სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე

ფატი შენგელია

საქართველოში ამჟამად შექმნილ, სწრაფადცვალებადი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შესაბამისად, იცვლება რეგიონის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული საბიუჯეტო-საფინანსო მდგომარეობისა და არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში რეფორმების თანმიმდევრული გატარებით შესაძლებელი გახდა, რეგიონს გარკვეული პოზიტიური შედეგებისთვის მიეღწია.

2000 წლის მონაცემებით რეგიონში, მეტ-ნაკლები დატვირთვით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებდა 242 სამრეწველო საწარმო. 2000 წელს ამ საწარმოთა მიერ გამოშვებულია 34 მილიონ 521 ათასი ლარის პროდუქცია (შესადარ ფასებში). წარმოების მოცულობის მაღალ ტემპს მიაღწია სენაკის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონებმა. მიუხედავად აღნიშნულისა 2000 წელს გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, რეგიონში ვერ შეინარჩუნეს სამრეწველო წარმოების ზრდის ტენდენცია და 1999 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 250,8 ათასი ლარით შემცირდა. ამის მიზეზია ჩაის პირველადი და მეორადი გადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება. ამის უმთავრესი მიზეზი არის ქვეყანაში არსებული უმძიმესი ენერგოკრიზისი, ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდება, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახა ქ. ფოთის სამრეწველო საწარმოების მუშაობაზე.

წინა წელთან შედარებით 2000 წელს გადატვირთული პროდუქციის მოცულობის გაზრდა 4,9 პროცენტითაა მიღწეული. აღსანიშნავია, რომ 15,7 პროცენტით, ანუ 10,2 მილიონი ლარით გაიზარდა საექსპორტო პროდუქციის მოცულობა. საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვან ზრდას ადგილი ჰქონდა ზუგდიდის (30%), მარტვილის (16%), სენაკის (81%), წალენჯიხის (14,2%), ხობის (14,9%) რაიონებში.

სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის გადიდება, ძირითადად, დაკავშირებულია რეგიონში თხილის დამზადების მნიშვნელოვან ზრდასთან და თხილის გადამამუშავებელი საწარმოების ამოქმედებასთან. ამ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქცია თითქმის მთლიანად საექსპორტოა.

სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი, რომლისგანაც მოკლე პერიოდში უნდა მივიღოთ უკუგება, არის სოფლის მეურნეობა და მთლიანად აგროსამრეწველო კომპლექსი. აქ სათავეს იღებს როგორც რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნის შედარებით მწვავე სასურსათო პრობლემები.

სამეგრელო უპირატესად სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი რეგიონია, რომელიც, ტრადიციულად, ცალკეული სახის კვების პროდუქტების ექსპორტიორი იყო, საქართველოს რეგიონებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირისათვის ჩაის, ციტრუსის, თხილის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი. ბოლო ხანებში ჩაის, ციტრუსებისა და თხილის ექსპორტი ქაოსურად მიმდინარეობს. რეგიონის პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად, შიგა ბაზრით შემოიფარგლება.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმები საფუძველს გვაძლევს, აღვნიშნოთ, რომ ამ დარგში კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ საბაზრო სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობას.

სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოყვანის საფუძველი არის სოფლად ეკონომიკური ურთიერთობების სიღრმისეული შეცვლა, კერძოდ, მიწაზე კერძო მფლობელობის დაბრუნება. მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება გადავწყვიტოთ სასურსათო პრობლემა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მიწების განაწილებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაჯანსაღების მიღწევა შეუძლებელია, თუ განაწილებასთან ერთად არ მოხდება წარმოების საშუალებებით უზრუნველყოფის მექანიზმის სრულყოფა.

ბოლო წლებში აგრარული სექტორის განვითარებაში მთვარი ამოცანა მიწის რეფორმა იყო. ნაჩქარევად, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის გარეშე ჩატარებულმა მიწის პრივატიზაციამ თვისებრივად შეცვალა საკუთრების ფორმების თანაფარდობა. თუ რეფორმამდელ პერიოდში საქართველოში მიწაზე მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება იყო, 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სურათი რადიკალურად შეიცვალა. კერძო სექტორმა მიწის საერთო ფართობში 13,4% შეადგინა. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ეს მაჩვენებელი შეადგენს 25,2%-ს. სახნავის – 55,1%-ს, მრავალწლიანი ნარგავების – 67,5%-ს, სათიბების – 29%-ს, საძოვრების – 4,7% კერძო საკუთრებაში გადავიდა.1

აღსანიშნავია, რომ მიწის პრივატიზაციის შედეგად საკუთრების ფორმების მიხედვით შესაბამისი რეგიონალური მაჩვენებლები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს აიხსნება ქვეყნის ბუნებრივი საწარმოო პირობებით, მეურნეობრიობის ერთმანეთისაგან განსხვავებული დონით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის ადრე ჩამოყალიბებული ტენდენციების გავლენით. მაგალითად, სამეგრელოს რეგიონზე მოდის კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 14%, მრავალწლიანი ნარგავები – 10,8%, სახნავი ფართობის – 13,5%, სათიბის – 4,8%, საძოვრების – 24,5%.

მრავალწლიანი ნარგავების სტრუქტურა რეგიონების მიხედვით ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულია და ასახავს ზონალური და დარგობრივი სპეციალიზაციის თავისებურებებს საქართველოში. მაგალითად, ჩაის კულტურის წილი საერთოდ მრავალწლიანი ნარგავების სტრუქტურაში 20%-ს შეადგენს. მისი ხვედრითი წონა ყველაზე მაღალია გურიის მხარეში – 50,3%, სამეგრელოს რეგიონში – 43,9%, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 35,8%, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 37,8%, იმერეთის მხარეში – 16,6%. როგორც ჩანს, ჩაის მეურნეობას მკვეთრად გამოხატული ზონალური სპეციალიზაცია ახასიათებს.

მრავალწლიანი ნარგავების სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა (26,2%) ვენახზე მოდის. ვენახის წილი სამეგრელოს რეგიონში 4,8%-ია. თუთის ნარგავების წილი მრავალწლიან ნარგავებში მხოლოდ 2,2%-ია, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში – 1,4%. რაც შეეხება კაკლოვანთა ნარგავებს მათ 3,1% უკავია მრავალწლიან ნარგავთა სტრუქტურაში, სამეგრელოს რეგიონში კი – 16,2%.

სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე არსებით გავლენას მოახდენს საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. ამიტომ აუცილებელია სწორად განისაზღვროს აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფის ამოცანა. იგი თვისებრივად შეიცვლება, უპირველეს ყოვლისა, საშინაო ბაზრის დაკმაყოფილების და საექსპორტო პროდუქციის წარმოების ხელსაყრელი საწარმო-ეკონომიკური გარემოს შექმნის გზით.

პერსპექტივაში უნდა დაიხვეწოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების არსებული სპეციალიზაცია, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მარცვლეული კულტურების მოყვანას, თხილის კულტურის გაშენებას. სოფლის მეურნეობაში კვლავ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს მეჩაიეობის განვითარებას, რისთვისაც საჭირო იქნება ჩაის პლანტაციების მოვლითი ღონისძიებების ხარისხის ძირფესვიანი გაუმჯობესება, ამორტიზებული ჩაის პლანტაციების განახლება, ხოლო უპერსპექტივო ნაკვეთებზე მისი ჩამოწერა და გამოთავისუფლებული ნიადაგის სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისათვის გამოყენება.

2000 წლის მონაცემებით რეგიონში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა საქონელბრუნვის მთლიანი მოცულობა, რამაც წლის განმავლობაში 112,2 მილიონ ლარს მიაღწია, ზრდის ტემპმა კი 127,1% შეადგინა. ქ. ფოთში საქონელბრუნვის მოცულობა გაიზარდა 52,5%-ით, მარტვილის რაიონში -51,8%-ით, ჩხოროწყუს რაიონში – 29,8%-ით და ა.შ. მიუხედავად საქონელბრუნვის ზრდის ასეთი მაღალი ტემპებისა, აღრიცხვის გარეშეა დარჩენილი მთლიანი მოცულობის დაახლოებით 20-30%. კვლავ მტკივნეულ საკითხად რჩება აღრიცხვის მოუწესრიგებლობა.

მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა მოსახლეობის ფასიანი მომსახურების განვითარებას. 2000 წელს მოსახლეობის ფასიანი მომსახურების მოცულობამ 36,1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 25,5%-ით აღემატება 1999 წლის მაჩვენებელს. ამ სფეროშიც სათანადოდ არ არის მოწესრიგებული აღრიცხვა, ჯერჯერობით დაბალია მომსახურების კულტურა.

რეგიონში 2000 წელს გარკვეული დადებითი შედეგები იქნა მიღწეული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობის გადიდების თვალსაზრისით. სულ შესრულდა 7,3 მილიონი ლარის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები. ზრდის ტემპმა 121,8%-ს გადააჭარბა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში შესრულებული სამუშაოების მოცულობის 65,8% მოდის ქ. ფოთზე. შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში გაიზარდა. მიუხედავად მაღალი ციფრობრივი მაჩვენებლებისა, დარგში ჯერ კიდევ ურთულესი მდგომარეობაა. მსხვილ სამშენებლო საწარმოთა უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.

უკანასკნელ პერიოდში სტაბილურად იზრდება კავშირგაბმულობიდან შემოსავლები. თითქმის მთელი რეგიონი მოიცვა მობილურმა სისტემებმა. ზუგდიდში ექსპლუატაციაში შევიდა “ახალი ქსელების” სატელეფონო სადგური 3 ათასი ნომრის სიმძლავრით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისად რეგიონში არ იზრდება ამ დარგიდან ბიუჯეტის შემოსავლები, რადგანაც ყველა მობილური სისტემების სათავო ფირმები რეგისტრირებულია თბილისში და ყველა სახის გადასახადს იხდიან ცენტრალიზებული წესით.

სატრანსპორტო ორგანიზაციებიდან შემოსავლების მოცულობამ 2000 წელს 14,7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13%-ით აღემატება 1999 წლის მაჩვენებელს. ავტოსატრანსპორტო საწარმოებიდან შემოსავლები, ძირითადად, მიღებულია მოსახლეობის მომსახურებიდან, კვლავაც უმნიშვნელო დატვირთვით მუშაობენ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა გამოიყოს 2000 წლის სამეურნეო საქმიანობიდან, არის ფოთის პორტის გამართული და, Dშეიძლება ითქვას, სტაბილური მუშაობა, რაც თავისთავად აისახა ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ტვირთბრუნვა 1999 წელთან შედარებით 57,5%-ით გაიზარდა და 3,6 მილიონი ტონა შეადგინა. შემოსავლები გაიზარდა 30,2%-ით, საბალანსო მოგება – 25,6%-ით. 2000 წელს ბიუჯეტში ზემოაღნიშნული სფეროდან გადაირიცხა 2060 ათასი ლარით მეტი თანხა, ვიდრე 1999 წელს2.

ხობის რაიონის სოფელ ყულევში, მდინარე ხობის შავი ზღვის შესართავთან 2000 წლის აპრილის თვეში დაიწყო ტერმინალის მშენებლობა. უკვე შესრულებულია 6 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი სამუშაოები. მშენებლობაზე დასაქმებულია 400-მდე მუშახელი, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 350-400 ლარია.

რეგიონში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დასაქმება, რაც გამოწვეულია მეჩაიეობის დარგში არსებული მძიმე მდგომარეობით. ეს დარგი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმების მხრივ ისეთი მასშტაბურია, რომ უახლოეს მომავალში მისი შეცვლა მასიური დასაქმების თვალსაზრისით ძნელი იქნება. რამდენიმე სამრეწველო საწარმოს ამოქმედება ვერ მოხსნის დასაქმების პრობლემას, თუ არ იქნა გატარებული ქმედითი ღონისძიებები მეჩაიეობის განვითარების თვალსაზრისით. როგორც ვხედავთ, მეჩაიეობაში არსებული მდგომარეობა, თავის მხრივ, გარდა ეკონომიკურისა, იძენს სოციალურ მნიშვნელობას, ამიტომაც მის გადასაწყვეტად საჭიროა ქვეყნის მასშტაბით შემუშავდეს ღონისძიებათა კომპლექსი.

საინტერესოა გავეცნოთ, როგორ არის რეგიონში განაწილებული შრომითი რესურსები დარგების მიხედვით. 2001 წლის იანვრის მონაცემებით მრეწველობაში დასაქმებული იყო შრომისუნარიანი მოსახლეობის 5%, სოფლის მეურნეობაში – 52%, ვაჭრობაში – 5%, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში – 4%, მშენებლობაში – 1%, მატერიალური წარმოების სხვა დარგებში – 16%, არამატერიალური წარმოების სფეროში კი – 17%.

XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად:

როგორც ვხედავთ, რეგიონის ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაში კვლავ სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხვედრითი წილით (28,9% – 29,1%) ქვეყნის სასოფლო რეგიონებში სურსათის წარმოება მომავალშიც უალტერნატივო პრიორიტეტად დარჩება. სურსათზე მოთხოვნის დაბალანსება განაპირობებს სამრეწველო პოტენციალის ზრდის ობიექტურ პროცესს და უშუალო გავლენას ახდენს რეგიონული და საერთო ბაზრის სეგმენტების ფორმირებაზე, ხელს უწყობს იმპორტშემცვლელი პროუქციის წარმოების სტიმულირებას. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს შესვლით რეალურ სექტორში დარგობრივი სტრუქტურა თვისებრივად შეიცვლება, რაც ეროვნულ მეურნეობაში რეგიონული ეკონომიკის როლისა და მნიშვნელობის ახლებურად განსაზღვრას მოითხოვს. ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში აუცილებელია გარე და შიდა ფაქტორების შეჯერება და ამის საფუძველზე სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, რაც თავისთავად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ფორმირებაზე. ამასთან, პრინციპულია რეგიონის ეკონომიკის ბუნებრივ-ისტორიული განვითარების, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი პირობების, ბუნებრივ-საწარმოო თავისებურებათა სრულად გათვალისწინება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial