რუსეთ-უკრაინის კრიზისის გავლენა აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე
EBRD-ის მიერ 14 მაისს გამოქვეყნებული ახალი ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპები 2013 წლის ბოლოს გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში, მაგრამ ზრდა მნიშვნელოვნად დამუხრუჭდა მიმდინარე წლის დასაწყისში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.
2013 წლის ბოლო კვარტალში ზრდის ტემპების ძირითადი განმაპირობებელი იყო მოსავლიანობის კარგი სეზონი. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის ეს ზრდა არ იყო საკმარისი ბოლომდე სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების დასაბალანსებლად, რადგან შემცირდა სხვა სექტორების სტატისტიკური მაჩვენებლები, მათ შორის საინვესტიციო აქტივობები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი.
2014 წელს უკრაინის კრიზისმა ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება ჯერ რუსეთში, შემდეგ კი რეგიონში. გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების გამო, კრიზისის გავლენა მომავალში გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზეც მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა იქნება. მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობების შემცირებაც. რუსული, ყაზახური, უკრაინული და თურქული ვალუტის გაუფასურება წლის დასაწყისიდან, მოახდენს გავლენას აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის კონკურენტუნარიანობასა და სავაჭრო მოცულობაზეც.
სომხეთში 2013 წლის მეოთხე კვარტალში ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო რამდენიმე სექტორის გავლენით, მათ შორის სოფლის მეურნეობითა და ფინანსური სექტორით, დასტაბილურდა სამშენებლო სექტორი. მიუხედავად ამისა, 2013 წელს სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი პროგნოზზე დაბალი იყო და 3.5% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ. რუსეთში, რომლის ეკონომიკაზეც სომხეთი დიდწილადაა დამოკიდებული, საინვესტიციო აქტივობების შემცირება და პოლიტიკური არასტაბილურობა გავლენას მოახდეს სომხეთის ეკონომიკურ ზრდაზეც. EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, 2014 წელს სომხეთის ეკონომიკის ზრდა 3%-ზე მეტი არ იქნება. ბანკის ანალიტიკოსები ტენდენციის გაუმჯობესებას 2015 წლიდან ელოდებიან.
2013 წლის 5.5%-იანი ზრდის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა აზერბაიჯანის ეკონომიკა 2014 წლის დასაწყისში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 2.5%-ით გაზიარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. შემცირების მთავარი მიზეზი ნავთობის სექტორის სტატისტიკის გაუარესებაა. არასანავთობე სექტორი კი აზერბაიჯანში ზრდას განაგრძობს. თუმცა, როგორც EBRD-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ნავთობის სექტორიდან უკუგების შემცირება დროებითია და თუ გავითვალისწინებთ სხვა სექტორების სტაბილურ ზრდასაც, აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდის პროგნოზი სომხეთისას აღემატება და 2014 წლისთვის 3.5%-ს შეადგენს.
ბელორუსში 2013 წლის ისედაც მცირე ეკონომიკური ზრდის ტემპები კიდევ უფრო შემცირდა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში და მხოლოდ 0.5% შეადგინა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ბელარუსის ეკონომიკას სასწრაფოდ სჭირდება საგარეო ფინანსური რესურსებით დახმარება იმისათვის, რომ ქვეყანამ თავი აარიდოს ფინანსურ კრიზისს და ეკონომიკის ზრდის ტემპების კიდევ უფრო შემცირებას.
ამასთანავე, ბელარუსში 2015 წლის ნოემბერში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ასევე გაურკვევლობის მაღალ დონეს ქმნის და კიდევ უფრო აფერხებს უცხოური კაპიტალის ქვეყანაში შესვლას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 2014 წლის ბოლოსათვის ქვყენის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 0-ს უტოლდება.
საქართველოში მშპ-ს ზრდა 3.2%-მდე შემცირდა, 2010-2012 წლების ზრდის მაღალი ტემპების შემდეგ. თუმცა, ოქტომბერში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა უკვე მოხსნა პოლიტიკური დაძაბულობის ფაქტორი, წაახალისა სამომხმარებლო აქტივობები და გაზარდა ბიზნესის ნდობის ხარისხი. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსალოდნელი ხელმოწერა გაზრდის ექსპორტის მოცულობას.
ამასთანავე, რეგიონალურ ექსპორტზე გავლენას კვლავ მოახდენს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რაც შეამცირებს მოთხოვნას ამ ქვეყნებიდან, შეამცირებს ინვესტიციებს და შესაძლებელია ტურისტების რაოდენობასაც. EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში 2014 და 2015 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-ით ზრდა, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი კიდევ უფრო არ გამწვავდება და სიტუაცია რეგიონში დასტაბილურდება.
მოლდოვამ 2013 წელს მშპ-ს ზრდის რეკორდულ მაჩვენებელს, 8.9%-ს მიაღწია, რაც ძირითადად განპირობებული იყო სოფლის მეურნეობის სექტორის, მწარმოებლურობისა და ვაჭრობის ზრდით. თუმცა, მიუხედავად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისა, რაც სამუშაო ძალას მობილურს გახდის და ეკონომიკა შეიძლება ამან უფრო წაახალისოს, უკრაინის და რუსეთის არასტაბილურობა დიდ გავლენას მოახდენს მოლდოვის მშპ-ს ზრდაზე. ამასთანავე, მოლდოვაში 2014 წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რაც ფინანსური სექტორის არასტაბილურობასთან ერთად ასევე ზრდის გაურკვევლობის ხარისხს. EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, მოლდოვის მშპ 2014 წელს 2%-ით, 2015 წელს კი 4%-ით გაიზრდება.
რუსეთისა და უკრაინის პროგნოზი
2014 წელს რეგიონის მშპ-ს მთლიანმა ზრდამ მხოლოდ 1.4% შეადგინა. მაშინ როცა იანვარში ზრდის პროგნოზი 2.7% იყო. სპეციალისტთა შეფასებით, 2015 წელს შესაძლებელია რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 1.9% შეადგინოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი უფრო არ გამწვავდება.
EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, უკრაინის ეკონომიკა რეცესიის ფაზაშია, მშპ-ს ზრდა არც 2015 წელსაა მოსალოდნელი. სტაგნაციას განიცდის რუსეთის ეკონომიკაც მიმდინარე წელს, 2015 წელს კი ზრდის მხოლოდ მცირე ტემპებია მოსალოდნელი. თუმცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები აღნიშნულ პროგნოზებთან დაკავშირებითაც ფრთხილობენ და აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია მათი შეცვლა, რეიონში არსებული გაურკვევლობის მაღალი დონის გათვალისწინებით. ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის ეკონომიკას რეცესია ელოდება, ისევე როგორც უკრაინას, ამიტომაც დიდი ალბათობით 2014-15 წლებში რეგიონის ეკონომიკა ზრდას ვერ მიაღწევს.
„ამ ფაქტორების გათვალისწინებით რუსეთ-უკრაინის კრიზისი გლობალურ ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას“ – ვკითხულობთ EBRD-ის ანგარიშში.
რუსეთში, ანგარიშის მიხედვით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა საგრძნობლად შეამცირა ინვესტორთა ნდობა. მდგომარეობის გამწვავება კი კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და შეამცირებს ინვესტიციებს და შესაბამისად ეკონომიკის ზრდას.
მაღალი ინფლაცია და რუბლზე წნეხი შეამცირებს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გავლენას. ამასთანავე, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნაც მოახდენს გავლენას რუსულ ეკონომიკაზე.
უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობის გაჯანსაღება მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით იქნება შესაძლებელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თავის პროგრამებს უკვე ახორციელებენ უკრაინაში. სტრუქტურული ინსტიტუციონალური ცვლილებები უკრაინას საბანკო კრიზისს აარიდებს. თუმცა რეკაპიტალიზაციის შედეგად მიღებული დანაკარგები მაინც მნიშვნელოვანი იქნება.
რეგიონული პროგნოზი
პოლიტიკურმა კატაკლიზმება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ოპტიმიზმი რეგიონში სტაბილური ეკონომიკური ზრდის ტემპების მიღწევასთან დაკავშირებით დროებით გვერდზე გადადო.
თუმცა რუსეთ-უკრაინის მოვლენების პარალელურად არის ასპექტები, რომლებმაც დადებითი გავლენა უნდა მოახდინონ გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე – ევროზონის სიტუაციის გაჯანსაღება და აშშ-ს შერბილებული მონეტარული პოლიტიკა.
რუსეთ-უკრაინის კრიზისი განსაკუთრებით დიდ გავლენას მეზობელ სახელმწიფოებსა და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მოახდენს.
ეს განსაკუთრებით ეხებათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომელთაც განსაკუთრებით ღრმა ფინანსური და სავაჭრო კავშირები აქვთ რუსეთთან და უკრაინასთან, ამიტომაც რუსეთ-უკრაინის კრიზისი მათ ეკონომიკებზე აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას.
EBRD-ის ეკონომისტები ელოდებიან, რომ სლოვენიის ეკონომიკა საბოლოოდ დააღწევს თავს რეცესიას, თუმცა არა მინმდინარე წლის განმავლობაში. პოლიტიკურ მოვლენებს ამ ქვეყნის ეკონომიკაზეც აქვს დიდი გავლენა, თუმცა მათი დაბალანსება, სპეციალისტთა შეფასებით, შესაძლებელი იქნება იმ რეფორმების წყალობით, რომელიც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდება.
რა შეეხება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მიმდინარე წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენები ასევე დიდი გავლენას მოახდენს და ეკონომიკის ზრდის ტემპებს შეამცირებს სერბეთში, ბულგარეთსა და მონტენეგროში.
ზრდის ტემპების შემცირებაა მოსალოდნელი ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც. გასულ წელს თურქეთს მოსალოდნელზე კარგი შედეგები ჰქონდა ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. რასაც მიმდინარე წელზე ვერ ვიტყვით. რუსეთ-უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც თურქეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობაც ემატება. ამის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის თურქეთის მშპ-ს ზრდა 2.5% იქნება, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული პროგნოზი კი 3.3%-ს შეადგენდა.
მაგრამ ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, რომელთაც მჭიდრო სავაჭრო კავშირები აქვთ ევროზონასთან, კარგი სიახლეებია, რადგან ევროზონის ეკონომიკა კრიზისს ნელ-ნელა აღწევს თავს, განსაკუთრებით ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნები.