რა იცვლება ფინანსურ ზედამხედველობაში

საქართველოს საფინანსო სისტემაში ძალთა და უფლება-მოვალეობათა გადანაწილების ახალი ტალღა იწყება. ცოტა ხნის წინ საფინანსო რეგულირების კანონმდებლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები. ამჯერად კი საუბარი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფაზეა. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის ინიციატივით, ცვლილებათა პაკეტი წარედგინა, რომელიც „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონებს ეხება.

ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უნდა გადავიდეს, ხოლო სამსახურის უფროსს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენისა და მათი პრევენციის მიზნით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისგან იღებს, აანალიზებს და შესაბამისი დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, სხვა ორგანოსგან ან პირისგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცემს ამ ინფორმაციას და მის ხელთ არსებულ სათანადო მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს. დავით ონოფრიშვილის განმარტებით, რეორგანიზაციის მიზეზი ამ ორგანოს ფუნქციონირების ქმედითობის გაზრდაა.

onofrishvilis-foto

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციების განხორციელება უკავშირდება სწორედ უკანონო შემოსავლების აღმოჩენას, მისი ლეგალიზების პრევენციას და შესაბამის ქმედებებს. აღნიშნული საქმიანობა მეტწილად სწორედ ფინანსთა სამინისტროს ძირითად ფუნქციებთან არის დაკავშირებული. სამსახურის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ინტეგრირება სამსახურის ეფექტურ მუშაობასა და მოქნილობას გაზრდის“ – დასძენს დავით ონოფრიშვილი.

masood-ahmed-2

ინიციატივას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. რამდენად მიზანშეწონილია ამ ცვლილების განხორციელება და რა შეიძლება მოიტანოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროსთვის დაქვემდებარებამ?

„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შეკითხვები მთავრობასთან იქნება, თუ რატომ დადგა ამ სამსახურის რეორგანიზაციის საჭიროება და რატომ უნდა დაექვემდებაროს ის ფინანსთა სამინისტროს ან როგორ იფუნქციონირებს უწყება რეორგანიზაციის შემდეგ. ჩემი ინფორმაციით, დღემდე ეს სამსახური თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა“, – განაცხადა IMF-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მასუდ აჰმედიმ.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ დეპუტატ დავით ონოფრიშვილის წინადადებას განხილვა სჭირდება და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური დღესაც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. „ეს წინადადება კარგად უნდა განვიხილოთ, რადგან ეროვნულ ბანკს აქვს მონეტარული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები და საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულებები, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და ა.შ.“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კი ეწინააღმდეგება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადასვლას ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ვერ გაამართლებს.

ევროსაბჭოს რეკომენდაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქართველოში ჩამოყალიბდა 2003 წლის აგვისტოში და დამოუკიდებელი ორგანოს სტატუსით დაექვემდებარა საქართველოს ეროვნულ ბანკს. ვინაიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციის ძირითადი წყარო ბანკები არიან, მათთვის უფრო სანდო და იოლად ადაპტირებადი ეროვნული ბანკის ქვესტრუქტურა იქნებოდა.
რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, გაცილებით მეტია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ფინანსური მონიტორინგის სამსახური მთავრობის რომელიმე უწყების დაქვემდებარებაშია, იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ამ სამსახურს ცენტრალურ ბანკები მართავენ. მაგალითისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია ბელგიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, თურქეთში, კანადაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, საქართველოში ფინანსური მონიტორინგის ეროვნული ბანკიდან გამოყოფას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ინიციატივის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ამ სამსახურის ფუნქცია მეტწილად სწორედ ფინანსთა სამინისტროს ძირითად ფუნქციებთან არის დაკავშირებული და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ინტეგრირება მის ეფექტურ მუშაობასა და მოქნილობას გაზრდის. მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ საფრთხე ექმნება საბანკო საიდუმლოების ხელშეუხებლობის საკითხს.

აღნიშნული სამსახურის ეროვნულ ბანკთან შექმნის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები საბანკო საიდუმლოებაზე დაშვებას გულისხმობს, რაც არ შეიძლება ჰქონდეს ფინანსთა სამინისტროს. კომერციული ბანკების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია და დამუშავება ეროვნულ ბანკის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ინიციატივის მოწინააღმდეგეთა შეფასებით, გაუგებარია, თუ რატომ უნდა აკეთოს ეს ფინანსთა სამინისტრომ. მათი შეფასებით, ერთ ერთი ყველაზე დიდი საფრთხე პირადი საბანკო ინფორმაციის ხელშეუხებლობის და დაცულობის პრინციპის დარღვევის რისკია. რადგან, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ამ ფუნქციების გადატანა მართლაც აჩენს ერთგვარ ცდუნებას, საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებისა და ფინანსური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისათვის, ან თუნდაც პროკურატურის ან შსს-ს ორგანოებისთვის, გაიზარდოს წვდომა მოქალაქეების და კომპანიების პირად საბანკო ინფორმაციაზე. მთავარი პრობლემა კი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ამ ინფორმაციის მიღება ზემოაღნიშნულ სტრუქტურებს შეიძლება ჰქონდეთ სწორედ სასამართლო ნებართვის გარეშე, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა. საკანონმდებლო ინიციატივა ამჟამად განხილვის სტადიაზეა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial