სოფლის მეურნეობა ახალი მხსნელის მოლოდინში

მაია რაზმაძე

პარადოქსია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის 56%, ოფიციალური მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად მიიჩნევა. სოფლის მეურნეობა კი – ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტი, შეიძლება ითქვას, მთლიანად უცხოეთიდან მიღებული დახმარებებით და ქართველების ენთუზიაზიმთ სულდგმულობს, რადგან ქვეყანას პრიორიტეტის არათუ განვითარების, არამედ შემორჩენილის შენარჩუნების ძალაც არ შესწევს.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა სულის მოსათქმელად და დარგის განვითარებისთვის დიდი ხანია საკითხი დგას საგადასახადო ლიბერალიზაციის მოთხოვნაზე. წლებია მიდის, საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება გლეხის ნატურალური მეურნეობა და კაზინოები ერთი საგადასახადო სისტემით იბეგრებოდეს, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ჟვანიას გუნდის უკანასკნელმა მოჰიკანმა მინისტრმა, დავით კირვალიძემ ვერაფრით მოახერხა, პრინციპულ თანაგუნდელ, ახლა უკვე ექს-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ იმ დაპირებებსა თუ დასახულ ამოცანებს, რასაც ახალგამინისტრებული კირვალიძე უპირებდა შეჭიდებას, ჯერჯერობით, (როგორც ბოროტი ენები კულუარებში სისინებენ მისი მინისტრობის მოახლოებულ დასასრულზე) არ ეღირსა აღსრულება.

რაც კირვალიძემ და მისმა აპარატმა მოახერხა, უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობაა. თუ სამინისტრომ რამის გაკეთება შესძლო, მხოლოდ მათი დახმარებით. გახდება თუ არა რეალურად, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, კირვალიძის გუნდი ახალ მინისტრ მირიან გოგიაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს და მისი თანადგომის სწამს. ძნელი სათქმელია, შედგება თუ არა ეს ტანდემი. (რაც თანამოაზრე-თანაგუნდელებთანაც კი ვერ შედგა) ქართული სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად.

მინისტრის მოადგილის, ბ-ნ დავით შერვაშიძის ეს ინტერვიუ სამინისტროს ბოლოდროინდელი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაა.

რა კეთდება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენს სამინისტროში მოსვლის შემდეგ დაიწყო, ირიგაციისა და დრენაჟის პროექტია, რომლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 108 მლნ-ია. იგი თორმეტწლიანია და სამ ფაზად იყოფა. ეს პროექტი გულისხმობს საირიგაციო-სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას და შემდეგ მის პრივატიზაციას. ეს პრივატიზაციისაკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია, 1996 წელს განხორციელებული მიწის პრივატიზაციის შემდეგ. მაშინ, როცა ქვეყანაში, პრაქტიკულად, მიწასთან არის გასწორებული, როგორც საირიგაციო, ისე სადრენაჟო სისტემები, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფოს ხელში დარჩება მხოლოდ ძირითადი არხები. განშტოებებზე კი უნდა შეიქმნას წყალმომხმარებელთა ასოციაციები. ასოციაციის დამფუძნებლები ფერმერები არიან, ანუ თითოეული ფერმერი თავისი ფართობის მომიჯნავე არხის მფლობელია, რომელსაც გაურემონტებენ და უზურფრუქტის წესით გადასცემენ. გარდა ამისა, 14 წლის განმავლობაში, ისინი გათავისუფლებულნი იქნებიან ქონების გადასახადებისგან. ეს სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული კეთილი ნებაა, რომ წყალმომხმარებელთა ასოციაციებმა ნელ-ნელა ფეხი მოიკიდონ, გაძლიერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ასეთი მასშტაბურია, მისი მეშვეობით ქვეყანაში არსებული სისტემების მხოლოდ 1/3-ის რეაბილიტაცია ხდება, 108 მლნ-ც კი მცირე თანხაა მთელი ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამ პროექტით, პირველ რიგში, გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდება; მოხდება, როგორც შიდა სამეურნეო, ასევე მთავარი სამაგისტრალო არხების აღდგენა, რომლებიც წლების განმავლობაში მწყობრიდანაა გამოსული და იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ დიდი ხნის მანძილზე, ვარგისი იყოს ექსპლუატაციისათვის.

პროექტმა 2002 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა. არის 5 საცდელი პილოტ-პროექტი, ორი დასავლეთ საქართველოში – სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია და სამი საირიგაციო პროექტი – ერთი ტაშისკარში, და ორიც ალაზანზე.

პროექტის მეორე ნაწილს ეროვნული პროგრამა ჰქვია და რეგიონებს მოიცავს: კახეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, გურია-სამეგრელოს, აჭარას და ა.შ.

როგორია, ამ პროექტის ეკონომიკური ეფექტი?
ეკონომიკური ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძნელი სათქმელია, 108 მლნ-იდან რამდენი იქნება ამონაგები, მაგრამ თუ ქვეყანაში სარწყავი სისტემები 457 ათას ჰექტარზეა და ამ ფართობზე წარმოებული პროდუქციის 80% მოდის, იმ პირობებში, როცა ეს სისტემები, პრაქტიკულად, არ ფუნქციონირებს, მათი რეაბილიტაციის შემდეგ მოსავლიანობა, ცხადია, გაიზრდება. თუ ურწყავ ზონაში ფერმერებს ბოსტნეული კულტურების მოსავალი საერთოდ ვერ მოჰყავთ, მორწყვის პირობებში ეს პრობლემა მოეხსნებათ, ამიტომ ეს პროექტი ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.

მეორე – არანაკლებ მნიშვნელოვანია IFAD-ის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროექტი. ჩვენი რელიეფის 80-85% მთა ან მთიანი რელიეფია. ცოტა ხანში ცნობილი გახდება ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ტენდერი გამოავლენს და პროექტს შეასრულებს. მისი განხორციელება პირველად დუშეთში დაიწყება, მერე – ასპინძაში, ასევე შუახევში. 2003 წლიდან კი – ამბროლაურში. ეს პროექტი, თავისი შინაარსით, განსხვავებულია. IFAD-ის სპეციფიკა ამ პროექტის შესრულებისას ადგილებიდან წამოსულ ინიციატივებს ეფუძნება. როცა პროექტი ამა თუ იმ რეგიონში შედის, მოსახლეობას ურიგდება კითხვარები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომელი სოფლისათვის რა არის პრიორიტეტული, ანუ ძირითადი ყურადღება დაეთმობა გლეხთა საკრედიტო კავშირების შექმნას, რადგან დღეს ყველაზე დიდი პრობლემა სოფლად იაფიანი ფულის შედინებაა. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, ადამიანები გაერთიანდნენ ჯგუფებად, ჩამოაყალიბონ საკრედიტო კავშირები და ამის მეშვეობით თავადვე გახდნენ შედარებით იაფიანი ფულის განმკარგველები. რაც შეეხება, პროექტის კომპონენტებს, საკრედიტო კავშირების გარდა, ეს არის სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, მეცხოველეობა და საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის ხელშეწყობა. პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე 6,5 მლნ დოლარს მოიცავს, აუცილებლად გაგრძელდება. IFAD-ის წარმომადგენლები აღფრთოვანებულნი არიან ჩვენი ქვეყნის პოტენციალით და ამ პროექტის წარმატებით განხორციელების სჯერათ.

დიდი ხანია საუბარია, რომ აუცილებელია თითქმის მთლიანად განადგურებული სანერგე მეურნეობის აღდგენა. რა კეთდება ამისათვის?
აბსოლუტურად გეთანხმებით. ქართული აბორიგენული ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციაზე უკვე გარკვეული ხანია ინტენსიურად ვმუშაობთ. დავწერეთ რამდენიმე მიზნობრივი პროგრამა უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების აღდგენისა, როგორიცაა: საფერავი, მწვანე კახური, კაბერნე, ხიხვი, ალექსანდროული, მუჟურთული, ოჯალეში, ალადასტური, ციცქა და ა.შ. ამ ჯიშების რეაბილიტაციის, ეს მიზნობრივი პროგრამა ევროკომისიის მიერ გამაგრებულ თანხებში გვიზის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტიც ჩვენი სამინისტროს დამსახურებაა, რომ მუშაობს. ისე, მთელი ჩვენი ბიუჯეტი გამაგრებულია ევროკომისიის ფულით. ეს ნაჩუქარი ფულია, რომ არა ის წარმატებული პროექტები, რომლებიც შარშან მათი დაფინანსებით განხორციელდა, ამ პროექტს ისინი არ გააგრძელებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი აბორიგენული, ენდემური და შემოტანილი, კარგად აპრობირებული ხეხილის ჯიშების აღდგენაც. ამ მიმართულებით გვაქვს დაწერილი რამდენიმე პროგრამა.

მაგრამ ჯერ ეს პროგრამები არ ამუშავებულა.
ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი. მაგრამ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი უნდა აღვნიშნო, შარშან ჩვენ ანალოგიური პროგრამა გავაკეთეთ, რაზეც 300 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ დღემდე არ მიგვიღია თანხა, რაც ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია.

ეს საშიშროება არსებობს. ბიუჯეტმა შეიძლება ეს მიმართულებები, პირველ რიგში, მოაყოლოს სეკვესტრში. ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ. თუ ვამბობთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 56% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და ვართ აგრარული ქვეყანა, მაშინ მიგვაჩნია, რომ სოფლის მეურნეობისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება უნდა იყოს.

რამდენჯერმე შევედით საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის ინიციატივით. ამის მომხრე იყო პრეზიდენტიც, ეს არ ყოფილა ჩვენი ახირება. ლიბერალური საგადასახადო სისტემა რომ კარგად მუშაობს და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა შეუძლია, ამაზე ის მარტივი მაგალითიც მეტყველებს, რაც გვქონდა 1995-97 წლებში. ჩვენს ფერმერებს პროდუქცია გაჰქონდათ აზერბაიჯანში, რუსეთში. საგადასახადო ლიბერალიზაციაში ვგულისხმობ უკეთესი კლიმატის შექმნას. არ შეიძლება სოფელში ადამიანი ისეთივე სისტემით დაბეგრო, როგორც იბეგრება ვთქვათ, კაზინოები.

მით უფრო, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში დიდი ხანია ლიბერალური საგადასახადო სისტემა მოქმედებს.

ამას უკავშირდება ქვეყანაში პესტიციდების ლეგალურად შემოტანის საკითხიც. შარშან იმის გამო, რომ, პრაქტიკულად, ფალსიფიცირებული იყო პესტიციდები, ძალიან ბევრი ფერმერი დაზარალდა. ჩვენზე ამან ძალიან ცუდად იმოქმედა. გვქონდა შეხვედრები ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებთან, რომ გახსნილიყო რამდენიმე მაღაზია და მათ ლეგალურად შემოეტანათ ხარისხიანი პესტიციდები. გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში, სადაც გამგებლებს ხელშეწყობა ვთხოვეთ. სხვათა შორის, გაზაფხულიდან უკვე ამუშავდა ასეთი მაღაზიები და ფერმერები ძალიან კმაყოფილები არიან. მაგრამ ამ სფეროშიც კარგად ჩანს ჩვენგან რამდენად განსხვავებული საგადასახადო სისტემაა სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს ფაქტი არ უტოვებს ადამიანებს იმის საბაბს, ლეგალურად აწარმოონ თავისი ბიზნესი, რადგან საქართველოში პესტიციდების შემოტანისას თუ იბეგრება 34.7%-ით (დღგ) პლუს საბაჟო და სხვა აუცილებელი გადასახადით, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ძნელია, დაარწმუნო, სათავო ოფისები თბილისში გახსნან და აქედან გადაფარონ კავკასია. ურჩევნიათ საქმიანობა ბაქოდან აწარმოონ. ეს საკითხი აუცილებლად მოითხოვს გადახედვას და დამუშავებას. თუ არ გვექნება ხარისხიანი სასუქი და სათესლე მასალა, ძალიან ძნელია, რაიმე წარმატებას მივაღწიოთ.

რას ნიშნავს ხარისხიანი სათესლე მასალა, ჩვენ უკვე ვნახეთ. 2000 წელს გვალვის რეაბილიტაციის წარმატებული პროექტი განხორციელდა. მაშინ შემოვიდა 6500 ტონა საშემოდგომო ხორბლის თესლი. ქვეყნისათვის ეს თითქოს არაფერია, მაგრამ ამ მცირე რაოდენობამაც კი საოცარი შედეგი მოგვცა. 1953 წლის შემდეგ ასეთი მაღალი საშუალო მოსავლიანობა არ გვქონია იმის გამო, რომ ჩვენთან არის კაბალური საგადასახადო სისტემა. ბევრმა ფერმერმა შირაქში არ დააფიქსირა მაღალი მოსავალი.მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი ფართობები, სადაც 7-8 ტონა ხორბალი მიიღეს. 2000 წელს, დახმარებების საშუალებით, სათესლე კარტოფილი 4500 ტონამდე შემოვიტანეთ. რადგან თესლი ხარისხიანი იყო, შარშანდელი მოსავალი, ოფიციალურად, 420 ათასი ტონა დაფიქსირდა. ქვეყნის მოხმარება 400 ათას ტონამდე მეტი არ არის, ანუ შარშან ქვეყანამ კარტოფილის მოხმარების საკითხი გადაწყვიტა.

თუ იქნება სოფლის მეურნეობის მეტი მხარდაჭერა, აქ ჩადებული ყოველი თეთრი მოგვცემს ეფექტს და მეტ შემოსავალსაც მოიტანს.

ფინანსთა ახალი მინისტრი რა აზრისაა საგადასახადო ლიბერალიზაციაზე სოფლის მეურნეობაში?
ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ფინანსთა სამინისტროდან. მინისტრ გოგიაშვილსაც, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარს სოფლის მეურნეობა და მინდა მჯეროდეს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართ მეტი კეთილგანწყობა იქნება, ან ოდნავი დახმარება ფერმერებისადმი, ამ შემთხვევაში, მათ არაჩვეულებრივი მოსავლის მოყვანა შეუძლიათ. თუნდაც ის რად ღირს, რომ მოსავალი შეგვიძლია წელიწადში სამჯერ მოვიყვანოთ, ისეთი კლიმატური პირობები გვაქვს.

გადამუშავებული მრეწველობა, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროდ მიიჩნევა…
ეს არის პირველადი წარმოების ლოკომოტივი. თუ ქვეყანაში გადამამუშავებელი მრეწველობა არ მუშაობს, ზედმეტია ლაპარაკი, რომელიმე დარგმა წარმატებას მიაღწიოს. უკვე იწყება USAID-ის ძალიან საინტერესო პროექტი, რომლის საინვესტიციო ბიუჯეტი 20 მლნ-ია და მთლიანად განეკუთვნება გადამამუშავებელი მრეწველობის რეაბილიტაციას და საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოებას, ასევე ექსპორტისათვის ხელშეწყობას. ახლა მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი ფაზა. მომავალი წლიდან ეს პროექტი ამოქმედდება. ამერიკული მხარე ჩვენს საწარმოებს ეხმარება იაფი კრედიტების აღებაში, ტექნოლოგიური ხაზების მოდერნიზებაში. ამ პროგრამას ანალოგი არა აქვს USAID-ის მიერ განხორციელებულ პროგრამებში. იგი მალე მოიტანს შედეგს. მთავარი ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის მარკეტინგია. უნდა ვიფიქროთ სად, როგორ და რა რაოდენობის პროდუქციას გავყიდით. ჩვენი ღვინოები და მინერალური წყალი წარმატებით იყიდება რუსეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ მსგავსი პროექტების დამსახურებაა, რომ შარშან ქართული ჩაი ინდოეთშიც კი გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი ქართული ჩაის მომავლისადმი, პერსპექტივა არსებობს – მონღოლეთის მწვანე ჩაის ბაზრის 80% ქართულ ჩაის უჭირავს. ამერიკელების ყველაზე დიდი დახმარება იქნება, რომ დასავლეთ ევროპაში ახალი ბაზრები მოგვიპოვონ. ამ მხრივ, დიდი პერსპექტივა გვაქვს. ცოტა ხნის წინ სამთავრობო სხდომაზე გავიტანეთ კანონი ბიომეურნეობის შესახებ. ბიომეურნეობას აქვს ძალიან დიდი მომავალი. დიდია განსხვავება ჩვეულებრივი და ბიოპროდუქციის სარეალიზაციო ფასს შორის ევროპის ქვეყნებში. საამისოდ, დიდი პოტენციალი გვაქვს.

ერთ-ერთი წარმატებული იაპონური პროგრამაა 2KR5-იც. შემოვიტანეთ 2.8 მლნ დოლარის მანქანა-დანადგარები, ტრაქტორები, მისაბმელები და ა.შ. დაბალ ფასებში შემოვიტანეთ პროდუქცია, 553 ათასი დოლარის ეკონომია გავაკეთეთ და 200-მდე ზედმეტი ერთეული შემოვიტანეთ ქვეყანაში, რომელიც ფერმერებს ასევე განვადების წესით დაურიგდათ. ახლა ვმუშაობთ იაპონურ მხარესთან, რომ განვადების წესი დავხვეწოთ, რადგან 4 წელი ცოტაა ჩვენი ფერმერებისათვის, თანხის დასაფარავად. იაპონელები, ალბათ, ამაზე წამოვლენ. პროექტები ხორციელდება, მაგრამ თუ არ წავედით საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის გზით… სხვა გამოსავალი არ გვექნება, ეს არ ნიშნავს, რომ ფერმერები არ გადაიხდიან გადასახადებს, ეს ნიშნავს მისაღები გადასახადის შემოღებას, რათა ის ყველამ გადაიხადოს.