საფონდო ბირჟების სიახლეები და მოსალოდნელი შერწყმები

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპული ფიუჩერსების საფონდო ინდექსები სტაბილურად მცირდებოდა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, როცა Stoxx Europe 600 Index ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია, კლების ტენდენცია დაიწყო. ევროპულთან ერთად, შემცირდა აზიური და ამერიკული ფიუჩერსების ინდექსებიც, მაგრამ გასულ კვირას ტენდენცია შეიცვალა.
ფინანსური ბაზრები დიდი სიახლეებისთვის ემზადებიან. Holcim-ისა და Lafarge SA-ის შერწყმით, შეიძლება ჩამოყალიბდეს მსოფლიოს უმსხვილესი ცემენტის მწარმოებელი გიგანტი, წელიწადში საშუალოდ 40 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის გაყიდვებით. ფრანგული კონგლომერატი Vivendi (VIV) დათანხმდა, გაყიდოს მისი სატელეფონო ნაწილი SFR კომპანია Altice -ზე. გარიგების ღირებულება 32.3 მილიარდი აშშ დოლარია.

საკაბელო სფეროს მილიარდელი პატრიკ დრაი Altice Vivendi-ში 13.5 მილიარდ დოლარს იხდის და, ამავე დროს, კომპანიას შერწყმის შედეგად ახალშქმნილი Numericable Group with SFR -ის 20%-იან წილს სთავაზობს.

ამ სიახლეებმა და აშშ-ის მწარმოებლურობისა და დასაქმების ბაზრის ოპტიმისტური მაჩვენებლების გამოქვეყნებამ, გააჩნია იმედი, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა ნელ-ნელა ძალას იკრებს და ფეხზე დგება. გერმანიაში მრეწველობა თებერვალში 0.4%-ით გაიზარდა, იანვარში კი ეს მაჩვენებელი 0.7% იყო.

ფინანსური ბაზრების „ტოპ“ სიახლე

ცემენტის ინდუსტრიის ორი გიგანტი Holcim და Lafarge ერთიანდებიან. გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდ ევროზე მეტია. ახალი კომპანიის სახელწოდება იქნება LafargeHolcim, რომელსაც Lafarge-ს აღმასრულებელი დირექტორი ბრუნო ლაფონტე უხელმძღვანელებს. Holcim და Lafarge მსოფლიოს ცემენტის გიგანტის შექმნას ცდილობენ წარმოების ხარჯების შემცირებისა და ენერგო დაზოგვის გზით. მათ გეგმებში უახლოეს პერიოდში შვეიცარიისა და საფრანგეთის ბირჟების ლისტინგში შესვლაც შედის.

გაერთიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დეტალების გახმაურებისაგან კომპანიის ხელმძღვანელები ჯერჯერობით თავს იკავებენ. მოლაპარაკებებისა და შერწყმის დასრულების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელები ხარჯების შემცირებას იმედოვნებენ. რომელმაც უნდა დააბალანსოს გლობალურ ბაზარზე კრიზისის შემდეგად შემცირებული მოთხოვნის გამო მიღებული ზარალი. ქარხნებიდან შემოსავლების გაზრდის მიზნით, აგვისტოში Holcim დათანხმდა აქტივების გაცვლაზე გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასევე, მექსიკაში მდებარე Cemex SAB (CX), რომელიც ცემენტის ყველაზე დიდი მწარმოებელია ამერიკაში. მას შემდეგ, რაც შერწყმის შესახებ გახდა ცნობილი, Lafarge 4 აპრილს გაიზარდა 8.9%-ით, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 18.4 მილიარდ ევრომდე გაზარდა, Holcim-ის ზრდა კი იმავე პერიოდში 6.9% იყო, რითაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 29.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. „დარგს ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს, ორი უმსხვილესი კომპანიის გაერთიანება მათ დიდი პერსპექტივებს და შესაძლებლობას მისცემს“ – აფასებენ ანალიტიკოსები მოსალოდნელ გარიგებას.

მარეგულირებლის ყურადღების ცენტრში

ფინანსური კრიზისის დაწყებამდე განხორციელებულმა გარიგებებმა ორივე კომპანია სფეროში დომინანტად აქცია. 2008 წელს Lafarge-მა 10.2 მილიარდ დოლარად შეიძინა Orascom Cement, ხოლო 2005 წელს Holcim-მა შეიძინა Aggregate Industries 4.1 მილიარდ აშშ დოლარად. კომპანიების მასშტაბებისა და საბაზრო წილების გამო მოსალოდნელი გარიგება უკვე მოხვდა ბაზრების მარეგულირებელი ორგანოების ყურადღების ცენტრში. მარეგულირებლებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიას მოუწევს აქტივების ნაწილის გაყიდვა ევროპასა და აშშ-ში. გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბევრ ქვეყანაში, სადაც კომპანია ოპერირებს, მათ საკანონმდებლო დონეზე პრობლემები შეექმნებათ, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურები უკვე სწავლობენ გარიგების ბაზარზე გავლენის შესაძლო შედეგებს.

Lafarge-ის 2013 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, მათ საფრანგეთის ცემენტის ბაზრის 34% ეჭირათ, დიდ ბრიტანეთში 40%, 10-10% გერმანიასა და ესპანეთში, 12% აშშ-ში და 7% რუსეთში. პარტნიორისგან განსხვავებით, Holcim-ის საბაზრო წილების დეტალური ანგარიში არ წარმოუდგენია. Holcim-ის ფილიალებში მსოფლიოს 70 ქვეყანაში დასაქმებულია 71 000 ადამიანი, Lafarge-ის 64 ქვეყნის ფილიალში კი 65 000 ადამიანი.

ახალი შერწყმის შესახებ დისკუსიებმა საფონდო ბირჟებზე დადებითი გავლენა მოახდინა. Stoxx Europe 600 Index გაიზარდა და ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ის 0.6%-ით გაიზარდა და 339.18 ნიშნულს მიაწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის იანვრის შემდეგ. გერმანული ჰაიდელბერგცემენტი, მსოფლიოს მესამე უმსხვილესი მოთამაშე ცემენტის ბაზარზე, 4.3%-ით გაიზრდა. „ევროპის საფონდო ინდექსების კრიზისწინა მაჩვენებლებზე დაბრუნება კარგი სიგნალია ინვესტორებისათვის“ – მიიჩნევენ დასავლელი ანალიტიკოსები.

cementi

კარგი სიგნალია აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, მარტში დასაქმებულთა რაოდენობა 192 000-ით გაიზრდა, ეს მაჩვენებელი ინვესტორებისთვის იმის მაჩვენებელია, რომ მძიმე ზამთარს მაინც და მაინც უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე არ მოუხდენია. ამასთანავე, გერმანული ქარხნების შეკვეთები 0.6%-ით გაიზრდა თებერვალში იანვართან შედარებით, მაშინ, როცა ეკონომისტები მხოლოდ 0.2%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.
ევროპული აქტივები გაიზრდა მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის პრედიზენტმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ აქტივების აქტიურ შესყიდვას ბაზარზე იმისათვის, რომ 18 თვის განმავლობაში შეინარჩუნონ ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი. ამ განცხადების შემდეგ, ფრანგული CAC 40 გაიზრდა 0.8%-ით, ბრიტანული FTSE 100 და გერმანული DAX 0.7%-ით.

მსოფლიო ცემენტის ბაზარზე ახალი გიგანტის ხელმძღვანელები

Holcim-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნანდ ფონტანა, 2012 წლის თებერვალში, შვეიცარული კომპანიის პირველი უცხოელი მმართველი გახდა 102-წლიანი ისტორიის მანძილზე. კომპანიის სათავეში მოსვლისთანავე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მის უპირველეს ამოცანად კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაცია იქცა. 181-წლიანი ისტორიის მქონე Lafarge-ის ბოსის, ბრუნო ლაფონტის პოლიტიკის შედეგად, კომპანიამ კრიზისისა და შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად, საკრედიტო რეიტინგის მკვეთრი ვარდნის თავიდან აცილება შეძლო. ის მხოლოდ ერთი პუნქტით შემცირდა, რაც სამშენებლო სექტორის კრიზისისა და ენერგომატარებლების ფასების გათვალისწინებით დადებით შედეგად შეფასდა.
ამჟამად, სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ კომპანია Lafarge-ს მინიჭებული აქვს Ba1 რეიტინგი, Holcim-ს კი Baa2. Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, კომპანიების აქციონერებს შორის მსოფლიოს რამდენიმე ცნობილი მილიარდელია. მათ შორის, ეგვიპტის უმდიდრესი ადამიანი – ნასაფ სავირისი, ბელგიელი – ალბერტ ფრერი და შვეიცარიის 4 უმდიდრესი ადამიანი. ორივე კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მოთხოვნა მათ პროდუქციაზე იზრდება, ვინაიდან მსოფლიო ეკონომიკა უკვე გამოდის კრიზისიდან. კომპანიების საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, მომავალში უფრო მეტად არის გაყიდვების ზრდა მოსალოდნელი.