როგორ გადავიყვანოთ ეკონომიკა არალეგალურ სფეროში?

სოფიკო სოჭინავა

საქართველოში ფისკალური ცეცხლის ჩაქრობის ახალი სეზონი იწყება. საგადასახადო კოდექსში ისევ ახალ ცვლილებებს ვიღებთ, რომლის იდეოლოგია დაახლოებით ასეთია – “მათრახი შაქრის გარეშე”, ანუ გვჯერა, რომ ადმინისტრირება, რკინის ხელი საბიუჯეტო სახსრების დეფიციტის პრობლემას გადაწყვეტს.

საგადასახადო ცვლილებების ლაიტმოტივი, ბიზნესის ლეგალური სექტორისათვის, მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ იგი მხოლოდ მათ პერსპექტივებს ემუქრება. რას წარმოადგენს ეს ცვილებები? პირველ რიგში, საკასო აპარატების გამკაცრებას, მეორე, ქრონომეტრაჟების და სანქციების გაათმაგებას. მოდით, ვიყოთ გულახდილები და მოვხაზოთ, თუ ვის ეხება ეს ყოველივე და ვის ვუმკაცრებთ სანქციებს. მისთვის, აუცილებელია , შევადგინოთ პირობითი საქართელოს ბიზნეს-რუკა. სადაც არ შედის

აფხაზეთი, ოსეთი, თითქმის არ შედის აჭარა. საერთოდ, გაჩერებულია და ბიზნეს-აქტივობა ნულს უახლოვდება გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საქართველოს ბიზნეს-რუკა მოიცავს დერეფანს – თბილისი-ქუთაისის მიმართულებით, სადაც ჯერ კიდევ ფეთქავს ბიზნესი. თვითონ თბილისშიც ლეგალური ბიზნესი ჯერ კიდევ ცოცხალია ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისში, ხოლო რაც შეეხება ისანს, დიდუბეს თუ გლდანს, აქ სიტუაციას ბაზრობები მართავენ. თუნდაც, საბურთალოსა და ჭავჭავაძის გამზირზე თითზე ჩამოსათვლელი ლეგალური ბიზნესის გვერდით, რომლებთაც, შესალოა, ჰქონდეთ ხარვეზიანი აღრიცხვა, განლაგებულია უამრავი ე. წ. ჯიხურები და უპრობლემოდ ვაჭრობენ. იგივე სიტუაციაა, რაც ბაზრობებზე. ამ ცვილებების ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ მათთვის საკასო აპარატების დადგმა და ქრონომეტრაჟის ჩატარება?

თბილისში, რეალურად, 100 იურიდიული პირი, ავად თუ კარგად, ფუნქციონირებს. ეს ზომები სწორედ მათ წინააღმდეგ არის მიმართული, რაც მათ არალეგალურ ბიზნესთან კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში ჩააყენებთ. საბოლოოდ, ჩვენ იმას მოვიმკით, რომ ის ერთეულებიც არალეგალურ სექტორში გადავლენ.

გვინდა, საწინააღმდეგო ვირწმუნოთ, რომ ამით საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება, მაგრამ საგადასახადო ბაზის გაზრდის პერსპექტივას ვერც ჩვენ ვხედავთ და ვერც ჩვენი ექსპერტი, გელა ხანიშვილი. ისე კი, ნეტარ არიან მორწმუნენი. გარკვეულწილად, ამ პოლიტიკის ავტორებისაც გვესმის, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების არც ერთ შტოს ეკონომიკური რეფორმებისთვის არ სცალია და, ბუნებრივია, არც ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნით იკლავს ვინმე თავს, მათ მოკლე დროში კრიზისით მოცული ეკონომიკიდან საბიუჯეტო შემოსავლების სერიოზულ ზრდას სთხოვენ.

გელა ხანიშვილი: – ზოგადად, ის ცვლილებები, რომლებიც კოდექსშია წარმოდგენილი, შესაძლოა, ერთი სიტყვით დახასიათდეს, როგორც ყველაზე უარყოფითი. იგი არა თუ ასუსუტებს იმ უარყოფით მხარეს, რომელიც ადმინისტრირებაშია ჩადებული, არამედ აძლიერებს. 1997 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსი და მანამდე მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ მეწარმის ადინისტრირება არის არა საგადასახადოს ფუნქცია, არამედ, გარკვეულწილად, ეს ფუნქცია კეთილსინდისიერი მეწარმის მხრებზეა გადასული. თუ მეწარმე კეთილსინდისიერია და დამატებული ღირებულების გადასახადს იხდის, საერთო პაქტიკიდან გამომდინარე, იგი იძულებული ხდება, ან მანაც დამალოს გადასახადი (რადგან ვერ ნახავთ მომსახურებას ან პროდუქციას, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადთან ერთად შეიძლება იყიდო), ან გადაიხადოს სხვის მიერ დამალული. საგადასახადო ორაგნობი კი არ ხდებიან ვალდებულნი, ყველა მათგანს მოჰკითხონ ჩადენილი დანაშაული, კეთილსინდისიერ გადამხდელს სთხოვენ ყველა მეწარმეს გაუკეთონ ადმინისტრირება. ამიტომაც მოხდა საგადასახადო კოდექსის ნორმების ყველაზე დიდი მიუღებლობა და ამდენი წლების მანძილზე დამატებული ღირებულება და ზოგადად, კოდექსი სულ უფრო და უფრო უარყოფითად წარმოჩინდება. ადმინისტრირება მეწარმის ფუნქცია სულაც არ არის. მეორე მეწარმემ ეს მშვენივრად გამოიყენა და ყველას კარგად მოეხსენება დამატებული ღირებულების ჩათვლის, დამატებული ღირებულების ფიქტიური აგარიშფაქტურების ფრიალის პრაქტიკა. გავიხსენოთ 1997 წლის შემდეგ დამატებული ღირებულების გადასახადათან მიმართებაში რამდენი ცვლილება შევიდა, როგორ გამკაცრდა, მაგრამ ამან მანკიერი მხარე არა თუ შეასუსტა, უფრო გააძლიერა კიდეც. ყველაზე ნათელი მაგალითია ცენტრსა და აჭარას შროის დამოკიდებულება. აჭარაში ფაქტობრივი გადახდილი დღგ 3-4 მლნ-ს ფარგლებში მერყეობს, ხოლო აჭარიდან წამოსული ანგარიშფაქტურები ამბობს, თითქოს 29-30 მლნ-ია გადახდილი. ცენტრში არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ცდილობენ ამ დამატებული ღირებულების უკან, ბიუჯეტში დაბრუნებას. რის საშუალებასაც კოდექსი იძლევა. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დღეს ამ დოკუმენტშია შესატანი, სწორედ იმ ნორმის დაწესებას უნდა ითვალისწინებდეს, რომ მეწარმეები ადმინისტრირებისასგან მაქსიმალურად განთავისუფლდნენ და პასუხისმგებელნი მხოლოდ მათ კონკრეტულ ქმედებაზე იყვნენ. საგადასახადო ორგანოებს კი მიეცეთ ის ფუნქციები, რომლებიც რეალურად უნდა ჰქონდეთ. წარმოდგენილი ცვლილებები უარყოფით მომენტს აძლიერებს და თუ აქამდე ასეთი მანკიერი ტენდენცია იყო დამატებული ღირებულების გადასახადსა და სხვა გადასახადებთან დაკავშირებით, დღეს უკვე საქმეში საშემოსავლო გადასახადი ერთვება ფიზიკურ პირთან მიმართებაში.

დღევანდელი კანონმდებლობით, კეთილსინდისიერ მეწარმეს ვეუბნებით, რომ მან უნდა წარმოადგინოს ცალკეული სამუშაოს შესასრულებლად ვინ დაიქირავა, რათა საგადასახადო ორგანოები მასთან საშემოსავლოს გამოსართმევად მივიდეს, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა მისვლა, არ შეუძლია ან ძვირი უჯდება. მეწარმეს ეუბნება, მოდი რა, შენ თვითონ დაუკავე მას.

ზოგადად ბიზნესის და ქვეყნის ფინანსური განვითარება აბსტრაქტული ცნება გახდა.საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ გადასახადის ამკრეფის თვალთახედვით ვსაუბრობთ ანუ იმის მიხედვით თუ რა პროლემა აქვს ამკრეფს და როგორ ხედავს მის გადაჭრას. საგადასახადო კოდექსი არ არის ის დოკუმენტი, რომელიც ყოველი კუთხით შეიძლება საგადასახადო ადმინისტრირების ბერკეტი იყოს. დღეს სალარო აპარატებზე ადმინისტრაციული ჯარიმა გვაქვს დაწესებული, ამ ცვლილებების მიხედვით იგი ფინანსურია და საგადასახადო არეალში ხვდება. ერთი შეხედვით, ეს ზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, მაგრამ მეორე მხრივ, მთელ რიგ სტრუქტურებში აბსოლუტურად მოუწესრიგებელი გვაქვს სალარო აპარატების თემა. ასეთი ცვლილება მოაწესრიგებს ამ საკითხს? ძალიან ძნელად. სალარო აპარატი არ არის საკითხი, რომელიც დიდ ანალიზს საჭიროებს – უნდა იდგეს თუ არა. ვიცი, რომ ძალიან შორს ვართ ჩიკაგოს მაგალითისაგან. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვნახე, რომ ჩიკაგოს აეროპორტში ფეხსაცმლის მწმენდავს სალარო აპარატი ედგა. როცა დაველაპარაკეთ, აღმოჩნდა, რომ მისი აპარატი შეერთებული იყო ცენტრალურ საგადასახადოსთან და აღრიცხვა, თუ რამდენ კაცს გაუწმინდა ფეხსაცმელი, პირდაპირ ცენტრალურ საგადასახადოში ხვდებოდა.

ამ დოკუმენტში უამრავი კეთილი ცვლილებაა, რომელიც დასაზუსტებელი, შესაცვლელი, გასამკაცრებელია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, საგადასახადო კოდექსი არ შეიძლება გადასახადის განაკვეთის სიდიდის თუ სიმცირის მსჯელობამდე დავიყვანოთ. თუკი გვინდა, რომ მიწა, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფომ ეფექტურად გამოიყენოს, შეიძლება მასზე მაღალი გადასახადის დაწესება დაგვჭირდეს. მიწაზე უნდა მუშაობდეს ის, ვინც მისგან უფრო მეტ უკუგებას მიიღებს. ვამკვიდრებთ ისეთ შეხედულებას, რომ მიწაზე გადასახადი არ გვჭირდება, არც ქარხანაზე. თბილისში უამრავი საწარმოა, რომლებიც კომუნისტური გრანდიოზული მასშტაბებითაა აშენებული, მათ უამრავი ფართობი აქვთ, მაგრამ თუ იმ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რომ გადასახადს ნუ გადაიხდიან, დაუშვებელია. ერთი მხრივ, ლოგიკურია, მას ობიექტურად აქვს ამხელა ფართობი და ვერაფერს გახდება, მეორე მხრივ, ჩემი, როგორც სახელმწიფოს საზრუნავია, მიწა რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენო. არ შეიძლება მიწის გადასახადზე მარტო იმით ვიმსჯელო, ვიღაცას უჭირს თუ არა მისი გადახდა. თუკი სტრატეგიაში გავთვლით, ქვეყანაში ისეთი ბიზნესი უნდა იყოს, რომელიც ყველა სახის გადასახადს ობიექტურად გადაიხდის. ჩვენ კი ყველაფერს უკუღმა ვაწყობთ. გვინდა დაბალი გადასახადები იმიტომ, რომ ვერ ვიხდით.

კონტრაბანდული ტვირთის შემომტანი ყველა გადასახადს იხდის: პრაქტიკულად, უხდის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, დაწყებული საბაჟო-საგადასახადოდან, დამთარებული ძალოვანი უწყებებით, მაგრამ არ იხდის კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. როცა ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, ბიზნესის განვითარებას ხელს რა უშლის, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადები. თუკი ასეთი სტრატეგიით წავალთ, ცვლილებები კოდექსში კიდევ უფრო დაამძიმებს გადასახადის გადამახდელის მოვალეობებს და ამით, არალეგალური ბიზნესის განვითარებას ვუბიძგებთ. მართალია, დამნაშავეა ის ფიზიკური პირი ან მეწარმე, რომელმაც ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, თითქოს ვიღაცას მილიონის ღირებულების სარემონტო სამუშაო გაუკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა, ამ შემთხვევაში უზარმაზარ გარიგებას აქვს ადგილი, მაგრამ სახელმწიფოს ჰყავს უამრავი სტრუქტურები, რომელთა მეშვეობითაც ძალზე მარტივად შეიძლება ასეთი დანაშაულის გამოვლენა და გახსნა. მაგრამ თუ დანაშაულის აღკვეთით ისეთ გზას დავადექით, რომელიც უფრო და უფრო დაამძიმებს კეთილსინდისიერ და ლეგალურად მომუშავე ბიზნესმენის მდგომარეობას, იმას არ ნიშნავს, რომ ამით არაკეთილსინდისიერს რამეს გადავახდევინებთ. ამ ცვლილებებში წარმოდგენილია ისეთი უკან გადაგმული ნაბიჯი, როგორიცაა პურის საცხობებთან დაკავშირებით ფიქსირებული გადასახის შემოღება. აქ არის ერთი მომენტი, რომ ფიქსირებული გადასახდის შემოღებით და მასში დამატებული ღირებულების გადასახადის გამოყენებით, თითქოს ფქვილის ლეგალიზაცია მიიღწევა, მაგრამ შეუძლებელია მივიღოთ ის, რაც ეკონომიკურად მიზანშეუწონელია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამით რაღაც მიიღწევა, მაგრამ თუ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოები გარიგებაში შედიან, ხვალ რატომ არ გაიმეორებენ იგივეს? სერიოზული წისქვილკომბინატები, ფაქტობრივად, გავაჩერეთ. ფქვილი და პური არ არის ის თემა, რომ მაინცდამაინც მისი საწყისი, ანუ ფქვილი წარმოვაჩინოთ, ნებისმიერი პატარა წისქვილკომბინატის პროდუქტად, ან თუნდაც პური, ნებისმიერ ავტოფარეხში ან სადღაც აშენებულ თონეში გამომცხვარი. ეს არ არის მარტივი თემა, სანიტარულ ნორმებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, პრაქტიკულად, აღარ ვმსჯელობთ. ეს თემები დავივიწყეთ და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ თუ დღეს საიდანღაც 100 ლარი შემოსავალი მოდის, ხვალ 150 გავხადოთ. ეს თანხები რა მდგომარეობში აყენებს ერის ჯანმრთელობას, რის ფასად ჯდება და სხვა ქვეყნები როგორ ეკონომიკურ დივერსიას ახორციელებენ, ეს თემები მოიხსნა და არც ერთ დონეზე აღარ მსჯელობენ. თუკი დღეს კეთილსინდისიერ მეწარმეს ბიზნესიდან რაღაც შემოსავალი რჩება, ამ ცვლილებებით იგი უფრო შემცირდება. ჩვენ საბაზრო ეკონომიკას ვაშენებთ, სადაც მდიდარი კაცის ფენომენი და ლიბერალური პოლიტიკა უნდა იყოს, მაგრამ ლიბერალიზმი განუკითხაობას არ ნიშნავს. კოდექსში ჩაწერილი ნებისმიერი ადმინისტრაციული შენიშვნა, ჯარიმების გაზრდა და სანქციები არ ნიშნავს იმას, რომ აღსრულებადი იქნება. შემიძლია გავიზიარო, რომ ქრონომეტრაჟს და დათვლას თავისი აუცილებლობა აქვს, მაგრამ მახსოვს ძალზე სერიოზული კამათი გვქონდა ფულის გადახდის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საგადასახადოს წარმომადგენლებთან, ანუ იმ საკითხის თაობაზე, რომ უპირველესად გადაგვეხადა საგადასახდო ვალდებულებები და არ გაგვეცა თუნდაც ხელფასები. მიუხედავად პრობლემებისა, კოდექსში ეს ცვლილება მაინც შევიდა, მაგრამ მისგან მიღებული ეფექტი ერთი ლარიც არ მინახავს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამან ძალიან ბევრ არაკეთილსინდისიერს თავის ჯიბის ეფექტი მოუტანა.

არის თუ არა ეს ცვლილებები ამაზე გათვლილი?
ნებისმიერი ჩანაწერი საგადასახადო კოდექსში, შესაძლებელია, გამოიყენო არაკეთილსინდისიერი მიდგომისათვის. მარტო ამაში არ არის საქმე. უნდა ჩამოყალიბდეს მიდგომა, როცა სახელმწიფო და მეწარმე პარიტეტზე იქნებიან. ამ ცვილებებში წარმოდგენილია გირავნობის ინსტრუმენტი, სადაც სახელმწიფო თავის თავს პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს, ბიზნეს-სტრუქტურასთან მიმართებაში. რატომ? რით არის სახელმწიფო მეწარმეზე უკეთესი? ჩვენს კონსტიტუციაში მსგავსი არაფერი წერია. პირიქით, იგი სამართლიანობას ღაღადებს და დავის გადაწყვეტას სასამართლოს გზით ითხოვს. ამ დროს, საგადასახადო კოდექსი ამბობს, რომ თუ ორგანიზაციას აქვს აქტივი 1 მლნ და მას სახელმწიფოსადმი და სხვა საწარმოსადმი ერთდროულად აქვს ვალი, რატომღაც ვალი სახელმწიფომ უნდა წაიღოს. სახელმწიფო და ამ ცვლილებების ავტორები ირიბად ამკვიდრებენ ტენდენციას, რომ სახელმწიფოს სახელით მოკლან არა მარტო ის ბიზნესი, რომელიც დაიქცა, არამედ ის, რაც მასზეა მიბმული. დღეს საქართველოში აღარ დარჩა სტრუქტურა, რომელიც პოლიტიკაზე იმსჯელებს. როდესაც საგადასახადო ორგანოები ცვლილებებს ამზადებენ, ისინი მხოლოდ თავიანთი პრობლემიდან გამომდინარე უყურებენ ამას. საგადასახადო კოდექსი, ეს არის მაკროეკონომიკური ხედვის დოკუმენტი. ფინანსთა სამინისტროშიც კი აღარ არსებობს სტრუქტურა და ქვედა რგოლი, რომელიც ამ ხედვას განავითარებს. ფინანსთა სამინისტრომ დაკარგა თავისი უპირველესი ფუნქცია და ბუღალტრის დონეზე დავიდა – ხაზინაში 100 ლარი შევიდა თუ 150. რომელი გადასახედიდანაც ამზადებენ დოკუმენტს, იმის ადეკვატური ასახვაა. ცვლილებების მიღებამ, შესაძლოა, მოკლევადიანი ეფექტი მოგვცეს, მაგრამ რასაც სახელმწიფო მშენებლობის და აღმშენებლობის სტრატეგია ითვალისწინებს, ამ დოკუმენტში არ ჩანს.

ეს სტრატეგია ხანგრძლივი მსჯელობისა და შეჯერების შედეგად უნდა მივიღოთ. არადა, თითქოს ვიცით ყოველივე ეს, მაგრამ დრო არასოდეს გვყოფნის, ბიუჯეტში სულ პრობლემებია, სულ შესავსებია. ამასობაში კი 6 წელი გავიდა.

ჩვენ სხვა კონცეფციასაც ვისმენთ, სადაც, ფაქტობრივად, საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე. იქ უკვე სახელმწიფო, როგორც ასეთი, იგნორირებულია და მეწარმის პრიორიტეტი წინაა წამოწეული. თითქოს მეწარმე სახელმწიფოს ნაწილი არ იყოს, რომელიც ერთიან სქემაში მუშაობს. თითქოს მეწარმის წარმატება სახელმწიფოს წარმატება არაა.

თუ სახელმწიფო მოხელემ დააშავა და მეწარმესთან არასწორი აქტი დაიწერა, ბიუჯეტი ორმაგს იხდის. უფრო მეტი კორუფცია შეუძლებელია. იდეალური მეწარმე და ცუდი სახელმწიფო წარმოგიდგენიათ, ან პირიქით? მით უფრო ამ ქვეყანაში, ვეღარ გაარჩევ ვინ სახელმწიფო მოხელეა და ვინ მეწარმე. სახელმწიფო სამსახური იმდენად მწირ ანაზღაურებას იძლევა და არასტაბილურია, მოხელე იძულებულია, ნებისმიერი დაშვებული თუ დაუშვებელი გზით როგორმე ბიზნესთან ახლოს მივიდეს.

ნახეთ, შემოსავლების სამინისტრო, როგორ მოექცა სახელმწიფო თავის ერთ-ერთ სერიოზულ უწყებას, მის კადრებს, რომლებმაც უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს გსმენიათ როდესმე, სახელმწიფო წუხდეს მინისტრი რომ უმუშევარი დარჩა?

სად არიან ყოფილი მინისტრები, ვინმეს აინტერესებს მათი ცოდნა და გამოცდილება? შეიძლება ასეთი ზოგადი, ბოდიში, მაგრამ სულელური ლოზუნგით, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკა დავანგრიოთ და ყველა კადრი ქუჩაში გავუშვათ? პიროვნულად, ზურაბ ნოღაიდელთან საკამათო არაფერი მაქვს, მაგრამ ის აზრი, რომელიც შეიქმნა თითქოს ფინანსთა სამინისტროში რაღაცა გაკეთდა, მხოლოდ ილუზიაა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ თანხა შემოვიდა და გავიდა. ხაზინაში ამას ერთი თანამშრომელი ქალბატონი, რიგითი ბუღალტერი, დეა აკეთებდა. ეს არ არის მინისტრის სასაუბრო თემა. მირიან გოგიაშვილს ფინანსთა სამინისტროს აშენება თავიდან მოუწევს.

ეკონომიკის ასაღორძინებლად საუკეთესო წლები იკარგება. საგადასახადო კოდექსში თავის დროზე შეტანილი სწორი მიმართულებები საშუალებას არ მისცემდა არალეგალურ ბიზნესს, განვითარებულიყო იმ დონეზე, რომ თვითონ მას დაეწყო კარნახი საგადასახადო მიდგომებისათვის, იგი მაშინ სუსტი იყო. დღეს გაცილებით ძლიერია. რაც ყველაზე საშიში მოვლენაა – სერიოზული კერძო კაპიტალის მფლობელია და ამ კაპიტალს ყველანაირად გამოიყენებს, რომ თავისი ინტერესები დაიცვას. საგადასახადო პოლიტიკის კუთხით ისეთი ბერკეტები და მექანიზმებია ჩამოსაყალიბებელი, რომ სახელმწიფომ არალეგალური ბიზნესი ნელ-ნელა შეასუსტოს, რადგან ომით ამის მიღწევა შეუძლებელია. ჩვენი მიდგომები მეტი ტვირთის ქვეშ აქცევს კეთილსინდისიერ მეწარმეს. კოდექსს დღეს არავინ იყენებს, რეალურად არავინ იცის რა ეკონომიკა იქნებოდა, კოდექსი რომ მუშაობდეს. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებში არსებული სიკეთე, რომელიც უდაოდ არის, შესაძლოა უარყოფითი მხარეებით ისე ჩაიყლაპოს, რომ არავისთვის მისაღები არ იყოს.

იქნებ, დააკონკრეტოთ რა ცვლილებებია?
თუნდაც ის, რომ რაკიღა ვერ ვცვლით დამატებული ღირებულების ყბადაღებულ თემას, შემოვიღოთ ისეთი მექანიზმი, რაც მას, გარკვეულწილად, გამჭვირვალეს გახდის. უნდათ, ზოგადად, სურთ მარკების მცნების შემოღება, რომ გარკვეული პროდუქცია რაღაც მარკით ნიშანდებული იყოს, ესეც ერთი მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ზოგადად საბაზრო ეკონომიკის განვითარების კონცეფციას ეწინააღმდეგება, მაგრამ თუ სწორად იქნება წარმართული, რაღაც მომენტში, შესაძლოა, დამხმარე ელემენტად გამოყენებულ იქნას. საუბარია ავტოტრანსპორტის დაბეგვრასთან დაკავშირებით რაღაც ელემენტების უფრო გამჭვირვალობასა და მოწესრიგებაზე. წინმსწრებ გადასახადებსა და გადასახადის გადატანაზე შეიძლება დადებითი მომენტის დანახვა და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არ არის სერიოზული და არსობრივი ცვლილებები კოდექსისათვის. ცვლილებებია გრანტებთან დაკავშირებით. შევამციროთ და შევასუსტოთ ის მომენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნება გარკვეული მანიპულაციები. გრანტები, თავისი არსით, უზარმაზარი თემაა, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება ბიუჯეტის შევსების წყაროდ განვიხილოთ. მისი სწორად გამოყენება ზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. პრესას რომ გაეცნობი, შეიძლება გაგიკვირდეს, რატომ მსჯელობენ ადამიანები ასე, მაგრამ ეს აზროვნება როცა კოდექსში გადადის, უკვე ამაზრზენია. მკვიდრდება შეხედულება, რომ გრანტი ცუდია, იგი უნდა დაიბეგროს. გრანტს გჩუქნიან იმისათვის, რომ შენი ეროვნული მეურნეობის ესა თუ ის ელემენტი განავითარო – მას შეუძლია ეს თანხა აიღოს და პირდაპირ ბიუჯეტში მოგცეს. გეუბნება, რომ ბიუჯეტი არასწორად გაქვს დაგეგმილი. შენი ბიუჯეტი სულ სხვა ორიენტირებაზეა და ამით, ქვეყნის მასშტაბით, რესურსი იჭმევა.