საქართველოში “ისი პარი” და “ვულე ვუ” იხურება?

ქეთი მიქელაძე
1962 წელს საინტერესო ფაქტი მოხდა: საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრმა, ფატი დუმბაძემ დაიბარა პარფიუმერული კომბინატის, “ივერიის” თანამშრომლები, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები და უთხრა: – “მინდა, საბჭოთა კავშირში საქართველომ თავისი სიტყვა თქვას ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პარფიუმერიის გამოშვებით. მხოლოდ, უნდა იყოს ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი. დაიანგარიშეთ, რა ეღირება კარგ ნედლეულზე დამზადებული ნაწარმი და შევძლებთ თუ არა მის წარმოებას მოზრდილი მასშტაბით?”

რა მოხდა შემდეგ? ცოტა ხანში მოწვეულებმა იანგარიშეს და ნოვატორ მინისტრს პასუხი მოახსენეს: ასეთი პროდუქცია ძალზე ძვირი დაჯდება, რამეთუ აქ არ მოგვეპოვება ყველაზე მთავარი კომპონენტი სპერმაცეტი (ვეშაპის ტვინის ქონი, რომელიც ბევრ პარფიუმერულ ნაწარმს სჭირდება ფუძედ. 1კგ სპერმაცეტი 200 მანეთი ღირდა). გამოდიოდა, რომ ძვირადღირებულ პარფიუმერიას ვერ შეწვდებოდა მუშურ-გლეხური კლასი, ინტელიგენცია, მეჩაიე, მწველავი, ბიბლიოთეკარი თუ მასწავლებელი. მინისტრს, ისევე, როგორც მაშინდელ სახელმწიფო პოლიტიკას, გეზი სწორედ ამ ფენების იაფი პროდუქციით დაკმაყოფილებაზე ჰქონდა აღებული. კავშირში პარფიუმერული ნაწარმი ხარისხით დასავლურს არ სჯობდა, მაგრამ მართლაც კაპიკები ღირდა. რუსეთში მუშაობდა კომბინატები “როსია” და “სვობოდა”. ამ სიიაფეს, ძირითადად, განაპირობებდა ნაწარმის ფუძედ, ქიმიურად მიღებული ვაზელინის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, ნავთობის გადამუშავების პროდუქტია. ნავთობი კი თურქმენეთს და აზერბაიჯანს თავზე საყრელი ჰქონდათ.

ერთი სიტყვით, მინისტრ დუმბაძის იდეა იდეად დარჩა. არც მანამდე და არც შემდეგ მინისტრებს არ წამოუჭრიათ პარფიუმერიასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ისე, დარგში კერძო საუბრები დიდხანს გაგრძელდა: კარგი იქნებოდა საქართველოს ბარტერით მიეწოდებინა ღვინო, ჩაი, ბორჯომი და ა.შ. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისათვის, რომლებმაც სპერმაცეტის დამზადება დაიწყეს და ძვირადღირებულ პარფიუმერიას ამზადებდნენ. ამაში ლიდერობდა ლატვია დედაქალაქ რიგით, ლიტვა და ესტონეთი. ალბათ, უარს არ იტყოდნენ ქართულ ნობათზე, მაგრამ არის მეორე პრობლემა: 70-იანი წლებიდან აიკრძალა ვეშაპის ჭერა რეწვის მიზნით, ამდენად ქვეყნები, დიდი მასშტაბით სპერმაცეტს ვეღარ მოიპოვებდნენ…

რა გვაქვს ჩვენ ამ დარგისათვის საჭირო, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ან რისი გაკეთება შეიძლება შემდგომში იმ საშუალებებით, რაც გვაქვს? ეს საეთერზეთე კულტურების, ამჟამად თითქმის მთლიანად მიუხედავი, პლანტაციებია, თავისი გაძარცვული 25-მდე ქარხანა-ლაბორატორიით. საქართველო აწარმოებდა 5 დასახელების ეთერზეთს: ევკალიპტის, რეჰანის, დაფნის, ვარდის და გერანის. ეს ზეთები მრავალ პარფიუმერულ ნაწარმში გამოიყენებოდა, ასევე – საყოფაცხოვრებო ქიმიაშიც (მაგ. მწერების დასაფრთხობი საშუალებები და მისთ.).

90-იან წლებამდე საბჭოთა კავშირს ეთერზეთები ექსპორტზე თითქმის არ გაჰქონდა. ისინი თავისი წარმოებისთვის სჭირდებოდა. მხოლოდ დაფნის ზეთს იმეტებდა 1 კგ-ს 57 დოლარად. კავშირში მოთხოვნა უფრო რეჰანის ზეთზე იყო. ქარხნები მთელ რესპუბლიკაში გახლდათ გაბნეული: აბაშაში, მარნეულში, ყვარელში, თელავში, ნაფარეულში, ზუგდიდში და ა.შ.

საინტერესოა, რომ არეულობების დაწყებიდან ეთერზეთებით “მრგვალი მაგიდა” დაინტერესდა; ვისთვის რაში მდგომარეობდა ეს ინტერესები, დღეს ძნელი გასარკვევია, თუმცა, იყო შეხლა-შემოხლა, კარების აჭედვა და ყველაფერი ის, რაც ფორმაციების ცვლას თუ სოციალური კლასების დაჯახებას მოსდევს ხოლმე. მოგვიანებით, 1992 წლის გაზ. “დრონში” ეთერზეთების წარმოების მომავალს დიდი სტატია მიეძღვნა. ქვეყნის კეთილდღეობაც ნათელ ფერებში ჩანდა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ეთერზეთი ძვირფასი ტექნიკური ნედლეულია და ის ყოველგვარი რეკლამის გერეშე გაიყიდება მსოფლიოში. მაგ. კილოგრამი ვარდის ზეთი 5 ათასი დოლარი ღირს. ჟასმინის ზეთი – უფრო ძვირი. თუ სომხეთში უფრო გერანიაა გავრცელებული, აზერბაიჯანში – კაზანლიყის ვარდი, საქართველოში ყველა კულტურა კარგად ხარობს, ყველაზე იაფია რეჰანის ზეთი (2 დოლარი), მას მხოლოდ რუსეთში ჰყავდა მომხმარებელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ კულტურას ეკავა ჩვენთან საეთერზეთე ფართობის 80%. 1991 წელს, როცა “საქეთერზეთმრეწვის” გენერალურ დირექტორად კოკა ლაზიშვილი დაინიშნა, გადაწყვიტა, დარგი გამოეხსნა მოსკოვის დაქვემდებარებიდან, დაეწყო კარდინალური გარდაქმნები. გასასაღებელი იყო 60 ტონა რეჰანის ზეთი. ამასობაში, მიდიოდა ზოგიერთი მეურნეობის დირექტორთა “საქმის გარჩევები” ახალ გენერალურ დირექტორთან. ამ დაპირისპირების მიუხედავად, შეიქმნა კომერციული ცენტრი, რომლის დახმარებითაც ჩაწოლილი ზეთი გასაღდა. გადაწყდა პლანტაციების შეცვლა ვარდით და ჟასმინით. ხალხს მოუწოდებდნენ, არ აეჩეხათ პლანტაციები, არ გადასულიყვნენ მხოლოდ “საჭმლის” (ლობიოს, სიმინდის) თესვაზე. იმ პერიოდში ყველაზე გასავლიან ზეთად მსოფლიოში ტუნგოს ზეთი ითვლებოდა და “საქეთერზეთმრეწვი” ხალხს აიმედებდა, ამ უკანასკნელისათვის ხელსაყრელი ფასებით შეიძენდა კულტურას… ორ წელიწადში ეთერზეთები საქართველოს სიმდიდრის გარანტად უნდა გადაქცეულიყო… მეტის გაგება იმ წლებთან დაკავშირებით არ ხერხდება. ომის შემდეგ ორი წელიც გავიდა და მეტიც, მაგრამ აფხაზეთის ომმა ეთერზეთები ყველას გადაავიწყა.

“მმე” ესაუბრება კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორს ნუგზარ ბაღათურიას: – პლანტაციების პრივატიზაცია 1991-92 წლებში არასწორად მოხდა. ქონება ხელში ჩაუვარდათ არაპროფესიონალებს, ზეთის გატანაზე კი არა, ტექნიკის გატანაზე ფიქრობდნენ. საეთერზეთე ქარხნებს გაუჭირდათ. დაიკარგა რუსეთის ბაზარი. სხვათა შორის, ასეთი რამ დაემართათ შუა აზიის რესპუბლიკის, უკრაინის, მოლდოვას პლანტაციებსაც. იქაც ვერ შეინარჩუნეს წარმოებები, რადგან რუსეთის ბაზარზე საფრანგეთმა შეიტანა ეს ტექნიკური ნედლეული. 1998 წელს პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, სიმბოლურ ფასში გადმოეცათ რომელიმე ქარხანა, ჩვენს ინსტიტუტს აქვს ცოდნა, მაგრამ არა აქვს ფული. პრეზიდენტმა მხარი დაგვიჭირა და ქონების მართვის სამინისტრომ სიმბოლურ ფასში, 5 ათას დოლარად გადმოგვცა ორი ქარხანა. ესენია, მარნეულის და აბაშის საეთერზეთე ქარხნები. დავიწყეთ ფიქრი… დავდეთ ხელშეკრულება უკრაინასთან, მათ უნდათ ეთერზეთი, მის მოყვანას კი საწყისი კაპიტალი სჭირდება. მოგეხსენებათ, ბანკები კრედიტს არ იძლევიან გარანტის გარეშე, ჩვენი ძველი ქონება არ სჭირდებათ. ეს პროექტი შეჩერებულია. არის მეორეც: შეიძლება გერმანიასთან ერთობლივი წარმოება. მთლიანობაში, საჭიროა 15 მლნ დოიჩე მარკა. ინვესტიციებით უნდა ამუშავდეს რომელიმე ქარხანა და ეთერზეთები გერმანიის დახმარებით გაიყიდოს. დღეს სარფიანია ვარდის ზეთის წარმოება. ეს წამოწყებაც შუა გზაზეა.

პარფიუმერული კომბინატი “ივერია” ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი იყო საბჭოთა კავშირში, ამ კავშირისვე გასაღების ბაზრით. ის ადგილობრივ ეთერზეთებს თითქმის არ იყენებდა, ხელოვნურად იყო დაკავშირებული სხვა რესპუბლიკებზე და მზა პარფიუმერულ კომპოზიციებს იღებდა. დღეს ს/საზოგადოების დირექტორი კოტე შარვაშიძე წარმოების წარსულზე და მომავალზე საუბარს უაზროდ თვლის, დასძენს, რომ “ივერიაში” ამჟამად არაფერი იწარმოება, “ივერია” კი ამ მდგომარეობამდე არსებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ მიიყვანა. ვეღარ ერკვევა, მაშინ სადაა დამზადებული, დღეს “ივერიის” ემბლემით გაყიდვაში არსებული კბილის პასტები: “ბორჯომი” და “ლუგელა”, ხელის, ფეხის კრემები, პუდრი, რომლებიც თვისებებით არ არის ურიგო. გამყიდველებისგან კი ვერაფერს გაიგებთ.

უცხოეთი სხვა გზით წავიდა. 200 წლის წინ ევროპამ აღებული გზით მთელი მსოფლიო დაიპყრო და პარფიუმერული ფირმები მილიონობით მოგებას ითვლიან. შეიძლება ბევრი ისტორიის გახსენება, მაგ. პოლონელი ელენე რუბინშტეინის შესახებ, რომელიც ავსტრალიაში საქმოსან ბიძასთან წავიდა და დაინახა, რა იქაური ქალების დაინტერესება, პოლონეთიდან დედას ახალი პარტია გამოაგზავნინა (არა თავისი დამზადებული) და კარგი მოგებაც ნახა. შემდეგ ამერიკაში დასახლდა, იქ გაშალა უკვე თავისი ფირმის საქმიანობა. თავად დაიწყო რეცეპტების შემუშავება. ბიოლოგები თუ ქიმიკოსები დაიქირავა, უცნობია. მთავარია, გზის არჩევაში არ შემცდარა. საინტერესოა, ცნობილი “პროქტერ ენდ გემბლის” ისტორია – უილიამ პროქტერი და ჯეიმს გემბლი ევროპიდან ეწვიენ ქ. ცინცინატს. უილიამი სანთლების მწარმოებელი იყო, ჯეიმზი – საპნების. ისინი არ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, დებზე რომ არ დაქორწინებულიყვნენ. სიმამრმა სიძეებს საქმეთა გაერთიანება ურჩია. ეს ფინანსური პანიკის წლები იყო ამერიკაში, რასაც არაერთი ბანკის დახურვა მოსდევდა. სიძეების ძიებამ და ენთუზიაზმმა შექმნა სიახლეები, რომლის გარეშე დღეს მსოფლიო წარმოუდგენელია. 1946 წელს ფირმის ლაბორატორიაში გამოიგონეს კბილის პასტა (რამაც მანამდე არსებული ფხვნილები შეცვალა), გამოიგონეს “ტაიდი”, შამპუნები: “პანტენი”, “ჰედ ენდ შოლდერსი”, 1961 წელს კი – “პამპერსი”, რაც მსოფლიოში აადვილებს ჩვილის მოვლას. დღეს “პროქტერ ენდ გემბლის” პროდუქციას მსოფლიოს 140 ქვეყანაში 5 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. ფირმას წარმომადგენლობითი ოფისები აქვს მსოფლიოს 80 ქვეყანაში. მაგ. საქართველოში მომარაგება-გაყიდვების კონტროლს სტამბოლის ოფისი ახდენს და ინფორმაციაც კავკასიის რესპუბლიკების საგარეო ურთიერთობების მენეჯერმა, ირაკლი მარიამიძემ მოგვაწოდა. ის არ მალავს, რომ ცნობილი ფირმა ფალსიფიკაციის პრობლემას ყველგან აწყდება, განსაკუთრებით ეკონომიურად გაჭირვებულ ქვეყნებში. “ჩვენ საგამოძიებო იურიდიულ სამსახურებთან ვთანამშრომლობთ, ხელისუფლებასთანაც, რომ გამოვავლინოთ ფალსიფიკაცია. საქართველოში ეს პრობლემა ეფექტურადაა ნეიტრალიზებული”, – ამბობს ირაკლი მარიამიძე.

საქართველოში თითქმის ყველა უცხოური პარფიუმერული ფირმაა შემოსული: “რევლონი”, “მაქს ფაქტორი”, “ორიფლეიმი”, “ივ როშე”, “ნივეა” და ა.შ. ყველა საფირმო მაღაზიაში ერიდებიან გაყიდვების მაჩვენებლებზე საუბარს, თუმცა, აღიარებენ რომ არ უჭირთ. ქართველი ქალები განსაკუთრებით ეტანებიან დასავლურ პარფიუმერიას, მამაკაცებიც აქტიური მომხმარებლები ხდებიან მათთვის განკუთვნილი გელების, კრემების, დეზოდორების, შამპუნების და არომატული საპნების.

რაც შეეხება არა საფირმო მაღაზიებს ანუ დახლებს, მომხმარებელში ჩნდება ეჭვი, რომ იაფფასიანი პროდუქცია: პომადები, ფერ-უმარილი, ლაქები უცხოეთში კი არა, “სადღაც აქაა” დამზადებული, უხარისხო ნედლეულზე. მყიდველს აღარაფერი უკვირს, მათ შორის, აბრებიც: “ჩავიბარებთ ფრანგული სუნამოების ქილებს”. ამ ქილებში ფრანგულ სუნამოს რომ არ ჩაასხამენ, ცხადია. გამორიცხულია ამ კუთხით რაიმეს გარკვევაც. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა “პარფიუმერულ მეწარმეობას” მიჰყო ხელი და ვერაფერს ხედავს ამაში ცუდს, მით უმეტეს, რომ ეს არაა ფალსიფიცირებული ხიზილალა ან შოკოლადი და არავის მოწამლავს.

ერთ-ერთი კოსმეტოლოგი აცხადებს, რომ საქართველოს შავ ბაზარზე წარმოდგენილი სპერმაცეტი ფალსიფიცირებულია და ხარისხიანი კრემის დასამზადებლად რუსეთს უნდა მიმართონ ნატურალური სპერმაცეტისთვის. ეს არაა დაუჯერებელი, რადგან 1 კგ 260 ლარამდე ღირს, შესაბამისად, 100 გრ -25 ლარი… ამას იზიარებენ წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაშიც. მართალია, კონკრეტული ფალსიფიკაციის შემთხვევა არ ჰქონიათ, მაგრამ თვლიან სპერმაცეტის ფალსიფიკაცია რომ იარსებებს, ეჭვგარეშეა.

დღეს კოსმეტოლოგიური საქმიანობის დაწყებას სჭირდება 12-მდე საბუთი, 40 ლარი და აუცილებლად დერმატოლოგის განათლება. (თუ მრავალ საქმიანობას კიდებს ხელს, საჭიროა 100 ლარი). ერთი სიტყვით, კანონით უნდა იყოს სერტიფიცირებული ექიმი და მუშაობდეს ლიცენზირებულ დაწესებულებაში. ამჟამად ორი კაპიკის საშოვნელად ბევრმა დაიწყო ინდმეწარმეობა და არაფრით გაამხელს, რა პარფიუმერულ ცოდნას ეყრდნობა სხვადასხვა კრემის დამზადებისას. არაა გასაკვირი, რომ თბილისში,ოფიციალურად, მარტო 3 დაწესებულებაა, სადაც ლეგალურად მოღვაწეობს კოსმეტოლოგი.

ისეთი ფონია, თითქოს პარფიუმერული აღარც წარმოება გვჭირდება და ნედლეულის ათვისებაშიც ფულის ჩადებაზე არავინ იფიქრებს. მაგრამ ასეც არ გახლავთ. ტექნიკურ უნივერსიტეტში 2 წლის წინ შეიქმნა პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმის ტექნოლოგიის სპეციალობა, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. გვესაუბრება პროფესორი ლია ბოკუჩავა: – პარფიუმერია ეგვიპტიდან იწყება. კლეოპატრა სპერმაცეტის ნაცვლად ღორის ქონს იყენებდა. ცხიმები აუცილებელია კანში შესაწოვად. ძველი ცოდნა ევროპაში, ბოლოს ამერიკაში გადავიდა. ევროპაში, პოლონეთსაც არ ჰქონდა ცუდი პარფიუმერული პროდუქცია. მხოლოდ სპერმაცეტის გამოყენება დიდი მოცულობით შეუძლებელია, მაშინ ვეშაპები უნდა გაწყვიტონ. ამიტომ პარფიუმერული წარმოება შემცვლელებს ეძებს. ჩვენ წლების მანძილზე შევისწავლეთ ჩინეთის, ინდოეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ამას დაემატა უცხოეთში სტაჟირებისას მიღებული ცოდნა. შევქმენით პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის მთელი რიგი ნიმუშები. თუ მსოფლიო კოსმეტიკურ წარმოებაში ხელოვნურ-ქიმიური ნივთიერებები 8-30%-მდეა, აქ დამზადებულებში – 0,5%-ია. გვაქვს კბილის პასტა, სხვადასხვა შამპუნი, ბალზამი, მკვებავი კრემი. ეს ყველა ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული. საერთოდ, საქართველოში ყველაფერი მოგვეპოვება: თიხა, მინერალური წყლები, მცენარეები, ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. მომავალი სპეციალისტები პროფილის გარდა, მენეჯმენტში მომზადებულნიც იქნებიან.

მართლაც, დიდია სტუდენტების დაინტერესება ამ სპეციალობით. მაგრამ საინტერესოა, სად იპოვიან ანაზღაურებად ფუნქციას, იქამდე, ვიდრე ქართული პარფიუმერია ფართო მოსახლეობაში არაა პოპულარული. ამაზეა დამოკიდებული ისიც, როდის გამოჩნდებიან ამ წარმოებაში ფულის ჩადების მსურველები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial