ბანკების წინააღმდეგ ომი გრძელდება
მაკა ღანიაშვილი
რამდენიმე კვირის წინ კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, როდესაც ექსპერტების ჯგუფი ბანკებისთვის არასაბანკო საქმიანობის შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა. ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა – ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართეს. როგორც მათ მიმართვაშია ნათქვამი, ბოლო დროს, კომერციული ბანკების და მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, რომ რიგი ბიზნეს მიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად თავად შექმნან და თავადვე მართონ არაპროფილური კომპანიები და ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მოიპოვონ დომინანტური საბაზრო ძალაუფლება. აღნიშნული, განსაკუთრებით თვალშისაცემია შემდეგ სფეროებში: სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა, მსხვილი საცალო ვაჭრობა, ჰოსპიტალური სექტორი, ჯანდაცვა, ფარმაცია და დაზღვევა, იხილეთ ვრცლად.
ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ აგძელებს ამ თემის გარშემო დისკუსიას და გთავაზობთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა პოზიციებს.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამ ეტაპზე ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:
„პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის არაპროფილური აქტივი, ანუ რა არის საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივი და რა არა. თუ ბანკი იძულებული იყო სესხის დაცვის მიზნით რაღაც აქტივი აეღო, ჩაითვლება თუ არა ეს არაპროფილურ აქტივად, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ბაზრები არ არის მოწესრიგებული და აქტივების ყიდვა-გაყიდვა არც ისე მარტივია. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მეორე საკითხია ის, თუ რა გვაწუხებს ჩვენ – ის რომ ბანკი ფლობს, ვთქვათ, სადაზღვევო კომპანიების აქტივებს თუ რომ იყენებს მათ მომხმარებლის საზიანოდ ან კონკურენტული უპრატესობის მისაღებად? მე გარწმუნებთ, ნებისმიერი კონგლომერატული ურთიერთობა მინუსებსაც მოიცავს და პლუსებსაც და თავის სიმძიმეებიც აქვს. ბანკებისა და სადაზღვევოების თანაფლობის პრაქტიკა მსოფლიოშიც არსებობს, ასე რომ, ამაში თავისთავად პრობლემა არ არის. მაგრამ, თავისთავად, ცხადია, რომ ასეთ ფლობას თავის მიზეზები აქვს. მაგალითად, „ქროსსელინგი“, ერთმანეთის პროდუქტების გაყიდვა. თუმცა, აქაც არ არის აუცილებელი თანაფლობა.
აი, მაგალითად, მითხარით განსხვავება ორ შემთხვევას შორის – როცა ბანკი ფლობს სადაზღვევო კომპანიას და ცდილობს მისი პროდუქტების გაყიდვას უპირატესად თავის პროდუქტებთან ერთად ან არ ფლობდეს სადაზღვევოს, მაგრამ ექსლკუზიური ხელშეკრულება აქვს რომელიმე სადაზღვევოსთან. ამასთანავე, საერთოდ ფინანსური ინსტიტუტები ისედაც ძალიან რეგულირებულ გარემოში არსებობენ“.
განსხვავებული პოზიცია აქვს საბანკო სფეროს ექსპერტს, ლია ელიავას: „მსოფლიო პრაქტიკაში კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის საწარმოო, სავაჭრო ან სადაზღვევო საქმიანობა. ასეთი უფლება არც საქართველოს კანონმდებლობაშია გაწერილი, მაგრამ, განსხვავებით სხვა ქვეყნების კანონმდებლობისაგან, ამ სახის საქმიანობაზე არც აკრძალვაა დაწესებული. ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობით დაიტოვა უფლება თვითონ გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა ნებართვა კომერციულ ბანკს არასაბანკო საქმიანობის განხორციელებაზე. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. არასაბანკო საქმიანობა ბანკებს შეფუთული აქვთ ჰოლდინგების, ჯგუფებისა და მისთანა იურიდიულ წარმონაქმნებში.
საქართველოს საბანკო კანონმდებლობაში არ არის განმარტებული საბანკო ჰოლდინგისა ან საბანკო ჯგუფის არსი და უფლებები. ეს გარემოება ბანკებს უტოვებს ფართო არეალს დასაქმდნენ არასაბანკო საქმიანობით. კომერციული ბანკების მიერ საწარმოო, სავაჭრო ან სადაზღვევო სექტორებში საკუთრების წილის ზრდა არა მარტო ზღუდავს კონკურენციას ამ სექტორებში, არამედ წარმოადგენს თვით კომერციული ბანკის დეფოლტის სერიოზულ რისკს.
ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მარტივად, საქართველოს საბანკო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით“.
მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი.
იმისათვის, რომ, მაგალითად, „საქართველოს ბანკში“ ავიღოთ სესხი 100 000 დოლარის მოცულობით, ქონებრივი უზრუნველყოფის გარდა, ბანკი მსესხებლისგან სიცოცხლის დაზღვევასაც ითხოვს მის კუთვნილ სადაზღვევო კომპანიაში (ალგადი) და არ აქვს მნიშვნელობა მსესხებელს უკვე აქვს თუ არა სიცოცხლის დაზღვევა უკვე. ამ დაზღვევის გაკეთება მსესხებელს განმეორებითი სესხის აღების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე თავიდან უწევს.
ნიშნავს თუ არა ეს კლიენტთა უფლებების დარღვევას?
ლია ელიავა: „დიახ, ეს არის ფინანსური მომსახურების მომხმარებლების უფლებების შეზღუდვა, თუმცა არც ეს გარემოება არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ამის მიზეზია ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების სუსტი რეგულირება. პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნის გზით, სადაც გაწერილი იქნება სესხის გაცემის წესი. აგრეთვე, შესამუშავებელია სპეციალური კანონი ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“.
დევი ხეჩინაშვილი: „ამ შემთხვევაში, ორი საკითხი უნდა განვიხილოთ. როდესაც, მაგალითად, თქვენ გაქვთ სიცოცხლის დაზღვევა, რისთვის აფორმებთ მას? აფორმებთ ორი მიზეზით – იმისათვის, რომ დამატებითი ფინანუსრი რესურსი გაგიჩნდეთ ხანდაზმულ ასაკში ან იმისთვის, რომ რაღაც ხდება თქვენ ოჯახში, ვთქვათ, შვილი მიდის სასწავლებლად ინსტიტუტში და დასჭირდება მას გარკვეული თანხა. ანუ, ამ შემთხვევაში, სიცოცხლის დაზღვევა ისეთი პროდუქტია, როგორც დეპოზიტი. მაგრამ დეპოზიტს ჯობს იმით, რომ, მაგალითად, თუ ამ სიცოცხლის დაზღვევის ფარგლებში, მე ჩემი შვილისთვის ვაგროვებ სწავლის თანხას და გარდავიცვალე და ადრე შევწყვიტე გადახდა, სადაზღვევო კომპანია იმ თანხას, რომელიც ჩემ შვილს სჭირდება სწავლისთვის, მაინც სრულად აუნაზღაურებს. ან შეიძლება ასეთი სპეციფიური დაზღვევა არ იყოს და შენ უბრალოდ იხდი სიცოცხლის დაზღვევის თანხას და როცა კონკრეტულ ასაკს მიაღწევ, თანხას სრულად მიიღებ, როგორც დეპოზიტს, მაგრამ თუ ამ ასაკამდე გარდაიცვალე, ამ თანხას მიიღებს ოჯახი ან ის პიროვნება, ვისაც ბენეფიციარად ვასახელებთ. ეს სიცოცხლის დაზღვევა, ამ შემთხვევაში, გაფორმებულია ჩემთვის და მათთვის, ვისაც მე ვასახელებ ბენეფიციარად. ახლა ვნახოთ შემთხვევა როცა ბანკი მაძლევს სესხს და ამ სეხსის ფარგლებში მთხოვს სიცოცხლის დაზღვევას. ამ შემთხვევაში ამ დაზღვევის ბენეფიციარი არის ბანკი. ბანკი ამბობს, რომ ამ კრედიტის დაფარვა მსესხებლის შემოსავალზეა დამოკიდებული, ანუ მსესხებელი ტვირთავს იპოთეკით ბინას, მაგრამ ამ დროს გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ვეღარ იხდის ამ სესხს და კარგავს ბინასაც. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და შენი ოჯახი იყოს დაცული შენ რომ რამე მოგივიდეს, ფორმდება სპეციფიური სიცოცხლის დაზღვევა, რომლის თანხაც თავიდან უდრის კრედიტის თანხას და მერე მცირდება ზუსტად ისევე, როგორც მცირდება საკრედიტო ნაშთი და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ისიც ნულდება. და თუ რამე მოხდა, ის გადაფარავს კრედიტს და ოჯახს დარჩება ბინა. ეს სულ სხვა ბუნების სიცოცხლის დაზღვევაა. ამიტომაა საჭირო ყოველ განმეორებით სესხზე სიცოცხლის ხელახალი დაზღვევა. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა. ეს პროდუქტი სესხხთან მიბმული დაზღვევა, საერთოდ სხვა პროდუქტია სიცოცხლის დაზღვევაში. იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სიცოცხლის დაზღვევა ემსახურება ჩემი ან ბენეფიციარის უზრუნველყოფას, ხოლო ეს ემსახურება სესხის უზრუნველყოფას, რომელიც ბუნებრივად მიცავს მეც და ჩემს შთამომავლობასაც, იმიტომ, რომ მე რომ რამე მომივიდეს, ისინი არ დაკარგავენ ქონებას. სესხი დაიფარება სიცოცხლის დაზღვევით, ეს არის ამ პროდუქტის ბუნება. მაგრამ მეორე საკითხია ის, თუ რატომ მაინც და მაინც ალდაგში. ეს საკამათოა და მომხმარებლის არჩევანს ზღუდავს. მაგრამ ამის დარეგულირებას სულ არ სჭირდება ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობა-არფლობის საკითხი, ეს მარტივად მარეგულირებლის მხრიდან შეიძლება დარეგულირდეს“.
ბანკებისათვის არაპროფილური აქტივების მფლობის შეზღუდვის ინიციატივას არ იზიარებენ საბანკო ასოციაციაციაში, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული აკრძალვა კონკურენციას დააზარალებს და, ჯამში, დაზარალებული აღმოჩნდება მომხმარებელი, რადგან მოხმარება ბევრად გადააჭარბებს მიწოდებას და ეს ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
რაც შეეხება თვითონ ბანკებს, არაპროფილური აქტივების-ფლობასა და სხვა კომპანიებისათვის კონკურენტული უპირატესობის შეზღუდვაში „ბრალდებული“ ორ მთავარ ბანკს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ. „თიბისი ბანკი“ არაპროფილურ ბიზნესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, რომელიც კიდევ ერთი ლიდერი ბანკის, „საქართველოს ბანკის“ პოზიციისგან მკვეთრად განსხვავდება. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის შეფასებით, ბანკებისთვის რეგულაციების დაწესება ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, რადგან მომხმარებელს ბევრად ძვირის გადახდა მოუწევს იგივე პროდუქტში. განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს „თიბისი ბანკი“. „ბოლო პერიოდში საზოგადოებასა და ბიზნეს-წრეებში აქტუალური გახდა საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან ე.წ. არაპროფილური ანუ არასაბანკო ბიზნესების წარმოება და მისი შესაძლო შეზღუდვების მექანიზმების განხილვა. „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტი საჭიროდ თვლის, ღიად და საჯაროდ გამოხატოს ბანკის ხედვა და სტრატეგია ამ საკითხთან მიმართებაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბანკმა საგანგებოდ ამ თემასთან დაკავშირებით გაავრცელა და რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ არსებობის მანძილზე, „თიბისი ბანკი“ არასდროს აწარმოებდა არასაბანკო ბიზნესს. ეს განსაზღვრულია ბანკის სტრატეგიითა და კორპორატიული კულტურით. მათივე განცხადებით, თიბისი ბანკის საქმიანობა განისაზღვრება მხოლოდ საბანკო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული ფინანსური სერვისებით, როგორებიცაა სალიზინგო მომსახურება (თიბისი ლიზინგი), სწრაფი გადახდები (თიბისი პეი), პლასტიკური ბარათების საპროცესინგო ცენტი (UFC) და მსგავსი ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო საქმიანობასთან და არ წარმოადგენს არაპროფილურ ბიზნესს.
„არაპროფილურ ბიზნესებად არ უნდა მივიჩნიოთ ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბანკი ცდილობს პრობლემური სესხის დაფარვას. ამ პროცესში, შესაძლოა, მოხდეს პრობლემური აქტივის დროებით საკუთრებაში მიღება, მისი შემდგომი რეალიზაციის და სესხის დაფარვის მიზნით. თიბისი ბანკი აპირებს მომავალშიც შეინარჩუნოს ეს პოზიცია და არ აწარმოოს არაპროფილური ბიზნესები“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.