კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების ჰოსპიტალი საქართველოში

2011 წელს საქართველოს ჰოსპიტალურ სეტორს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების ჰოსპიტალი შეემატა.
„ნიუჰოსპიტალსი“ აშენდა სახელმწიფოს ჰოსპიტალური განვითარების გეგმის შესაბამისად და იყო ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ამ გეგმის მიხედვით გაკეთდა.
„ეს გახლავთ 100%-ით კერძო საავადმყოფო, რომელიც „პე-ესპე“ ჯგუფში შედის. „პე-ეს-პე“ 100%-იანი ინვესტორია. ეს არის 150-საწოლიანი მრავალფუნქციური ჰოსპიტალი, რომელიც გაკეთდა ყოფილი ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის შენობის ბაზაზე. დღეს ეს შენობა 13 000 კვადრატული მეტრია, მასში ინვესტიციის სახით მთლიანობაში ჩაიდო 35 მილიონი ევრო, რაც საკუთარი ან ბანკიდან კრედიტის სახით მოზიდული სახსრებია. გაიხსნა 2011 წლის 1 აგვისტოს. მშენებლობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – 2008 წლის ივნისიდან. დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემებს გადავაწყდით, სახსრებს საზღვარგარეთიდან ველოდით, მაგრამ ომის გამო ეს დაფინანსება შეჩერდა და, რეალურად, საკუთარი სახსრებით მოგვიწია ამის დაფინანსება“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი, ნიკა ოქრიაშვილი.

ამჟამად კლინიკაში წარმოდგენილია შემდეგი დარგები: ოფთალმოლოგია, ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ყელ-ყურ-ცხვირი, ზოგადი ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, უროლოგია, ტრამვატოლოგია, ორთოპედია, გინეკოლოგია – ეს არის ძირითადი დარგები. წარმოდგენილია ასევე კარდიოლოგია და ინტერვენციული კარდიოლოგია. ყველა სამსახური მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. არის მორიგე ექიმების 24-საათიანი ბრიგადა, რომელიც ყველა დარგს მოიცავს.
„აქედან არავინ არსად გადაგვყავს თუ სპეციფიური შემთხვევა არ არის, მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს ბავშვთა რეანიმაცია, თუმცა რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია გვაქვს. სხვა ყველა პაციენტი ადგილზე იღებს ყველა სახის მომსახურებას“, – დასძენს ნიკა ოქრიაშვილი.

ჰოსპიტალის თანამედროვე სტანდარტები შეეხება როგორც ტექნიკურ ბაზას, ასევე აღჭურვილობის ბაზას. ნიკა ოქრიაშვილი: „შენობის ტექნოლოგიებს რაც შეეხება, საავადმყოფო არის ზოგადად ყველაზე რთული მშენებლობა მშენებლობებს შორის. ერთ-ერთი ურთულესი კომპლექსური მშენებლობაა. კონკრეტულად ამ კლინიკის მშენებლობისას გამოყენებულია ყველა ის ტექნოლოგია, რაც გამოიყენება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაში, პლუს დამატებული სამედიცინო ტექნოლოგიები. შენობა არის ენერგოეფექტური. დაახლოებით 72-73% ენერგიის ეკონომიით. ენეგიის ამ მასშტაბებით დაზოგვის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე სამშენებლო მასალები. ფასადის თბოიზოლაციით დაწყებული, სპეც მინა-პაკეტებით და ფანჯრებით დამთავრებული. ასევე ვიყენებთ მიკრო-კლიმატის რეგულირება-კონტროლის სისტემას, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ სათავსოში მივიღოთ ის ტემპერატურა და ტენიანობა რაც ჩვენ გვინდა“.

„რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს, კლინიკაში არის სრულყოფილად ყველა საინჟინრო ქსელი, რაც სჭირდება სამედიცინო დაწესებულებას აშშ-ს, „დინის“და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რაც არსებობს დასავლეთში. მათ სრულად შეესაბამება. ჩვენ მშენებლობისას „სიმენსისგან“ ჯიდლოც კი მივიღეთ, როგორც ერთ-ერთი ობიექტი, რომელშიც განხორციელდა სტანდარტები, მაგალითად, ელექტრო ნაწილში პაციენტის დაცვის პროტოკოლი განხორციელებულია სრულად. აღჭურვილობას რაც შეეხება, აქ არის მხოლოდ ამერიკული, გერმანული ან იაპონური თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აღჭურვილობა. სხვა ქვეყნიდან შესყივა არ მომხდარა. ყველა არის ახალი და ბოლო თაობის, არანაირი მეორეადი აღჭურვილობის შეძენა არ მომხდარა. მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის ნაწილში დაიხარჯა 16 მილიონი ევრო, სამშენებლო ნაწილში – 19 მილიონი ევრო. არის სრულყოფილად წარმოდგენილი ლაბორატორია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, ექოსკოპია და ნებისმიერი სხვა სახის სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო აღჭურვილობა. არის 7 საოპერაციო. განსაკუთრებით დიდი თანხები, დაახლოებით 2 მილიონი ევრო, ჩაიდო ოფთალმოლოგიის ნაწილში. მოხდა კადრების გადამზადება საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში. ოფთალმოლოგიის ნაწილში კეთდება აბსოლუტურად ყველა სახის ოპერაცია, რაც კი არსებობს დღეს ბუნებაში. ამ კუთხით ეს არის ლიდერი კლინიკა რეგიონის მასშტაბით და კეთდება ისეთი ოპერაციებიც კი, რომელიც მსოფლიოში სულ 5 კლინიკაში ტარდება. ჩვენ სერიოზულ ყურადღებას ვუთმობთ ლაზერულ ტექნოლოგიებს, მარტო ერთი აპარატი ოფთალმოლოგიის ნაწილში 700 000 ევრო ღირდა. ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება ძალიან ძლიერია, ლაზერით ბევრი ოპერაცია კეთდება“ – აღნიშნავს ნიკა ოქრიაშვილი.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ რეგიონული მნიშვნელობის ცენტრია, ძალიან ბევრი პაციენტია აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ჩრდილეოთ ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, სტავროპოლის ოლქიდან, ყაზახეთიდან, სომხეზთდან, ერაყიდან და ა.შ. კლინიკას ბევრი პაციენტი ჰყავს აფხაზეთიდანაც.

DSC01324

„სოციალურ პროგრამებს რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა გარკვეული პროგრამები, შეღავათები სოციალურად დაუცველთათვის, მაგრამ რაც საყოველთაო დაზღვევა შემოვიდა, რომელმაც ყველა დააფინანსა, ფაქტობრივად, ამ აქციებმა აზრი დაკარგა. ახლა საკუთარი ჯიბიდან გადახდა ძალიან მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს, ეს ფუნქცია სახელმწიფომ აიღო თავის თავზე“ – განაცხადა ნიკა ოქრიაშვილმა. „ნიუ ჰოსპილატსი“ ასევე ჩართულია EU/UND-ის და ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერილ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ამსკ-ს მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარების პროექტში, რომლის 1-წლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციაც კლინიკაში 17 აპრილს გაიმართა.
ნიკა ოქრიაშვილის განცხადებით, ერთ თვეში იწყება ახალ მშენებლობა: „უნდა გავფართოვდეთ, არსებულ ფართს დაემატება 10 000 კვადრატული მეტრი. ახალი მშენებლობა დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაჯდება, ინვესტორი ისევ არის „პე-ეს-პე“ ჯგუფი, გაფართოვდება და დაემატება ახალი სერვისები. გაიზრდება საწოლფონდი, ამბულატორია და სხვა. მშენებლობა 2 წელს გაგრძელდება. 2 წლის შემდეგ დაიწყება გაფართოების მესამე ეტაპი, რომელიც ასევე 2 წელი გაგრძელდება და საბოლოოდ ჩვენ აქ მივიღებთ 350 საწოლიან ყველაზე დიდ საავადმყოფოს საქართველოში“.