვნების მიხედვით უფრო ნაკლებად დიფერენცირდება. იგი დაბალია “სხვა ეროვნების” მამაკაცთან ერთად შექმნილ ოჯახში და ოდნავ უკეთესია, როდესაც მისი მეუღლე რუსი, სომეხი ან ქართველია.

ქურთების მონო (1041) და ბიეთნიკური (36) ოჯახების შვილიანობის მიხედვით გაკეთებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მრავალშვილიანობისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა ქურთების მონოეთნიკური ოჯახები. მათ შორის, უმეტესობას შეადგენენ ორშვილიანები (48,32%). მათ შემდეგ მოდიან სამშვილიანი (34,49%), ოთხშვილიანი (10,47%) და ერთშვილიანები (6,72%). ბიეთნიკური ქორწინების დროს სურათი სხვაგვარად გამოიყურება: ორშვილიანი ოჯახების ხვედრითი წილი შეადგენს 63,88%-ს. შემდეგ მოდის ერთშვილიანი ოჯახები 16,66%. ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების ხვედრითი წილი (11,11%) აღემატება სამშვილიანებისას (8,33%). ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობა მონოეთნიკური ქორწინების დროს (2,48 ბავშვი) უფრო მეტია ბიეთნიკურზე (2,22 ბავშვი). ქურთი მამაკაცების ბიეთნიკური ქორწინების შემთხვევაში დიდია ორშვილიანი ოჯახები (61,54%), შემდეგ არის ერთშვილიანები (19,24%), ოთხი და მეტშვილიანები (15,38%) და სამშვილიანები (3,48%). ქურთი ქალების ბიეთნიკურ ოჯახებში ორშვილიანების მერე (58.83%) თანაბარი ხვედრითი წილი უჭირავს ერთ და სამშვილიან ოჯახებს (17,64), მათთან შედარებით ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები (5,89%) მცირეა. ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობა ქურთი ქალის ბიეთნიკურ ოჯახში უმნიშვნელოდ მცირეა (2,11), ვიდრე ქურთი კაცის (2,15) ოჯახში. გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ქურთი კაცის ბიეთნიკურ ოჯახში ბავშვთა რაოდენობაზე გავლენას ახდენს მეუღლის ეროვნება. ბავშვთა საშუალო რაოდენობა ყველაზე მაღალი აღმოჩნდა, როდესაც მეუღლე სომეხია (2,75 ბავშვი), უფრო დაბალი – როდესაც “სხვა ეროვნების” (2,14 ბავშვი), ან რუსია (2.09 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე -, როდესაც მეუღლე იყო ქართველი (1,75 ბავშვი).

მეუღლის ეროვნულობამ გავლენა მოახდინა ქურთი ქალის ბიეთნიკური ოჯახში ბავშვების რაოდენობაზეც. ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობა ყველაზე მეტი აღმოჩნდა, როდესაც ქმარი იყო სომეხი (3,0 ბავშვი), უფრო ნაკლები, როდესაც ქმარი იყო “სხვა ეროვნების” (2,33 ბავშვი), მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობა, როდესაც ქმარი იყო რუსი (1,5 ბავში) ან ქართველი (1,75 ბავშვი).

ამგვარად, საქართველოში მცხოვრები რუსის, აზერბაიჯანელისა და ქურთის მონო და ბიეთნიკური ოჯახებში შვილიანობის განხილვამ გვიჩვენა, რომ ყველა მათგანში, როგორც მონოეთნიკურში, ისე ბიეთნიკურში ორშვილიანი ოჯახები სჭარბობს. რუსები ინარჩუნებენ მათი ეთნოსისათვის დამახასიათებელ მცირეშვილიანობას და ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობის მიხედვით მარტივ აღწარმოებასაც ვერ უზრუნველყოფენ. ოღონდ რუსების ბიეთნიკურ ოჯახებში განსხვავება შეინიშნება იმისდა მიხედვით, მეუღლე რომელ ეთნოსს განეკუთვნება. რუსისა და ქართველის ქორწინებით შექმნილ ბიეთნიკურ ოჯახებს შვილთა საშუალო რაოდენობით აღემატება რუსისა და სომეხის ქირწინებით შექმნილი ოჯახები, ხოლო მათ – რუსისა და “სხვა ეროვნების ოჯახები. რაც შეეხება ქურთებისა და აზერბაიჯანელების ოჯახებს, აღწრმოების მიხედვით, მათ რუსებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ. რაღა თქმა უნდა, ამაზე გავლენა მოახდინა მათი ეთნოსისათვის დამახასიათებელმა ეთნიკურმა და რელიგიურმა თავისებურებებმა, მრავალშვილიანობის ტრადიციამ. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ აზერბაიჯანელი და ქურთი კაცები ქმნიან რა ბიეთნიკურ ოჯახს, უფრო მეტად ინარჩუნებენ მრავალშვილიანობისაკენ მიდრეკილებას, ვიდრე მათივე ეროვნების ქალები, ამასთანავე მათ მიერ შექმნილ ბიეთნიკურ ოჯახებში შვილთა რაოდენობაზე გავლენას ახდენს მეუღლეთა ეროვნება.

ოსების მონო (194) და ბიეთნიკური (316) ოჯახების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობის აღწარმოების პროცესი უფრო უარესია მონოეთნიკურ ოჯახებში. ოსთა მონოეთნიკური ოჯახების ნახევარზე მეტი ორშვილიანია (65,98%), ხოლო 20,62% – სამი და მეტშვილიანი, მაშინ როცა ერთშვილიანი ოჯახების ხვედრითმა წილმა შეადგინა 13,40%. ბავშვთა საშუალო რაოდენობა ოჯახში 2,08 ბავშვს შეადგენს. ბიეთნიკურ ოჯახებში უფრო უკეთესი მდგომარეობა აღინიშნება: უფრო მცირეა ორშვილიანი ოჯახების ხვედრითი წილი (51,58%). ოღონდ, უფრო დიდი ხვედრითი წილით წარმოდგება სამი და მეტშვილიანი (29,11%) და ერთშვილიანი ოჯახები (19,30%). ბავშვთა საშუალო რაოდენობა ოჯახში ოდნავ აღემატება მონოეთნიკურს და შეადგენს 2,14 ბავშვს. თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ოსი ქალისა და ოსი კაცის ბიეთნიკურ ოჯახებს, აღმოჩნდება, რომ ორივე შემთხვევაში უმეტესობას ორშვილიანი ოჯახები შეადგენენ. ოღონდ, მამაკაცების ბიეთნიკურ ოჯახებში მათი ხვედრითი წილი 49,46%, მაშინ როცა ოსი ქალების ოჯახებში ამ მაჩვენებელმა 54,54% შეადგინა. სამი და მეტშვილიანი ოჯახები ოსი მამაკაცების შემთხვევაში იყო 28.26%, ხოლო ოსი ქალის შემთხვევაში – 30.30%. მათ შორის, ოთხი და მეტი შვილი ჰყავდათ ოსი ქალების ბიეთნიკური ოჯახების 2,17%-ს. ერთშვილიანი ოჯახების ხვედრითი წილი ოსი მამაკაცების ბიეთნიკურ ოჯახებში შეადგენდა 22,28%-ს, ხოლო ოსი ქალის ოჯახებში – 15,15%. ბიეთნიკურ ოჯახებს თუ განვიხილავთ ოსების მეუღლეთა ეროვნების მიხედვით, აღმოჩნდება, რომ ყველა ეროვნებასთან (ქართველი, რუსი, სომეხი და “სხვა ეროვნებები”) ქორწინებისას ოსები უმეტესად ორშვილიან ოჯახებს ქმნიან. ყველაზე მცირეა ერთშვილიანი ოჯახები ქართველებთან, რუსებთან და სომხებთან ქორწინებისას. რაც შეეხება კრებით სახელში “სხვა ეროვნებები” გაერთიანებულ ეროვნებების წარმომადგენლებთან ქორწინებას ერთშვილიანი ოჯახები აღემატება სამ და მეტშვილიან ოჯახებს. ეს ტენდენცია ორივე შემთხვევაში ერთნაირია; ე. ი. არ განსხვავდება, როცა ქალი ოსია და მამაკაცი “სხვა ეროვნების” და, პირიქით, როცა კაცია ოსი და ქალი “სხვა ეროვნების”. ოსების მონო და ბიეთნიკური ოჯახების ბავშვთა რაოდენობის მიხედვით, ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობის აღწარმოების ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით მონოეთნიკურთან შედარებით უფრო უკეთესი მდგომარეობა აღინიშნება ბიეთნიკურ ოჯახებში. განსაკუთრებით კი ოსი ქალის ბიეთნიკურ ოჯახებში.

როგორია აღწარმოების ფუნქცია საქართველოში მცხოვრები ბერძნების მონო და ბიეთნიკურ ოჯახებში? ამ მიზნით გავაანალიზოთ გამოკითხვით მოპოვებული ინფორმაცია 139 მონო და 208 ბიეთნიკურ ოჯახზე. როგორც ოჯახში შვილთა რაოდენობის შესახებ მონაცემები მოწმობს, გამოკითხული ბერძნების უმეტესობა ორშვილიანია (68,35%). ბერძენთა მონოეთნიკური ოჯახების 83,46% ვერ უზრუნველყოფს მარტივ აღწარმოებას. მრავალშვილიანობით ხასიათდება, ე. ი. სამი და მეტი შვილი ჰყავს 16,55%-ს. მათ შორის, ოთხი და მეტი 2,16%-ს, ბერძენთა მონოეთნიკური ოჯახების ბავშვთა საშუალო რაოდენობა 2,03 ბავშვის ტოლია. თითქმის იგივე შეინიშნება ბერძენთა ბიეთნიკურ ოჯახებში. ასეთი ოჯახების 83,72% ერთი და ორშვილიანია. მათგან უმეტესობა (66,02%) ორშვილიანი. რაც შეეხება სამ და მეტშვილიან ოჯახებს, მათი ხვედრითი წილი 16,27%-ს შეადგენს. მათ შორის, ოთხი და მეტშვილიანია მხოლოდ 2.39%. ასეთ ოჯახებში ბავშვთა საშუალო რაოდენობა 2.00 ბავშვის ტოლია. ცალ-ცალკე თუ დავახასიათებთ ბიეთნიკურ ოჯახებს, იმის მიხედვით თუ რომელია ასეთი ოჯახის შემქმნელი, ცოლი თუ ქმარი, აღმოჩნდება, რომ მრავალშვილიანობისაკენ მიდრეკილებას უფრო იჩენს ბერძენი კაცის ბიეთნიკური ოჯახები. ასეთ ოჯახებში სამი და მეტშვილიანები არიან 21,93%. მათ შორის, ოთხი და მეტშვილიანია 3,5%, მაშინ როცა ბერძენი ქალის ბიეთნიკურ ოჯახებში სამი და მეტი შვილი ჰყავს გამოკითხული ერთობლიობის მხოლოდ 9,47%. მათ შორის, ოთხი შვილი მხოლოდ 1,05%. რაც შეეხება ერთი და ორშვილიანი ოჯახების ხვედრით წილს, იგი საკმაოდ დიდია ბერძენი ქალის ოჯახებში (90,53%). მათგან განსხვავებით იგი შედარებით მცირეა ბერძენი მამაკაცების ოჯახებში (78,07%). შვილთა რაოდენობას თუ განვიხილავთ მეუღლეთა ეროვნების მიხედვით, აღმოჩნდება, რომ ყველა შემთხვევაში ერთი და ორშვილიანი ოჯახები სჭარბობს სამი და ოთხშვილიანი ოჯახებისას. სომეხისა და ბერძენის გამოკითხულ ბიეთნიკურ ოჯახებში არ შეგვხვედრია ერთშვილიანი ოჯახები, ხოლო ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები ბერძენი დედისა და რუსი, სომეხი და კრებით სახელ “სხვა ეროვნებებში” გაერთიანებულ მეუღლეთა შემთხვევაში არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა ბერძენი მამისა და “სხვა ეროვნების” დედის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბერძენი მამაკაცები ქმნიან რა ოჯახს ქართველ, სომეხ და რუს ქალებთან უფრო მეტად ზრუნავენ მრავალშვილიანობაზე, ვიდრე პირიქით. ასე მაგალითად, გამოკითხული ერთობლიობიდან სამი და მეტი შვილი ჰყავდათ ბერძენი მამაკაცისა და ქართველი ქალის შექმნილ ოჯახების 14,70%, ბერძენი მამაკაცისა და რუსი ქალის შექმნილი ოჯახების 23,07%, ბერძენი მამაკაცისა და სომეხი ქალის შექმნილი ოჯახების 33,33%, მაშინ როცა საპირისპირო შემთხვევაში, ე.ი. როცა ქალია ბერძენი, კაცი კი ქართველი, რუსი და სომეხი, ასეთი ოჯახების რაოდენობა შედარებით ნაკლებია. (შესაბამისად: 9,31%, 9,09%, 7,041%), ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძენი ქალის, რუსი და სომეხი მამაკაცის გამოკითხულ ოჯახებში ოთხი და მეტშვილიანი საერთოდ არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ბერძენის ოჯახს “სხვა ეროვნების” პარტნიორთან, აქ ორივე შემთხვევაში როცა, ცოლია ბერძენი და პირიქით – ქმარი. სამშვილიანი ოჯახები თანაბარი რაოდენობით გვხვდება (14,28%), ხოლო ოთხი და მეტშვილიანი ოჯახი საერთოდ არ არის.