ვიხდით, სადაც ვშოულობთ!

ოფშორული ინდუსტრია ცვლილებების მიჯნაზე დგას, სად გადამალავენ თავიანთ ფულს კომპანიები და მდიდარი ადამიანები? ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში უნდა ამოქმედდეს საგადასახადო ინფორმაციის ავტომატური გაცვლის გლობალური სისტემა. ”გადასახადებს ვიხდით იქ, სადაც ვშოულობთ”, – ბიზნესისგან და ცალკეული ადამიანებისგან წამყვანი ქვეყნების ხელისუფალთ სწორედ ასეთი მოთხოვნა აქვთ და ამის მიღწევა აქვთ განზრახული.

დასაბეგრი ბაზის დამალვისა და მოგების გადანაცვლების საწინააღმდეგო ღონისძიებების შესაბამისი გეგმა OECD-მა მოამზადა და გასული წლის სექტემბერში G20-ის სამიტზე მოწონებულ იქნა. თუმცა, იმის იმედი, რომ ეს გეგმა მთელი ძალით ამოქმედდება, ექსპერტებს ნაკლებად სჯერათ, ვინ მოიგებს ოფშორებთან ბრძოლაში?

საქართველოს ოფშორულ ფულთან მჭიდრო კავშირზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მოსვლისთანავე ალაპარაკდნენ. ყოველთვის ეჭვქვეშ იდგა ის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უცხოური კომპანიებისადმი ლიბერალურ მიდგომას ითვალისწინებდა. სამოქალაქო საზოგადოებისათვის შეუძლებელი იყო დადგენა, თუ ვინ იდგა ამა თუ იმ კომპანიის უკან, ვისი ფული შემოდიოდა საქართველოში, გაუგებარი რჩებოდა კომპანიის მფლობელთა ვინაობა, რაც აღვივებდა ეჭვს, რომ მომგებიანი და მსხვილი საწარმოების მფლობელი ოფშორული კომპანიების უკან სახელისუფლებო ბიზნეს-წრეები იდგნენ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და იქიდან კაპიტალის შემოდინება 2004 წლიდან იწყება, ძირითადად, კვიპროსში. ამ ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობის თანხა (დაახლოებით 150 მილიონი დოლარი), 2007 წელს შემოვიდა. თუმცა საქართველოში ვირჯინიის კუნძულები ჯერ კიდევ 2003 წელს გამოჩნდა ექვსმილიონიანი ინვესტიციით, 2005 წელს – 4 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2006 წელს ვირჯინიის კუნძულებიდან წამოსული ფინანსური ნაკადი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა. ამ ზონიდან შემოსული ინვესტიციის ოდენობა ზრდის ტენდენცია დღეის მდგომარეობითაც შენარჩუნებულია.

შედარებით მცირეა შვეიცარიიდან შემოსული ინვესტიციები. თუმცა შარშან III კვარტალში (პერიოდი საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა), საქართველოდან შვეიცარიაში 3 მილიონი დოლარი გავიდა. რაც შეეხება ლიხტენშტაინს, 2011 წელს საქართველოდან, დაახლოებით, 9 მილიონი დოლარი გავიდა და 2012-ში მოკრძალებული ერთი მილიონი შემოვიდა.

2006 წლიდან ახალი ოშფორული ცენტრის დასახელება ჩნდება ინვესტორთა ჩამონათვალში – სენტკიტს-ნევისი – თუმცა მცირე თანხებით, მაგრამ 2011 წლიდან საქართველოდან ამ ოფშორში ფულის ინტენსიური გადინება შეინიშნება. ფული გაედინებოდა პანამაშიც: 2008 წელს პანამაში 2 მილიონ დოლარზე მეტი გავიდა, 2010-ში – 5 მილიონზე მეტი, 2011-ში, დაახლოებით, 6 მილიონი.
ინვესტორთა სიაშია მარშალისა და კაიმანის კუნძულებიც, სადაც 2008 წელს, დაახლოებით, 7 მილიონი დოლარი გავიდა. ჩეხეთი, რომელიც თავის დროზე ევროზონაში არ შევიდა, ახლა ამით სარგებლობს და გერმანიის ფინანსური სამყაროსთვის ოფშორულ ნავსაყუდელს წარმოადგენს. ევროპელებს დღეს ორი საგადასახადო თავშესაფარი აქვთ: დანია, რომელიც, ასევე, არ არის ევროზონაში და ჩეხეთი. შარშან სწორედ ჩეხეთში გავიდა საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით კაპიტალი – თითქმის 39 მილიონი.

რაც შეეხება 2013 წელს, ალბათ, ყველას ახსოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ 2013 წელს ქვეყნიდან 600 მილიონზე მეტი ფული გავიდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ოფშორულ ზონებში. ახლადგაპრემიერებულმა ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ”ნაციონალების” ფული არ იყო და სამართალდამცავებს მიმართა გაერკვიათ სიტუაცია. 2013 წელს ქართულ ეკონომიკას ბევრი ფული დააკლდა, შემცირდა ინვესტიციების რაოდენობა, რაც აისახა კიდეც ქვეყანაზე – 2013 წელს ღარიბულად ვიცხოვრეთ.

თუმცა, სამართალდამცავებისთვის ამ ყველაფრის გაკრვევა არც ისე იოლი საქმეა.
ძალიან ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, ოფშორული ზონების წინააღმდეგ არანაირი შემზღუდავი მექანიზმი არ მოქმედებს, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და მისი თანმდევი მოვლენების შემდეგ ოფშორებთან ბრძოლა საერთაშორისო ტენდენციად იქცა.

საუკეთესო ინვესტიცია ცხოვრებაში _ ასე უწოდა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა 2005-2009 წლებში, პერ შტაინბრუკმა 4,2 მილიარდ ევროს, რომელიც საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა 2008 წელს გადაიხადეს მონაცემთა ბაზის საყიდლად. მონაცემთა ბაზა ბანკ LGT-იდან (ლიხტენშტეინი) ჰაკერებმა მოიპარეს. ინფორმაციის ღირებულება იმაში მდგომარეობდა, რომ ის შეიცავდა ინფორმაციას ათასობით გერმანელისა და მათ არადეკლარირებული ანგარიშების შესახებ. საგადასახადო ინსპექტორების შემოწმების შემდეგ ბიუჯეტში მოხდა 200 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის მობილიზება. მეტიც, სკანდალი ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და უამრავი მოქალაქე ციხეში გამოკეტვის შიშის გამო, ნებაყოფლობით ჩაბარდა საგადასახადო პოლიციას და ხაზინას დამატებით 620 მილიონი ევრო გადაუხადეს. ხოლო მოპარული ფაილების ყიდვა გერმანელი საგადასახადო ორგანოების მესვეურების პრაქტიკაში დამკვიდრდა.

ზუსტად რამდენი ფული იმალება ოფშორულ იურისდიქციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უცნობია. 2013 წლის მაისში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-მა განაცხადა, რომ მისი გათვლებით, შეძლებულმა ადამიანებმა საგადასახადო თავშესაფრებში მინიმუმ 18,5 ტრილიონი დოლარი გადამალეს და ამით მათ თავიანთ სახელმწიფოებს 156 მილიარდი დოლარი დაუმალეს საგადასახადო შემოსავლების სახით. ერთი წლით ადრე ორგანიზაცია თახ ჟუსტიცე Network-მა განაცხადა, რომ მსოფლიოში მდიდრების არადეკლარირებული საფინანსო აქტივები, რომელიც დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებშია გადამალული, ფასდება 21-32 ტრილიონ დოლარად, ხოლო წლიური ზარალი, რომელსაც მათი მოქმედებით თავიანთ სახელმწიფოებს ადგებათ, 250 მილიარდია.

კორპორატიული ”მოხერხებით” გამოწვეული დანაკარგები ბევრად სერიოზულია. გამკაცრებული კონკურენციის პირობებში, გადასახადების მინიმიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა, როგორც სხვა დანახარჯების შემცირება. ამიტომაც ოფშორების გამოყენება თითქმის ყველგან ხდება. Nerd Wallet-ის რესურსის მონაცემებით, 44 კომპანიას, რომლებიც Fortune 50-ის პრესტიჟულ სიას ამშვენებენ, ჰყავთ ოფშორული შვილობილები. უმსხვილესი კომპანიების ოცეულმა 2012 წელს უცხოეთში გადაიტანა 743 მილიარდი დოლარის მოგება. ეს არის 119 მილიარდი დოლარის პოტენციური გადასახადები. ასე რომ, მსოფლიო უდიდესი სახელმწიფოების მკაცრი ანტიოფშორული რიტორიკა სავსებით გასაგებია, მაგრამ ამ დრომდე ამ ხმამაღალ განცხადებებს შედეგი არ გამოუღია.

ავიღოთ, თუნდაც, UNCTAD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილეს მიმღებთა რიცხვში მეხუთე ადგილი გასულ წელს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა დაიკავა – დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია. გადასახადების აბსოლუტური არარსებობა (კომპანია-პრეზიდენტები მხოლოდ ყოველწლიურ გადასახადს იხდიან) და მსუბუქი კონტროლი ვირჯინიის კუნძულებს ძალიან პოპულარულს ხდის: 2006 წლიდან მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 9-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს კარიბის არქიპელაგმა მოიზიდა 65 მილიარდი დოლარი – ეს მეტია, ვიდრე მეტროპოლიაზე მოვიდა (62 მილიარდი დოლარი) და იმაზე ნახევარჯერ მეტი, ვიდრე მიიღო ჩინეთმა (121 მილიარდი დოლარი).

მოთხოვნა საგადასახადო თავშესაფრებზე ბოლო დროს გაიზარდა. თუკი 2000-06 წლებში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების საშუალო წლიური ნაკადი ოფშორულ საფინანსო ცენტრებში შეადგენდა 15 მილიარდ დოლარს, 2007-12 წლებში უკვე 75 მილიარდს. ოფშორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან მოცულობაში გაიზარდა 1-2-დან 6%-მდე. და ეს არის იმ კაპიტალის გათვალისწინების გარეშე, რომელიც გადის სპეცდანიშნულების კომპანიის გავლით – მას UNCTAD უწოდ-ებს კიდევ ერთ ოფშორულ მექანიზმს ფულადი ნაკადების გადასამისამართებლად. ამ არხზე 2012 წელს მოდიოდა დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი.

იზრდება იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებიც ცდილობენ ოფშორებად ქცევას, ძალიან ბევრი პატარა კუნძულ-სახელმწიფოსთვის ეს ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის ოპტიმალური საშუალებაა. გასულ წელს ოფშორული საფინანსო ცენტრის შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა მალდივის სახელმწიფომ, რომელმაც ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება ტურისტული ინდუსტრიის საზღვრებს მიღმა გადაწყვიტა.

2013 წლიდან OECD-ის (სწორედ ეს ორგანიზაცია მოახდენს განვითარებული სახელმწიფოების მოქმედებების კოორდინირებას გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლაში) ქვეყნები აქტიური შეტევის ფაზაში შევიდნენ. მათ ქმედებებს თავდაჯერებულობა კვიპროსის კრიზისმა და Offshore Leaks-ის სკანდალმა შემატა, რამაც მსოფლიოს 170 ქვეყნიდან ოფშორული ანგარიშების 130 ათასი მფლობელის მონაცემი გახსნა. Oxfam-ის მონაცემებით, პლანეტის შეძლებული ადამიანების მესამედზე მეტის სიმდიდრე, რომელიც ოფშორებში ინახება (7,2 ტრილიონი დოლარი), არის იურისდქციაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებია და სამეფოს დამოუკიდებელი მფლობელობაა.

მეტროპოლიის ზეწოლის ქვეშ ივნისის დასაწყისში უმსხვილესმა ოფშორებმა: კაიმანის, ბერმუდის, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებმა, ასევე გიბრალტარმა, კუნძულებმა – მენმა და ვერნზიმ შეთანხმება დადეს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ ხუთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოსთან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. დარჩა მხოლოდ ერთი (კაიმანის კუნძულები უკვე დათანხმდა) – ხელი მოეწეროს OECD-ისა და ევროპის საბჭოს მრავალმხრივ კონვენციას საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ. შეთანხმება მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს, როგორ არსრულებენ მათი რეზიდენტები საგადასახადო ვალდებულებებს. რუსეთი ამ კონვენციას 2011 წლის ნოემბერში მიუერთდა, ხოლო 2013 წლის აგვისტოში ჩინეთი შეთანხმების 56-ე მონაწილე გახდა.

OECD-ის აზრით, ოფშორული მოდელისთვის საბოლოო დარტყმა უნდა გახდეს მისი პროექტი, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ, რომელიც სექტემბერში G20-ის სამიტმა მიიღო, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსოფლიოს უცებ გამჭვირვალედ გადაქცევა ძალიან ამბიციური სურვილია. ”იმის მოლოდინი, რომ რეგულატორების ინიციატივა უახლესი 2-3 წლის მანძილზე რამე კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევს, ძალიან თავდაჯერებული მოლოდინია. საგადასახადო დაბეგვრა ეროვნული სუვერენიტეტის ქვაკუთხედია და ადგილობრივ საგადასახადო წესებს შორის განსხვავება ყოველთვის გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობასა და კინკლაობას”, – განაცხადა კომპანია ISLA Offshore Advisor-ის კონსულტანტმა, ჯოან ჯორჯმა.

სამოქმედო გეგმის შემუშავება რთული არ არის, რთულია სიტყვის საქმედ ქცევა. კონსალტინგური კომპანია SFM-ის ექსპერტების აზრით, ეს გეგმა იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მის ინიციატორებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეებრძოლონ საგადასახადო ბაზის ეროზიას კონკურენტუნარიანობის სტრუქტურული უკმარისობის გამო და იმისაც, რომ თავიანთი უპირატესობის გაუმჯობესების შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი კონკურენტების პოზიციების შესუსტებას ლამობენ. გარდა ამისა, პროექტში ჩადებულია წინააღმდეგობა და ის ერთდროულად ორ მოვლენას ეხება – ფისკალურ შემოსავლებზე საერთაშორისო კონკურენცია და ლეგალური საგადასადახადო ოპტიმიზაცია. ბოლოს – კორპორატიული გადასახადის გადამხდელის კანონიერი შესაძლებლობა – მოახდინოს მისი საგდასახადო ვალდებულებების მინიმიზაცია. გამოდის, რომ ოფშორები კიდევ იბრძოლებენ სიცოცხლისუნარიანობისთვის, თუმცა, ცვლილებები მოუწევთ.

”ოფშორული ქვეყნების მთავრობები უარს არ იტყვიან საკუთარი საგადასახადო პოლიტიკის სუვერენულ უფლებაზე, ვიდრე არ იგრძნობენ საერთაშორისო ზეწოლის სიძლიერეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ბიზნესისა და ბანკების მხრიდანაც. ჩვენ ინდუსტრიაში ცვლილებების უმეტესობაში სწორედ ბანკები გამოდიან მამოძრავებელი ძალის როლში. კლასიკური ოფშორის მოდელი თანამედროვე ცხოვრებაში უფრო ნაკლებად გამოიყენება იმ პირობებში, როცა საერთაშორისო გიგანტები, დაახლოებით ისეთები, როგორებიც არიან Standard Chartered Bank და HSBC უარს აცხადებენ საგადასახადო თავშესაფრებში დარეგისტრირებული კომპანიების მომსახურებაზე. კლიენტებიც კი ასეთ ქვეყნებთან მიმართებაში უფრო და უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენენ”, – აცხადებს Healy Consultants-ის კლიენტებთან ურთერთობის სპეციალისტი რაიან რომანი.

2014 წლის იანვრიდან აშშ-ის საგადასახადო სამმართველო იწყებს დევნას სხვა იურისდიქციებში საგადასახადო დარღვევების გამო – ეს მას საშუალებას აძლევს განახორციელოს FATCA-ს აქტი (კანონი ამერიკელი მოქალაქეების უცხოური ანგარიშების საგადასახადო შესაბამისობის შესახებ). მსგავსი მთავრობაშორისი შეთანხმებების რიცხვი იზრდება, ამიტომაც, კლასიკური ოფშორები, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ”შავი ხვრელები” თანდათანობით ”გადაშენდება”.

ამასობაში, გამჭვირვალე იურისდიქციები, რომლებიც შეთანხმებულები არიან საგდასახადო ინფორმაციის გაცვლაზე, არსებობას განაგრძობენ. მსოფლიოში ოფშორულ სქემებს ბევრი გავლენიანი მომხმარებელი ჰყავს და ამიტომ მის დასასრულზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ”უმდიდრესი ადამიანები და კორპორაციები ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე ინტერესებს ლობირებენ. სანამ ისინი თავიანთ ფულს ოფშორებში ინახავენ, ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმების იურისდიქციები არ გაქრებიან. იქნება მოთხოვნის ცვლილება ერთი ქვეყნიდან მეორეზე, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია _ ბიზნესის პირობების ცვლილებებზე მორიგების”, – ფიქრობს Heritage Gro-ის წამყვანი სპეციალისტი ოლგა კირილოვა. თუკი იურისდიქცია დაბეგვრის თვალსაზრისით არამიმზიდველი გახდება, მის ადგილს სხვა იკავებს, ასეთია საერთაშორისო საგადასახადო კონკურენციის კანონები, რომელიც არ გაქრება, სანამ არსებობენ სუვერენული სახელმწიფოები, ფიქრობენ ექსპერტები.

ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ოფშორების გაფურჩქვნის 50-წლიანი ეპოქა წარსულში დარჩა, მაგრამ მის ბოლოზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახალი ტრენდი იქნება ფინანსური ნაკადების მეტად განშრევება. შავი ფულის მასა ნაწილობრივ გადავა შავ სექტორში, ნაწილობრივ კი ”გათეთრდება”. ნახევრად ლეგალური და კრიმინალური ფულის კონცენტრირება გაგრძელდება კლასიკურ ოფშორებში, მაგრამ მათი გამოყენება მეტად გართულდება. ლეგალური კაპიტალი კი წავა იმ ქვეყნებისკენ, რომლებშიც მსუბუქი საგადასახადო კლიმატია და განვითარებული საფინანსო ინფრასტრუქტურა, ისეთი, როგორიცაა ნიდერლანდები, ირლანდია, ლატვია.

ოფშორებს იმედს ის ფაქტიც აძლევს, რომ მას მიმართავენ არა მხოლოდ გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების მიზნით. ოფშორულ იურისდიქციებზე გამარჯვებამ შეამცირა მოთხოვნა OECD-ის ქვეყნების რეზიდენტების მხრიდან, რომლებიც მათ გადასახადების გადახდის თავის არიდებისთვის იყენებდნენ, მაგრამ არ ასახულა კლიენტების მოთხოვნაზე, რომლებიც ეძებენ საგადასახადო ოპტიმიზაციის მართლზომიერ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ოფშორულ კომპანიებს ხშირად იყენებდნენ არასაგადასახადო მიზნებითაც – საერთაშორისო გარიგებების სტრუქტურირების ან ჰოლდინგური სტრუქტურების ოპტიმიზაციისთვის.

შვეიცარიას ან ლიხტენშტეინს კიდევ იმიტომ ირჩევენ, რომ მათი კანონმდებლობა აქტივების ხელყოფისგან დაცვას უზრუნველყოფს. ეს იზიდავს არა მხოლოდ კორპორაციებს, არამედ მსხვილი ქონების მფლობელებს. Bოსტონ ჩონსულტინგ Gროუპ-ის მონაცემებით, ოფშორული სიმდიდრე 2012 წლისთვის 6,1%-ით გაიზარდა 8,5 ტრილიონ დოლარამდე.

ექსპერტების თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული ბიზნესი შეუძლებელია მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მზაობის გარეშე და ამიტომ, მარგინალური ოფშორული ზონები განწირულია. დაბალგადასახადიან იურისდიქციებს შორის მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც მსხვილ ეკონომიკებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და გახსნიან საგადასახადო ინფრომაციას.

Offshore Leaks-ის სკანდალის, კვიპროსზე საბანკო კრიზისის, ოშფორული იურისდიქციებით მოსარგებლე კომპანიებისა და კერძო პირების მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, შედარებით პოპულარული იურისდიქციების რეპუტაციაც ეჭვქვეშ დადგა. რეგულატორების მოქმედებების პარალელურად მათ ოფშორული ფინანსების მსოფლიო სისტემის გადატვირთვა დაიწყეს. ისეთი ცნებები, როგორიცაა კონფიდენციალობა და საბანკო საიდუმლოება, ქრება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საჭიროა, თამაშის შეცვლილ წესებთან ადაპტირება.

ექსპერტები ამბობენ, რომ მალე კერძო ქონების მართვისას რეკომენდაციის მიცემა, რომ, ვთქვათ, ლუქსემბურგი აჯობებს გიბრალტარს, უაზრობა ხდება: ყველა მსგავსი იურისდიქცია იმოქმედებს ღიაობის ერთიანი სტანდარტებიდან გამომდინარე. იურისდიქციის არჩევა პრინციპით – როგორ დავმალო უკეთ – სერიოზულმა კერძო და კორპორატიულმა ინვესტორებმა უნდა დაივიწყონ.

დღეს უკვე ხდება ოფშორული ბიზნესის ახალი მოდელის ფორმირება, რომელიც ნაკლებად ფარავს საგადასახადო სამართალდარღვევებს და მეტად გამოდის საგადასახადო დაგეგმვის ინსტრუმენტად. რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ის არის, რომ გაიზრდება იურისტებსა და საგადასახადო კონსულტანტებზე მოთხოვნა, რომლებიც შეძლებენ სამართლის თვალსაზრისით უზადო და დანახარჯების თვალსაზრისით მომგებიანი სქემის მოფიქრებას საგდასახადო ტვირთის კანონიერი მინიმიზაციისთვის. ამისთვის კი საჭირო გახდება მოქნილი და გაწაფული გადაწყვეტილებების მოძებნა – წლების მანძილზე გამოყენებული შაბლონები კლასიკური ოფშორების გამოყენებით აღარ ივარგებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial