რა შედეგებით დასრულდა დავოსის ეკონომიკური ფორუმი საქართველოსთვის

22-25 იანვარს დავოსში 2014 წლის მორიგი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა, სიტყვით 23 იანვარს გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევრაზიის რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ათასწლეულის დადგომიდან, სტაგნაციის წლების შემდეგ, პოლიტიკური მოვლენები საქართველოში დინამიურობით გამოირჩევა, ხოლო ეკონომიკა სულ უფრო მდგრადი ხდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც მოიცავს. „საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქციისა და მომსახურებისთვის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს საქართველოში “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, დავოსის ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი; საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია და შპს ,,საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

საქართველოს დელეგაციამ დავოსის რიგით 44-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რამდენიმე კომპანიასთან გამართა შეხვედრა. მათ შორის არიან: LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS და MOLLER MAERSK. კომპანიის ხელმძღვანელები საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოთი დაინტერესდნენ. მათ ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოხატეს ქართულ ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში. სწორედ დავოსში გადაწყდა, რომ 2015 წელს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში ჩატარდება.

გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრაზე იქნა მიღებული. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდეტ სუმა ჩაკრატაბის განცხადებით: „EBRD-ს აქციონერებმა 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის ადგილად ერთხმად აირჩიეს საქართველო დედაქალაქი თბილისი. მე მგონი ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ შეხვედრას კავკასიის რეგიონში ვატარებთ. მე ძალიან მეამაყება, რომ ეს იქნება თბილისში. მოუთმენლად ველით ამ შეხვედრას და გავაკეთებთ ბიზნეს განვითარების ძალიან დიდ ღონისძიებას, რათა მოვახერხოთ ინვესტორთა მოზიდვა საქართველოში. ჩვენ ძალიან ძლიერი პატრნიორობა გვაკავშირებს. გასულ წელს, 13 პროექტი განვახორციელეთ საქართველოში, დაახლოებით 100 000 000 დოლარის ფარგლებში. ვიმედოვნებთ, რომ ამ რიცხვს გავაორმაგებთ. ყველაზე მეტად გვახარებს, ჰიდროენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობა. საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი და მას შეუძლია აწაარმოოს ჰიდროენერგიის ექსპორტი რეგიონალურ ბაზრებზე. გვინდა ამის ხელშეწყობა და ვუმიზნებთ, ერთ-ორ პროექტს კონკრეტულად ამ სფეროში“.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და მაია ფანჯიკიძე სოროსის ფონდის თავმჯდომარეს ჯორჯ სოროსს შეხვდნენ. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მასზე განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ROYAL PHILIPS-თან, რომელიც საქართველოში რეგიონალური სათაო ოფისის გახსნას გეგმავს. დეტალების შესათანხმებლად კომპანიის აღამსრულებელი თავმჯდომარე ჰარი ჰენდრიკსი საქართველოში 23 აპრილს ჩამოვა.

საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო ქართულმა დელეგაციამ ამერიკული კომპანია AGCO-ხელმძღვანელობას. ქართულმა დელეგაციამ AGCO -ს პრეზიდენტთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოში წარმოების დაწყების პერპექტივა განიხილა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზეც. შეხვედრა გაიმართა ქუვეითის უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანიის AGILITY LOGISTICS-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ტარეკ სულთან ალ ესსასთან.

GILITY წარმოადგენს ინტეგრირებული ლოჯისტიკის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს და სამ ურთიერთდაკავშირებულ სფეროს აერთიანებს: ტვირთების გადაზიდვა, ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები და სპეციალიზირებული მომსახურება.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელში გაემგზავრა. საქართველო ისრაელიდან პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას ელოდება. ასეთი შედეგით დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში.

საქართველოს პრემიერს ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები, როგორც ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ისე ბიზნეს-ელიტასთან. ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა პრეზიდენტ პერესს, პრემიერ ნეთანიაჰუს, საგარეო მინისტრ ლიბერმანსა და შინაგან საქმეთა მინისტრ საარს. ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნით კი, იერუსალიმმა და თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი და გლობალური პოლიტიკა

საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინვესტირებისათვის მიმზიდველი რეგიონების განხილვა დავოსის სამუშაო სესიების მთავარი საკითხი იყო.

ფორუმის მსვლელობისას რამდენიმე ძირითადი პოსტულატი გამოიკვეთა:
• განვითარებადი ბაზრების ეკონომიკური ზრდა ტრანსფორმაციას განიცდის, მას შემდეგ რაც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებმა კრიზისიდან გამოსვლა დაიწყეს;
• ზრდის ტემპების შენელება გაურკვევლობის ხარისხს ზრდის განვითარებადი ეკონომიკების მიმართ; გრძელვადიან პერიოდში ოპტიმისტური პროგნოზებია, მიუხედავად რამდენიმე დაბრკოლებისა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში ჯერ ისევ რჩება;
• კომპანიები ბრიკის ქვეყნებს, როგორც მიმზიდველ საინვესტიციო ნავსაყუდელს აღარ განიხილავენ.

როგორც დავოსის ფორუმზე მათი წარმომადგენლების მხრიდან გამოსვლისას გამოჩნდა, მულტინაციონალური კომპანიები უფრო მომთხოვნი და ფრთხილნი გახდნენ განვითარებად ბაზრებში ინვესტირებისას, რადგან ამ ბაზრების ეკონომიკური ზრდა შემცირებულია, მაშინ როცა დასავლური ბაზრები კვლავ მიმზიდველი ხდება მათთვის.

„ეს იყო ოქროს მოზღვავება ამ რეგიონებში, მაგრამ ახლა ოქროს ნაკადი მცირდება“ – განაცხადა დავოსში ჯეფ ჯერისმა, Manpower Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი კომპანია უამრავ ფირმას ემსახურება ადამიანური რესურსების მენეჯმენტში. მისი განცხადებით, კომპანიები სულ უფრო ხშირად ახდენენ საკუთარი რესურსების განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ეკონომიკებში „გაწვევას“. „მაღალი არბიტრაჟის გამო განვითარებადი ეკონომიკები წარსულში ძალიან მიმზიდველი იყო. აქ ფულის დაბანდების პროცედურები შედარებით გამარტივებული იყო. ახლა კი არც ერთი და თითქმის არც მეორე მიმზიდველობა აღარ არსებობს ინვესტორებისთვის, რაც საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძალიან აჭიანურებს“ – განაცხადა ჯეფ ჯერისმა.

ეს ტენდენცია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ეკონომიკური ბალანსის გადანაწილებას შეცვლის და აშშ კვლავ შეძლებს დაიბრუნოს მსოფლიოს ეკონომიკური გამოშვების ცენტრალური კერის ურყევი სტატუსი უკვე 2014 წელს, მიიჩნევენ დასავლელი ანალიტიკოსები. მართალია, განვითარებადი ბაზრების ეკონომიკური ზრდის ტემპები კვლავ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე განვითარებული ქვეყნების, მაგრამ მათ შორის განსხვავება 2002 წლის მერე ყველაზე დაბალი იქნება.

გასულ კვირას, ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა პირველად გაზარდა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2013 წელს არსებული 2.4%-დან, 3.2%-მდე 2014 წლისთვის. მაგრამ ამავე დროს შეამცირა განვითარებადი ბაზრების ზრდის პროგნოზი 5.6%-დან 5.3%-მდე. განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს შორის ძალთა გადანაწილება და ბალანსი დავოსის ფორუმისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების მთავარი თემაა ამ დღეებში. ბრაზილიის, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური ზრდის ტემპები დღეს კრიზისის წინა პერიოდის მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარია, შსაბამისად, კომპანიებმა უკვე დაიწყეს „დიდი ოთხეულის“ მიღმა არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევა.

მაგალითისათვის, Yahoo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარისა მეიერმა ონლაინ კომპანიებისთვის მიმზიდველ საინვესტიციო ადგილებად შუა აღმოსავლეთი და ინდონეზია დაასახელა. სასტუმროების ქსელ Marriott International-ის ხელმძღვანელმა კი რეკომენდაცია რუანდას გაუწია. გაურკვევლობის მაღალ დონეს გაუსვეს ხაზი სხვა კომპანიების წარმომადგენლებმაც, განსაკუთრებით ბრაზილიასა და რუსეთში. მათი განცხადებით, ამ ქვეყნებში კომპანიებისთვის რთული პერიოდი დგას. ბრიკის ქვეყნების საინვესტიციო გარემოს კვლევის მიხედვით, რომელიც Accenture-მა ჩაატარა, კომპანიების 60%-ს სურს კაპიტალის გატანა ამ ქვეყნებიდან და სხვა უფრო მზარდ ეკონომიკებში ჩადება. შგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში განვითარებად ბაზრებზე განხორციელებულმა ინვესტიციებმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. Morgan Stanley-ის მონაცემების მიხედვით, 2013 წელს ევროპის 505 უმსხვილესი კომპანიის გაყიდვების მესამედი განვითარებად ბაზრებზე მოდის, რაც 1997 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2.8-ჯერ მეტია, მაგრამ ეს მაჩვენებელი შემცირებისკენ მიდის. თუმცა არიან ოპტიმისტებიც, რომლებიც განვითარებად ბაზრებზე არსებულ სიტუაციას დროებით შეფერხებად მიიჩნევენ და გრძელვანიან პერიოდში სიტუაციის გაჯანსაღებას ელოდებიან. „განვითარებადი ბაზრები ნელ-ნელა ვითარდებიან. ამ პროცესს თან ახლავს როგორც აღმასვლის, ასევე ზრდის შენელების ტემპები. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ასე დამოკიდებულნი მოკლევადიან ტრენდებზე“ – განაცხადა Toshiba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას. მას სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებიც ეთანხმებიან, რომლებიც ჯერჯერობით არ აპირებენ კაპიტალის ბრიკის ქვეყნებიდან გატანას.

2014 წლის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა მსოფლიო რისკების ანგარიში, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში მსოფლიოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება:
1. წამყვანი ეკონომიკების ფისკალური პრობლემები;
2. სტრუქტურული უმუშევრობის მაღალი დონე;
3. წყალთან დაკავშირებული რისკები;
4. ეკონომიკური შემოსავლიანობის უთანაბრობა;
5. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები და გადაუჭრელი საკითხები;
6. გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები (წყალდიდობები, მეწყერი, ცუნამი, მიწისძვრა და ა.შ.);
7. გლობალური მმართველობის კრახი;
8. საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისი;
9. ფინანსურ ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებული რისკები;
10. გლობალური პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობა.