ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი

ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში, უმაღლესი განათლება მსოფლიო განვითარებისა და კონკურენციის მამოძრავებელი სისტემაა – იგი განიხილება როგორც „ეკონომიკის ძრავა“, რომელიც კვლევისა და ინოვაციის გზით ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნასა და სამუშაო ძალის კომპეტენციების მუდმივ განვითარებას.

საქართველოში ისევე როგორც სხვა სფეროებში, განათლების სისტემაშიც უამრავი პრობლემა დაგროვდა. უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ბაზრის ურთიერთმიმართების შესახებ ინფორმაცია საქართველოში დღეისათვის ძალიან მწირია. ამ დეფიციტს, პირველ რიგში, განაპირობებს ის, რომ ეროვნულ დონეზე არ არსებობს სისტემური მიდგომა ბაზრისა და განათლების სიტემის ურთიერთკავშირის ანალიზისათვის

– საჭირო ცვლადები არ არის ინტეგრირებული ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებში, როგორიცაა მოსახლეობის აღწერის კითხვარები, შინამეურნეობის კვარტალური კვლევის ინსტრუმენტები. არ არის გააზრებული მონაცემების თავსებადობისა და აგრეგირების სტრატეგია, განათლების სამინისტროს შიგნით ან მის გარეთ არ არსებობს უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ ტიპის მონაცემების ანალიზზე, არ არის განსაზღვრული უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ამ ინფორმაციის ინტეგრირების სტრატეგია.

მაგალითად,

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, დღეისათვის შეუძლებელია უმაღლესი განათლების უკუგებისა და ფარდობითი სარგებლის გამოანგარიშება უმაღლესი განათლების საფეხურების (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), ისევე როგორც აკადემიური განათლების მიმართულებების მიხედვით და ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოში უმაღლესი განათლების დარგების მიხედვით სახელმწიფო დაფინანსების დიფერენცირებული სქემები მოქმედებს.

შესაბამისად, პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების იდენტიფიცირებისას სამინისტრო არ ეყრდნობოდა სანდო ემპირიული მასალას. კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა დასაქმებისა და შემოსავლების შესახებ მონაცემები არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე გროვდება სისტემურად. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტი ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოარგონ პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს, სტანდარტის შესაბამისი პუნქტების შესრულების ინდიკატორები და გადამოწმების წყაროები – ბუნდოვანია, არ არის საკმარისად დეტალიზირებული თვითშეფასებისა და გარე შეფასების ინსტრუმენტებში და, შესაბამისად, არ იძლევა ამ კუთხით მდგომარეობის სრულად და ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას ცალკეული პროგრამების, ისევე როგორც მთლიანად უმაღლესი სასწავლებლის დონეზე.

თვითშეფასების ანგარიშების გამოქვეყნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დღეისათვის სავალდებულო არ არის, რაც ზღუდავს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და აფერხებს ამ კუთხით უმაღლეს სასწავლებლებს შორის კონკურენციას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდ ნაწილში არ მოქმედებს კარიერული განვითარების სერვისი. სათანადო მონაცემთა ბაზების ხელმიუწვდომლობის პირობებში ამ მიმართულებით ეროვნულ დონეზე განხორციელებული კვლევა ძალიან ძვირია, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს და სათანადოდ არ აისახება განათლების პოლიტიკაში.

2013 წლის მონაცემებით, უმაღლესი განათლება საქართველოში შემოსავლებისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდის მნიშნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. უმაღლესი განათლების მქონე პირის საშუალო შემოსავალი დაქირავებული შრომიდან მხოლოდ ზოგადი განათლების მქონე პირის საშუალო შემოსავალზე თითქმის ორჯერ უფრო მაღალია. სქესის, ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინების პირობებში,

უმაღლესი განათლების მქონე პირის დასაქმების შანსები მხოლოდ საშუალო განათლების მქონე პირებთან შედარებით 2-ჯერ იზრდება, ხოლო დაქირავებით დასაქმების ალბათობა – თითქმის 5-ჯერ.

მაგისტრატურის დამთავრება უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის არ იწვევს მნიშვნელოვან ნამატს სახელფასო შემოსავლებში, თუმცა მაგისტრის დიპლომის მქონე პირის დასაქმების შანსები 70%-ით მაღალია ბაკალავრის დიპლომის მქონე პირთან შედარებით. შესაბამისად, საქართველოში მაგისტრატურა არა შემოსავლის, არამედ დასაქმების ალბათობის გაზრდის საშუალებაა.

უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯების ამოღება საქართველოში დაახლოებით იგივე დროის მონაკვეთში ხდება, რაც ანალოგიური შემოსავლის მქონე ევროპის სხვა ქვეყნებში. დასაქმებიდან შემოსავლების საშუალო მაჩვენებლები, ისევე როგორც დასაქმების ალბათობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სქესის და უმაღლესი განათლების მიმართულებების მიხედვით. უმაღლესი განათლების მქონე მამაკაცების დასაქმების ალბათობა 1.2 -ჯერ უფრო მაღალია უმაღლესი განათლების მქონე ქალების დასაქმების ალბათობასთან შედარებით.

საინჟინრო სფეროში ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ქალის დასაქმების ალბათობა უფრო დაბალი რჩება, ვიდრე მამაკაცების. სქესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შემოსავლებზე. ეს გავლენა რჩება მაშინაც, როცა ერთმანეთს ვადარებთ ერთსა და იმავე სფეროში განათლებამიღებულებს. მაგალითისათვის, თუ ქალს და კაცს მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის მიმართულებით და კვლევაში გათვალისწინებული ყველა მახასიათებელი აქვთ მსგავსი (მაგალითად, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი), მამაკაცის ხელფასი საშუალოდ 176 ლარით მეტია ქალის ხელფასზე.

ბიზნესისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით დიპლომის მფლობელთა დასაქმების შანსები, ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსდამთავრებულების შანსებთან შედარებით 1.3 – 1.4-ჯერ მაღალია. ბიზნესის და საინჟინრო მიმართულებების კურსდამთავრებულთა შემოსავალი დაქირავებული შრომიდან ჰუმანიტარული მეცნიერების კურსდამთავრებულებთან შედარებით უფრო მაღალია.

უმაღლესი განათლების უკუგების შემდგომი ზრდისთვის შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მქონე პირთა კომპეტენციების ბაზრის მოთხოვნებთან ნაკლები თავსებადობა და თვითდასაქმების დაბალი მაჩვენებლები. საქართველოში უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე დასაქმებულ პირთა შორის საკუთარი სპეციალობით დაახლოებით 60% მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ მეოთხედი მუშაობს საკუთარი სპეციალობით.

სხვადასხვა კვლევის ფარგლებში გამოკითხულ დამსაქმებელთა დაახლოებით ნახევარი თვლის, რომ კურსდამთავრებულთა კომპეტენციები არ შეესაბამება მათ მოთხოვნებს. საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდათა შორის თვითდასაქმებულთა წილი დაბალია, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ტენდენციის გამოსასწორებლად რომ წლებია საჭირო, ფაქტია. თუმცა კვალიფიციური კადრების ნაკლებობის აღმოფხვრა უახლოესი პერიოდისთვის ალტერნატიული გზებითაც შეიძლება, მაგალითად საზღვარგარეთ განათლების მიღება.

ახალი შანსი სტუდენტებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის

განათლების სფეროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის განხორციელება, რომელიც სტუდენტთა სწავლების უცხოეთში დაფინანსებას, შემდგომ კი მათი საჯარო უწყებებში დასაქმებას გულისხმობს, მიმდინარე წლის ორ მაისს დაიწყო, როდესაც განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა. აღნიშნული პროექტი საჯარო სამსახურებში არაკვალიფიციური კადრების საკითხის მოგვარების ერთ-ერთ მიმართულებად ითვლება. პროექტით ხელისუფლება საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების პრობლემასთან ბრძოლას ცდილობს, რის შესახებაც პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ, თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. სტუდენტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სამინისტროებში ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს და კვალიფიციურ კადრებს ის სანთლით ეძებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის შეფასებით, განათლების სამინისტროს და სხვა საჯარო უწყებებს წარსულშიც ჰქონდათ მსგავსი ტიპის პროექტები, თუმცა ეს ფონდი გაცილებით მასშტაბური იქნება.

ganatleba-1

„ეს ფონდი იზრუნებს ჩვენ სტუდენტებზე, მათი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე და იმუშავებს იმ საკითხზე, რომ ეს სტუდენტები ისევ უკან მოიზიდოს და საქართველოში დაასაქმოს, იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. სხვადასხვა სამინისტროებში აქამდეც იყო მსგავსი პროექტები, მაგალითად, ჩვენ გვქონდა პროეტი „ცოდნის კარი“, კულტურის სამინისტროს ჰქონდა გარკვეული ფონდი, მაგრამ ახლა პრემიერი ამისთვის თანხას საკუთარი რეზერვიდან გამოყოფს. მოხდება ამ თანხების აკუმულირება და ამ პროგრამის უფრო შეჯერებული ვარიანტი გამოვა“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ პრემიერის იდეა ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც შრომის ბაზარის შესწავლას და კადრების საჭიროებას ეხება.

„ჩემი ახალი ინიციატივაა, რომ მოხდეს ყველა ფინანსური რესურსის აკუმულირება, დამატებითი საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების რესურსების კონსოლიდაცია საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელიც უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა – სახელმწიფო დააფინანსებს საზღვარგარეთ პროფესიული ცოდნის ამაღლების მსურველებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის. პირველ რიგში, დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლის დეფიციტიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. მაგალითად, საჯარო სექტორში უკვე დაწყებულია კვლევები იმის გამოსავლენად, თუ რა მიმართულების სპეციალისტები ესაჭიროება საჯარო სექტორს დღეს ყველაზე მეტად. მინდა გითხრათ, ამ ინიციატივაში, ამ პროექტში ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და ჩაერთვებიან სახელმწიფოს საქმიანობაში. ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას. ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც, პრინციპში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია. მთელი ეს ძალისხმევა გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რაც მომავალში მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული ინტელექტუალური რესურსის კონკურენტუნარიანობას“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

ganatleba-2

განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სამ ისეთ ძირითად პროგრამას, როგორიცაა წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება, საზღვარგარეთ მყოფი წარმატებული სპეციალისტების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოელი სპეციალისტების ქვეყანაში მოწვევა და მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. მესამე – პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის. დაფინანსების მოსაპოვებლად ცენტრის კომისიამ შეარჩია მაქსიმალურად ობიექტური კრიტერიუმები, როგორიცაა მაღალი აკადემიური მოსწრება, პირადი მოტივაცია, შერჩეული ფაკულტეტის თანხვედრა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ განვითარების პრიორიტეტებთან. პრიორიტეტული მიმართულებები კი არის სამართალი, აგრარული, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, არქიტექტურა, ურბანული განვითარება, სოციალური მეცნიერებები, თავდაცვა და უსაფრთხოება. სამაგისტრო და სადოქტორო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტები იღებენ ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, იმსახურონ საჯარო სექტორში სულ მცირე 3 წელი და მიღებული ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას.

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა მსურველების საბუთების მიღება 7 მაისიდან დაიწყო და ეს პროცესი 7 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნული პროგრამის ღირებულება 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. ამასთან, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება და პრაქტიკა გაიარონ ყველა საჯარო უწყებაში, მათ შორის – რეგიონებში განთავსებულ საჯარო სამსახურებში. სტაჟირების კურსი 6 თვიანი იქნება, რომლის დასრულების შემდეგ საჯარო უწყება სერტიფიკატებს გასცემს.

საერთაშორისო ტენდენციები

განვითარებადი ქვეყნების სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პრაქტიკა ახალი არ არის. ბევრი ისეთი ქვეყანა მიმართავს მსგავს მეთოდს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სხვა.

მსოფლიოს სახვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანური კაპიტალის სწორი განვითარება და ფორმირება (იგულისხმება განათლება და ჯანდაცვა) მნიშვნელოვან და ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მარალკვალიფიციური კადრები, რომელთაც კარგი განათლება აქვთ მიღებული, საჭიროა არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების შემოსავლიანობის გაზრდისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვისაც.

უმაღლესი განათლების სრულყოფა და უფრო მეტი მაღალკვალიფიციური კადრი ნებისმიერი ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. ამიტომაც აძლევენ სპეციალისტები ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას რეკომენდაციას, განათლების სისტემა უმთავრეს პრიორიტეტად აქციონ. ამ ფორმულას ბევრი ქვეყანა იზიარებს.

ლათინური ამერიკის ქვეყნები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სტუდენტს აგზავნიან სამთავრობო ხარჯებით საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. მაგალითისათვის, ბრაზილიიის მთავრობამ 2014 წელს 75 000 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა საზღვარგარეთ სწავლის. ეს ტენდენცია სულ უფრო იზრდება. 2011 წელს კოლუმბიამ იმდენი სტუდენტი გაუშვა სასწავლებლად, რაც გასული 18 წლის განმავლობაში ერთად. ჩილე 2018 წლამდე საზღვარგარეთ 30 000 სტუდენტის კვალიფიკაციის ამაღლებას დააფინანსებს.

ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ჩინეთის გამოცდილება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინური ეკონომიკის სასწაულზე ბევრს საუბრობენ, უდაოა ამაში მაღალკვალიფიციური კადრების დიდი როლი. პირველად ჩინეთის ხელისუფლებამ სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის გადაწყვეტილება 1978 წელს მიიღო და საწყის ეტაპზე ყოველწლიურად 3000 სტუდენტს აფინანსებდა . 2012 წელს ჩინეთიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად 2.6 მილიონი სტუდენტი წავიდა (იგულისხმება როგორც სამთავრობო გრანტები, ისე საკუთარი სახსრებით).

ganatleba-3

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უმაღლესი განათლების სისტემა ევროპასა და მსოფლიოში მუდმივად ფართოვდება. მაგალითად, 2000-2009 წლებში ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართულ სტუდენტთა პოპულაცია საშუალოდ 22 %-ით გაიზარდა (2.7% წლიური ზრდის მაჩვენებელი). უმაღლესი განათლების სისტემის გაფართოების ეს ტენდენცია ეფუძნება იდეას, რომ მეტი განათლება სარგებლის მომტანია ინდივიდებისა და საზოგადოებისათვის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით (შემოსავლების და დასაქმების მაჩვენებლების ზრდა, ადამიანური კაპიტალის განვითარება), ისე სოციალური თვალსაზრისით (სოციალური მობილობის ხელშეწყობა, სოციალური სტაბილურობისა და კეთილდღეობის მაჩვენებლების ზრდა).

განათლების სისტემის განვითარების ტენდენციების კოორდინაცია სამი სტრატეგიული მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველი მიმართულება სამუშაო ბაზარზე ადამიანური რესურსის მიწოდებისა და ამ რესურსზე მოთხოვნის ბალანსის უზრუნველყოფაა. მეორე მიმართულება უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა კომპეტენციების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდაა.

სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში ქვეყნების წინაშე ახალ გამოწვევებს აყენებს, რადგან ეკონომიკის განვითარებისათვის შესაბამისი უნარებია საჭირო. თანამედროვე სამუშაო ბაზრის დინამიკა გამოიხატება არა მხოლოდ თვისობრივად ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნაში (სხვა სამუშაო ადგილების გაქრობის ფონზე), არამედ არსებულ სამუშაო ადგილებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებაშიც. კურსდამთავრებულთა უნარ-ჩვევებისა და სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მზარდი უმუშევრობის ფონზე, რადგან ამჟამად ევროპაში რეცესიის პერიოდია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა უმაღლესი განათლების როლის გაზრდაა სოციალური მობილობისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. უმაღლესი განათლება, თანამედროვე კვლევების თანახმად, უფრო მაღალი ანაზღაურებისა და დასაქმების უფრო მაღალი ალბათობის საწინდარია.
შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირების (სრული ზოგადი განათლება ან უფრო დაბალი) დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია უმაღლესი განათლების მქონე პირებთან შედარებით. გარდა ამისა, დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირებისათვის სიტუაცია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კიდევ უფრო უარესდება და მათი დასაქმების ალბათობა მუდმივად მცირდება.

მსოფლიოში უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებზე მოთხოვნის ზრდის ახსნის თვალსაზრისით დღესდღეობით აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, თუმცა ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ამ ზრდას, პირველ რიგში, ტექნოლოგიური ცვლილებები განაპირობებს. საინტერესოა, რომ მაღალკვალიფიციურ პერსონალზე მოთხოვნა არა მხოლოდ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, არამედ ნაკლებად ინდუსტრიალიზებულ, საშუალო ან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც იზრდება (ვენესუელა, ჩილე, ურუგვაი, გვატემალა, კორეის რესპუბლიკა, ინდოეთის სუბკონტინენტი და აფრიკა).

ganatleba-4

ბოლოდროინდელი კვლევები ასევე მიუთითებს განათლებაზე გაწეული ხარჯების ძლიერ და მნიშვნელოვან ურთიერთკავშირზე ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან. კერძოდ, უმაღლეს განათლებაში ჩართულ პირზე გაწეული წლიური დანახარჯი გავლენას ახდენს შემოსავლებზე, განათლებაზე გაწეული მთლიანი სახელმწიფო დანახარჯი – დასაქმების მაჩვენებლებზე, ხოლო მთლიანი შიდა დანახარჯი კვლევაზე (ერთ მოსახლეზე) ძლიერ კორელაციაშია როგორც დასაქმების, ისე შემოსავლის მაჩვენებლებთან. მსგავსი კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პოლიტიკის განმსაზღვრელთათვის, რადგან მიუთითებს, რომ დასაქმების მაჩვენებლების გაზრდა განათლებაში მთლიანი შიდა პროდუქტის უფრო დიდი წილის ინვესტირებითაა შესაძლებელი, ხოლო შემოსავლის მაჩვენებლების ზრდის ეფექტურ სტრატეგიას უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსების გაზრდა წარმოადგენს.

შენიშვნა: სტატია ნაწილობრივ ეყრდნობა „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ კვლევას „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში“

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial