ჩინური იუანი სარეზერვო ვალუტის სტატუსს შეიძენს

არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სარეზერვო ვალუტას ეხება. ახლა ხშირად განიხილება დოლარზე დამოკიდებულების დივერსიფიკაციის საკითხი, რაც ეხება როგორც განვითარებად ქვეყნებს, ისე განვითარებულს.

ბანკ Standard Chartered-ში აღნიშნავენ, რომ მინიმუმ 40 ცენტრალურმა ბანკმა უკვე მოახდინა იუანში დაბანდება ან ახლა ემზადება ამისთვის. ეს რეზერვების დივერსიფიკაციისთვის კეთდება. მარეგულირებლები ახალ შესაძლებლობებს ეძებენ და სხვა ვალუტებსაც განიხილავენ. აშშ დოლარისთვის ყველაზე დიდ მუქარად ყოფილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელის განცხადება გაისმა: „იუანი შეიძლება გახდეს დე ფაქტო სარეზერვო ვალუტა იმ დრომდეც კი, ვიდრე სრულად კონვერტირებადი გახდება“.

HSBC-მ გაავრცელა ანგარიში სახელწოდებით „იუანის მომავალი“ (The Future of RMB), რომელშიც მოცემულია ჩინური ვალუტის ევოლუცია და გლობალურ ბაზარზე მისი როლის ზრდა. ექსპერტებს სჯერათ იუანის პერსპექტივებისა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ვალუტისა მსოფლიოში. მათი აზრით, იუანის ინტერნაციონალიზაცია 2014 წელს დაჩქარდება, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით უკვე გაკეთდა.

ჩინური ვალუტის ევოლუცია სამ ეტაპად შედგება: პირველი, იუანი უნდა გახდეს მსოფლიო სავაჭრო ვალუტა, შემდეგ – საინვესტიციო ვალუტა და, საბოლოოდ, მსოფლიო სარეზერვო ვალუტა – ფიქრობენ HSBC-ში. ამასთან, პირველი ეტაპი უკვე ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. გასულის წლის ბოლოს, საფინანსო ჯგუფის SWIFT-ის მონაცემებით, იუანი გახდა 10 ვალუტიდან ერთ-ერთი, რომლითაც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობა, სამი წლის განმავლობაში, მან 22 სხვა ვალუტა ჩამოიტოვა. SWIFT-ში ამას „განსაკუთრებულ მიღწევად“ აფასებენ. უფრო მეტიც, ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში იუანმა ევროს გაუსწრო და დოლარის შემდეგ მეორე ვალუტა გახდა გლობალურ ვაჭრობაში ყველაზე გამოყენებად ვალუტებს შორის.

ახლა იუანი 10-დან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტაა მსოფლიოში ანგარიშსწორებისთვის. 2014 წლის თებერვლის ბოლოსთვის, ჩინეთის ვალუტამ მეშვიდე პოზიცია დაიკავა და ამით მცირედით გაუსწრო შვეიცარულ ფრანკს. შედარებისთვის: 2010 წელს ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მხოლოდ 3% განხორციელდა იუანით, ამ ეტაპზე კი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ია. იუანის, როგორც საინვესტიციო ვალუტის როლი იზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა, მსოფლიოს რეზერვების 33% ნომინირებულია დოლარში, ანუ ჰეგემონია გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეინიშნება შემცირების ტენდენცია. ჯერ კიდევ 2000 წელს ეს მაჩვენებელი 55% იყო. განსხვავება თვალშისაცემია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ამჟღავნებს ინფორმაციას, თუ რა წილი უჭირავს იუანში გაკეთებულ დაბანდებებს, თუმცა, არსებობს სხვა ციფრები, რომლებიც გარკვეულ მინიშნებას აკეთებს – 2003 წლიდან განვითარებადმა ქვეყნებმა გაზარდეს დაბანდებები სხვა ვალუტაში 400%-ით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 200%-ით.

1-1311151IGQ60

გამოცემა Standard Chartered-ში აღნიშნავენ, რომ იუანის პოპულარობა ცენტრალურ ბანკებში იზრდება. ბევრი თვალსაზრისით, ამას ხელი თვითომ ჩინეთმა შეუწყო იმით, რომ მის ვალუტაში ინვესტიციების წახალისებას ეწეოდა. საუბარია ცენტრალური ბანკებისთვის პრეფერენციებზე, როგორც კვალიფიცირებულ უცხოელ ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე.

ჩინეთს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებული კრიტერიუმები აქვს, მას QFII უწოდებენ. ცენტრალური ბანკებისთვის პირობები საჯაროდ არასოდეს გაჟღერებულა, მაგრამ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, სხვა ქვეყნების რეგულატორებისთვის კვოტა ათჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის. სხვათა შორის, ცენტრალური ბანკისთვის არ არსებობს რაიმე სახის კონტროლი კაპიტალზე.

„ცენტრალურ ბანკებსა და სუვერენულ ფონდებს განსაკუთრებული პირობები აქვთ. მათ აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობები ინვესტირებისთვის. კითხვა კონვერტირებადობის შესახებ – უბრალო ფორმალობაა“, – ამბობს იუკა პილმანი, რომელიც ხელმძღვანელობს სამმართველოს, რომელიც ცენტრალურ ბანკებს შეისწავლის, ასევე ახორციელებს სუვერენული ფონდების აქტივების მართვას. წარსულში მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ცენტრალური ბანკების კონსულტანტად.

მიმდინარე წლის იანვარში სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, მათ შორის ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ ობლიგაციების გამოშვება 2.5 მილიარდი იუანის მოცულობით. დღეის მდგომარეობით, ეს არის უდიდესი ოფშორული ოპერაცია იუანში განხორციელებული, რომელიც ლონდონში გაიმართა. ცალკე უნდა აღინიშნოს ბრიტანული მმართველი კომპანიის მიერ ლიცენზიის აღება, რომელიც ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი კომისიის მიერ გაიცა, ჩინეთში პირდაპირ ინვესტირებისთვის. ეს ლიცენზია პირველად გაიცა ჰონგ კონგისა და მატერიკზე ჩინეთის ტერიტორიის მიღმა. ამის შემდეგ იანვრის პირველ ნახევარში ჩინურმა საბირჟო საინვესტიციო ფონდმა (ETF) ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო და ამით გახდა პირველი საბირჟო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ევროპაში კოტირდება 2012 წლის ივლისში წესების გამარტივების მომენტიდან.

ასევე, ხდება სახსრების მოძრაობა ჩინეთიდან გლობალურ ბაზრებზე.
ამ ქვეყანას აქვს დაგროვების მნიშვნელოვანი რეზერვი და როგორც კი ხდება საზღვრისპირა ნაკადების ლიბერალიზაცია, დანაზოგების ზოგიერთმა ხელმჭერმა ეს თავისუფლება შეიძლება გამოიყენოს დივერსიფიკაციის მიზნით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, სწრაფმა ლიბერალიზაციამ შეიძლება გაზარდოს ჩინეთიდან სახსრების წმინდა გადინება 1.35 ტრილიონ აშშ დოლარამდე, რაც ქვეყნის მშპ-ის 15%-ს შეადგენს.

იუანის მსოფლიო ვალუტად გადაქცევის პარალალურად, შეიქმნება საინვესტიციო პროდუქტების ბაზრები ჩინეთის ვალუტაში: აქციები, ობლიგაციები, საბირჟო საინვესტიციო ფონდები, მოკლევადიანი საფინანსო ინსტრუმენტები. რეფორმების მთავარი ამოცანა, რომელიც დასახულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 2013 წლის ნოემბრის მესამე პლენუმის ფარგლებში, არის დააჩქაროს ის პროცესები, რაც იუანის კონვერტირებადობის მიღწევას სჭირდება.
მოსალოდნელია, რომ შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა იქნება გამოსაცდელი პლატფორმა ამ გეგმების განხორციელებისთვის, რომელიც საშუალებას შექმნის გაიხსნას ანგარიშები როგორც იუანში, ისე სხვა უცხოურ ვალუტაში. ამის შემდეგ სხვა ქალაქებიც შეძლებენ ასეთი ზონების შექმნას.

გარდა ამისა, ჩინეთმა სავალუტო სვოპზე ხელი მოაწერა მინიმუმ 20 სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, მათ შორის: იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ახალი ზელანდია, არგენტინა და მალაიზია, ასევე ევროპის ცენტრალურ ბანკთან. შენატანები იუანში ჰონგ კონგის მთლიან საბანკო სისტემაში შენატანების დაახლოებით 12%-ს შეადგენს (2008 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია).

დღეისათვის ჩინური ვალუტის ოთხი ოფშორული ცენტრი არსებობს: ჰონგ კონგი, სინგაპური, ლონდონი და ტაივანი. მარტის დასასრულს, ჩინეთის სახალხო ბანკი და გერმანიის ბუნდესბანკი შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ კლირინგისა და იუანში გადასახდელების ანგარიშსწორებაში, რის წყალობითაც ფრანკფურტმა ოფშორულ ბაზარზე თავისი წილი მიიღო.

გარდა ამისა, 31 მარტს ინგლისის ბანკმა და ჩინეთის სახალხო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბრიტანეთის დედაქალაქში საანგარიშსწორებო ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც იუანით იმუშავებს საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და შექმნის ე.წ. საკლირინგო ცენტრს იუანში სავაჭრო გარიგებებისთვის.

იუანმა 2014 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, როგორც ჩინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამბობენ HSBC-ში. „იმის გამო, რომ იუანის ინტერნაციონალიზაცია და საფინანსო რეფორმები ჩქარდება, მიგვაჩნია, რომ ჩინური ვალუტის როლის გაზრდა საერთაშორისო რეზერვების მართვაში უახლოეს წლებში იმაზე მეტად დაჩქარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აცხადებენ ექსპერტები.
ასე რომ, იუანი მალე მზად იქნება თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ძირითად ვალუტებს შორის, რომელთა განმასხვავებელი ნიშანთვისებაც სრულად კონვერტირებადობაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იუანი ჩაანაცვლებს დოლარს, როგორც დომინანტურ სარეზერვო ვალუტას. ამის ნაცვლად, ის საშუალებას გააჩენს შეიქმნას სარეზერვო ვალუტების კომპლექსური სისტემა, რომელშიც დოლარი, ევრო, და იუანი – თითოეული თავის როლს ითამაშებს.

iuni

ჩინეთმა ფართომასშტაბიანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, რომ ხელი შეეწყო მისი ვალუტისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლაში. ჩინეთი აპირებს გააუმჯობესოს იუანის, როგორც სავაჭრო ვალუტის პოზიცია, აცხადებს MFC-ის ანალიტიკოსი ანა ლენივსკაია. შემდგომში იუანი უფრო ხშირად იქნება გამოყენებული პირდაპირ ანგარიშსწორებაში, რაც მას საშუალებას მისცემს უფრო „მოძრავი“ გახდეს. მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური რისკებს – ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთსა და დასავლეთის დაპირისპირებაში, რამაც შეიძლება შემდგომში გაზარდოს მოთხოვნა ნეიტრალიტეტის ქვეყნის ვალუტაზე. პოტენციურ მინუსებს შორის, რომელსაც ხელეწიფება იუანის უკან დაწევა, არის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირების პრობლემა (პირველ კვარტალში მშპ გაიზარდა მხოლოდ 7%).

ექსპერტები ფიქრობენ, რომ უახლოეს წლებში ჩვენ მომსწრენი ვიქნებით იუანის როლის მნიშვნელოვანი ზრდისა გლობალური საფინანსო სისტემაში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ეკონომიკური ზრდა და ჩინეთის საფინანსო და სამრეწველო კორპორაციების პოზიციების გამყარება მსოფლიო ბაზარზე.

დიდი შანსია, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში ჩინეთის ვალუტა გახდება ფართოდ მიღებული სარეზერვო ვალუტა. საეჭვოა, რომ იუანმა შეძლოს აშშ დოლარის გამოძევება ძირითადი სარეზერვო ვალუტის პოზიციიდან, თუმცა სწორი იქნება სარეზერვო ვალუტების კომპლექსურ სისტემაზე საუბარი, რომელიც გახდება დოლარი, ევრო და იუანი.

იუანის მსოფლიო ვალუტად გადაქცევა – მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩინეთის გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების მოდელისკენ გადადგმული. თუმცა, ამ მიმართულებით მოძრაობა ქვეყნისთვის მტკივნეული იქნება.

დღეს იუანის გაცვლითი კურსი მკაცრად კონტროლდება ხელისუფლებისგან, ხოლო იუანის გასავრცელებლად პეკინი იძულებული გახდება თავისი კაპიტალისა და სავალუტო ბაზრები გახსნას. ბუნებრივია, რომ იუანის მზარდი პოპულარობა მის გაძვირებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს საზღვარგარეთ ჩინური ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შემცირებას.

ამავე დროს, პეკინი ჯერ არ ცდილობს ეროვნულ ვალუტას სრულად კონვერტირებადობა მიანიჭოს. ჩინეთის სტრატეგიული ამოცანაა შიდა მოთხოვნის გამყარება შიდა მოთხოვნის ზრდის ხარჯზე და ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირება. დასავლეთი პეკინზე ზეწოლას ახორციელებს, რომ მან ეროვნული ვალუტის რევალვირება მოახდინოს, მაგრამ ჯერ საპირისპირო პროცესს ვხედავთ, წლის დასაწყისიდან იუანი 5%-ით გაიაფდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუკი იუანი სწრაფად გამყარდება, მისი მსყიდველობითუნარიანობა ქვეყნის შიგნით დაეცემა. ახლა ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტაში განახორციელებს, რაც ამცირებს ექსპორტიორების ხარჯებს. ამდენად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, იუანი თავისუფლად კონვერტირებადი გახდეს ხუთ წელზე ადრე.

ცხადია, ჩინური ვალუტის პოზიციის გაძლიერება შეამცირებს ახლანდელი ლიდერების – დოლარი და ევრო – გაცვლითი კურსს. ექსპერტების თქმით, ამაში დევს გარკვეული საფრთხე რუსეთის ეკონომიკისთვის: დღეს რუსეთის სასაქონლო ექსპორტის დაახლოებით 70% ევროპაზე მოდის და ქვეყნის მთავარი საექსპორტო მოგება დენომინირებულია დოლარსა და ევროში. იუანის გლობალურ ვალუტად ფორმირება მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს იძულებულს გახდის, მათ შორის, რუსეთის ბანკსაც, მნიშვნელოვნად შეცვალონ სავალუტო რეზერვების სტრუქტურა.
ახლა ევროსა და დოლარის ერთობლივი წილი რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვებში დაახლოებით 85%-ია. მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების პირობებში, რეზერვების დივერსიფიკაცია იუანში რუსეთს ხელს აძლევს. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იუანის რუსეთის რეზერვებში ჩართვის მთავარი პირობა, კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების მოხსნაა. ხოლო თუ ჩინეთის ხელისუფლება ლიბერალიზაციის კურსს შეინარჩუნებს, იუანი შეიძლება თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა გახდეს უკვე 2-3 წლის შემდეგ.