ექსპერტები ბანკების წინააღმდეგ

მაკა ღანიაშვილი

ექსპერტთა ოთხეულმა: ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართეს.

„ბოლო დროს, აშკარად ფიქსირდება ტენდენცია – კომერციული ბანკების და მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, რომ რიგი ბიზნეს მიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად თავად შექმნან და თავადვე მართონ არაპროფილური კომპანიები და ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მოიპოვონ დომინანტური საბაზრო ძალაუფლება. აღნიშნული, განსაკუთრებით თვალშისაცემია შემდეგ სფეროებში: სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა, მსხვილი საცალო ვაჭრობა, ჰოსპიტალური სექტორი, ჯანდაცვა, ფარმაცია და დაზღვევა“ – ნათქვამია წერილში, რომლითაც ექსპერტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავენ.

gamxsneli bankebis

კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადების გარდა, ბრიფინგზე ერთ-ერთ აუცილებელ პირობად, ექსპერტებმა სესხებისა და კრედიტების გაცემის კუთხით ბანკებთან უშუალო კავშირში მყოფი სუბიექტებისთვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობის მაქსიმალური შეზღუდვის საკითხი დასვეს. საქართველოში კომერციული ბანკების მიერ სხვადასხვა სექტორში განხორციელებული ინვესტიციები ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამავე დროს, ბიზნესის წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ ბანკების არაპროფილური აქტივები მათი ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე: „ეს პრობლემა ბანკების პრობლემა არ არის. ეს არის სახელმწიფო რეგულაციების, კანონის პრობლემა. წინა ხელისუფლების დროს, ბანკებს მიეცათ უფლება, ფაქტობრივად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (თუ არ ჩავთვლით ნომინალურ შეზღუდევბს, ყველანაირი საქმიანობა განახორციელონ. მათ აქვთ უფლება, დააფუძნონ, შეიძინონ წილები ამა თუ იმ კომპანიაში და თავად მართონ ისინი. ბანკი ორიენტირებულია მის მიერ დაფინანსებული ბიზნეს-პროექტის წარმატებაზე, მაგრამ ის ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში საქართველოშია, როცა ბანკები აქტიურად იწყებენ არასაფინანსო, არაპროფილურ ბიზნესებში შესვლას, ბანკების მუშაობის ეს უმთავრესი პრინციპი, გარკვეულწილად, ირღვევა.

ბანკი დაინტერესებული ხდება იმით, რომ მის მიერ დაკრედიტებული კომპანიების ჯერ რეაბილიტაციის, შემდეგ კი გაკოტრების რეჟიმში გადაყვანით, თვითონ გახდნენ ამა თუ იმ ბიზნესის მეპატრონე. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მშენებლობა, ჰოსპიტალური სექტორი, ფარმაცია, მსხვილი სავაჭრო ობიექტები და ა.შ. პრობლემური ქეისები უკვე ძალიან მრავლად არის.

ეს ყველაფერი სამომავლოდ გამოიწვევს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს. საბანკო სექტორი, ფაქტობრივად, ყალიბდება სახელმწიფოდ სახელმწიფოში. საბანკო სტრუქტურების ხელში ხდება მაღალი საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაცია და მათ მიერ დომინანტური პოზიციის მოპოვება. რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ზოგადად საბაზრო ურთიერთობებზე და გამოიწვევს, როგორც კონკურენტული გარემოს მნიშვნელოვან შეზღუდვას ბიზნესის რიგ სფეროებში, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსებზე წვდომას. ამიტომ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ პოლიტიკის გადახედვა სახელმწიფოს უკვე სჭირდება“.

levan kalandadze

მიმართვის ტექსტში, რომლითაც ექსპერტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, მიმართეს, მოცემულია პირველი რიგის ამოცანები, რომელთა გადაჭრის რეკომენდაციასაც ექსპერტები ხელისუფლებას აძლევენ:

1. საკანონმდებლო წესით საბანკო დაწესებულებების ნებადართული საქმიანობის სფეროს მკაფიო ჩარჩოს დაწესება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ საფინანსო სექტორს. კომერციულ ბანკებს აეკრძალოთ არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის პირდაპირ ან ირიბად განხორციელება, არაპროფილური საქმიანობის მქონე იურიდიული პირების დაფუძნება, მის საწესედებო კაპიტალში წილის ფლობა და მართვა;
2. საბანკო ინსტიტუტებთან კავშირში მყოფი სუბიექტების (როგორც კომპანიები, ასევე საბანკო ადმინისტრატორის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე პირები) პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობის მაქსიმალური შეზღუდვა სესხებისა და კრედიტების გაცემისას თუ სხვა საბანკო პროდუქტებით მომსახურებისას;
3. ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობის ადექვატური შეფასება და საკუთრების უფლების დაცვით საბანკო დაწესებულებების არაპროფილური ბიზნეს მიმართულებებისგან და აქტივებისაგან გათავისუფლების ვადების და ეფექტური მექანიზმების შემუშავება.

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი: „ჩვენი მიზანი ის არის, რომ ბაზარზე იყოს მაქსიმალურად კონკურენტული გარემო და კომპანიები თანაბარ პირობებში იყვნენ მოქცეული. კომერციული ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობა, ხშირად, არაკონკურენტულ გარემოში აყენებს დანარჩენ კომპანიებს. ეს არ არის მხოლოდ თეორიული საუბრები. არსებობს კონკრეტული შემთხვევებიც, რომელიც ამას ადასტურებს. კომპანიები ხშირად გვიკავშირდებიან გარკვეული ტიპის უთანხმოებებთან დაკავშირებით და ჩვენც ამასთან დაკავშირებით კვლევებს ვატარებთ. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია ხშირად ზარალდება ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე. მაგალითად, საეჭვოა „გუდვილისა“ და „თიბისი ბანკის“ ურთიერთობა, ისევე როგორც ბევრი კითხვებია „ელიტელექტრონიქსისა“ და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. სერიზული პრობლემებია „საქართველოს ბანკსა“ და „არსს“ შორის, რადგან „საქართველოს ბანკს“ აქვს თავისი სამშენებლო კომპანია, რომელიც ძალიან კარგი კომპანიია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ ზარალდებიან მისი კონკურენტი სამშენებლო კომპანიები. ჩვენ ზოგადად არავის მოვუწოდებთ, რომ ვინმეს რაიმე ტიპის საქმიანობა ავუკრძალოთ, უბრალოდ, სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სამართლიანი თამაშის წესები, კონკურენტული გარემოს შექმნა, რაც, პრინციპში, სახელმწიფოს ვალდებულებაა. ეს არის ჩვენი მთავარი ინიციატივა. ამ ინიციატივას დღეს პირველად ვაჟღერებთ ასე კოორდინირებულად და საჯაროდ და ამის შემდგომ სახელმწიფოს მხრიდან რეაქციას ველოდებით“.

გიორგი აბაშიშვილი

giorgi abashishvili

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები არაპროფილურ აქტივებს ფლობენ ლიზინგის, დაზღვევის, ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებში. კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს, ძირითადად, „საქართველოს ბანკი“ (61 შვილობილი კომპანიით) და „თიბისი ბანკი“ ფლობენ (10 შვილობილი კომპანიით).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, „საქართველოს ბანკი“ 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი“-ში, „თელიანი ველში“ – 51,23%-ს, „ინტერტურში“ – 99,99%-ს, „ჩემ კლინიკაში“ – 51%-ს, „რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში“ – 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ „დინამოში“ – 100%-ს და სხვა კომპანიებში. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში. „თიბისი ბანკი“ ფლობს სალიზინგო კომპანია „თიბისი ლიზინგის“ 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება „თიბისი კრედიტის“ 75%-ს, საბროკერო კომპანია „თიბისი ბროკერის“ 100%-ს, „გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის“ 93 %-ს, „უძრავი ქონების მართვის ფონდის“ 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, „თიბისი ფეის“ 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია „თიბისი ინვესტს“. სახეზეა ბანკების მიერ არაპროფილურ აქტივებში კონკურენტების გაკოტრებაზე და გაკოტრებული ბიზნესის დაპატრონებაზე არსებული შემთხვევები. სპეციალისტთა შეფასებით, ბანკების მიერ ბიზნესის გაკონტროლების სურვილი ძალიან დიდია, რაც იმაში გამოიხატება, რომ არაპროფილურ აქტივებს აფართოებენ და თავის კონკურენტ კომპანიებს, თუ მომგებიანია, აკოტრებენ და შემდეგ ყიდულობენ, ან უბრალოდ აკოტრებენ კონკურენტის ჩამოცილების მიზნით. მაგალითად, „ალდაგი“-მ, რომლის მფლობელი საქართველოს ბანკია, დაახლოებით ერთი წლის წინ „იმედი L“ დაბალ ფასად იყიდა. გასხვისებამდე „იმედი L“ „საქართველოს ბანკის“ მსესხებელი იყო. ამ სესხში კომპანიამ ჩადო მთელი თავისი ქონება. სესხის აღებიდან 2-3 წელიწადში კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და ის „საქართველოს ბანკის“ სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ მფლობელობაში გადავიდა. განსაკუთრებით მიმზიდველი ბანკებისათვის ბოლო პერიოდში სამშენებლო ბიზნესი გახდა. ბევრი კომპანიის ფინანსური პრობლემების პარალელურად, სამშენებლო სფეროს წამყვანი კომპანია ასევე „საქართველოს ბანკის“ სამშენებლო კომპანია „M კვადრატია“.

საქართველოსგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებში ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა, ძალიან მკაცრად რეგულირდება საბანკო ზედამხედველობის მიერ. საქართველოს ეროვნული ბანკი არ კრძალავს ინვესტიციების განხორციელებას ბანკების მიერ, თუმცა ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, ნებართვებს, ლიმიტებს ბანკის კაპიტალთან მიმართებაში და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის დასარეგულირებლად დაწესებულ შეზღუდვებს.

ბანკებს ეკრძალებათ ინსაიდერებთან შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება. საქართველოს კანონმდებლობა კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს, ფლობდნენ არაპროფილური აქტივების 25%-იან წილს, რაც სპეციალისტთა შეფასებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, 25%-ის გარდა, ბანკი თუ მიმართავს ეროვნულ ბანკს, რომ მას სურს რაღაც არაპროფილურ აქტივს ფლობდეს და ეროვნული ბანკი ნებას დართავს, მას შეუძლია გაზარდოს ბიზნესი და არაპროფილური აქტივები 25%-იან მაჩვენებელს გასცდეს, შესაბამისად, შეუძლია უამრავი ბიზნესი ჰქონდეს. ექსპერტთა კრიტიკას არ იზიარებენ კომერციული ბანკების წარმომადგენლები. „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის განცხადებით: „მსგავსი ტიპის შეზღუდვის დაწესება ბიზნესის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. უძრავი ქონების სექტორი რომ ავიღოთ, საქართველოში 19 ბანკია და თუ ვინმე ფიქრობს, რომ „საქართველოს ბანკი“ მიკერძოებულია, შეუძლია სხვა ბანკში აიღოს სესხი, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ასე არ არის. ეს ბიზნესები იმართება დისტანციურად. ჩვენი, როგორც ბანკის, უპირველესი საქმე, სესხების გაცემაა და თუ კარგი პროექტია, აუცილებლად გავცემთ მასზე სესხებს“.

irakli gilauri

ექსპერტთა ინიციატივას არ იზიარებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც აღნიშნავენ, რომ ბანკების არაპროფილური ინვესტიციები საერთო საბანკო აქტივობის 0.8%-ს შეადგენს, რაც, მათი შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ეს მასშტაბები არ არის რისკის შემცველი და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ღონისძიებებსა და ჩარევას. თუმცა, ეროვნულ ბანკში დასძენენ, რომ თუ რომელიმე კომერციული ბანკი კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს გასცდება, სანქციები მკაცრი იქნება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial