საერთაშორისო კონფერენცია “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები“

27 მარტს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები“. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. კონფერენციის მუშაობაში, სხვა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კონფერენციის მონაწილეების განცხადებით, ღონისძიების ძირითადი მიზანია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მზადყოფნა ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან მეტი დაახლოებისთვის; პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და პრიორიტეტები; პერსპექტივებისა და გამოწვევების შეფასება და ევროინტეგრაციის პოლიტიკური წინაპირობები.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი განუყოფელი ნაწილის – ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმება მიმდინარე წლის ივნისში; კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა განხორციელდეს ქართული კომპანიების ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობები, რადგან ინვესტორებს ეძლევათ მეტი საშუალება, აწარმოონ საქართველოში პროდუქცია, ასევე სერვისები და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მიაწოდონ ევროპულ ბაზარს. “დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ დიდ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ამ გზაზე იქნება სირთულეები, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება დანახარჯებიც ეკონომიკისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უდიდეს მოგებას და სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას“ – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მინისტრის თქმით, ეს გზა გაიარა აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ და სწორედ ის პერიოდი, როდესაც გამოცხადდა მათი ინტეგრაცია ევროპაში და ის წლები, რომელიც მათ გაიარეს ამ რეფორმების გზაზე, აღმოჩნდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდი ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია.

საერთაშორისო კონფერენცია „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები“ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნეს-ფორუმიც, სადაც კიდევ უფრო დეტალურად განიხილავენ აღნიშნული რეფორმის განხორციელების საკითხებს და იმ შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს საქმიანი წრეების ურთიერთთანამშრომლობა განვითარდება.