საქართველოს სოფლის ტევადობა

პაატა კოღუაშვილი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
ბადრი რამიშვილი,
სტუ-ის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი

საქართველოს საჯარო სივრცეში ბოლო წლებში გახშირდა კამათი, როგორც ეკონომიკური განვითარების პროცესში სოფლის მეურნეობის როლის, ასევე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობრივი პარამეტრების შესახებ. ფაქტია, რომ 2004-2012 წლების ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად დაკნინდა ეროვნულ ეკონომიკაში აგრარული სექტორის როლი, რამაც სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობის მკვეთრი შემცირება განაპირობა. სტატიაში სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხია განხილული.

საქართველოს სტრატეგიული განვითარების კონტექსტით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი პრობლემის გადაწყვეტას, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობის მაქსიმალურად ეფექტიანი გაადგილება. ცხადია, ეს ურთულესი საკითხია, რომელზეც უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და ყველაფრის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით გადაწყვეტა შეუძლებელია, თუმცა, აუცილებელია დადგენილ იქნეს, რამდენიმე ძირითადი პარამეტრის დასაშვები მერყეობის ამპლიტუდა, რაც წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს სახელმწიფოს და ერის სასიცოცხლო ინტერესებთან.
ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სასოფლო და ურბანული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობის და მათი თანაფარდობის პარამეტრების დადგენა. ეს განსაკუთრებით აქტუალურად გვეჩვენება დღეს, თუ ამ მიმართულებით გამოთქმულ და დაწერილ არაკომპეტენტურ, ზერელე, წინასწარ აკვიატებულ და შესაბამისად, არამართლზომიერ მოსაზრებებს გავითვალისწინებთ.
საქართველოში, არცთუ იშვიათად, ისმის მოსაზრებები სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ზოგიერთები, იშველიებენ რა საკუთარ `კომპეტენტურობას~ და `ინფორმირებულობას~ ამ საკითხში, ამტკიცებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფლად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას უმნიშვნელო რაოდენობის ადამიანური რესურსი ესაჭიროება და ა.შ. ამგვარი შეხედულებების სასარგებლოდ ე.წ. `ექსპერტებს“ რამდენიმე არგუმენტი მოაქვთ: როგორც წესი, ეს არის ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში სოფლის მცხოვრებთა პროცენტული წილი, სოფლად დასაქმებულთა წილი და მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი. ამ მონაცემებით მანიპულირების შედეგად, ისინი ცდილობენ გაამყარონ საკუთარი არამართლზომიერი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობისადმი. რეალურად საქმე სრულიად სხვაგვარად არის და ამის დამტკიცებას ქვემოთ, განვითარებული ქვეყნების მონაცემებზე დაყრდნობით შევეცდებით, მრავალმხრივი ობიექტური ანალიზის საფუძველზე (იხ. ცხრილი 1). კერძოდ, ის ვინც ამტკიცებს, რომ საქართველოს სოფლებში ჭარბი მოსახლეობაა, უმთავრეს
ცხრილი 1

images

Screen Shot 2014-05-10 at 6.55.07 PM

ცხრილი შედგენილია http://faostat3.fao.org/faostat-gateway/go/to/home/ და
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/ მასალების გამოყენებით

არგუმენტად სოფლის მოსახლეობის მაღალ წილს ასახელებს. მართლაც, ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის 47%-ია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში არსებითად ნაკლები. თუმცა, თუ აღნიშნულ მონაცემს სხვა მაჩვენებლების კონტექსტით განვიხილავთ, მაშინ სრულიად განსხვავებულ სურათს მივიღებთ. მაგალითად, გერმანიასა და ნიდერლანდებში (ამ ქვეყნების მაგალითი ყველაზე ხშირად მოაქვთ არგუმენტად) სოფლის მოსახლეობის წილი შესაბამისად 26,5% და 17% შეადგენს, თუმცა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს მონაცემებია 21,5 და 2,8 მლნ-ია. თუ ამ მონაცემებს ქვეყნის ფართობსა და მთლიანი მოსახლეობის მაჩვენებლებთან კორელაციაში განვიხილავთ, საინტერესო დასკვნამდე მივალთ: გერმანიის ტერიტორია საქართველოზე 5,1-ჯერ, ხოლო მოსახლეობა 18,7 ჯერ მეტია, ნიდერლანდები კი, მართალია, ტერიტორიით საქართველოზე პატარაა 1,7-ჯერ, თუმცა, მოსახლეობით 3,9-ჯერ უფრო მეტია. მსგავსი მსჯელობა იმ დასკვნისთვის გვჭირდება, რომ საქართველო გერმანიის შესაბამისი მოსახლეობის სიმჭიდროვის ქვეყანა რომ იყოს, მაშინ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს დაახლოებით 16 მლნ ადამიანი, ხოლო სოფლად, იგივე გერმანული პროპორციის გამოყენების შემთხვევაში კი, აღნიშნული რაოდენობის 26,5%, ანუ დაახლოებით 4,2 მლნ ადამიანი. იგივე გაანგარიშებებს თუ ნიდერლანდების მონაცემებზე დაყრდნობით შევასრულებთ, მივიღებთ, რომ საქართველოში ნიდერლანდური მოსახლეობის სიმჭიდროვის მიღწევის შემთხვევაში იცხოვრებს დაახლოებით 28,1 მლნ ადამიანი, ხოლო სოფლად კი 4,8 მლნ.
ცხადია, მსგავსი მსჯელობა არ ისახავს მიზნად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განთავსების პარამეტრების დადგენას, თუმცა, მათ საწინააღმდეგოდ ვინც ზემოხსენებული ქვეყნების მაჩვენებლებით მანიპულირებას ცდილობს, ვფიქრობთ რომ გამოდგება.
რაც შეეხება საქართველოს სოფლის მეურნეობაში საერთო ადამიანური და შრომითი რესურსების რეალური გამოყენების პირობებს, ამისთვის საჭიროა უფრო მიზანმიმართული კვლევის ჩატარება და თუ ის იქნება მრავალმხრივი, ანუ პარამეტრები დადგინდება კვლევის სხვადასხვა მეთოდით, მაშინ მიღებული მონაცემების თანაკვეთა მოგვცემს რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ სურათს.
პირველყოვლისა, ჩვენ იმ ქვეყნების მაჩვენებლების ანალიზსა და განზოგადებას შევეცდებით, რომელთაც საქართველოს მსგავსი საბაზო პირობები გააჩნიათ, თუმცა ეკონომიკური განვითარების დონით მნიშვნელოვნად გვისწრებენ და შესაბამისად მიბაძვის ობიექტებადაც შეიძლება გამოდგნენ. ამისთვის კი რამდენიმე კრიტერიუმი უნდა ჩამოვაყალიბოთ: პირველ რიგში, უნდა შევარჩიოთ ის ქვეყნები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მსგავსი ბუნებრივ-კლიმატური, რელიეფური პირობები და სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა აქვთ (მაგალითად, ამ უკანასკნელი კრიტერიუმის უმთავრეს განმსაზღვრელად მივიჩნიეთ ქვეყანაში მევენახეობის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი დარგის არსებობა). ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, ეს ქვეყნები ეკონომიკურადაც განვითარებულნი უნდა იყვნენ. განვითარების ზღვრად ჩვენს ანალიზში აღებული გვაქვს მშპ-ს მოცულობა 20 ათასი დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ქვეყნის ეკონომიკისა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების საბაზო პირობები და კვების ტრადიციები. ამ კრიტერიუმების მიხედვით, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც საქართველოსთან ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით შედარებითი მსგავსებით გამოირჩევა და ჩვენ მიერ დადგენილ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელსაც აკმაყოფილებს. ეს ქვეყნებია: შვეიცარია, იტალია, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი. ჩვენ არ განვიხილეთ საფრანგეთის და ესპანეთის მაგალითები, რადგან ამ ქვეყნების ტერიტორიის სიდიდე დიდ გავლენას ახდენს ეროვნული მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე, კერძოდ კი – მარცვლეული კულტურების სასარგებლოდ, რაც აღნიშნულ ქვეყნებს მსხვილი ინდუსტრიული ფერმების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ანალიზს შვეიცარიით დავიწყებთ, რადგან გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ყველაზე კარგად შეესაბამება ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, ამავე დროს, საუკეთესო ორიენტირიც არის სამომავლო განვითარების მხრივ.
შვეიცარიის და საქართველოს ტერიტორიის ფარდობითი კოეფიციენტი შეადგენს 0,59-ს, ხოლო მოსახლეობის ანალოგიური კოეფიციანტია 1,76, ანუ საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ ევროპული ქვეყნის შესაბამისი რომ იყოს, იცხოვრებდა დაახლოებით 13 მლნ ადამიანი, ხოლო ვინაიდან შვეიცარიის სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 26,4%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლის პროეცირებას თუ საქართველოზე მოვახდენთ, მივიღებთ 3,4 მლნ სოფლის მოსახლეობას, საბერძნეთის მაგალითზე იგივე გაანგარიშებების შემთხვევაში – 5,7 და 2,3 მლნ ადამიანს, უნგრეთის მაგალითზე – 7,6 და 2,5 მლნ-ს, იტალიის მაგალითზე – 14,3 და 4,5 მლნ-ს, ხოლო პორტუგალიის მაგალითზე კი – 8,3 და 3,2 მლნ-ს.
ამდენად, როგორც ჩვენ მიერ შესრულებული გაანგარიშებები ცხადყოფს, საქართველოს სოფლის მოსახლეობა შეიძლება იყოს 2,3 მლნ-დან 4,5 მლნ-მდე. დღეს რეალურად სოფლად ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონი, ანუ, საქართველოს სოფლებში არათუ ჭარბმოსახლეობაა, არამედ ადამიანური რესურსების სიმცირესთანაც კი გვაქვს საქმე (განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში).
საქართველოს სოფლის მეურნეობაში ამჟამად დასაქმებულია დაახლოებით 330 ათასი ადამიანი (FAO-ს მონაცემი). ქვემოთ გვექნება მსჯელობა თუ რამდენად არის ეს ციფრი ოპტიმალურთან ახლოს.
ზოგადად, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზეა მსჯელობა, უპირველესად უნდა განისაზღვროს, თუ რა არის ამ მხრივ უმთავრესი მიზანი. საქართველოს პირობების გათვალისწინებით (მხედველობაში გვაქვს მცირემიწიანობა, მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური ვითარება, განსაკუთრებით ქართული რეალობა, რომლის მიხედვითაც სოფელი ტრადიციების და ეთნო-კულტურული იდენტობის უმთავრესი კერაა) უპირველესი ამოცანაა მიწის ეფექტიანი გამოყენება, ანუ მაქსიმალური შრომაუკუგების მიღება. ამასთან, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ ადგილობრივმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ არ დაკარგოს კონკურენტუნარიანობა უცხოურ პროდუქციასთან მიმართებით. შესაძლებელია თუ არა აღნიშნულის მიღწევა, ამის შესახებ, ჩვენი აზრით, ობიექტური დასკვნის გაკეთება ისევ განვითარებული ქვეყნების მაგალითის შესწავლით შეიძლება (იხ. ცხრილი 2). კერძოდ,

ცხრილი 2

Screen Shot 2014-05-10 at 6.51.43 PM

ცხრილი შედგენილია http://faostat3.fao.org/faostat-gateway/go/to/home/ და
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/ მასალების გამოყენებით

საქართველოში სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე მოდის 7,48 ჰა სოფლის მეურნეობის სავარგული. შვეიცარიაში ეს მაჩვენებელია 11,45 ჰა, თუ ამ მონაცემს ოპტიმალურად მივიჩნევთ, მაშინ საქართველოს სოფლის მეურნეობაში უნდა საქმიანობდეს დაახლოებით 215 ათასი ადამიანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სავარგულების რაოდენობად აღებული გვაქვს დაახლოებით 2,5 მლნ ჰა, თუმცა, ამ მონაცემის გაზრდა მინიმუმ 20%-ით არის შესაძლებელი. სავარგულებში დღეს არსებული სხვადასხვა პრობლემის დარეგულირების შემდეგ, ცხადია, შესაბამისად გაიზრდება დასაქმებულთა პოტენციური რაოდენობაც. იტალიაში სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე მოდის 16,74 ჰა. საქართველოს სავარგულების რაოდენობის გაყოფით ამ მაჩვენებელზე მივიღებთ დაახლოებით 148 ათას დასაქმებულს, უნგრეთის ანალოგიური მონაცემის შემთხვევაში გვექნება 136 ათასი, საბერძნეთის მაგალითზე მივიღებთ 191 ათასს, ხოლო პორტუგალიის მაგალითზე კი – 345 ათასს. ამ ხუთი ქვეყნის მიხედვით ერთ დასაქმებულზე სავარგულების საშუალო მაჩვენებლის განხილვის შემთხვევაში (რაც 13,3 ჰა-ს შეადგენს), მივიღებთ დაახლოებით 186 ათას დასაქმებულს, ხოლო ზემოთ მოტანილი მაჩვებლების პირდაპირ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით – 207 ათასს.
ზემოთ მოტანილი მაჩვენებლების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მართებული აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის სავარგულების ოპტიმალურ რაოდენობად მივიჩნიოთ 10 ჰა. ასეთ პირობებში საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმდება მინიმუმ 250 ათასი ადამიანი, რომელთა შრომის მწარმოებლურობა და შესაბამისად შემოსავლები აღნიშნული მუშახელისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-კულტურული განვითარების მაღალ დონეს განაპირობებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის ეფექტიანობის ზრდის უმნიშვნელოვანესი რეზერვია სოფლის მეურნეობის საწარმოთა საქონლიანობის დონის ამაღლება. ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მეტად დაბალია და სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებისათვის შეადგენს მხოლოდ 37%-ს.[1] აღნიშნული მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ 1980-იანი წლების ბოლოს სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებში წარმოებული პროდუქციის საქონლიანობის დონესაც (45%).[1]
გარდა წარმოდგენილი მეთოდისა, არსებობს სხვა მრავალი მეთოდიც, რომლითაც შესაძლებელია ანალოგიური პარამეტრების გაანგარიშება. მათგან, ჩვენი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილია სოფლის მეურნეობაში შრომითი რესურსების ნორმატიული სიდიდე განისაზღვროს სოფლის მეურნეობის კულტურების და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური რუკებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე. ამ მეთოდით სოფლის მეურნეობაში უშუალოდ დასაქმებულთა ნორმატიული სიდიდე (ოპტიმალური რიცხოვნობა), ჩვენი გაანგარიშებით, 345-355 ათას კაცს შეადგენს, რაც პრაქტიკულად შეესაბამება FAO-ს მონაცემს, რომელიც ზემოთ ფიგურირებდა ჩვენ გაანგარიშებებში. თუმცა, მომავალში ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და ქართული სოფლის სპეციფიკური თავისებურების გათვალისწინებით, შესაძლოა მათი რაოდენობა ოპტიმისტური სცენარით 300-330 ათას კაცამდე შემცირდეს, ანუ სოფლად დღეს მცხოვრები მოსახლეობის 15-20 %-ის ფარგლებში დარჩეს (მხედველობაში გვაქვს მექანიზაციის დონის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა პროგნოზირებადი პროგრესული მიმართულებები). ამ მაჩვენებელთან ერთად თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის სავარგულების მაქსიმალურ ფართობს, რომლის პოტენციალიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ერთ დასაქმებულზე მივიღებთ 10-12 ჰა-ს, რაც დაახლოებით შეესაბამება ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილ განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.
ამრიგად, არასწორად მიგვაჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებული უნდა იყოს მოსახლეობის მხოლოდ 2-3 პროცენტი. ჩვენი აზრით, სოფლად უნდა იცხოვროს იმდენმა ადამიანმა, რამდენის საშუალებასაც ამა თუ იმ ქვეყნის ბიოგეოკლიმატური პოტენციალი, სოფლის მეურნეობისა და ზოგადად ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა იძლევა და რომლის პირობებში ადგილობრივი აგრორესურსების ყველაზე ეფექტიანი გამოყენება მიიღწევა. საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 2,3 მლნ ადამიანია, თუმცა წინასწარ გამიზნული ეკონომიკური (მ.შ. აგრარული) პოლიტიკის შემთხვევაში, მაშინ როდესაც საქართველოს მზარდი დემოგრაფიული მაჩვენებლები ამის შესაძლებლოებას მოგვცემს, ჩვენი ქვეყნის არაურბანული დასახლებების ტევადობის პოტენციალი 4,5 მლნ ადამიანიც შეიძლება იყოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ ყველა არსებული რეზერვის ამოქმედებაზე და სოფლად მცხოვრებთა სრულფასოვან სოციო-კულტურულ ყოფაზე.
ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის საზოგადოების ეკონომიკური დედაბოძი ყოველთვის ქართველი გლეხი იქნება, მისთვის სრულფასოვანი ცხოვრებისეული არეალის შექმნა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის ფორმირებას გულისხმობს და აქვე თუ გავითვალისწინებთ სოფლის მეურნეობის მომიჯნავე დარგებში დასაქმებულებს და საქართველოს აგროტურიზმის მნიშვნელოვან პოტენციალს, ცხადი გახდება, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი არაურბანულ მოსახლეობაში (უკიდურეს შემთხვევაში), არ გადააჭარბებს ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს.
ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საქმიანობენ სოფლად (მასწავლებლები, ექიმები, მექანიზატორები, მელიორატორები, კულტურის მუშაკები, მძღოლები, ხანდაზმული ადამიანები და სხვ.), როგორც წესი, დიდად (3-4ჯერ) აღემატება მათ რაოდენობას, ვინც უშუალოდ დაკავებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით (მათ ფერმერის სტატუსი გააჩნიათ) ანუ ხნავს, თესავს, ვენახსა და ხეხილს უვლის, თიბავს, პირუტყვსა და ფრინველს ამრავლებსა და უვლის და ა.შ.. ხოლო თუ ოჯახის შრომისუუნარო წევრებსაც მივიღებთ მხედველობაში, კვლავ მივალთ იმ მონაცემებამდე, რის შესახებაც ზემოთ ვიმსჯელეთ: საქართველოს სოფლის მოსახლეობა უნდა იყოს არანაკლებ 2,3 მლნ-ისა, ხოლო პოტენციალი – 4,5 მლნ ადამიანია.
ბუნებრივია, ამ მონაცემების რეალურობა დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ (მ.შ. აგრარულ და სოფლის განვითარების) პოლიტიკაზე, მიწის კონსოლიდაციაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სტიმულირებაზე, სოფლად საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და სხვა აუცილებელი პროექტების განხორციელებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. www.geostat.ge/
2. http://faostat3.fao.org/faostat-gateway/go/to/home/
3. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/