“აფხაზეთი შეუძლებელია დაიბრუნო, ის შეიძლება მხოლოდ იყიდო”

სოფიკო სიჭინავა

ერთ-ერთ რუსულ საიტზე X საამშენებლო ფირმა კლიენტურას მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში, თავის მომსახურებას სთავაზობს. ისინი თავის თავზე იღებენ ყველა პრობლემის მოგვარებას, დაწყებული იმ საბუთების მოპოვებიდან, რომელიც მშენებლობის ნებართვას სჭირდება, დამთავრებული თანამედროვე დიზაინის შენობა-ნაგებობების აშენებით. ვრცელ სარეკლამო ტექსტში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს აფხაზეთს, იქვე განთავსებულია აფხაზეთის კურორტების სლაიდებიც. გთავაზობთ ამონარიდს ამ ტექსტიდან:

ამ სლაიდებზე წარმოდგენილი ობიექტები აფხაზეთში – ჩვენი პლანეტის სამოთხისებურ კუთხეში უქმად დგას – ოდესღაც თავისი რეკრეაციული რესურსებით ცნობილი სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები. დღეს ეს რეგიონი არც ისე შორეულ წარსულში ტიპური “ცხელი წერტილი”, მშვიდობიან რელსებზე დგება და ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებად ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებას ირჩევს. დღეს ამ ობიექტებში ჩადებული არცთუ დიდი მოცულობის ინვესტიცია, უახლოეს მომავალში კოლოსალურ დივიდენდებს მოიტანს. ქონების წარმოუდგენლად დაბალი ფასები და იაფი მუშახელი თქვენს ინვესტიციას უფრო და უფრო პერსპექტიულს ხდის. აფხაზეთი ეკონომიკურ რეფორმებს და პრივატიზაციას იწყებს. რას გვეუბნება, ჩვენ, რუსებს ეს ფრაზა? – იმას, რომ აფხაზეთის პრივატიზაციის პროცესში შეიძლება სერიოზული ბიზნესი გაკეთდეს. ხვალ, შესაძლოა, უკვე გვიანაც იყოს, თქვენს ადგილს სხვები დაიკავებენ. ამას უკევ რეალური დადასტურება აქვს – ჩვენი წარმომადგენლები აფხაზეთის ეკონომიკაში საინვესტიციო აქტივობის მძაფრ ზრდას აღნიშნავენ”.

გაზეთ “ნეზავისიმაიას” ჟურნალისტი აფზახეთის პრობლემის მოგვარებას მარტივად და, პრინციპში, ძალიან სწორად წყვეტს. მისი თქმით, აფხაზეთის ბრძოლით მოპოვება ძალიან რთულია, აფხაზეთის, მხოლოდ ყიდვაა შესაძლებელი. ამ სწორი ფორმულირების მიხედვით, რუსები უკვე მოქმედებენ. თუმცა, რუსული გაზეთები არ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, აფხაზეთის პრივატიზაციის პროცესში, რომელი რუსული დაწესებულებები, კერძო ფირმები თუ სტრუქტურები აქტიურობენ. თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთში გაიყიდა ყველაფერი, რისი გაყიდვაც შესაძლებელი იყო:

“აფხაზეთში პრივატიზაციის პროცესი, ფაქტობრივად, უკვე მთავრდება. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაყიდულიყო, გაიყიდა. ჩვენთვის ცნობილია ის ორგანიზაციები, რომლებიც პრივატიზებას ახდენენ, ამიტომ საჭიროა უშუალოდ მათზე რეაგირება. ესენი, უმეტესად, რუსეთის, თურქეთის, სტრუქტურებია, ჩართული იყო უკრაინაც, მაგრამ მათთან შეთანხმების მიღწევა მოხდა და ამ პროცესებში მონაწილეობას თავი აარიდეს. არის მოსკოვის, როსტოვის, ნალჩიკის, კრასნოდარის უნივერსიტეტები, სხვადასხვა უწყებები: ტომსკის, რიაზანის, ციმბირის სხვადასხვა დაწესებულებები. რუსეთის ხელისუფლების საშუალებით მათზე პირდაპირი ზემოქმედებაა საჭირო”.

ცოტა მეტ ინფორმაციას www.gazeta.ru იძლევა:
“ანრი ჯერგენია მოსკოვში პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. აფხაზეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ლოშინინმა მიიღო. საუბრის შესახებ ოფიციალურად არაფერი გაცხადებულა. რუსულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზურმა მხარემ რუსეთს შესთავაზა გაგრისა და ბიჭვინთის სანატორიუმების პრივატიზებაში მონაწილეობის მიღება. პრესკონფერენციაზე ჯერგენიამ დაადასტურა, რომ ამგვარი წინადადება რუსულ მხარეს მართლაც შესთავაზა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ განხილვის სტადიაშია. სეპარატისტთა ლიდერები კარგად გრძნობენ, რომ თუნდაც ყველაზე მომგებიანი ეკონომიკური წინადადებით მოსკოვში წარდგომა მათი უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება.

როგორც აფხაზეთში ვარაუდობენ, ძირითად ინვესტორებად რუსული კომპანიები მოიაზრებიან. ცხადია, რომ სახელგანთქმული აფხაზეთის ზღვისპირეთის კურორტების ინვესტირებას თავისი პლუს-მინუსები გააჩნია. პლუსი არის ის, რომ აფხაზეთის აქტივები შეიძლება ძალიან იაფად, თითქმის მუქთად იყიდო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან ბლოკადა მეტ-ნაკლებად შესუსტდა, აფხაზეთში ტურიზმი გამოცოცხლდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ სტრატეგიული ინვესტორის მოსაზიდად შესაფერისი დრო მოვიდა. რუსული ბიზნესი ამ რეგიონში უკვე მუშაობს, მათ შორის, ტურიზმის სფეროშიც. როგორც www.gazeta.ru-ს აფხაზეთის პრემიერის აპარატში განუცხადეს, ისეთი კომპანიები, როგორიცაა ჩელიაბინსკის ტრაქტორმშენებელი ქარხანა და “სოჩიავია”, აფხაზეთის კურორტებში უკვე დებენ სახსრებს. აფხაზეთის ხელისუფლება, რომელიც საკუროტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელს წარმოადგენს, ცდილობს, ინვესტორები კონკურსის საშუალებით გამოავლინოს. “საუბარი მიდის გრძელვადიან არენდაზე, თუმცა, გამორიცხული არც პრივატიზებაა”. – განაცხადა აფხაზეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მოსკოვში, იგორ ახბამ. რუსეთში იმასაც კარგად ხვდებიან, რომ თუკი რუსეთის ინვესტიციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო, საქმეში უკვე პოლიტიკა ჩაერთვება. თბილისში არ მალავენ (გაურკვეველია, დასამალი რა არის? (ავტ).), რომ აფხაზეთის საკურორტო მეურნეობა ქართული სახელმწიფოს საკუთრებაა, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა მიითვისეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა გარიგება, ადრე თუ გვიან, ყალბად იქნება მიჩნეული. სხვათა შორის, თბილისში ტურიზმისა და აფხაზეთის კურორტების მთავარი სამმართველო მოქმედებს, რომელიც აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ნაწილია. ეს სამმართველო აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ ყოველგვარ ინფორმაციას აგროვებს. იმისთვის, რომ აფხაზეთის პრობლემა როგორც კი დარეგულირდება, საქმიანობას შეუდგნენ.

“სიმართლე გითხრათ, ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს თბილისის პოზიცია. ჩვენ არ გვაქვს მათთან არც ოფიციალური და არც ფორმალური ურთიერთობა”. – განაცხადა იგორ ახბამ.

მიუხედავად ამისა, რუსეთი ამის უფლებას თავს ვერ მისცემს. რუსეთისთვის, რასაკვირველია, მომგებიანია, რომ რუსი ბიზნესმენები, თანდათანობით, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აფხაზეთში დამკვიდრდნენ. მაგრამ ეს კიდევ უფრო გააფუჭებს ამის გარეშეც არცთუ სასიამოვნო ურთიერთობას. ასე რომ, ჯერგენიას წინადადებებს მოსკოვში კეთილგანწყობილად, მაგრამ გარკვეული სიფრთხილით შეხვდებიან”.

საქართველოში კი ზოგადი განცხადებებით იფარგლებიან. ამ სიტუაციაში იმ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა, თამამად შეგვიძლია დუმილი ვუწოდოთ. სხვა რა შეიძლება დაერქვას იმას, რომ მოსკოვში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატული მთავრობის წარმომადგენლები ერთად აწყობენ პრესკონფერენციებს და ოსური მხარე აფხაზეთის დასახმარებლად (რათა მათ გაგრისა და ბიჭვინთის კურორტების პრივატიზება შესძლონ) მზად არის საქართველოს ომი გამოუცხადოს. საქმე ეხება არა კერძო რუსულ ფირმებს, სეპარატისტებს, ფაქტობრივად, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ოფიციალური რუსეთი იღებს.

თამაზ ნადარეიშვილი: – “აფხაზეთში, პრივატიზაციასთან დაკვაშირებით, ოფიციალურმა თბილისმა განცხადებები გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გასატარებელი იყო უფრო მკაცრი ზომები. საჭიროა, თუ გნებავთ, პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება”.

როგორც ჩანს, დღეს ეს ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რათა ინვესტორებმა იგრძნონ, რომ აფხაზეთი – ცხელი წერტილი, ისევ ცხელ წერტილად რჩება და აქ ეკონომიკური ინტერესების ჩადებას აზრი არ აქვს, მათ ყოველგვარი ინვესტირების სურვილი უნდა დაკარგონ. თუმცა, არის მეორე გამოსავალიც: საქმეში, შესაძლებელია, საერთაშორისო სამართალი ჩაერიოს. ქართულმა მხარემ უჩივლოს იმ კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომელთაც პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა მიიღეს.

თამაზ ნადარეიშვილი: – “დღეს, მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა იმ ფარგლებში, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო იგულისხმება. ამიტომ, სასამართლოში საქმის შეტანა ჩვენს სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს. სამწუხაროდ, ჯერ მსგავსი არაფერი გაკეთებულა”.

გაკეთდება თუ არა, არავინ იცის. თამაზ ნადარეიშვილის აზრით, აფხაზეთის საკითხს მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როდესაც სჭირდებათ. აფხაზეთის პრობლემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – ზოგს აინტერესებს, ზოგს – არა. ზოგიც,ზედმეტ პრობლემას და სირთულეს არ იქმნის. ის იდეოლოგია, რომლითაც ტერიტორიადაკარგულმა ქვეყანამ უნდა იცხოვროს, საქართველოში არ არსებობს და ცალკეულ პირებს ვერაფერს მოვთხოვთ!

თავის დამშვიდება იმით, რომ ადრე თუ გვიან ყველა ხელშეკრულება ყალბად ჩაითვლება, ცოტა სასაცილოდ გამოიყურება. აფხაზეთი ცდილობს, სახელმწიფოდ შედგეს. თუკი ისინი მოახერხებენ ეკონომიკური რეფორმების გატარებას და, ამის შედეგად, მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობა გაუუმჯობესდება, საქართველო აფაზეთს ვეღარც ნახავს. აფხაზურ მხარეს ეკონომიკური განვითარების პროგრამა რუსულ საიტზე აქვს განთავსებული, სადაც ცალკე თავად არის წარმოდგენილი ობიექტების განსახელმწიფოებრიობა და პრივატიზება:

“სახელმწიფო საკუთრების მართვის, განსახელმწიფოებრიობასა და პრივატიზებაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად, აუცილებელია, რიგი მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა: იგი გამიზნული უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს კერძო მესაკუთრეთა ფენა, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს ობიექტების კლასიფიკაცია იმისდა მიხედვით, თუ რამდენად არის შესაძლებელი მათი პრივატიზება:
1) ობიექტები და საწარმოები, რომელთა პრივატიზება და განსახელმწიფოებრიობა არ შეიძლება;
2) ობიექტები და საწარმოები, რომელთა პრივატიზება და განსახელმწიფოებრიობა მოხდება აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით;
3) ობიექტები და საწარმოები, რომელთა პრივატიზება აუცილებელია;
პირველ რიგში, უნდა მოხდეს შემდეგი ობიექტების პრივატიზება:
1) ვაჭრობისა და საზკვების;
2) მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების;
3) საბინაო ფონდის და სხვა შენობების, რომლებიც 1992-93 წლებში საომარი მოქმედებების დროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა;
4) დაუმთავრებელი მშენებლობების;

განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების ძირითად მიზანს წარმოადგენს:
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, შრომითი კოლექტივებისა და ფიზიკური პირების საკუთრების ოფიციალური გაფორმება იმ საწამოებში, რომლებიც, ფაქტობრივად, პრივატიზებას ექვემდებარებიან; კერძო მესაკუთრეთა ფართო ფენის ჩამოყალიბება, როგორც საბაზრო ურთიერთობების ეკონომიკური საძირკველი, პრივატიზების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობის გზით; ფინანსური სტაბილიზაცია; აფხაზეთის საწარმოების, და მთლიანად, ეკონომიკის სტრუქტურული გარდასახვის გზით მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება.

მცირე პრივატიზაციის სათანადოდ დაგეგმვით მიღებული საერთო მოგება შემდეგში მდგომარეობს:
ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო სფეროს განვითარება; ფართო მოხმარების საგნების წარმოება; მცირე და საშუალო ბიზნესში საბაზრო ურთიერთობების რეგულირება; სამუშაო ადგილების ზრდა; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება; დღეს არსებული კერძო სექტორის დინამიზმის და მასშტაბის ზრდა; კერძო საკუთრების ფართო განაწილება და პრივატიზებისაგან დამატებითი საშუალებების მიღება; წარმოებაში ინვესტიციების (მათ შორის, უცხოურის) მოზიდვა;

განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების პროცესის რეგულირება და მის გასატარებლად შესაბამისი ფორმის გამოძებნა განაპირობებს იმას, რომ ეს პროცესიხელმისაწვდომი იქნება იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის. ამასთან ერთად, აუცილებელია ისეთ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ინტერესების გათვალისწინება, სადაც არ ხდება წარმოება. მათ უნდა მიეცეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ იმ სფეროს პრივატიზაციაში, სადაც მოსახლეობის ეს კატეგორია თავის პოტენციალს უფრო ეფექტურად გამოიყენებს. საწარმოების გაყიდვა უნდა მოხდეს პირდაპირი გაყიდვის, კონკურსის, აუქციონის გზით. განსახელმწიფოებრიობა, სახელმწიფო საკუთრების არენდით გადაცემა, ახლა განსახელმწიფოებრიობის ძირითად ფორმას წარმოადგენს. ასევე, სააქციო საზოგადოებების და ერთობლივი საწარმოების შექმნა ემსახურება სხვადასხვა დონეზე ბიუჯეტის შევსებას. იმის გასარკვევად, თუ როგორ იქნება უმჯობესი პრივატიზაციის გატარება, უნდა მოხდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინება:

მყიდველთა წინადადებები; საპრივატიზაციო ობიექტების დარგის თავისებურებანი; სახელმწიფოსათვის საწარმოთა სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა; საწარმოს საწესდებო კაპიტალის შეფასება.

პრივატიზაციის პროცესში ერთ-ერთ მთავარ პირობას უნდა წარმოადგენდეს პრივატიზაციიდან მიღებული თანხების განაწილება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე, ისე საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემების გადასაწყვეტად. უცხოური ინვესტიციების გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგი პირობებით: სახელმწიფომ უცხოელ ინვესტორებს გარკვეული გარანტიები უნდა წარუდგინოს; დაწესდეს შეღავათები იმ ინვესტორთათვის, რომლებიც სახსრებს სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგების განვითარებაში ჩადებენ; უცხოური ინვესტორებისათვის, რომლებიც სახალხო მეურნეობის მიმართულებით იმუშავებენ, ჩამოყალიბდეს ძირითადი მიმართულებები; აფხაზეთის მოქალაქეების მონაწილეობა საინვესტიციო პროექტებში და იმ საწარმოებში, სადაც უცხოური ინვესტიცია ჩაიდება.

პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს ეკონომიკის რომელ სფეროებში დაიტოვოს სახელმწიფომ საკვანძო როლი, რომელ სფეროებში ითანამშრომლოს სახელმწიფომ კერძო მეწარმეებთან და რომელი სფეროები გადავა მთლიანად კერძო საკუთრების ხელში. ყოველივე ზემოჩამოთვლილი უნდა განხორციელდეს პრივატიზაციის პროგრამაზე დაყრდნობით, სადაც მაქსიმალურად იქნება ხალხის შეხედულება გათვალისწინებული”.

ყველასთვის ნათელია, რომ ამ რეგიონში ტურიზმი ჩვეულებრივად მუშაობს. ეს ის სფეროა, რომელიც, როგორც აღნიშნავენ, აფხაზეთმა თავისი ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებად აირჩია. მართალია ტურიზმი იმ მასშტაბებს ვეღარ აღწევს, რასაც ადრე. თუკი 15 წლის წინ აფხაზეთში დამსვენებელთა რაოდენობა მილიონს სტაბილურად აღემატებოდა, ახლა ეს რიცხვი 25 ათასამდე ადის. ისეთი დამოკიდებულებით, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოს აფხაზეთის პრობლემისადმი აქვს, არის საშიშროება, ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატოს, ვინც გულს იმით იმშვიდებს, რომ იგი ვერასოდეს მიაღწევს ადრინდელს, ვეტყვით, რომ აფხაზეთისთვის ასეთი კოლოსალური ციფრები სულაც არ არის აუცილებლი. ისე კი, მკითხველს ილუსტრაციისთვის მცირე ინტერვიუს შევთავაზებთ, რომელიც რუსული ტურისტული ფირმის “რუსექსპერტის” მენეჯერთან საუბრისას ჩავიწერეთ. ფირმა მხოლოდ აფხაზურ კურორტებზე, კერძოდ კი ბიჭვინთის სახელგანთქმულ “ბზის კორომებზე” მუშაობს.

გახლავართ რუსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე, გვინდა, აფხაზეთში დასვენება. როგორ შეგვიძლია მოვახერხოთ?
რუსეთიდან გადაადგილება უვიზოა, მაგრამ ვერ გეტყვით როგორ ხდება საქართველოდან. გაურკვევლია, თუკი აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია, როგორც აცხადებთ, რაში გჭირდებათ ვიზა?

ვისთან შეიძლება დალაპარაკება? თქვენი სააგენტო ხომ აფხაზეთში დასვენებას სთავაზობს მსურველებს?
ჩვენ ვთავაზობთ რუსეთის ტერიტორიიდან გამგზავრებას, მაგრამ ლოგიკით თქვენ არანაირი ვიზა არ გჭირდებათ.

როგორი ფასებია თქვენთან, ოჯახით – ცოლ-ქმარსა და ორ ბავშვს (10 და 12 წლის) რამდენი დაუჯდება დასვენება?
თქვენ დაგჭირდებათ სამოთახიანი ნომერი, რომელიც უკვე ლუქსად ითვლება. ეს არის 100 დოლარი დღე-ღამეში.

რამდენად არის უსაფრთხოება დაცული?
იცით, ტურისტული ფირმა ვერ მოგცემთ უსაფრთხოების გარანტიას.

კარგა ხანია. ჩვენ შარშანაც გვყავდა დამსვენებლები, მაგრამ მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. სეზონი უკვე კარგა ხანია გახსნილია.

ქართული მხარე, ჯერჯერობით, აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას ყველანაირად უწყობს ხელს, აფხაზეთში ნელ-ნელა რუსული კაპიტალი დამკვიდრდება. რაც, კიდევ ვიმეორებთ, იმის საწინდარია, რომ, შესაძლოა, ეს რეგიონი ვერასოდეს დავიბრუნოთ. აფხაზეთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებისთვის მარადიული თემაა, რომელსაც მაშინ ამოსწევენ, როცა ამის საჭიროება არსებობს, თორემ, დღეს საქართველოში გაუკონტროლებელი რეგიონები ბევრს აძლევს ხელს და, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი აფხაზეთია. ასე რომ, ტერიტორიადაკარგული ქვეყნის იდეოლოგია, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცხოა.