ეფექტიანი ეკონომიკურ პოლიტიკური სტრატეგიის ფორმირების საკითხის შესწავლისათვის

რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაში ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე განმსაზღვრელი ზეგავლენა აქვთ ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება და პროგრესი. ეკონომიკური პოლიტიკური მიზნები საზოგადოებრივი მიზნების ნაწილია და მათ მიმართ დამოკიდებულება იცვლება საზოგადოების, დროისა და სივრცის მიხედვით. ყველა ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებების შინაარსი ამოუწურავია, რაც განაპირობებს მათი არსის გაგების სირთულეს.

სწორედ ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებებების შესაბამისობის განხილვას ეძღვნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ რევაზ გველესიანისა და პროფესორ ირინა გოგორიშვილის სამეცნიერო ნაშრომი ”ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისობა” (თბილისი, 2012).

ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებების ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კონცეფციური საფუძვლები; შეფასებების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში; ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებები და მეთოდური ნორმები; ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნების და მიზანი – საშუალება – სისტემის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი; ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებათა გამოყენების კრიტერიუმები. ნაშრომის მეორე ნაწილი – ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების და მიღების პრობლემები – ეთმობა ეკონომიკურ-პოლიტიკური დაგეგმვის, ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოდელების, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის და პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის მიზანთა ფორმირების საკითხებს.
ნაშრომში განხილული პრობლემების შესწავლისას მკითხველი იღებს ცოდნას პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის, ემპირიული ანალიზის, ეკონომიკური-პოლიტიკური პრობლემების მეცნიერული ანალიზის, გადაწყვეტილებების გამტარებელთა ქცევის პროგნოზების შემუშავების, რეკომენდაციების მომზადების საკითხებზე; საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემასა და ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო პირობების შესაბამისობის დადგენის ხერხების, ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების სტრუქტურის შესახებ; ეცნობა ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებების დამკვიდრების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნების ფორმირების მეთოდურ საშუალებებს, როგორებიცაა დემოკრატია და რაციონალურობა; გაიღრმავებს ცოდნას მიზანთა ოპერაციონალიზების, მიზანთა ურთიერთდამოკიდებულების პრობლემების, მიზნებზე ზემოქმედების ინსტრუმენტების შესახებ, ასევე, ეკონომიკურ-პოლიტიკური გამტარებლების ფუნქციონირების მექანიზმებს და მათი მართვის თავისებურებებს.

ნაშრომი განკუთვნილია ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში მოღვაწე თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის. ნაშრომი დიდი დახმარებას გაუწევს ზემოთაღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირებს ეფექტიანი ეკონომიკურ-პოლიტიკური სტრატეგიის ფორმირების საკითხის შესწავლაში.

პროფესორი
ემზარ ჯგერენაია
პროფესორი
ეკა ლეკაშვილი

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial