ბერნანკეს მონეტარული ფილოსოფიის მემკვიდრე

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

რამდენიმე კვირაში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის ახალი მეთაური ეყოლება. ფედერალური სარეზერვო სისტემის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ბენ ბერნანკეს ვადა 2014 წლის იანვარში ეწურება. ქვეყნის და, შეიძლება ითქვას, დიდწილად მსოფლიოს მომავალი, საფინანსო პოლიტიკა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ტიპის ხელმძღვანელი ეყოლება ფედს.
სწორედ ბერნანკეს შემცვლელზე იქნება დამოკიდებული, როდის შეიცვლება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც პრაქტიკულად ნულის ტოლია. ადრე თუ გვიან, განაკვეთი აუცილებლად შეიცვლება, ამაზე ამერიკის ეკონომიკის დინამიკა მეტყველებს. მაგრამ როდის? რამდენით გაიზრდება? ამ კითხვებზე პასუხი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც სწორედ ისინი განსაზღვრავენ უახლოეს პერიოდში დოლარის კურსებს სხვა ვალუტებთან.

ბენ ბერნანკე

ბენ ბერნანკე, ამერიკელი მაკროეკონომისტი, აშშ-ის ფედერალურის რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლიდან გახდა. მანამდე ის იყო აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი 2002-2005 წლებში. ასევე იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2005 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბუშმა ის ალან გრინსპენის შემცვლელად დაასახელა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე. ამ თანამდებობაზე ბერნანკე სენატმა 2006 წლის 1 თებერვალს დანიშნა.

ბერნანკემ ჰარვარდის უნივერსიტეტი 1975 წელს დაამთავრა; ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში 1979 წელს. ასწავლიდა სტენფორდის უნივერსიტეტში 1979-1985 წლებში, შემდეგ კი პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში პროფესორი ხდება.
1996-2002 წლებში ამ დეპარტამენტის თავმჯდომარეა, რის შემდეგაც სახელმწიფო სამსახურში გადადის. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ლექცია აქვს წაკითხული ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მონეტარულ თეორიასა და პოლიტიკაზე და დაწერილი აქვს სამი სახელმძღვანელო მაკროეკონომიკაში.
იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორი და ჟურნალ ”ამერიკის ეკონომიკური მიმომხილველის” რედაქტორი. მისი ინტერესთა საგანია დიდი დეპრესიის მიზეზები – აშშ-ის ისტორიის პერიოდი, რომელსაც განსაკუთრებული მონეტარული დეფლაცია ახლდა თან.

Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში, რომელსაც ავტორიტეტული გამოცემა 2009 წლიდან აქვეყნებს, წელს ბენ ბერნანკემ მეშვიდე ადგილი დაიკავა. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ბერნანკეს ბევრი აკრიტიკებდა. კრიტიკა მკვეთრი იყო, რომელიც, ზოგადად, ეკონომიკურ პოლიტიკაზე შეხედულებების პოლარიზაციას ასახავდა.

ბატონ ბერნანკეს უმოქმედობაში განსაკუთრებით კეინსიანური სკოლის წარმომადგენლები ადანაშაულებდნენ. კრიტიკა განსაკუთრებით გამწვავდა 2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც მოკლევადიანმა კურსებმა უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით, ნულოვან ზღვარს მიაღწიეს.

ვინ ცვლის ბერნანკეს

ბერნანკეს წასვლის შემდეგ, ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ისტორიის მანძილზე პირველად, ქალი ჩაუდგება სათავეში. ოქტომბრის დასაწყისში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა 67 წლის ეკონომისტის ჯანეტ იელენის კანდიდატურა.

ფედერალური სარეზერვო სისტემის მოქმედ პრეზიდენტს და ჯანეტ იელენი ამ დროისთვის ბერნანკეს მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ისევე, როგორც ახლანდელი თავმჯდომარე ბენ ბერნანკე, იელენიც „რბილი” ფინანსური პოლიტიკის მომხრეა, რაც ეკონომიკის ზრდის დაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებით ხელშეწყობას გულისხმობს.

ექსპერტთა შეფასებით, ჯანეტ იელენის განცხადებები, რბილი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების თაობაზე, ხელს უშლის ამერიკული ვალუტის კურსის ზრდას. ”როგორც მივხვდი, იელენი ძალიან ფრთხილად ეკიდება სტიმულირების პროგრამის შეწყვეტას”, – განაცხადა Bank of Toky-Mitsubishi UFJ-ის სინგაპურის ოფისის ანალიტიკოსმა.

ამერიკის სენატის წინაშე გამოსვლისას, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურ ბანკს ჯერ კიდევ დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს ეკონომიკის და შრომის ბაზრის დასახმარებლად. ამის გამო, ბევრმა ანალიტიკოსმა გააკეთა დასკვნა, რომ ბანკი უახლოეს მომავალში სტიმულირების პროგრამის შეჩერებას არ აპირებს.

ჯანეტ იელენს დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება აქვს და სწორედ ის გამოვიდა ერთ-ერთი პირველი სტიმულირების ზომების შემოღების ინიციატივით. ამიტომ, მისი დანიშვნის შემდეგ, პოლიტიკა QE3, უფრო ძლიერ ლობისტს მიიღებს, ვიდრე ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელია. სპეციალისტთა შეფასებით კი, დოლარისთვის ეს ხანგრძლივ დაღმავალ ტრენდს ნიშნავს.

იელენი ძალიან გამოცდილი ფინანსისტია, მაგრამ მის მნიშვნელოვან უარყოფით თვისებად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ ის ეგრეთ წოდებული ”მტრედების” (რბილი ფინანსური პოლიტიკის მომხრე) კასტას მიეკუთვნება. მით უმეტეს, რომ სპეციალისტთა შეფასებით, აშშ-ის დაბალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდი ძალიან გაიწელა. ქვეყნის ეკონომიკა თანდათან კრეფს ტემპს, რის გამოც, ახლახან ბერნანკემ განაცხადა, რომ, შესაძლოა, მალე რაოდენობრივი ფონის განმუხტვის მესამე ეტაპის (QE3) მოცულობის შემცირება შესაძლებელი გახდეს.

ბენ ბერნანკე ცდილობს ჯანეტ იელინს საქმე გაუადვილოს. ნოემბერში საჯარო გამოსვლისას ბერნანკემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ კურსის სიმყარეს, რომელსაც ფედი მისი მმართველობის დროს ატარებდა და რომელსაც იელინიც გააგრძელებს. ”რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკა შეიძლება სულაც არ იყოს იდეალური ერთი შეხედვით, ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა მესიჯების გაგზავნა ჩვენი სამომავლო პოლიტიკის შესახებ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. და მიუხედავად იმისა, რომ QE შეიძლება მალე დასრულდეს, ეს სულაც არ ნშნავს, ფედი დაუშვებს აშშ-ის ეკონომიკის კვლავ უფსკრულში დაბრუნებას” – მსგავს მესიჯებს შეიცავდა ბერნანკეს ერთ-ერთი ბოლო საჯარო გამოსვლა.

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ფედის ნულს მიახლოებული საპროცენტო განაკვეთები აშშ-ის ეკონომიკაზე, ბოლო პერიოდში დიდი დებატებია გამართული. ნაწილი ფიქრობს, რომ როდესაც ფედი ყიდულობს სახაზინო ობლიგაციებს, ამ სახაზინო ობლიგაციების სხვა პოტენციური მყიდველები იძულებულნი არიან შეიძინონ სხვა აქტივები, რასაც მოჰყვება ყველა გრძელვადიანი სასესხო აქტივის განაკვეთების შემცირება და იწვევს აქციათა ბაზრების ზრდას.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ფედის ამ პოლიტიკის შეთხვევაში, მოლოდინებია, რომელსაც ეს პოლიტიკა ქმნის. ფიქრობენ თუ არა ინვესტორები, რომ ფედს ყველაფრის გაკეთება ხელეწიფება იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მიაღწიოს ინფლაციის თარგეთირებულ 2%-იან ნიშნულს? შეუძლია კი ფედს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მანამ სანამ ”წვეულება” დაიწყება? ”პოლიტიკის ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი ხედავენ შედეგებს. რადგან ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების შედეგები უკვე სახეზეა. საუბარი მარტივია, მაგრამ სახეზე 3 ტრილიონი აშშ დოლარის ბონდების პორტფელია. ის რომ ჩვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ცდებიან, ნათელია იქიდან გამომდინარეც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბონდების დიდი რაოდენობით შესყიდვის მიუხედავად, ბაზარი ჯერ არ აფეთქებულა” – ვკითხულობთ ბერნანკეს მესიჯში.

ახლა ბერნანკესა და მალე უკვე იელინს მოუწევთ Wall Street-ის დარწმუნება, რომ როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაატარონ მათ ამის მერე, აშშ-ის ეკონომიკას აღარ დაემუქრება კრიზისში დაბრუნება.

ბერნანკეს პოლიტიკის კრიტიკოსთა შეფასებით, ფედი თავის ბოლოდროინდელი პოლიტიკით ხელს უწყობს ბანკებს და ახალისებს მათ, ფლობდნენ ძვირადღირებულ აქტივებს და ისე რომ, თავს არ იწუხებენ ბიზნესისა და მომხმარებელთა დაფინანსებით. მაგრამ ეს შენელებული მოქმედების ბომბს ჰგავს, იმ შემთხვევაში, თუ ბანკები დაიწყებენ ეკონომიკაში ფულის ერთროულად გაშვებას, ამას ინფლაცია და ეკონომიკური ”აურზაური” მოჰყვება – მიიჩნევენ ბერნანკეს კრიტიკოსები. ბერნანკემ და იელინმა იციან, რომ მათმა პოლიტიკამ გადაჭარბებული რეზერვების დონის შექმნას შეუწყო ხელი ბანკებში.

ბერნანკეს სტიმულირების პოლიტიკა დაიწყო 2008 წლის ბოლოს, გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გარიჟრაჟზე. 2008 წლის აგვისტოდან 2013 წლის სექტემბრამდე ქვეყანაში ფულის მიწოდება 2.6 ტრილიონი აშშ დოლარით, 3.5 ტრიოლიონამდე გაიზრდა, რაც 2008 წლის აგვისტოში არსებულ მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ეს თანხა, ძირითადად, ბანკების ჭარბ რეზერვებში დაილექა. ჭარბი რეზერვების მოცულობა ბანკებში 2008 წლის აგვისტოში იყო 1.9 მილიარდი აშშ დოლარი, 2013 წლის სექტებრისთვის კი ეს მაჩვენებელი უკვე 2.2 ტრილიონი იყო, 1,180-ჯერ მეტი. ამ დროისათვის ბანკების ჭარბი რეზერვები ქვეყნის მონეტარული ბაზის 83.8%-ს შეადგენს. გაზრდილი მონეტარული ბაზის მხოლოდ 16.2% აკუმულირდა, როგორც ნაღდი ვალუტა ან როგორც კერძო სექტორის დეპოზიტი. მართალია, ოფიციალურად ჭარბი რეზერვების მოცულობა არ შედის ბანკებისათვის სავალდებულო 10%-იანი რეზერვების მოცულობაში და ისინი არ არიან ვალდებულნი ფლობდნენ ამ რაოდენობით ჭარბ რეზერვებს, მაგრამ ფედის ხელმძღვანელობა ყოველთვის ახალისებდა მათ და მოუწოდებდა, შეენარჩუნებინათ ჭარბი რეზერვების მაღალი დონე. ფედი ამისათვის ბანკებს დამატებით პროცენტებსაც უხდიდა. 2008 წლის 6 ოქტომბერს ბერნანკემ განაცხადა, რომ ფედი პროცენტებს გადაუხდიდა ნაციონალურ ბანკებს იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ეს რეზერვები. მაშინ, როცა ეს ბანკები უნდა ყოფილიყვნენ მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი დამფინანსებლები ქვეყანაში. ბერნანკეს პოლიტიკის კრიტიკოსებს სწორედ ამ რეზერვების ”აფეთქება” აშინებთ. ამერიკელი ფინანსისტების ნაწილი პარალელებს 1937 წლის მოვლენებთან ავლებს. მაშინაც მსგავსი პოლიტიკით მოქმედებდა ამერიკის ცენტრალური ხაზინა და ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვა.

თუმცა, როგორც ჩანს, ობამა ბერნანკეს ოპონენტთა არგუმენტებს არ იზიარებს. მართალია, ობამას ფედის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურების გრძელ სიაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მომხრეებიც ჰყავდა, მაგრამ მან არჩევანი იელინზე გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს ბერნანკესა და მისი მემკვიდრის მონეტარულ ფილოსოფიას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial